"დამოკიდებულებას, რომ "მე დაგისვამთ კაცს", კრივის სამყარო არ შეეგუება" - კრივის ფედერაციის პრეზიდენტი თეა წულუკიანთან დაპირისპირებაზე - კვირის პალიტრა

"დამოკიდებულებას, რომ "მე დაგისვამთ კაცს", კრივის სამყარო არ შეეგუება" - კრივის ფედერაციის პრეზიდენტი თეა წულუკიანთან დაპირისპირებაზე

საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით წიკლაური განმარტავს, როგორ დაიწყო "უსიამოვნება" კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან.

როგორც მან "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში“ განაცხადა, "ამოიღონ ჩანაწერები და აჩვენონ საზოგადოებას, რა მოხდა რეალურად“.

"უსიამოვნება დაიწყო, როცა მე თეა წულუკიანის ყოფილ მოადგილეს, სოსო გიორგაძეს შევხვდი, ეს იყო მარტში. გუნდი უნდა გამგზავრებულიყო ევროპის ჩემპიონატზე, ყველა რესურსი, რაც მქონდა ამოწურული იყო და ამის შემდეგ სამინისტროს მოვთხოვე თანხა იმისთვის, რომ გუნდს მონაწილეობა მიეღო ევროპის ჩემპიონატზე. ამას მოჰყვა კონფლიქტი - რას მოდიხარ და რა ფულებს ითხოვ! რატომ ითხოვთ ფულს! ეს იყო სოსო გიორგაძესთან შეხვედრის დროს, ამ შეხვედრას ქალბატონი თეა არ ესწრებოდა. ვფიქრობ, რომ სოსო გიორგაძემ, ქალბატონ თეას მიუტანა ინფორმაცია ისე თითქოს, მე მივედი და ფულს ვითხოვდი და ა.შ. თითქოს გადაჭარბებულად ვიყავი ფულთან მიმართებაში დამოკიდებული, ამიტომაც აკეთებს ასეთ განცხადებებს ქალბატონი თეა.

თავს ვიკავებ დეტალების მოყოლაზე იმიტომ, რომ 8 ოქტომბერს ჩვენ მოვიწვიეთ კრება, სადაც ფედერაციის თანამშრომლები , მწვრთნელები და ნაკრების წევრები იქნებიან მოწვეულები, ყველა დეტალზე ვისაუბრებთ ვრცლად.

თეა წულუკიანთან შეხვედრაზე საუბარი შეხებოდა ფედერაციაში არსებულ პრობლემებს. ჩემი მხარიდან იყო მოთხოვნილი ის საჭიროებები, რაც სჭირდებოდა სპორტსმენებს და მწვრთნელებს, რის გამოც მივიღე ის პასუხი, რასაც არ ვიმსახურებდით მე, როგორც დათო წიკლაური, არც კრივი და არც მოკრივეები. ამ ყველაფერზე დეტალურად მოგვიანებით მოგახსენებთ.

არ ვიცი, რატომ ამბობს ქალბატონი თეა რომ მე გავიწიე საცემად. არ ვიცი რატომ ლაპარაკობს იმაზე, რაც არ ყოფილა. იმ წუთას დაახლოებით 25-მდე ადამიანი იყო და 4-5 კამერა იღებდა ამ ყველაფერს. ამოიღონ ჩანაწერები და აჩვენონ საზოგადოებას თუ რა მოხდა რეალურად. კაბინეტში, რაც მოხდა იქ სამნი ვისხედით. მე, ქალბატონი თეა და მისი ყოფილი მოადგილე, სოსო გიორგაძე“,-განაცხადა წიკლაურმა.

როგორც მან გადაცემაში განაცხადა, თეა წულუკიანის განცხადება, რომ სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან ურთიერთობა დალაგებულია, ტყუილია.

მისივე თქმით, თუ სამართლიან გარემოში ჩატარდება არჩევნები მზად არის გადადგეს დაკავებული პოსტიდან.

"დაახლოებით 7 თვის წინ მოვიდა ჩემი მეგობარი, რომელმაც მითხრა, რომ „დათო, დამირეკა ჩვენმა ყოფილმა კოლეგამ და მითხრა რომ დათო წიკლაურს მალე პრობლემებს შეუქმნიან და სამსახურიდან გაუშვებენ, დაატოვებინებენ ფედერაციას“. ამას თავიდან არ მივაქციე ყურადღება, მაგრამ დღეს ფაქტია, რომ რაც 7 თვის წინ გააჟღერეს იმას ასრულებენ.

თეა წულუკიანის განცხადება, რომ თითქოს ან დაალაგა ურთიერთობა სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან, ტყუილია. ჩვენს შორის ჩადგა ოლიმპიური კომიტეტი. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს. ვფიქრობ, რომ ახლა იქნება ბევრი შეცდომა დაშვებული.

ვაპირებ ბრძოლას. თუ სამინისტროს მხრიდან იქნება ხისტი დამოკიდებულება და გადაწყვეტილი, რომ "მე დაგისვამთ მანდ კაცს“, ამას კრივის სამყარო არ შეეგუება. თუ ნორმალურ გარემოში ჩატარდება სამართლიანი არჩევნები ამ შემთხვევაში კრივის ფედერაცია და მეც მზად ვართ, რომ დავწერო განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით“, - განაცხადა წიკლაურმა.