"დირექტორმა ჩემს მშობლებს უთხრა, დღეს დროშა ჩამოხია, ხვალ შეიძლება ჩემს რუს მოსწავლეს თვალი გამოთხაროსო“ - რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც სკოლაში რუსეთის და ე.წ. აფხაზეთის დროშების გამოფენა გააპროტესტა
29 სექტემებრს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში მოსწავლემ რუსეთის და დე ფაქტო აფხაზეთის, როგორც "დამოუკიდებელი სახელმწიფოს“, დროშები ჩამოხია, რაც სკოლის სტენდზე, სხვა ქვეყნების ეროვნულ სიმბოლოებთან ერთად იყო გაკრული, რის შემდეგაც მოსწავლე, საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას გააგდეს, ამასთანავე, სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს "სკოლის ინვენტარის დაზიანებისთვის“ საყვედური გამოუცხადა". მომხდარს დიდი გამოხმაურება და ხმაური მოჰყვა.
სკოლის პედაგოგებმა ambebi.ge -სთან ეს ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურეს. მათი თქმით, სხვა ქვეყნის დროშებთან ერთად, აფხაზეთის დროშა სტენდზე როგორ აღმოჩნდა, უცნობია. “დიახ, ბავშვმა ჩამოხია დროშა, რაზეც სკოლის ინვენტარის დაზიანების გამო შენიშვნა მიეცა, თუმცა მოსწავლე სკოლიდან არ გაგვიშვია. ეს მცდარი ინფორმაციაა. დროშა როგორ აღმოჩნდა სკოლაში, ვერ გეტყვით, ალბათ სტამბის შეცდომაა. რომელმა სტამბამ დაბეჭდა, არ ვიცით”,- აცხადებენ პედაგოგები.
როგორც ირკვევა, ამის შემდეგ ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლის მიერ სტენდზე გაკრული რუსეთის და აფხაზეთის დროშების ჩამოხსნას ხმაური მოჰყვა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა განაცხადა.
მოსწავლე, რომელმაც სკოლაში დროშების გამოფენა გააპროტესტა, მე-11 კლასელი ლუკა ნაცვლიშვილია. "დირექტორმა ჩემს მშობლებს გამოუცხადა, - დღეს დროშა ჩამოხია, ხვალ ჩემს რუს მოსწავლეებს თვალებს გამოთხრისო", - ამბობს ლუკა ambebi.ge -სთან. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო