"საქართველოს უკრაინისგან დაშორება ნატო-ში გაწევრიანების გზაზე კატასტროფა იქნება" - რას წერს სალომე სამადაშვილი "ფეისბუქზე"? - კვირის პალიტრა

"საქართველოს უკრაინისგან დაშორება ნატო-ში გაწევრიანების გზაზე კატასტროფა იქნება" - რას წერს სალომე სამადაშვილი "ფეისბუქზე"?

ვიდრე ეს ხელისუფლება არ შეიცვლება და დემოკრატიული მმართველობა არ დამყარდება ქვეყანაში, ერთადერთი ადგილი, სადაც მათ განაცხადს გაწევრიანებაზე დააკმაყოფილებენ რუსეთ-ბელარუსის კავშირია, - ასე ეხმაურება „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი უკრაინის მიერ ნატო-ში დაჩქარებული წესით შესვლაზე განაცხადის გაკეთებას.

როგორც სამადაშვილი აცხადებს, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს უკრაინისგან დაშორება კატასტროფა იქნება.

"ივანიშვილის მთავრობამ განაცხადი ყველგან შეიძლება შეიტანოს ცხადია, მაგრამ სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება და დემოკრატიული მმართველობა არ დამყარდება ქვეყანაში, ერთადერთი ადგილი, სადაც მათ განაცხადს გაწევრიანებაზე დააკმაყოფილებენ რუსეთ-ბელარუსის კავშირია.

ხელისუფლების შეცვლის გარეშე, მხოლოდ განაცხადის გაკეთებით, შედეგი არ დადგება. ეს ევროკავშირის მაგალითზე უკვე ვნახეთ.

ამავე დროს, საქართველოს უკრაინისგან დაშორება ნატო-ში გაწევრიანების გზაზე იქნება კატასტროფა და რეალურად, შესაძლოა, ნატო-ში გაწევრიანების ანუ მყარი უსაფრთხოების მოპოვების შესაძლებლობა, ჩვენ ხელიდან გავუშვათ, დიდი ხნით, თუ სამუდამოდ არა“,- წერს სამადაშვილი „ფეისბუქში“.

ცნობისთვის, უკრაინა ნატო-ში შესვლის განაცხადს აკეთებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.