"თავს ვხრიდი ყოველ დაყვირებაზე, ღალატზე, აბსოლუტურად ყველაფერზე... ყველას სათითაოდ ვერ დაუჯდები და ვერ აუხსნი, რომ ქმრისთვის არასოდეს გიღალატია" - კვირის პალიტრა

"თავს ვხრიდი ყოველ დაყვირებაზე, ღალატზე, აბსოლუტურად ყველაფერზე... ყველას სათითაოდ ვერ დაუჯდები და ვერ აუხსნი, რომ ქმრისთვის არასოდეს გიღალატია"

მზია ორველაშვილის წარუმატებელი ქორწინებების მიზეზები

ასაკი: 32 წლის.

პროფესია: სამეჯლისო-სპორტული ცეკვების პროფესიონალი მოცეკვავე.

ჰობი: სიმღერა.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: ძილი და ჭამა.

ცხოვრების დევიზი: "არასოდეს დანებდე. სულ წინ იარე".

- მზიკო, როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- ხან - ბედნიერ მზიკოს, ხან - მოწყენილს, რომელიც არ მიყვარს. ბოლო დროს ისე ვარ განწყობილი, რომ საკუთარ თავს რაღაცების კეთებას ვაძალებ, რადგან ბევრი პრობლემისგან დავიღალე. ამიტომ სარკეში დეპრესიულ მზიკოს ხშირად ვხედავ.

- შენი ცუდი განწყობის უებარი წამალი რა არის?

- მეგობრებთან ერთად ყოფნა და ხალისი.

- შენს ცხოვრებაში არის ეპიზოდი, რომელსაც სიამოვნებით წაშლიდი?

- კი. პანდემიის პერიოდი ყველაზე კოშმარული იყო, რაც დღემდე გრძელდება. მინდა, ცხოვრებაში ყველაფერი ისევ ისე მქონდეს დალაგებული, როგორც პანდემიამდე მქონდა.

- ცხოვრების ჩვეულ რიტმს რატომ ვერ დაუბრუნდი?

- ყველაფერი იმ დონეზე ამერია (ოჯახი დამენგრა, რასაც სხვა პრობლემებიც დაემთხვა), რომ ჩვეულ კალაპოტს ვეღარ დავუბრუნდი. სტუდიაც დაიშალა - იჯარები ვეღარ გადავიხადე... ახლა ყველაფრის თავიდან დაწყება მიწევს. ვეცადე, საზღვარგარეთ წავსულიყავი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ესეც არ გამოდის: საბუთების მოგვარების პერიოდი ძალიან გაიწელა... ამასობაში საქართველოში დავბრუნდი, უმცროსი შვილი უჩემოდ ვეღარ ძლებს... მოკლედ, გადავწყვიტე აქ დავრჩე და შვილებთან ვიყო, თუმცა იანვარში კვიპროსზე სამუშაოდ 3 თვით გამგზავრება მაინც მიწევს - "ცეკვავენ ვარსკვლავების" ტიპის პროექტის მთავარი ქორეოგრაფი უნდა ვიყო.

- ამჟამად შენი ყოველდღიური საზრუნავი რა არის?

- ჩემი შვილები. დილით ადრე უნდა გავიღვიძო, საჭმელი გავაკეთო, უმცროსი შვილი მოვამზადო და ბაღში წავიყვანო... ამ ეტაპზე, ჩემი საზრუნავია ასევე, ახალი სტუდიის შექმნა.

- რომელი მოცეკვავის კარიერა იწვევს შენს აღფრთოვანებას?

- ბავშვობაში საყვარელი მოცეკვავეები მყავდა, მაგრამ ახლა ჩემთვის სამაგალითო ჩემი მწვრთნელი - გეინორია, რომელთანაც ვმეცადინეობდი. თორმეტგზის მსოფლიოს ჩემპიონია. ყველაფერი იდეალურად აქვს აწყობილი.

- უსარგებლო ადამიანად გიგრძნია თავი?

