ქართული ღვინო, როგორც წამალი... - კვირის პალიტრა

ქართული ღვინო, როგორც წამალი...

მეღვინეობისადმი ინტერესი ბოლო დროს საქართველოში ბევრს გაუჩნდა. მეღვინეები თუ დაინტერესებული ჯგუფები ხშირად უკანასკნელ დანაზოგს ხარჯავენ მცირე მარნის მოსაწყობად. ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი სოსო ყარაულაშვილი წლების წინ დაინტერესდა ენოლოგიით. მან 2008 წლიდან დაიწყო ქვევრის ღვინის დაყენება და იშვიათი ჯიშის ყურძნის ვენახის გაშენება. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ახალი ქართული ღვინის ფესტივალი ბატონი სოსოს უძველესი ყურძნის ჯიშით დაყენებული ოქროსფერი "ქისით" გაიხსნა.

- ქისი რქაწითელს უფრო ჰგავს. მისი ღვინო ქარვისფერია, თავისებური სასიამოვნო არომატი და ნაზი, ჰარმონიული გემო აქვს. ეს უნიკალური ჯიში ბოლო ათწლეულების განმავლობაში მივიწყებული იყო. მისი შაქრიანობა თელავის შემოგარენში 22-26%-ის ფარგლებში, ხოლო მჟავიანობა - 6,6-დან 10,8%-მდე მერყეობს, რაც მაღალი ხარისხისა და გემოვანი თვისებების ღვინის წარმოების საშუალებას იძლევა.

კახური ღვინო მე უქვევროდ ვერ წარმომიდგენია. მიწაში ჩაფლულ ქვევრში ტემპერატურა არ იცვლება, ის მუდმივად ღვინის დუღილისთვის საჭირო 13-15%-ს ინარჩუნებს. როცა ღვინო დუღილს ამთავრებს, თავისივე ჭაჭაზე ქვევრში ილუქება 3-6 თვის განმავლობაში...

gvino3-1664701342.jpg

- მეღვინეობა რამ გადაგაწყვეტინათ?

- ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, ცნობილმა მეღვინე გოგი დაქიშვილმა დამაავადმყოფა ვაზით, ქვევრითა და ღვინით. უკვე 15 წელიწადია, რაც ენოლოგია ჩემი ჰობი გახდა. 2007 წელს ვთხოვე, ყურძენი მაყიდვინე და ღვინო დამიყენე-მეთქი. მართლაც ყურძენი ვიყიდეთ და კისისხევში ქვევრში დავწურეთ. მომავალ წელს უკვე თვითონ ვუვლიდი პატარა ვენახს და შემდეგ წელს კი უკვე ორი ქვევრიც მქონდა...

gvino4-1664701342.jpg

- ექიმ-მეღვინესთან, ბუნებრივია, ენოთერაპიაზე საუბარს ვერ გავექცევით...

- პირველი ენოთერაპიული ცენტრი XX საუკუნეში გაიხსნა. აქ პაციენტებს მკურნალობენ ღვინისა და ვაზის აბანოებით, ღვინისა და თაფლის სახვევებით, ღვინის ნიღბებით, დაფქული წიპწებითა და ასე შემდეგ... ქრისტიანული ტრადიციით, ღვინო არა მარტო მხიარულების, სიცოცხლისა და მშვიდობის წყაროა, არამედ სიმბოლური მოციქულია ღვთიური და ადამიანის კავშირისა. ამიტომაცაა, რომ ღვინო ბიბლიაში 450-ჯერ არის მოხსენიებული, ხოლო ბაბილონის თალმუდში მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება. ენოთერაპიას, ანუ ღვინით მკურნალობის თემატიკას დიდი ადგილი ეთმობა ქართულ სამედიცინო ხელნაწერებშიც. მაგალითად, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სამკურნალო კარაბადინში ხშირად გხვდება ფრაზები: "ღვინით შეიზილოს", "ღვინო წყალსა გაურიოს" და ასე შემდეგ.

ტანინები, რომლითაც მდიდარია ქვევრის ღვინოები და განსაკუთრებით, წითელი, ადამიანის ორგანიზმში ებრძვის მავნე ქოლესტერინს. საფერავს სტრონციუმის იონებიც გამოაქვს ორგანიზმიდან. ქვევრის ღვინოები ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ჩერნობილის ავარიის დროს საფერავს ასმევდნენ იქ მომუშავე პერსონალს. კარდიოლოგიურ პაციენტებს წამლად დღეში ერთ ჭიქა ტანინიან ღვინოს უნიშნავენ.

gvino2-1664701342.jpg

- როგორ უთავსებთ თქვენს პროფესიას ასეთ რთულ საქმეს? ვიცი, რომ დღეში რამდენიმე ოპერაციას აკეთებთ.

- ეს ორივე საქმიანობა დიდი ხანია ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად მექცა. მთავარი და საერთო კი მაინც ის მგონია, რომ ორივე დიდ დროსა და შრომას მოითხოვს, ამასთან, საქმის სიყვარულსა და ერთგულებასაც.

მეღვინეობა ექიმობაში ხელს არ მიშლის, პირიქით, ვატყობ, რომ უფრო ექიმობა ხდება ჰობი...

- ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ღვინის ფესტივალების ჩატარება...

- ეს ძალიან საჭიროა მცირე მარნებისთვის, რათა მათ საკუთარი პროდუქცია გააცნონ ფართო საზოგადოებასა და ღვინის ექსპერტებს. სასიხარულოა, რომ ქვევრის ღვინო დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება საქართველოს საზღვრებს გარეთაც. უკვე მაქვს მიწვევა უნგრეთიდან, სადაც ყოველ შემოდგომაზე ეწყობა ქვევრის ღვინის ფესტივალი. ამგვარი ღონისძიებები უწყობს ხელს ქართული ქვევრის ღვინოების პოპულარიზაციას ევროპულ ბაზარზე.

რუსუდან შაიშმელაშვილი