ხუთი ყველაზე პოპულარული ყვავილი ოთახის მცენარეებიდან - კვირის პალიტრა

ხუთი ყველაზე პოპულარული ყვავილი ოთახის მცენარეებიდან

საცხოვრებელ სივრცეში ჯანსაღი გარემოს შექმნა ყვავილების გარეშე, ალბათ, შეუძლებელია და ამიტომაც არის ასეთი პოპულარული ოთახის მცენარეები. ისინი არა მხოლოდ აჯანსაღებს, არამედ ალამაზებს ინტერიერს და დადებით განწყობას უქმნის ადამიანებს. მცენარემ თავი კარგად რომ იგრძნოს და ჩვენც გაგვახაროს, მასზე უნდა ვიზრუნოთ და გულმოდგინედ მოვუაროთ. რომელია ოთახის პოპულარული მცენარეები და როგორ გავახაროთ ისინი? გვესაუბრება ბაღის დიზაინერი, ჟურნალისტი თამარ ხონელიძე. ის ცოტა ხნის წინ მოგვითხრობდა ფოთოლდეკორატიულ ოთახის მცენარეებზე, დღეს კი საუბარს მოყვავილე მცენარეების შესახებ განაგრძობს.

yvavili6-1664700131.jpg

- ამჯერად თქვენს ყურადღებას ყვავილდეკორატიულ მცენარეებზე შევაჩერებთ. უამრავი ულამაზესად მოყვავილე მცენარიდან ხუთი შევარჩიეთ: პელარგონია, უზამბარული ია, ორქიდეა, აზალია და სპატიფილუმი.

პელარგონია

yvavili4-1664700131.jpg

პელარგონია, ბალბიფოთოლა, ბალბა (Pelargonium) - ეს ულამაზესად მოყვავილე გერანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი 350-მდე სახეობას ითვლის. მათგან ოთახის პირობებში სულ რამდენიმე სახეობა ხარობს. ყვავის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, შესაძლოა უფრო დიდხანსაც. გარდა ყვავილობისა, მისი ფოთლები შეიცავს ეთერზეთებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება პარფიუმერიაში და მავნე ბაქტერიებისაგან წმენდს ჰაერს.

პელარგონია ოთახში ყველაზე ნათელ ადგილას უნდა დავდგათ - სამხრეთის ფანჯრებთან, თუმცა მცირე ჩრდილსაც კარგად უძლებს. ზაფხულში თამამად შეგიძლიათ გაიტანოთ აივანზე, ზამთარში კი დადგით ოთახში, სადაც ტემპერატურა 14-15ოჩ-ს არ აღემატება. პელარგონია ზედმეტ წყალს ვერ იტანს, ასე რომ, ზაფხულში სამ-ოთხ დღეში ერთხელ მორწყვა საკმარისია, ხოლო ზამთარში უფრო იშვიათად - გააჩნია შენობაში ჰაერის ტენიანობას. იმისთვის, რომ პელარგონიამ დიდხანს და უხვად იყვავილოს, სასურველია მისი კვება ყვავილოვან მცენარეთა საკვები მინერალებით ორ კვირაში ერთხელ. ყვავილობის შეწყვეტის შემდეგ კვებასაც ვწყვეტთ. თებერვლიდან მარტამდე პელარგონიას ფორმირებისთვის სხლავენ. ახალგაზრდა მცენარეებს გადარგვა ყოველწლიურად სჭირდება, უფრო მოზრდილებს კი მას შემდეგ, რაც მათი ფესვთა სისტემა მთლიანად მოიცავს მიწის კომს.

უზამბარული ია

yvavili5-1664700131.jpg

უზამბარული ია (Saintpoulia ionantha) - მინიატიურული აფრიკელი "გოგონა" მთელ მსოფლიოში უდავოდ ყველაზე პოპულარული ოთახის ყვავილია. თითქმის უწყვეტად ყვავილობს მთელი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ამოუწურავი ფერთა გამითა თუ შეხამებით. მოსავლელად უპრეტენზიოა. უპირატესობას ანიჭებს კაშკაშა, გაფანტულ შუქს, თუმცა არა - პირდაპირ მზის სხივებს, ზამთრის თვეების გარდა. ვერ იტანს ორპირს და არ შეიძლება წლის არც ერთ პერიოდში მათი აივანზე ან ეზოში გატანა. უნდა მოირწყას ძალიან ზომიერად - ძირითადად, ლამბაქიდან ან "ჩაძირვის" მეთოდით (ყვავილიანი ქოთნის წყლიან ჭურჭელში ჩადგმა). დაუშვებელია წყლის წვეთების მოხვედრა იის ფოთლებსა და როზეტის შუაში - ამან შეიძლება ლპობა გამოიწვიოს. მთელი წლის განმავლობაში მოსარწყავად მხოლოდ ოთახის ტემპერატურის წყალი გამოიყენეთ. გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში უზამბარულ იებს ყოველ ორ კვირაში სჭირდება კვება, როგორც ორგანული, ასევე მინერალური სასუქით.

