"სამშობლო სკამი არ არის, რომ გამოიცვალო..." - კვირის პალიტრა

"სამშობლო სკამი არ არის, რომ გამოიცვალო..."

"მიწასთან, ბუნებასთან საუბარი, საკუთარ თავთან, სინდისთან საუბარს ჰგავს"

პოეტი ტარიელ ხარხელაური წუხს, რომ ახალგაზრდებს სამშობლოში ცხოვრების მოტივაცია ეკარგებათ, ქვეყნის დატოვება უკვე ტრადიციად იქცა და წასულებს უკან მოხედვაც არ უნდათ...

- შემოდგომის მზადებაში ვართ. ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რაც გასაკეთებელია. ისეთი შემოდგომა არ გვაქვს, როგორსაც ველოდით, როგორსაც ვისურვებდი, ჯერ წვიმებმა, შემდეგ გვალვამ ყველაფერი გააფუჭა, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსას ვეცადეთ. ბუნებასთან ჭიდილი არ გამოვა, რაღაც გზებით მის ზარალს გვერდი უნდა აუარო. შენი ოჯახისთვის საკმარისს თუ მოიყვან, ხელისუფლებაზე დამოკიდებული არ იქნები. მე მთის კაცი ვარ და სხვისი შემოტანილი არაფერი მინდა. სადაც ჩემი ოფლი არ ურევია, ის ლუკმა ჩემთვის უგემურია. ჩემი დაკოჟრილი ხელებით უნდა დავამუშავო მიწა, დავბარო, გავთოხნო, მოვრწყა, ვესაუბრო, მოვეფერო, სხვანაირად არ შეიძლება. ჩვენთან მკაცრი ზამთარი იცის და მომზადებული უნდა დავხვდეთ. ასეც რომ არ იყოს, შრომა ძალიან მიყვარს, ფიქრში მეხმარება. დაწოლილმა ან დამჯდარმა რომ იფიქრო, არ გამოვა, საქმეც უნდა აკეთო. ფიქრი კი, ლექსის წერაში მეხმარება. ლექსი ბიზნესი ხომ არ არის, ის შინაგანი კარნახია, რომელსაც გონებით და გულით არ უნდა უღალატო. სხვა რაღაცებს შეიძლება გვერდი აუარო, მაგრამ ლექსი სხვა განზომილებაა, სხვა სამყაროა, რომლის დანახვისა და აღქმის უნარი უფლისგან მიეცა ადამიანს. ქართველ კაცს ლექსის სიყვარული შესისხლხორცებული აქვს და რადგან პოეზია ასეთი ახლობელია ჩვენთვის, უფრო ფაქიზ მოპყრობას მოითხოვს. ჩვენი წინაპარი ყოველთვის ამბობდა ლექსს ჭირშიც და ლხინშიც, განსაცდელშიც და მშვიდობიან დროსაც. ფშავი და ხევსურეთი დღესაც ასე ცხოვრობს. ეს პოეზიის ქვეყანაა. პოეზიის მადლი სადაც ტრიალებს, იქ მეტი კეთილშობილება, თანადგომა, გულწრფელობა, სითბო და სიყვარულია. ადამიანებს უფრო მეტი ახლო სიახლოვე აქვთ ერთმანეთთან. მთაში პოეზია ჩვეულებრივი სასაუბრო ენაა. თუ გული ბუნებასთან ახლოს გაქვს, არც ადამიანთან საუბარი გაგიჭირდება.

- ლექსის მთქმელები ახალგაზრდებშიც არიან?

- დიახ, საკმაოდ ბევრი, მაგრამ არ ჩანან. ხალხური მოლექსეები არც უნდა ჩანდნენ. ლექსის წერას ხელობად ხომ ვერ აქცევენ. ლექსი მაშინ უნდა დაწერო, როდესაც ამას გარემო მოითხოვს, თუ საზოგადოების განწყობილება არ არის შესაბამისი, ყოველდღიურად ლექსით ვერ ისაუბრებ, ასე მას გააფერმკრთალებ, გაახუნებ, უგემურსა და უგემოვნოს გახდი. რუტინად არ უნდა აქციო. პოეზია ჩემთვის იგივეა, როგორც უფლისა და ფშავ-ხევსურების მსახურება.