- კი. პანდემიის პერიოდში ცუდი ეპიზოდები გამოვიარე, თუნდაც ის, რომ სხვა სამსახური ვერ ვიპოვე და თვითშეფასების უნარი დავკარგე... სხვათა შორის, რაც საქართველოში დავბრუნდი, ასეთი რაღაც ბევრჯერ მიგრძნია - თითქოს ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამუშაო სფეროში არავის ვჭირდები, მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული ვარ და ყველაზე მეტი ტიტული მაქვს.

- გავლენიანი მეგობრებისთვის დახმარების თხოვნა გეუხერხულება?

- სხვათა შორის, ამას ბევრი მეკითხება. იმ დროს, როცა დახმარება მჭირდებოდა, ძალიან ცოტა ადამიანი აღმოჩნდა ისეთი, ვინც mxarSi amomidga. ამიტომ ვერავის ვაწუხებ. მაშინ, როცა უმუშევარი დავრჩი, ერთს დახმარება ვთხოვე, მაგრამ უარი მივიღე და გავჩერდი - ალბათ, აზრი არა აქვს-მეთქი... გადავწყვიტე, არავინ შემეწუხებინა.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?

- მინდა, თითის დატკაცუნებით, უცებ, "ლაქშერულ" ცხოვრებაში გადასვლა შემეძლოს: ყველაფერი რომ მექნება, ყველას დახმარებას შევძლებ (იღიმის)...

- დიეტის დროს რომელი საკვების ჭამის ცდუნებას ვერ უძლებ?

- ტკბილეული უზომოდ მიყვარს. როგორ მკაცრ დიეტაზეც უნდა ვიყო, ნამცხვარ "მედოკზე" უარს ვერასოდეს ვამბობ.

- საქართველოს გარდა, რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი დიდი სიამოვნებით?

- საფრანგეთში, ნიცაში. ნიცაზე ვგიჟდები. ამის შესახებ "ფეისბუკზეც" დავწერე, - ჩემი ოცნების ქალაქი აღმოვაჩინე-მეთქი. ნიცაში პირველად 14 მარტს მოვხვდი. საერთოდ, ისეთი ქალაქები მიყვარს, სადაც ზღვა არის, მაგრამ ნიცა განსხვავებული, თბილი, რომანტიკული და ეგზოტიკურია, ანტიდეპრესანტივით მოქმედებს. ულამაზესია ძველი შენობებით, ქვაფენილებით... ზღვის პირას რომ დაჯდები, მარცხნივ მონაკოა, მარჯვნივ - კანი. სასწაულია! იქაურობა მენატრება... ნიცაში ბევრი კარგი ქართველი გავიცანი, რომლებიც წლებია, იქ ცხოვრობენ. ქალაქში ახალჩასულს მხარში ამომიდგნენ... მეგობრობას მთელი ცხოვრება გავაგრძელებთ.

- ისეთი საქციელი ჩაგიდენია, რომლის გახსენებისას დღემდე გრცხვენია?

- ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ასეთი საქციელი არ ჩაუდენია. საჯაროდ არ ვიტყვი, რადგან მართლა მრცხვენია.

- ყველაზე უცნაური კომპლიმენტი რა უთქვამთ შენთვის?

- აუ, ბევრნაირი კომპლიმენტი უთქვამთ, რაც გამკვირვებია. მაგალითად, ერთხელ, როცა უმცროსი შვილი - ალექსანდრე ახალი გაჩენილი მყავდა, კახეთში, გზაზე ბავშვთან ერთად მივდიოდი. უცნობმა ადამიანმა ჩემ შესახებ თქვა, - ნახე, რა გოგოაო! მისკენ მივტრიალდი და რაღაცნაირად შევხედე, რადგან მისი ნათქვამი უხეში მომეჩვენა. - ჰო, ჰო, რა იყო, გოგო? კამელიას ძროხებივით ძალიან ლამაზი ხარო, - მითხრა. წარმოიდგინე, როგორი მსუქანი ვიყავი, რომ ძროხას შემადარა... მერე შინ ვიკითხე, - "კამელიას ძროხები" რა არის-მეთქი? ჩემი ახლობლები ლამის სიცილით დაიხოცნენ - თეთრი ძროხები არიან, შავი კოპლებითო... ადამიანს ასეთ კომპლიმენტს რომ გეტყვიან, როგორ არ უნდა "გაგიტყდეს"? ეს კომპლიმენტი კი არა, შეურაცხყოფაა. მაგრად ვიტირე... ახლა მეცინება, რადგან წონაში დავიკელი - ისე გავხდი, როგორც მინდოდა. კიდევ 4-5 კილოგრამი მაქვს დასაკლები, რათა ცეკვისთვის იდეალურ ფორმაში ვიყო. მაშინ მართლა 82 კგ-ს ვიწონიდი, ჩემი სიმაღლე კი 168 სმ-ია. ხომ წარმოგიდგენია, რამხელა ვჩანდი, არა?..

