"არ ვიცი თავდაცვის სამინისტრო რა ინფორმაციას აწვდის მთავარსარდალს" - კადიროვი პუტინს “მცირე სიძლიერის ატომური შეიარაღების” გამოყენებისკენ მოუწოდებს - კვირის პალიტრა

"არ ვიცი თავდაცვის სამინისტრო რა ინფორმაციას აწვდის მთავარსარდალს" - კადიროვი პუტინს “მცირე სიძლიერის ატომური შეიარაღების” გამოყენებისკენ მოუწოდებს

ლიმანში დამარცხების შემდეგ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი პუტინს “მცირე სიძლიერის ატომური შეიარაღების” გამოყენებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ იგი პირად “ტელეგრამ” არხზე წერს.

განცხადებაში, რომელშიც კადიროვის თქმით, “მწარე და საწყენ სიმართლეს” წერს, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი ლიმანში რუსეთის შეაიარაღებული ძალების წარუმატებლობას გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდ ლაპინს აბრალებს.

“ზუსტად ის ლაპინია, რომელმაც რუსეთის გმირის ვარსკვლავი მიიღო ლისიჩანსკის აღებისთვის, თუმცა დე ფაქტო ის იქ ახლოსაც არ ყოფილა. ლაპინს გადასცეს დასავლეთის სამხედრო ოლქის ჯარების ხელმძღვანელობა”, - წერს კადიროვი.

როგორც ის აღნიშნავს, ლიმანთან არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ მან ჯერ კიდევ 2 კვირით ადრე იცოდა და “საფრთხის შესახებ” რუსეთის გენშტაბის მეთაურის ვალერი გერასიმოვის გაფრთხილებას ცდილობდა, თუმცა უკანასკნელმა მას უთხრა, რომ ლაპინის “ტალანტში” ეჭვი არ ეპარება.

“საწყენი ის კი არაა, რომ ლაპინი არაკომპეტენტურია, არამედ ის, რომ მას ზევით ხელს აფარებენ გენერალური შტაბის ხელმძღვანელები”, - წერს ჩეჩნეთის ლიდერი.

ლიმანში დამარცხების ფონზე რამზან კადიროვი რუსეთის უმაღლეს მთავარსარდალს ვლადიმირ პუტინს “უფრო კარდინალური ზომებისკენ” მოუწოდებს.

“არ ვიცი თავდაცვის სამინისტრო რა ინფორმაციას აწვდის უმაღლეს მთავარსარდალს, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, უფრო კარდინალური ზომებია მისაღები, სასაზღვრო ტერიტორიებზე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებასა და მცირე სიმძლიერის ატომური შეიარაღების გამოყენებამდე”, - წერს კადიროვი.