- მთის გარდა, სხვაგან შეძლებდით ცხოვრებას?

- ბევრჯერ მიფიქრია ამაზე და ზუსტად ვიცი, სხვაგან ვერსად ვიცხოვრებ. მთაში გაზაფხულს სხვა სიმღერა აქვს, ზაფხულს სხვა სილაღე, შემოდგომას - სხვა ფერები და სურნელი, ზამთარს კი სხვაგვარი სითეთრე და უკარებლობა... ყველა დრო თავისებურად მომხიბვლელია. ზამთარი მკაცრია, მაგრამ წიგნთან ურთიერთობისა და ფიქრისთვის მეტი დრო მაქვს. შემოდგომაზე საქმეებს რომ მოვილევ, ღუმელთან მოვთავსდები და ჩემს თავს გაზაფხულამდე წასაკითხი წიგნების გეგმას ვუდგენ. კარგი ის აქვს, რომ წლის ამ დროს თან გაქცევაზე არ ვფიქრობ, მოსწრებაზე არ ვარ... მე ამ მიწაზე დავიბადე და ეს მიწა მელოდება, მას როგორ ვუღალატებ, ასე ხომ ერთმანეთს გავუუცხოვდებით. ის კი არა, ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი. რაც გამოვიარე, ყველაფერი უნდა მომხდარიყო და ისევ იმავენაირად გავივლიდი ამ გზას, იმავე ტკივილით, დარდითა და ტანჯვით. ამ უსაზღვრო ტკივილმა მომიყვანა თქვენამდე, მკითხველამდე - იმ სიყვარულამდე, რომელსაც ვიღებ და როგორ შეიძლება ამ სიყვარულზე უარი ვთქვა? ძალიან ძნელია ჩემთვის ამის თქმა იმ ტრაგედიის, იმ უბედურების გამოვლის შემდეგ, მაგრამ თუ მაინც უნდა მომხდარიყო, ის მსხვერპლი ამ სიყვარულად ღირდა... ცხოვრებამ, წუთისოფელმა სიმწარესთან ერთად, სიტკბო და სიხარულიც მომცა - ადამიანის სიყვარული მაჩუქა. უცნობებს რომ ჩემი ტკივილი საკუთარივით სტკივათ, ეს ხომ წყალობაა?..

- ახლა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ემიგრაციას მიიჩნევენ. თქვენ გარშემო რა ხდება, ბევრი დაკეტილი სახლია?

