ნისლში გახვეული ხეობის სიამაყე - ზარციხე - კვირის პალიტრა

ნისლში გახვეული ხეობის სიამაყე - ზარციხე

იხილეთ დასაწყისი - რამდენი თაღოვანი ხიდი მინახავს დღევანდელ თუ ისტორიულ საქართველოში, მაგრამ "ტყუპი ხიდი" კი - პირველად ვნახე

განვაგრძეთ ლაზეთში მოგზაურობა და კვლავ ფირტინას ხეობას გავუყევით. გეზი ზილკალესკენ, ქართულად - ზარის ციხისკენ (ზარციხე) ავიღეთ. ულამაზეს გზას დავადექით. თავად ხეობა, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა თამთა ჭანტურიამ გვითხრა, უმნიშვნელოვანესი არეალი ეკავა, ციხე კი აუშენებიათ მდინარე ფირტინას ზემოწელზე, იქ, სადაც მაღალ ქედებს შორის მოქცეული ხეობა საკმაოდ ვიწროვდება. ზარციხე ზღვის დონიდან 750, ხოლო მდინარიდან - 150 მეტრზე მდებარეობს. იგი ზღვის სანაპიროდან, დაახლოებით, 32 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო ცენტრალური გზიდან -54 კილომეტრით.

received-5475445602543049-1664183109.jpegreceived-646694856815897-1664183133.jpeg

ციხეს რომ მივუახლოვდით, ცრიდა, ტყიანი მასივი კი ნისლში იყო გახვეული და იქაურობას იდუმალებას ჰმატებდა. ციხის მთავარი შესასვლელი კარი საკმაოდ დიდი ყოფილა - 3,78 მეტრი სიმაღლის და 1,75 მეტრი სიგანის, მისი თავდაცვითი კედლები კი - 1,70 მეტრი სისქის. როგორც გვითხრეს, კარის უკანა მხარე, თურმე, შეიცავდა ხვრელებს, რომლებიც გამოიყენებოდა კარის დასამაგრებლად. კარის ზომიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ხანგრძლივი მოგზაურობისას დატვირთული ქარავნები და ჯორები ღამეს ციხის ტერიტორიაზე ათევდნენ.

20220925-202930-1664183340.jpg

20220805-163711-1664183251.jpg

ციხე საკმაოდ დიდი აღმოჩნდა და, როგორც გვითხრეს, იგი შედგებოდა გარე, შუა და შიდა კედლებისგან. ციხეში აღმოაჩინეს ორი პატარა ცეცხლოვანი ბურთი, რომლებიც გამოიყენებოდა თავდაცვითი მიზნებისთვის. ასევე, ყოველდღიურად, იყენებდნენ ხმლებს, თოფებს, საყოფაცხოვრეობო ჭურჭელს, რომლის ნაწილი მზადდებოდა მიწისგან, ნაწილი - სპილენძისგან.

20220925-200035-1664183313.jpg

ციხეში მოწყობილი იყო ყაზარმები, აქვე ყოფილა ცენტრალური კოშკი და, სავარაუდოდ - სამრეკლო. როგორც ჩანს, სამრეკლო ძალიან დაზიანებული იყო. აღდგენისას ციხის გალავნის კედლები თუ სხვა დანიშნულების ნაგებობების ნაშთები თითქმის მთლიანად შეუცვლიათ.

20220805-164006-1664183213.jpg

ციხის ძველი წყობა მხოლოდ აქა-იქ თუ არის შემორჩენილი. ჩანს, რომ მშენებლობაში, ძირითადად, გამოიყენეს ფლეთილი, გარეზედაპირ ჩამოსწორებული ქვები. ციხის მთლიანი კომპლექსიდან მკვეთრად გამოიყოფა ცენტრალური კოშკი, რომელიც, სავარაუდოდ, სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. ძეგლი XIII საუკუნისაა და მისი მშენებლობა ტრაპიზონის იმპერიის არსებობის პერიოდში აქ კომნენოსთა მოღვაწეობასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

20220805-163308-1664183163.jpg

(გაგრძელება იქნება)