რუსეთმა ანექსირებული უკრაინული ქალაქი მეორე დღესვე დაკარგა-ლიმანი გათავისუფლებულია - კვირის პალიტრა

რუსეთმა ანექსირებული უკრაინული ქალაქი მეორე დღესვე დაკარგა-ლიმანი გათავისუფლებულია

ის, რაც მოხდა 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს, საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ წირავენ ქვეყნის ლიდერები ასობით და ათასობით თავიანთ ჯარისკაცს მხოლოდ რაღაც ერთდღიანი პოლიტიკური და პროპაგანდისტული მიზნებისთვის და ეს მარტო პუტინს როდი ეხება...

პუტინმა კი იმისთვის, რომ მოსკოვში კრემლის წინ გრანდიოზული ფეიერვერკით აღენიშნა უკრაინის ოთხი ოკუპირებული ოლქის - ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსირება და რუსეთის ფედერაციისთვის „მიერთება“, კატეგორიულად აუკრძალა ქალაქ ლიმანში ოპერატიულ ალყაში აღმოჩენილ რუსი ოკუპანტების გარნიზონს უკან დახევა, რომ ზეიმი არ ჩაშლოდა...

მეორე დღეს, 1-ლი ოქტომბრის საღამოსთვის კი რუს დამპყრობლებს მაინც მოუწიათ უკან დახევა, უფრო სწორად, კუდამოძუებულებს გაქცევა და ლიმანის დატოვება, მაგრამ ეს რუსეთის არმიას ბევრად ძვირი დაუჯდა, დაღუპული პირადი შემადგენლობისა და მიტოვებული სამხედრო ტექნიკის სახით, ვიდრე, ეს ქალაქი ერთი დღით ადრე რომ დაეტოვებინა...

მაგრამ სიტუაციის მთელი ირონია იცით, რაშია? რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მეორე დღესვე დაკარგა ერთი ქალაქი, რომელიც რუსი ობივატელის ტვინში ფორმალურად წინა დღიდან უკვე რუსულ ქალაქად ითვლებოდა, ანუ რუსეთი უკვე „თავის“ ტერიტორიებსაც კარგავს უკრაინასთან რვათვიან ომში?

ყოველ შემთხვევაში რუსი „ურა-პატრიტები“ უკვე ხმამაღლა მოთქვამენ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველი „რუსული ქალაქი“ დაკარგეს...

2-t-1664695611.png
უკრაინის არმიამ კონტრშეტევების დროს დიდძალი რუსული საბრძოლო ტექნიკა ჩაიგდო ხელში, მათ შორის, ეს თვითმავალი „მსტა-ს“-იც...

რა თქმა უნდა, მსოფლიოს დიდ ნაწილში სერიოზულად არც მიიჩნევენ ახალ რუსულ ანექსიას და მით უმეტეს, არც შეტევებზე გადასული უკრაინული არმია არჩევს რომელია რუსების მიერ ანექსირებული ქალაქები - მათი საბოლოო მიზანი უკრაინის ტერიტორიის სრული დეოკუპაციაა, თუმცა არც სასაზღვრო რუსული ტერიტორიების დაბომბვაზე იტყვიან უარს, თუკი იქიდან საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების სერია გაგრძელდება უკრაინულ დასახლებულ პუნქტებზე...

უკრაინელებისთვის, ნაალაფარ რუსულ ტანკებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მოწინააღმდეგე ჩაიგდონ ტყვედ, რომ შემდგომ გაცვალონ მარიუპოლის დაცემისას დატყვევებულ უკრაინელ სამხედროებში, რომლებიც ტყვეობაში საშინელ პირობებში ჰყავთ რუსებს.

ლიმანის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის არმიას მიეცა დამატებითი შესაძლებლობები აღმოსავლეთით, ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის მიმართულებით შეტევის განსახორციელებლად, შემდგომში თვით ლუგანსკზე გასვლის ჩანაფიქრით, სადამდეც ლიმანიდან პირდაპირი ხაზით 115 კმ-ია დარჩენილი...

პ.ს.

ლიმანის გათავისუფლებასა და რუსი სამხედროების მორიგ სამარცხვინო გაქცევას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოჰყვა - რუსეთის ხელისუფლების მაღალ წრეებში ღიად დაიწყეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მკაცრი კრიტიკა და საბრძოლო მარცხების მათთვის დაბრალება.

ლიმანიდან ბოლო რუსი ოკუპანტიც ჯერ არ იყო გაქცეული, რომ რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელში ღიად დასდო ბრალი რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდალს, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე ლაპინს, რომელიც ლიმანის დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, უნიათობასა და მშიშარობაში.

ეს შემთხვევით არ ხდება, პუტინის კარზე „ვეზირების აჯანყების“ უკვე ბევრი ფაქტია დაფიქსირებული, როდესაც ძალოვანი მინისტრები „მეფის“ თვალში ერთმანეთის დაბეზღებასა და ჩაძირვას ლამობენ, რაც რუსეთის, როგორც სახელმწიფო ერთეულის შემდგომი შესუსტების დამატებითი მიზეზი ხდება...

ისე კი, არაპროგნოზირებადი კადიროვი თავის მთავარსარდალ პუტინს სთავაზობს უკრაინისთვის ერთი „პატარა“ ატომური ბომბის გამეტებას...