„სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადაუვადებს თუ არა, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს, თუ გადაუვადებს, ერთი საათის ამბავია, ჩაჯდება თვითმფრინავში და მიხედავს თავის ჯანმრთელობას“ - კვირის პალიტრა

„სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადაუვადებს თუ არა, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს, თუ გადაუვადებს, ერთი საათის ამბავია, ჩაჯდება თვითმფრინავში და მიხედავს თავის ჯანმრთელობას“

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ის თურქეთიდან სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დასკვნასა და რეკომენდაციებს უახლოეს დღეებში მიიღებს.

როგორც ხაჭაპურიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თურქმა მედიკოსებმა ყველა ის დიაგნოზი დაადასტურეს, რომელიც სააკაშვილს საქართველოში დაუსვეს.

„იქაურ ექიმთა კონსილიუმს შევხვდი, მათ სააკაშვილის ავადმყოფობის ის ნაწილი გავაცანი, რომელიც გასტროენტეოროლოგიას უკავშირდება. დიაგნოზები მათაც დაადასტურეს და თქვეს, რომ ქართულ ჯანდაცვის სისტემას ამ მიმართულებით არ აქვს ის ტექნოლოგიები, რომელიც საჭიროა მკურნალობისთვის და სწორედ ამიტომ არის, რომ საქართველოდან პაციენტები ჩამოდიანო. დაწერეს დანიშნულება, რეკომენდაციები. დასკვნას წერილობით ამ დღეებში მოგვაწვდიან“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

რაც შეეხება საექსპერტო დასკვნას, რომელიც უცხოელმა სპეციალისტებმა უნდა დადონ, ხაჭაპურიძის განმარტებით, დასკვნაზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის.

„დასკვნა ჯერ არ მომზადებულა, ამერიკელი ექსპერტები უნდა ჩამოვიდნენ, ორშაბათს უკვე ერთი ექსპერტი თბილისში იქნება, ასევე ადვოკატიც და სამშაბათს ჩამოვა კიდევ ერთი ექსპერტი. აღნიშნულით ექსპერტების ჩამოსვლა დასრულდება. როცა ექსპერტები საექსპერტო კვლევას დაასრულებენ, დაახლოებით, ერთ კვირაში გაიცემა დასკვნა ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანის მიერ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

აღნიშნული დასკვნის მიღების შემდეგ, ადვოკატები სასამართლოს სასჯელის გადავადების შუამდგომლობით მიმართავენ.

„სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადაუვადებს თუ არა, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს, თუ გადაუვადებს, ერთი საათის ამბავია, ჩაჯდება თვითმფრინავში და მიხედავს თავის ჯანმრთელობას“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

IPN