- მთიანი სოფლებიდან ემიგრაცია ახლა არ დაწყებულა, ყველაფერს ამ დროს ნუ დავაბრალებთ. მთის ხალხის მიგრაცია მათთვის გადარჩენის საშუალება იყო, რადგან მთიანი რეგიონები მცირემიწიანია და მოსახლეებს ვერ ინახავდა. თუ დღეს არსებულ პრობლემებს მიხედავენ, ქართველ კაცს ისე უყვარს მიწა, აუცილებლად დაბრუნდებიან. უკვე ადიან ახალგაზრდები, პრობლემებს თავად აგვარებენ და სიმშვიდეს ეძებენ. უამრავი პატარა სახლი ჩადგეს, მაგრამ თუ ეს წამოწყება ვიღაცისთვის იმედია, მისთვის, ვისაც ხელეწიფება, მოტივაცია უნდა იყოს, რომ მათ ის პრობლემები მოუგვაროს, რაც აქვთ და მთაც ძალიან მალე გამოცოცხლდება. მთავარია, სახელმწიფოს ნება იყოს. კაცი, ადამიანი, თანამდებობის პირი მარტო იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, თავის თავს და გარემოცვას რას არგებს, არამედ ის უნდა აფიქრებდეს, კუთხეს, ქვეყანას რას არგებს! მთის დაცლა ქვეყნისთვის იგივეა, რომ ადამიანს ხერხემალი გამოაცალო. როცა ადამიანი მიდის, მის შეჩერებას კი არ ცდილობენ, სახლს რომ კეტავს, თვალს აყოლებენ. არადა, ასე თუ გაგრძელდება, ქვეყანა იარსებებს, მაგრამ საქართველო აღარ იქნება. რამდენი ქართველი გადის, დედაბუდიანად, გუდანაბადაკრული, პატარა ბავშვებით, ფეხმძიმე ცოლებით და უკან აღარ იხედებიან; ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადალახავენ, ათას ტანჯვა-წვალებას გაივლიან, ოღონდ აქედან წავიდნენ, მაგრამ ამ დროს ქვეყნის საზღვართან უცხოელების დაუსრულებელი რიგებია, მოდიან და მოდიან, რა კარგი ქვეყანა გაქვთო, ნამდვილი სამოთხე, აქ ცხოვრებას რა სჯობსო... გული მეხლიჩება, სხვისთვის თუ სამოთხეა ეს დალოცვილი მთა და ბარი, ამ ქვეყნის შვილებისთვის გაუსაძლის ჯოჯოხეთად რატომ იქცა? ამიტომ ვთქვი, თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანა იქნება, მაგრამ საქართველო - არა-მეთქი. საქართველო ღარიბი უჩვენოდ, ქართველების გარეშე იქნება. მესმის, რომ ვიღაცებს მართლა ძალიან უჭირთ, ალბათ შვილებსაც ვერ აჭმევენ, მაგრამ როდესაც ადამიანს მიწაც აქვს და ჯანმრთელობაც უწყობს ხელს, შენი ოჯახის საკმარისი მაინც უნდა მოიწიო, სხვა დანარჩენს კი: განათლება, კანონი, სამართალი, რისი პრობლემაც ნამდვილად გვაქვს ამ ქვეყანაში, კი არ უნდა გაექცე, უნდა მოითხოვო...

- მაგრამ ბევრი აქ, თავის სამშობლოში პერსპექტივას ვერ ხედავს. მართლაც, უამრავი ახალგაზრდა, რომელმაც კარიერა ვერ აიწყო, სხვა ქვეყანაში ძალიან წარმატებულია...

- მესმის, რომ სხვაგან, იმ განვითარებულ ქვეყანაში უფრო ადვილია ცხოვრება, გამზადებულზე ბიზნესიც ადვილია და სხვა ყველაფერიც, მაგრამ მაშინ, აქ ვინ უნდა დარჩეს?.. ბევრს უნდა წასვლა, შეუძლიათ კიდეც, მაგრამ არ მიდიან. როცა ვინმესთვის მიკითხავს, - შენ რატომ არ მიდიხარ, წასვლა ხომ შეგიძლია-მეთქი? მპასუხობენ: შემიძლია, მაგრამო... და ვეღარ აგრძელებენ. ამ "მაგრამის" უკან არის ღირებულებები, რომელსაც ყველა ვერ ხედავს. ყველაზე არ ვამბობ, არ ვგულისხმობ მათ, ვისაც გარდაუვალი აუცილებლობა აქვს, ჯანმრთელობის თუ სხვა რამეების გამო, მაგრამ ყველა ხომ ამიტომ არ მიდის... არ მინდა ვინმეს ეწყინოს, გული ეტკინოს, მაგრამ სამშობლო ერთ კაცის კეთილდღეობა არ არის. ჩემ გარშემო არიან ადამიანები, ვინც დღეში 50 ლარად მუშაობაზე უარს ამბობს, გაქცევა ურჩევნია. იქ მეტს უხდიან, მაგრამ ოჯახის, შვილების, დედ-მამის, ყველას გარეშე უწევს ცხოვრება, თუმცა ეს არ აშინებს, აქ თაობები მშობლების გარეშე იზრდებიან და მშობლები შვილების, შვილიშვილების გარეშე ბერდებიან. ეს ჩვეულებრივ ამბად ვაქციეთ, ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავთ... საუკუნეების წინ, ჩვენი ქვეყნის შვილებს, რომელთაც იტაცებდნენ ან უცხო ქვეყანაში ყიდდნენ, სიკვდილამდე სამშობლოსკენ ეჭირათ თვალი. ქართული გენი ყოველთვის გამოირჩეოდა ნიჭით, სიმამაცით, გაბედულებით; წარმატებული სამხედრო პირები იყვნენ, ასევე პოეტები, მხატვრები... მათ მამელუქებად ზრდიდნენ, მაგრამ საკუთარი ქვეყნის მიწა-წყალი არასდროს დავიწყებიათ...