- მთელი თვე მხოლოდ ერთი ფერის ტანსაცმლის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელ ფერს აირჩევდი?

- მწვანეს. ბავშვობიდან აჩემებული მქონდა, რომ ეს ფერი ჩემი ფავორიტი იყო. მწვანე ყოველთვის სხვანაირად მიზიდავდა, მიყვარდა... ჩემი თვალის ფერიც მწვანეა.

- პოპულარობის დაკარგვის შეგშინებია?

- ამაზე არ მიფიქრია. ძალიან უბრალო ადამიანი გახლავართ. არასდროს მიფიქრია, რომ ვარსკვლავი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მყოფები მეუბნებიან, - შენ არ ხარ "ვიღაც", უკვე ხალხი გიცნობსო, რჩევებს მაძლევენ... კი, ხალხი მცნობს, გულთბილად მესაუბრებიან, ჩემი საქმიანობა მოსწონთ... რომ დავფიქრდე, ალბათ, პოპულარობის დაკარგვის შემეშინდება, რადგან შოუბიზნესის ცხოვრება ძალიან მომწონს, ხალხის სიყვარულს ვიღებ, თუმცა აგრესიაც დიდია: არიან ადამიანები, ვისაც სძულხარ, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცუდი არაფერი გაგიკეთებია. ამიტომ არის ნათქვამი, - ენას ძვალი არ აქვსო, რომ ვისაც რა უნდა, იმას იტყვის. ზოგჯერ მიფიქრია: ნეტავ, პოპულარობა რად მინდოდა? საჯაროდ საერთოდ არ გამოვჩენილიყავი-მეთქი, რადგან ცუდი არაფერი ჩამიდენია, 24/7-ზე შვილებზე ზრუნვას და სამსახურს გადაყოლილი ვიყავი, "ზედმეტად" არსად გავსულვარ, არ "მიგულავია", მაგრამ ჩემ შესახებ მაინც ცუდს რომ ამბობენ, გულდასაწყვეტია...

- ცხოვრებაში ყველაზე მეტად რა გაშინებს?

- მარტოობა. შვილების გამო, მარტო არასდროს დავრჩები, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება, ცოლად ვის შეირთავენ და ა.შ. წლები გავიდა, რაც მეუღლეს დავშორდი და მარტო ვარ. დაშორებას არ ვნანობ, პირიქით - ბედნიერი გახლავართ, მაგრამ ჯერ მოხუცი არ ვარ: მინდა მეორე ნახევარი აუცილებლად მყავდეს, მასთან ერთად დავბერდე და სიბერეში ხელიხელჩაკიდებულებმა ვიაროთ...

- რა გასწავლა წინა ქორწინებებმა?

- საერთოდ, ჩემ გარშემო ვისაც უნდა ჰკითხო, ყველა ამბობს, რომ იდეალური მეუღლე ვიყავი. ალბათ იყო სიტუაციები, რომლებიც სხვაგვარად უნდა წარმემართა... წინა ქორწინებებმა ის მასწავლა, რომ სანამ ადამიანს ცოლად გავყვები ან მასთან ერთად ცხოვრებას დავიწყებ, მანამდე უფრო მეტად უნდა დავფიქრდე. ჩემი ბოლო ქორწინება 6 თვეზე ნაკლებ დროში მოხდა. გარკვეულ სიტუაციებზე არ დავფიქრდი... ახლა თუ ადამიანთან ურთიერთობას ვიწყებ, ყველა დეტალს, საქციელს და არა - ლაპარაკს, ძალიან ვუკვირდები, ლაპარაკი აღარაფერს ნიშნავს... ქორწინებებმა ის მასწავლა, რომ ოჯახს კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევდი, თუმცა ყურადღებას ისედაც არ ვაკლებდი...

