"მსოფლიოში ასეთი პატივი არც ერთი სპეცსამსახურის ხელმძღვანელს არ ღირსებია. მასზე იქმნებოდა ფილმები, იწერებოდა წიგნები..." - კვირის პალიტრა

"მსოფლიოში ასეთი პატივი არც ერთი სპეცსამსახურის ხელმძღვანელს არ ღირსებია. მასზე იქმნებოდა ფილმები, იწერებოდა წიგნები..."

საბჭოთა დროს გამორჩეულ პატივში იყო ფელიქს ძერჟინსკი -“საგანგებო კომისიის” (ჩე-კას) პირველი თავმჯდომარე. მსოფლიოში ასეთი პატივი არც ერთი სპეცსამსახურის ხელმძღვანელს არ ღირსებია. მასზე იქმნებოდა ფილმები, იწერებოდა წიგნები, მას ხატავდნენ და ძერწავდნენ, მის ძეგლთან საზეიმო ფიცს დებდნენ და მასზე, როგორც “ჩეკისტურ ღვთაებაზე”, ისე “ლოცულობდნენ”. საბჭოთა სპეცსამსახურების ახალგაზრდა თანამშრომლებს “რკინის ფელიქსის” ოპერატიულ გამჭრიახობაზე, კომუნისტურ თავმდაბლობაზე, პატიოსნებაზე და სიმტკიცეზე ლეგენდებს უყვებოდნენ. უფრო მეტიც, მითები და ტყუილები მისი პროფესიონალიზმის შესახებ სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებში იყო შეტანილი (მაგ. “ელჩების შეთქმულება”, “ოპერაცია “ტრესტი” და ა.შ.) და მომავალ “ჩეკისტებს” ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის, როგორც უდიდეს მაგალითებს, ისე ასწავლიდნენ და დღესაც ასწავლიან, მხოლოდ, უკვე რუსეთის სპეცსამსახურების აკადემიებში. მაინც ვინ იყო ფელიქს ძერჟინსკი და რა “მწვერვალები” დაიპყრო მან? ძერჟინსკი 1877 წლის 11 სექტემბერს დაიბადა პოლონეთში, შეძლებულ ოჯახში. ერთ-ერთი ვერსიით დედა პოლონელი ჰყავდა, მამა - ებრაელი. ზოგიერთი კომუნისტი ბიოგრაფის ცნობით პატარა ფელიქსი ბავშვობიდან ვუნდერკინდი იყო, სინამდვილეში კი გიმნაზიაში სწავლისას არაფრით გამოირჩეოდა, უფრო მეტიც, ერთ კლასში მეორე წელსაც კი დარჩენილა. ერთადერთი საგანი, რომელსაც შედარებით კარგად სწავლობდა “ღვთის კანონი” ყოფილა (საოცარია, რომ შემდგომ წლებში, ძერჟინსკი, სწორედ ეკლესია-მონასტრებს და საეკლესიო პირებს უსწორდებოდა განსაკუთრებული სისასტიკით). მამა ადრე გარდაეცვალა და ეტყობა დედას უჭირდა რვა ბავშვის სათანადო ყურადღებით აღზრდა. ფელიქსმა სწავლაზე ადრევე აიყარა გული, დაუახლოვდა კრიმინალურ ტიპებს და ხულიგნობისთვის (გერმანულის მასწავლებელს ხელი გაარტყა) გიმნაზიიდან გარიცხეს. აქედან იწყება მისი მონაწილეობა პოლიტიკურ წრეებში -თავდაპირველად “ებრაელი ახალგაზრდობის“ არალეგალური ორგანიზაციის ერთ-ერთი “ბოევიკი” იყო, ხოლო 1894 წელს ლიტვის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის წევრი გახდა. დედის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი მემკვიდრეობა, ფელიქსმა ლუდხანებში და საროსკიპოებში გაანიავა. მომდევნო წლებში ძერჟინსკი, რომელსაც, არც სახლი ჰქონდა და არც ფული, თანაც მუშაობაც არ სურდა, აქტიურად ჩაერთო ლიტვის და პოლონეთის (რომლებიც მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდნენ) ტერიტორიაზე “ექსებისა” (ანუ დაყაჩაღების) და ტერაქტების ორგანიზებაში. ის ცდილობდა შეექმნა კარგად ორგანიზებული ტერორისტული ჯგუფები და ისინი მკაცრ დისციპლინას და პარტიულ კონტროლს დაექვემდებარებინა. ამ პერიოდში, სხვადასხვა წყაროები ფელიქს ახასიათებენ, როგორც დაუნდობელ “ბოევიკს”, რომლისთვისაც უცხო იყო შეცოდების გრძნობა. ის რამდენჯერმე დააკავეს დანაშაულის ადგილზე, საკმარისი იყო ნივთმტკიცებებიც, მაგრამ რუსეთის “ოხრანკა”, რატომღაც ყოველთვის რბილი და გულმოწყალე იყო მის მიმართ - ექვსჯერ დაკავებულ ძერჟინსკის მხოლოდ ადმინისტრაციული წესით გადასახლებას უსჯიდნენ.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მომავალი პირველი “ჩეკისტი” რუსეთის “ოხრანკის” აგენტი იყო (ამგვარი ტყუილი გაუვრცელეს შემდგომ სტალინს), უფრო სავარაუდოა, რომ რუსეთის მაშინდელი ხელისუფლება სერიოზულ მოწინააღმდეგებად არ თვლიდა ახალგაზრდა “ბოევიკებს”. რამდენიმე შემთხვევაში კი, როგორც ძერჟინსკი თავად იხსენებდა, სასჯელის შემსუბუქებისთვის მან ქრთამი გადაუხადა პოლიციის ჩინოვნიკებს.

დაყაჩაღებების შედეგად წართმეული ფულის დიდ ნაწილს ფელიქსი თავად ხარჯავდა - XX-ე საუკუნის დასაწყისში მან ევროპის ყველა კურორტი მოიარა. ძვირადღირებული სასტუმროები, კაზინოები, მდიდრული და მოდური ჩასაცმელი და სხვა მრავალი ამქვეყნიური სიამოვნება, ძერჟინსკის ახალგაზრდობიდანვე უყვარდა. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ წლებში ფელიქსი, რომელსაც ექიმებმა ე.წ. “ცირკულარული ფსიქოზის” დიაგნოზი დაუდგინეს, ევროპის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში ხანგრძლივად მკურნალობდა. თუმცა ძალზე საეჭვოა, რომ ამ მკურნალობამ დადებითი შედეგი გამოიღო. გააგრძელეთ კითხვა