თქვენთან საუბრისთვის ვემზადებოდი, გონებაში ილიას სიტყვები მიტრიალებდა: "რა გითხრათ, რით გაგახაროთ"... წამსვლელებისაც მესმის, ჩვენი ხალხის თანმდევი სენია, რომ სამშობლოში გვიჭირს ნიჭიერი კაცის დანახვა, პოვნა, მისი ნიჭის გამოყენება. ამიტომაც ისინი ქვეყნიდან მიდიან და იქ ყველაფერს აკეთებენ, რომ გზა გაიკვალონ, დოვლათი შექმნან, ნიჭი გამოიყენონ. თავდაუზოგავად მუშაობენ, რომ კარიერა გაიკეთონ. ასეც იქცევიან, ოღონდ უკან თითქმის არასდროს ბრუნდებიან. სხვა ერის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, სამშობლოსადმი თავდადებული სიყვარული არ გვაქვს... ასე გრძელდება ათეულობით წლებია და სულ ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ეს ქვეყანა, ეს ნიჭიერი ადამიანები, ზოგი ნებით, ზოგიც იძულებით აქედან არ გადახვეწილიყვნენ. ვინ იცის, რამდენი რამის შეცვლას შეძლებდნენ, შესაძლებლობა რომ მისცემოდათ. ეს ყველაფერი - ნიჭის, ინტელექტის, ემოციის გადინება, რომელიც უკვე თაობებს ითვლის, ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს?.. ამის შესაჩერებლად რაღაც უნდა ვიღონოთ, ყველამ ერთად. ხელისუფლებამ ახალგაზრდებს სამშობლოში დარჩენის მოტივაცია შეუქმნას, მაგრამ ჩვენ, ქართველებმა ერთი რამ უნდა ვისწავლოთ, რომ შენს ქვეყანას დაუყვედრებლად ემსახურო. ჩვენ მასთან ვალდებული ვართ, ისე, როგორც მშობელთან, მოვუაროთ და ვიზრუნოთ მასზე, რომ დღეს გუშინდელზე უკეთესი იყოს...