- ბოლო ქორწინების დანგრევის მიზეზებზე საჯაროდ არ გისაუბრია. არ გინდა, რომ ახლა მაინც გვითხრა?

- ზოგადად ვიტყვი, რომ ჩემი ბოლო ქორწინება დიდი შეცდომა იყო, მაგრამ ამ ქორწინებაში შვილი შემეძინა, რომელიც უზომოდ მაბედნიერებს... შეიძლება ამ ქორწინების დანგრევის მიზეზებზე საუბარი მინდოდეს, მაგრამ ვერ ვილაპარაკებ, რადგან ვიცი, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება... დაძაბულობა და ბევრი ისეთი სიტუაცია იყო, რაც არ უნდა ყოფილიყო. თუნდაც ერთს ვიტყვი: ჩემი ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ჩემი უფროსი ვაჟი კაჭრეთში, ჩემს მშობლებთან საცხოვრებლად გადავიდა, რადგან ჩემმა მეუღლემ და შვილმა ერთმანეთს ვერ გაუგეს. ჩემი შვილი სწავლას ახლაც კაჭრეთში აგრძელებს, რადგან კარგად მოეწყო, იდეალურად სწავლობს... შეიძლება მინდა, რომ ხალხმა სიმართლე გაიგოს, რა უჭირს მზია ორველაშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი ყოფილი მეუღლე და მისი ოჯახი ჩემი უმცროსი შვილის ოჯახია, ამიტომ უფლება არ მაქვს, რამე ვთქვა. აღვნიშნავ, რომ ბოლო პერიოდში ჩემს შვილს დიდ ყურადღებას აქცევენ... ბევრი ბოროტი ხალხია, ვინც ინფორმაციას ისე ატრიალებს, როგორც უნდა, ამის გამო გული მწყდება. ყველას სათითაოდ ვერ დაუჯდები და ვერ აუხსნი, რომ ქმრისთვის არასოდეს გიღალატია. ის ფაქტი მამშვიდებს, რომ ჩემი ოჯახის წევრებმა იციან, რას და როგორ ვაკეთებ. ამას წინათ სატელეფონო საუბარი მქონდა ადამიანთან, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ. ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა, რომ გამიკვირდა. ვიღაცამ ვიღაცას რაღაც არასწორად უთხრა, რადგან რამდენჯერმე დამენგრა ოჯახი. პრობლემა საკუთარ თავშიც ვეძებე, თუ რატომ დამენგრა ურთიერთობები და ვიპოვე პასუხი: ძალიან ლმობიერი, "რბილი" ხასიათის ვიყავი, თავს ვხრიდი ყოველ დაყვირებაზე, ღალატზე, აბსოლუტურად ყველაფერზე... ხომ იცი, მერე ერთიანად რომ "ამოგასხამს", თავს ვეღარ იკავებ, ყველა კარს ხურავ და ეუბნები, რომ ურთიერთობა დასრულდა და ცივილიზებულად შორდები.

- შენი აზრით, სიყვარული რა არის?

- ამ გრძნობის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ჩემი გამოცდილების საფუძველზე, შეიძლება, ითქვას, რომ ნამდვილი გრძნობით ცხოვრებაში ერთხელ მიყვარდა... სიყვარულს არ ვუფრთხილდებოდი. ყოველთვის, თუ ვინმე შემიყვარდებოდა ან მომწონდა, ამაზე ვსაუბრობდი, რადგან მიხაროდა, რომ მიყვარდა ან მომწონდა. ბავშვურად ვიქცეოდი... დღესდღეობით, სიყვარულის მოფრთხილება დავიწყე. ვეცდები, იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ჩემ გვერდით არის თუ იქნება, სიყვარული უფრო მეტად გავაღვივო, ცხოვრების ბოლომდე. ასე ვიტყვი: სიყვარული მიყვარს.

- დღეს შენს ცხოვრებაში არის ვინმე?

- მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"