"პრიგოჟინმა ყველა "ხუმრობითა და ხელსახოცების ოსტატური მიტანით" მოხიბლა" - ვინ არის და რა ქონებას ფლობს "პუტინის მზარეული"? - კვირის პალიტრა

"პრიგოჟინმა ყველა "ხუმრობითა და ხელსახოცების ოსტატური მიტანით" მოხიბლა" - ვინ არის და რა ქონებას ფლობს "პუტინის მზარეული"?

პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, ევგენი პრიგოჟინმა საჯაროდ პირველად აღიარა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ მისი შექმნილია. პრიგოჟინის კომენტარი მისი კომპანიის, Concord-ის პრესსამსახურმა გაავრცელა. ამასთან, ბოლოდროინდელი ცნობებით, „ვაგნერსა“ და რეგულარულ არმიაში დიდი დანაკარგის შევსებას კრემლი პატიმრების დაქირავებით ცდილობს და სასჯელისგან გათავისუფლების სანაცვლოდ, ისინი უკრაინის ომში მიჰყავს. ახლახან უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ვიდეომასალაც, სადაც ჩანს, რომ ამ პროცესს პირადად პრიგოჟინი ხელმძღვანელობს.

61 წლის პრიგოჟინის CV, რომელიც Minority Report-მა ფიზიკურად ბრიტანელ მსახიობ ჯეისონ სტეტჰემს მიამსგავსა, მოიცავს თავდასხმას, ძარცვას, ქურდობას და 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დეზინფორმაციული კამპანიის მართვას. ამ უკანასკნელი დანაშაულის გამო ის და მისი ორი კომპანია ამერიკულ სანქციებს დაექვემდებარა, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სანქციების სიას მთელი მისი ოჯახი შეუერთდა.

პრიგოჟნმა კვების ბიზნესი 1990-იან წლებში, ჯერ ჰოთ-დოგების გაყიდვით დაიწყო, შემდეგ რესტორატორი და ბოლოს სურსათით მომარაგების კომპანია Concord-ის მფლოებელი გახდა. ეს კომპანია „ვაგნერ ჯგუფის“ დედაკომპანიის სახით ეფექტურად ფუნქციონირებს.

გასულ წელს საინფორმაციო ვებგვერდმა, Meduza-მ აღმოაჩინა 1981 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრიგოჟინი სანკტ-პეტერბურგის (მაშინდელი ლენინგრადის) ციხეში გაგზავნეს. 1980 წლის მარტში პრიგოჟინმა ქალი გაძარცვა, მას ჩექმები და ოქროს საყურეები წაართვა და გონების დაკარგვამდე გაგუდა. ამასთან, მას გაქურდული აქვს მრავალი სახლი, საიდანაც მოპარულ ნივთებს შორის სახელდება მაგნიტოფონი, ორი ხალიჩა და ისეთი წვრილმანი, როგორიც არის საჭის ჩიხოლი. ასევე, „ჯინსებისა და სხვა დეფიციტური საქონლის შეძენის საბაბით“ მოქალაქეს მან მოტყუებით 250 რუბლი გამოსძალა. ყველა ამ საქმეზე პრიგოჟინი გაასამართლეს და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ბოლომდე მოიხადა.

მან ციხე 1990 წელს დატოვა, როცა სანკტ-პეტერბურგში, სასურსათო ბიზნესში მისი აღზევება დაიწყო: ხან ძეხვების საბითუმო გამყიდველი, ხან კი ჰოთ-დოგის ურიკების ქსელის მფლობელი იყო. იმ დროს, 1991 წელს, სსრკ-ის ნგრევით დამდგარი დისფუნქციის ფონზე, სანქტ-პეტერბურგი ორგანიზებული დანაშაულისთვის ოაზისი იყო. ერთხელ პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსულ მაფიას თითო ჯიხურის დაცვაში 100 დოლარს უხდიდა.

პრიგოჟინი წინ სწრაფად მიიწევდა და ქალაქში პირველი სასურსათო მაღაზიების ქსელ „კონტრასტის“ თანამფლობელი და მმართველი გახდა. შემდეგ ის რესტორნების ბიზნესში გადავიდა, რაც მისი კვების ბიზნესის იმპერიის დასაწყისი გახდა. 2001 წლის ზაფხულში, ახლადგაპრეზიდენტებულმა პუტინმა, რომელსაც მაშინ დასავლეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, საფრანგეთის პრეზიდენტი, ჟაკ შირაკი პრიგოჟინის რესტორანში წაიყვანა. Daily Mail-ის ცნობით, პრიგოჟინმა ყველა „ხუმრობითა და ხელსახოცების ოსტატური მიტანით“ მოხიბლა. მას შემდეგ ის „პუტინის მზარეული“ ხდება. გააგრძელეთ კითხვა "ბიზნესპრესნიუსზე"