ორქიდეა ფალენოპსისი

yvavili3-1664700130.jpg

ოთახის პირობებში ორქიდე­ასებრთა უზარმაზარი ოჯახიდან, ძირითადად, ფალენოპსისის (Phalaenopsis) სახეობა ხარობს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ორქიდეა ეპიფიტია და ბუნებრივ პირობებში ხეებსა და ქვებზე იზრდება, ამიტომ ოჯახური გარემოც შესაფერისი სჭირდება. ორქიდეამ შეიძლება იყვავილოს წლის ნებისმიერ დროს. ყვავილობა 2-6 თვეს გრძელდება. განთავსებისთვის სჭირდება გაფანტული, ნათელი ადგილი, თუმცა ოდნავ ჩრდილსაც კარგად იტანს.

ყვავილი კარგად გრძნობს თავს 15-25C ტემპერატურაზე. მისი მაქსიმუმი 42ოჩ-ია, მინიმუმი კი - 12C. ორქიდეას სპეციალური სუბსტრატი სჭირდება, რომელიც ხის ქერქისა და ხავსისაგან შედგება და არის ყველა სამებაღეო მაღაზიაში. რწყავენ "ჩაძირვის" მეთოდით, როცა სრულად გამოუშრება ნიადაგი. კვებავენ კვირაში ერთხელ ორქიდეებისათვის განკუთვნილი სპეციალური მინერალური ნივთიერებებით.

აზალია

yvavili2-1664700130.jpg

აზალიას, იმავე როდოდენდრონის (Aza­lea. Rhododendron) პოპულარობას ულამაზესი ყვავილობა განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოვლა ოთახის პირობებში რთულია, ეს მათდამი სიყვარულს ოდნავაც ვერ ანელებს. მცენარე პრეტენზიულია, სჭირდება განათებული ადგილი, თუმცა ნახევრად ჩრდილსაც კარგად იტანს. აუცილებელია მისი რეგულარული მორწყვა და ჰაერის მაღალი ტენიანობა - ამისათვის ქოთნის ირგვლივ ჰაერი ყოველ დილით სასხურებლით დაატენიანეთ. ზაფხულში ნიადაგი სულ ტენიანი უნდა ჰქონდეს, მაგრამ არა - სველი. ამასთან, რეკომენდებულია მოსარწყავად არა ქლორიანი, არამედ წვიმის წყლის გამოყენება. შემოდგომასა და ზამთარში რწყვას ამცირებენ, ისევე, როგორც ჰაერის დატენიანებას. აქტიური ზრდის პერიოდში აზალიას ორ კვირაში ერთხელ სუპერფოსფატის შემცველი მინერალური საკვები სჭირდება.

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ამ მცენარისთვის სასურველია, ოთახის ტემპერატურა 14C-ს არ აღემატებოდეს. მაისში მცენარე გაკრიჭეთ, შეაკვეცეთ კენწეროს ღეროები, რადგან რაც უფრო მეტია ბუჩქის მწვანე მასა, მით უფრო ნაკლებია ყვავილი.

კიდევ ერთი დეტალი - აზალია იმ მცირერიცხოვან ოთახის მცენარეებს მიეკუთვნება, რომელთათვისაც აუცილებელია მჟავე ნიადაგი. აზალიების სუბსტრატი არის მაღაზიებში. უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია წიწვოვანი ტყის საფარქვეშ აღებული მიწის გამოყენება. რაკი აზალიას ძალიან ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს, მისთვის დაბალ და განიერ ქოთნებს იყენებენ.

მცენარე ნახევრად გახევებული კალმებით (ანუ ძალიან ნედლი რომ არ არის) მრავლდება მაისიდან აგვისტომდე, თუმცა სახლის პირობებში ამის გაკეთება რთულია.

სპატიფილუმი

yvavili-1664700130.jpg

სპატიფილუმი (Spathiphyllum Schott) ამ ულამაზესი ოთახის მცენარის ყვავილობაზე დაკვირვება ერთ რამედ ღირს. უპრეტენზიო ყვავილია, თუმცა მოვლის გარეშე, რა თქმა უნდა, ასეთი მიმზიდველი არ იქნება. ყვავილს ხალხში "ქალის ბედნიერებასაც" უწოდებენ და სჯერათ, რომ ოჯახში ჰარმონიის შემოტანა შეუძლია. ალბათ, სწორედ ამიტომ გახდა იგი ბოლო წლებში ასეთი პოპულარული.

სპატიფილუმისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 16-25C-ია. 14C-ზე დაბალ ტემპერატურაზე მცენარე შეიძლება დაიღუპოს. ერთ-ერთი ძირითადი სირთულე მცენარის მოვლისას განათების მიმართ მისი მოთხოვნაა. ზამთარში, მოკლე დღისას, მცენარე დამატებით განათებას ითხოვს. მორწყეთ სამ დღეში ერთხელ, როცა მიწის ზედაპირი გამოუშრება. ხშირად აბანავეთ თბილი შხაპის ქვეშ. აქტიური ზრდის პერიოდში კვებეთ 14 დღეში ერთხელ, ზამთარში კი - 30 დღეში ერთხელ.

ყოველ წელს გადარგეთ ახალ, წინანდელზე ოდნავ მოზრდილ ქოთანში და ვინ იცის, იქნებ მართლაც მოგიტანოთ ბედნიერება!