"ომი ახალ ფაზაში შევიდა და უფრო აგრესიული და მასშტაბური იქნება, ვიდრე ის აქამდე იყო" - კვირის პალიტრა

"ომი ახალ ფაზაში შევიდა და უფრო აგრესიული და მასშტაბური იქნება, ვიდრე ის აქამდე იყო"

"ომი ახალ ფაზაში შევიდა და უფრო აგრესიული და მასშტაბური იქნება, ვიდრე ის აქამდე იყო"

30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თვითგამოცხადებული დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქში მოსკოვის მიერ დანიშნულმა "ხელმძღვანელებმა" ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ამ ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე. ხელმოწერის საზეიმო ცერემონია კრემლში გაიმართა, ახლა რუსეთის დუმამ უნდა მოახდინოს ხელშეკრულების რატიფიკაცია, რის შემდეგაც ის ფედერაციის საბჭომ უნდა მოიწონოს. ცალსახაა, მსოფლიო ამ ქალაქების ანექსიას არ ცნობს, ისევე როგორც ამ დრომდე არ ცნობენ ყირიმის ანექსიას. უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ თავისი ტერიტორიების დათმობას არ აპირებს და ანექსირებული ოლქების დიდ ნაწილში დღეს უკრაინელი სამხედროები თავგამოდებით იბრძვიან.

თავად პუტინმა კიევს იარაღის დაყრა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება შესთავაზა ახალი რეალობის გათვალისწინებით, ანუ უკრაინა სამუდამოდ უნდა შეეუგოს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციაში შესვლას, თუმცა კიევი კატეგორიულად მოითხოვს ოკუპანტებმა უკრაინა დატოვონ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ დავალება მისცა უკრაინის დუმას, რომ მოამზადოს შესაბამისი ნიადაგი რუსეთის აქტივების სრულად ნაციონალიზაციისთვის. ასევე პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა განაცხადს ნატოში უკრაინის დაჩქარებული წესით შეყვანის მოთხოვნით. ალიანსში განაცხადეს, რომ ამის უფლება უკრაინას აქვს. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, თქვა, რომ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას კონსენსუსით მიიღებენ; ხოლო ახლა, პირველი რიგის ამოცანაა ალიანსის დახმარებით, უკრაინამ პუტინს გამარჯვების შესაძლებლობა არ მისცეს.

ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- საკმაოდ ჩახლართული ვითარება შეიქმნა, რადგან კრემლის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ომის პროფილი შეცვალა. თუ აქამდე ისინი უწოდებდნენ ამას სპეცოპერაციას, გამოაცხადეს ნაწილობრივი მობილიზაცია და ა.შ, მაგრამ დღეიდან აუცილებლად რუსული პროპაგანდა შექმნის ასეთ ნარატივს, რომ ეს არის ბრძოლა რუსეთის ტერტორიაზე, რადგან ამ რეფერენდუმის შემდეგ ეს რეგიონები რუსეთის ნაწილი გახდა. რუსული პროპაგანდა კვალიფიკაციას მოახდენს, რომ ამის შემდეგ ნებისმიერი შეტევა, ეს იქნება ხერსონზე, ზაპოროჟიეში, დონეცკში, ლუგანცკში, თუ სხვა ქალაქში, თითქოს არის შეტევა რუსეთზე. პუტინს უნდოდა ჰქონოდა საშუალება რომ სამამულო ომი გამოეცხადებინა და ამ სამამულო ომის პრეზენტაციას ვნახავთ ჩვენ რამდენიმე დღეში. ვხედავთ, მოსახლეობის ერთი ნაწილი მას ზომბირებული ჰყავს და წარმოიდგინეთ ამას რომ დაემატება სამამულო ომის ფაქტორი, რა ამბები მოყვება. ამიტომ მე ვთვლი, რომ ომი ახალ ფაზაში შევიდა და უფრო აგრესიული და მასშტაბური იქნება, ვიდრე ის იყო აქამდე. აქედან გამომდინარე გეოპოლიტიკური ვითარებაც კიდევ უფრო მეტად შეიცვლება და უფრო სახიფათო გახდება რუსეთის მიმდებარე ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს ეჭვიანობის უფლება და ამას დაგვაჩვია რუსეთმა 30 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთშიც ჩემი აზრით, უფრო პლაკატური იყო, ვიდრე განსაკუთრებული აზრის მატარებელი, მაგრამ გაგვიცხოველა ამან ეჭვი, რომ ისინი რაღაცას აპირებენ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით. ძალიან მწვავედ განიცდიან იმას, რომ კავკასიისთვის ბრძოლა თურქეთთან წააგეს და დარწმუნებული ვარ რევანშის სურვილი გაუჩნდებათ, რადგან თავს შერცხვენილად გრძნობენ, რომ თავის მოკავშირეს სერიოზულად ვერ დაეხმარნენ ბოლო კონფლიქტის დროს.

- როგორ ფიქრობთ, ლუკაშენოს ვიზიტი კრემლთან შეთანხმებული იყო?

