სანამ პუტინი ოკუპირებულ უკრაინულ მიწებს "იერთებს", რუსი ოკუპანტები ლიმანში "ქვაბში" იხარშებიან... - კვირის პალიტრა

სანამ პუტინი ოკუპირებულ უკრაინულ მიწებს "იერთებს", რუსი ოკუპანტები ლიმანში "ქვაბში" იხარშებიან...

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ცრუ რეფენდუმების ასევე ცრუ "შედეგებზე" დაყრდნობით უკრაინის ოკუპირებული ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების "დამოუკიდებლად გამოცხადების" მეორე დღესვე, პუტინი მათ და ასევე მანამდე ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების რუსეთის ფედერაციისთვის "მიერთებას" იწყებს, ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსიის უკვე აპრობირებული გეგმით...

ეს კრემლის იძულებული ნაბიჯია, იძულებული არა იმ გაგებით, რომ ამის გაკეთებას არ აპირებდა, არამედ იმიტომ, რომ მას ჯერ მთლიანად სურდა უკრაინის ამ ოლქების - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერხონის მთელი ტერიტორიების დაპყრობა და მხოლოდ შემდეგ "რეფერენდუმების" ჩატარება, მაგრამ ეს არ გამოუვიდა...

პირიქით, ხარკოვის ფრონტის სამარცხვინოდ ჩამოშლისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების უკან გაქცევის შემდეგ, კრემლში იფიქრეს, რომ სანამ უკვე სხვა დაპყრობილი ტერიტორიებიც დაუკარგავთ, სასწარაფოდ ჩაეტარებინათ ცრუ რეფენდუმები და ასე "ეღიარებინათ" მაინც ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები "დამოუკიდებელ სახალხო რესპუბლიკებად" გადაქცევა და მეორე დღესვე მათი "შეერთება" დაეწყოთ "დედა-რესეთთან".

ყველაზე სასაცილო თუ სატირალი იცით რა არის? რუსეთს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მხოლოდ ნაწილი თუ აქვს ოკუპირებული, თუმცა "დამოუკიდებლობას" მთელ ოლქს ანიჭებს, ასევე დონეცკის ოლქის მხოლოდ ნახევარზე მეტს თუ აკონტროლებენ ოკუპანტები...

სამაგიეროდ, ლუგანსკის ოლქში რუს დამპყრობლებს თითქმის ბოლომდე ჰქონდათ "ფესვები" გადგმული, თუმცა...

თუმცა, დღეს დილამდე, რადგან უკრაინის არმიამ რამდენიმე საათის წინ მოახერხა ქალაქ ლიმანის რაიონში წრის შეკვრა და რუსი ოკუპანტების მოზრდილი დაჯგუფება ალყაში აღმოჩნდა და ეხლა გამოცდის თუ რას ნიშნავს ალყის "ქვაბში" ხარშვა...

2-liman-1664520573.jpg
რუსი ოკუპანტები ლიმანში ალყაში აღმოჩნდნენ...

როდესაც სექტემბრის დასაწყისში უკრაინის არმიამ მოულოდნელი და ძალზე წარმატებული კონტრიერიშები წამოიწყო ხარკოვის აღმოსავლეთ მიმართულებაზე, რუსი ოკუპანტები ჯერ ბალაკლეიასთან და შემდეგ იზიუმთან ალყებში მოქცევის დიდი საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ, მაგრამ მაშინ ამ "მდუღარე ქვაბებს" გადაურჩნენ, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობამ სასწრაფოდ უკან დახევის ბრძანება გასცა.

მართალია, ასეთი სწრაფი უკანდახევის, უფრო სწორად კი უკან მოკურცხვლის შედეგად უკრინელ სამხედროებს ალაფის სახით რამდენიმე ასეული რუსული ტანკი, ჯავშანმანქანა, საარტილერიო დანადგარი და დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალა დარჩათ, მაგრამ რუსმა ოკუპანტებმა ალყაში მოქცევას თავი აარიდეს და მდინარე ოსკოლის მარცხენა სანაპიროზე გამაგრდნენ, თუმცა ამ მდინარეზე მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ კუპიანსკზე ასევე მალევე დაკარგეს კონტროლი...

ფრონტის ამ მონაკვეთის სამხრეთ ნაწილში კი რუსები ჯიუტად არ ტოვებენ ქალაქ ლიმანს და მის შესანარჩუნებლად არაფერს იშურებენ, რადგან მისი "დაკარგვით" კიდევ უფრო შემცირდებოდა ლუგანსკის ოლქის ოკუპირებული ნაწილის პროცენტული მაჩვენებელი.

დღეს დილით, უკრაინელმა მებრძოლებმა გადაჭრეს და დაიკავეს ჩრდილოეთის მხრიდან ლიმანისკენ მიმავალი გზაც და ამ ქალაქის დამპყრობელი რუსი ოკუნტები ლუგანსკელ პრორუს სეპარატისტებთან ერთად "ქვაბში" საბოლოოდ მოაქციეს.

ახლა უკრაინის გენშტაბზე და დასავლეთის სწრაფ სამხედრო დახმარებაზე ბევრად იქნება დამოკიდებული თუ რამდენად დიდ საბრძოლო, პოლიტიკურ და ინფორმაციულ მოგებას ნახავს მთლიანად უკრაინა ლიმანის ალყაში მოქცეული ოკუპანტაების მასიური განადგურება-დატყვევებით...