ამ წუთისოფელში ყველაზე დიდი შემოქმედი დედამიწაა. ახლა, როდესაც თქვენ გესაუბრეთ, მზის ჩასვლას ვუყურებ. ჩემ წინ, ვაშლისა და კომშის ხეებია, გარშემო ჩემი დარგული ყვავილებიც ახარებენ თვალს. მიწასთან უნდა ვისაუბროთ, ის უნდა გავანედლოთ, რომ მაცოცხლებელი ნაყოფი მოგვცეს. მიწასთან, ბუნებასთან საუბარი, საკუთარ თავთან, სინდისთან საუბარს ჰგავს. თუმცა, ეს გვაშინებს. არადა, მასთან ისე უნდა მივდიოდეთ, როგორც ბიბლიასთან - მოწიწებით, კრძალვით... რამდენიმე დღის წინ, მეზობელი სოფლიდან ნოდარ ოდიშელიძე მესტუმრა. ვისაუბრეთ აქაურზე, იქაურზე, ბევრი რამ გავიხსენეთ. თქვენ შეგიმჩნევიათ ადამიანი დედაზე რომ საუბრობს, როგორი თვალები აქვს?.. რამდენიც წელიც უნდა იყოს გასული მისი არყოფნიდან, ბავშვივით გულაჩვილებულია, თვალები ემოციით აქვს სავსე. მან მითხრა, - ამას წინათ, ორ ადგილას დავთესე კარტოფილი: სადაც მე ვცხოვრობ და სადაც დედა ცხოვრობდა. იმ სახლში იშვიათად მივდივარ. ჩემთან გავთოხნე, მოვუარე, თან გადავყევი, დედასთან კი, მას შემდეგ არც კი მივსულვარო... ჩემთან დიდი ვერაფერი, აი მანდ კი ისეთი მოსავალი მოვიდა, გაოგნებული დავრჩი, დავიჩოქე და მიწას, დედაჩემის სულს ბოდიში მოვუხადე, რომ იქაურობას ისე ვერ მოვუარე, როგორც თავად უვლიდაო. როდესაც რაღაცას ისე ვერ აკეთებ, როგორც საჭიროა, ბოდიშის მოხდა უნდა შეგეძლოს. გაქცევას ბევრი არაფერი სჭირდება, დაბრუნებაა რთული.

- ვიცი, რომ მალე არხოტში მიდიხართ. რამე ღონისძიებაა?

- დიახ, მთის ხალხი ვიკრიბებით, ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდანაც ჩამოდიან მწერლები, იქაური უხუცესები, კავკასიის ამბებზე უნდა ვისაუბროთ. 3-4 წელია, ასეთი შეხვედრები იმართება, პანკისელი ქისტებიც არიან ჩართული. ერთმანეთს აზრებს ვუცვლით, ამბებს ვუყვებით. იქ უფრო ინარჩუნებენ ტრადიციებს, ჩვენ ცოტა შევიცვალეთ, ხანდახან მხოლოდ სხვის სიამოვნებაზე ვართ მორგებული, ოღონდ სხვას ვაამოთ და ძალიან იოლად მივდივართ დათმობებზე, მაგრამ თუ ერთმანეთთან დათმობაზე მიდგა საქმე, მტრისას!.. ალბათ, ძალიან მკაცრად ვსაუბრობ, მაგრამ ზოგჯერ სხვის დასანახავად შეგვიძლია საკუთარ ქვეყანას ვუმტროთ. ჩვენი კავკასიელი ძმების სატკივარია კავკასიის თავისუფლება; როგორ გამოვიდნენ იმ მარწუხებიდან, მენტალურად მაინც. ერთმანეთთან ხშირი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს და ვიცოდეთ, რა გვიჭირს, რა გვტკივა... სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ქართველ კაცს დღეს სამშობლო სტკივა. სამშობლო სკამი არ არის, რომ გამოიცვალო.

თუმცა მჯერა, ასე თუ ისე, ყველას უყვარს თავისი ქვეყანა, წასულებსაც და აქ მყოფებსაც, მაგრამ მისი გამთლიანება უნდა ვისწავლოთ, დაქუცმაცებული სიყვარულით ქვეყანას ვერ გადავარჩენთ. გოდერძი ჩოხელი ამბობს "ადამიანთა "სევდაში", ჩვენი ქვეყნის თითო ტკივილი ჩავიწეროთ და ერთ ტკივილად ვაქციოთ, რათა ერთი მიზნისკენ ვიყოთ მიმართულიო. ამაზე მეც ბევრი მიფიქრია და ალბათ, ამან დამაწერინა ეს სიტყვები: "დავდივარ, ვბორგავ, ხან ვდუმვარ, ხან თავს ვუწყრები, ვტირი რად, რა ტანჯვად მექეც, მამულო, რა მოურჩენელ ტკივილად"...

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"