- ლუკაშენკოს ვიზიტი შეთანხმებული კი იყო პუტინთან, მაგრამ როგორც ჩემი მეგობრები მეუბნებიან და ესეც ლოგიკურად ჩანს, ლუკაშენკოს იქ სხვა რამე მოსთხოვეს, ვთქვათ ამ რეგიონების აღიარება, ან სამოკავშირეო სახელმწიფოში შეყვანა, მაგრამ როგორც ჩვევია ლუკაშენკოს, ბევრი ილაპარაკა და თქვა, ახლა წავალ და გავარკვევო. ეს ვიზიტი ლუკაშენკოს მხრიდან არაოფიციალური იყო, მაგრამ აფხაზები შეეცადნენ სერიოზული ვიზიტის სახე მიეცათ ამისთვის, თუმცა იქ არაფერი თქმულა, რომელიც მიანიშნებდა ამ საკითხებზე. აფხახებისთვის ეს ვიზიტი მოულოდნელობა იყო, გაიგეს რომ მოდიოდა, მაგრამ ფაქტი მოულოდნელი იყო. როგორც ჩვენი კოლეგები ამბობენ, რაღაცას თამაშობს ლუკაშენკო. ის ცდილობს არც მწვადი დაწვას და არც შამფური, საბოლოოდ, არ დაწვას ხიდები დასავლეთისკენ. არადა უკრაინის ომში სხვადასხვა ფორმით მონაწილეობენ ბელორუსები ავიაციის თვალსაზრისით, არტილერიის თვალსაზრისით, თავის ტერიტორიას უთმობს. მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოფიციალურად ბელორუსი არ აღმოჩნდეს როგორც აგრესორი.

- უკრაინის ანექციას, პუტინის გადადგმულ ამ ნაბიჯებს რა რეაქცია მოყვება?

- მსოფლიო ცდილობს ახლა ამ ომმა არ შეიცვალოს პროფილი და დარჩეს ისე, როგორც იყო, რომ ეს არის ანექსია უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთი კი ცდილობს პირიქით გააკეთოს, ამას არავინ "ჭამს", მისი პირობითი მოკავშირეებიც კი, ჩინეთი იქნება ეს თუ სხვა, მაგრამ საზოგადოება რუსეთის გადადგებულ ამ ანკესს გადაყლაპავს და კრემლის პროპაგანდა უფრო აჟიტირებული იქნება. მსოფლიო დაგმობს ამას, მაგრამ მერე რა, პუტინი მაინც თავისას გაკეთებს. გამოსავალი აღარ აქვს, კუთხეშია მიმწვდეული და იძულებულია ყველაფერი გააკეთოს, მათ შორის გამოიყენოს ახალი იარაღი, არა ბირთვული არამედ ის მაღალი ტექნოლოგიის იარაღი, რომელიც აქვს შეზღუდული რაოდენობით. იტყვის ჩემს სამშობლოს თავს ესხმიან და გამოვიყენოთ ყველაფერიო, სხვა გამოსავალი არ აქვს. ისეთი პროცენტი დაწერეს ე. წ. რეფერენდუმით, თურმე მოსახლეობას ნდომებია ჩვენთან ყოფნა და ნაციონალისტები ამის საშულებას არ გვაძლევენო. თუკი აქამდე პუტინი, კრემლი, ცდილობდა ომი ეწარმოებინა გარკვეული საერთაშორისო ნორმების დაცვით, ახლა ეს დამთავრდა და სამამულო ომს გახდის.

- ვხედავთ არის საპროტესტო აქციები, გარბიან რუსეთიდან ძირითადად ის ადამიანები, რომლებსაც მობილიზაციით ახლა ომში უწევთ წასვლა, ამ კუთხით როგორ განვითარდება მოვლენები? იქიდან გამოქცეული უამრავი ადამიანი საქართველოშიც შემოვიდა.

- ზუსტად ვიცი, დღეს კრემლს ყველაზე მეტად აწუხებს კავკასიური თემატიკა. რუსეთის ნაციონალურ რესპუბლიკებში ორგანიზაციებია შექმნილი, რომელიც იმაზე მუშაობს, როგორ დაეხმაროს და განუმარტოს იურიდიულად იმ ადამიანებს, რომლებზეც მობილიზაციაა გამოცხადებული, რომ ისინი ფრონტზე არ მოხვდნენ. ასეთი ორგანიზაციებია ტულაშიც, თავდაცვის მინისტრის შოიგუს სამშობლოშიც. კავკასიაში არ არის ასეთი ორგანიზაციები, მაგრამ ნერვიულობს. კავკასიელი ხალხის ისტორიას რომ გადავხედოთ, მობილიზაცია ყოველთვის პრობლემებთან იყო დაკავშირებული. მოხალისეები დიდი სიამოვნებით ერთვებიან, მაგრამ როცა მობილიზაცია ცხადდება ეს ძალის გამოყენებას, იძულებას ნიშნავს და ამიტომ ყოველთვის პრობლემატური იყო, მათ შორის სტალინის რეჟიმის დროსაც. შეიძლება მაშინ რაღაც ნაწილი ომში მოხვდა, მაგრამ უმეტესი ნაწილი ტყეში გავიდა და პარტიზანებად იქცა.

ვხედავთ, დაღესტნის ორი სამხედრო კომისარი მოხსნეს, კადიროვმა თავისთან მობილიზაცია პრაქტიკულად დასრულებულად გამოაცხადა, მოკლედ არბილებენ სიტუაციას. დაღესტნის მუფტმა განცხადებით მიმართა პუტინს, რომ 6 თვით გადაიდოს დაღესტანში მობილიზაცია და სხვადასხვა მიზეზები დაასახელა, სინამდვილეში ამ აფეთქებების ეშინია ყველას. მთელი რუსეთის მასშტაბით ხდება საპროტესტო გამოსვლები და რა განწყობებია ეს ჩანს კიდევაც ქვეყნიდან იმ ათასობით ადამიანის გასვლაში. რუსეთიდან ძირითადად მამაკაცები ზოგი ყაზახეთში, ზოგი მონღოლეთში, ზოგი საქართველოში და რა ვიცი კიდევ სად გავიდა, ფინეთმაც კი მიიღო რაღაც ნაწილი.

- ამ ფონზე ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთი საზღვრებს ჩაკეტავს და არ გაუშვევს ქვეყნიდან იმათ, ვისაც გაწვევა უწევს.

- გადასვლის წესები მართალია გამკაცრებულია, მაგრამ ჯერჯერობით არამგონია საბოლოოდ ჩაკეტონ საზღვრები, რადგან ეს ნიშნავს იმის დემონსტრირებას რომ რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდა არ მუშაობს და მოსახლეობას ის აღარ ენდობა. მთლიანად ჩაკეტვას არ ვვარაუდობ. გამკაცრება ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობს საზოგადოებაში მარგინალური ელემენტები, რომელსაც არ უნდა სამშობლოს დაცვა. მაგრამ ასეთია ცოტა და ისინი საზღვრებზე არიან. საზღვრები რომ ჩაკეტოს გამოვა, რომ მთელი მოსახლეობა მის წინააღმდეგ წავიდა. ცალსახაა, ახალგაზრდების უმრავლესობა წინააღმდეგია ამ ომის და ყველანი ამ ომის წინააღმდეგნი გახდნენ მას შემდეგ, როცა ეს უკვე მათ შეეხო.

- ამ ანექსიის შემდეგ რას იზამს უკრაინა?

- უკრაინელების გადაწყვეტილება არ შეცვლილა, ისინი ისევ ისე უტევენ, როგორც აქამდე უტევდნენ. კიევში გადასარევად ხვდებიან, რომ დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი გაწელოს. დასავლეთის ამოცანა არ არის რუსეთის დამარცხება, დასავლეთის ამოცანაა რუსეთის დასუსტება, პუტინის მთავრობის მოშორება და ლოიალური რუსეთის შექმნა. უკრაინის ამოცანაა კი რუსეთის დამარცხება. აქ განსხვავდება მიზნები და ამოცანები, მაგრამ საბოლოო ჯამში, უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავისი ამოცანა შეასრულონ და რამდენად გამოუვათ ეს სხვა საკითხია. არც მათი რესურსი არ არის ულევი. უკრაინის დახმარება ისევ გაგრძელდება, მაგრამ დროში გაწელილად ხდება ეს ყველაფერი.

- როგორ ფიქრობთ, როდემდე გაგრძელდება ეს ომი?

- ამას ვერ გეტყვით. არისტოვიჩი ამბობს, მომავალი წლის ზაფხულამდეო. მე არ ვარ სამხედრო სპეციალისტი, მაგრამ მოვლენებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ 6 თვე შეიძლება გაგრძელდეს.

- კიდევ ერთი საფრთხე, რისიც ყველას ეშინია, ბირთვული იარაღის გამოყენებაა, ამაზე ისაუბრა კიდეც მედვედევმა და თქვა, რომ რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი, ამ საშიშროებას ხედავთ?

- არ ჩანს ეს აუცილებლობა, მედვედევი კი ამბობს, ტაქტიკური იარაღის გამოყენება შესაძლებელიაო, მაგრამ მე მაინც მგონია საქმე აქამდე არ მივა. ტაქტიკური, მცირე გაბარიტიანი ბირთვული იარაღის გამოყენება ნიშნავს კონკრეტული ქალაქის განადგურებას, ამით მუქარა ხდება, მაგრამ ამ წუთში ლოგიკურად არ არის ამის აუცილებლობა, თუმცა ვის რა მოუვა თავში ეს ვინ იცის. ახალ ტექნოლოგიას რომ გამოიყენებენ, ეს გამოჩნდა კიდეც დნეპრში, რომელიც დაბომბეს ბევრად უფრო ძლიერი სარაკეტო დანადგარებით, ვიდრე აქამდე იყო გამოყენებული.

(სპეციალურად საიტისთვის)