დაფნია - თევზების საყვარელი სასუსნავი „წყლის რწყილი“ - კვირის პალიტრა

დაფნია - თევზების საყვარელი სასუსნავი „წყლის რწყილი“

მტკნარი წყლის ბინადარი დაფნია მცირე ზომის კიბოა. საქართველოში მას "წყლის რწყილსაც" უწოდებენ. "დაფნია ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უძველესი მკვიდრია", - ამბობს ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ლევან მუმლაძე, რომელიც ამ პატარა არსებაზე დაწვრილებით ინფორმაციას მოგვაწვდის.

- დაფნია - ასე უწოდეს სპეციალისტებმა მტკნარი წყლის უხერხემლო ცხოველების გვარს. დაფნიები საქართველოში თითქმის ყველგან არიან გავრცელებული და მისი გვარის რამდენიმე სახეობა გვხვდება. მთლიანობაში კი ეს გვარი 25-მდე სახეობას მოიცავს. დაფნია კიბოსნაირთა ჯგუფის წარმომადგენელია. ფართოდ არის გავრცელებული მტკნარ წყლებში - თითქმის ყველა კონტინენტსა და ყველა ქვეყანაში. შეიძლება ითქვას, რომ ის მტკნარი წყლების ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი და მნიშვნელოვანი ბინადარია. ეს არის უხერხემლოთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც დედამიწაზე მრავალი მილიონი წლის განმავლობაში არსებობს.

- როგორ გამოიყურება ეს უხერხემლო?

- დაფნია ძალიან მცირე ზომის კიბოა, მისი სიგრძე 0,5 მილიმეტრიდან იწყება და შეიძლება 5-6 მილიმეტრსაც მიაღწიოს. სწრაფად მრავლდება და შეუძლია მოკლე დროში ძალიან გამრავლდეს. ალბათ, მკითხველი იკითხავს, საიდან მოდის სახელწოდება "წყლის რწყილი". საქმე ის არის, რომ დაფნია წყალში ძალიან სწრაფად და შეუსვენებლად დახტის, ალბათ, ამიტომაც უწოდებს ხალხი "წყლის რწყილს".

- რა საინტერესო თვისებები აქვს დაფნიას?

- პირველ რიგში, დაფნია გამრავლების ორიგინალური ფორმით გამოირჩევა: მას შეუძლია გამრავლდეს სქესობრივი გზითაც და პართენოგენეზითაც. მკითხველთა საყურადღებოდ ვიტყვი, რომ პართენოგენეზს სხვაგვარად ქალწულებრივ გამრავლებასაც უწოდებენ. ამ დროს გამრავლება გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედითაც შეიძლება. ასე რომ, მდედრმა დაფნიამ კვერცხი რომ დადოს, შთამომავლობა ამ კვერცხიდან მამრის ჩარევის გარეშეც გამოიჩეკება. ამავე დროს, მას შეუძლია შთამომავლობა ჩვეულებრივი, სქესობრივი გზითაც გააჩინოს. ამ თვისების წყალობით, დაფნიას შეუძლია გარემოს უფრო ადვილად მოერგოს. სწორედ ამიტომ Dდაფნიები ძალიან დიდი ხნის წინ არსებობდნენ და კარგად ეგუებოდნენ გარემო პირობებს. ჩვენთან, კავკასიაში, დაფნიას ხუთამდე სახეობა ბინადრობს, ყველაზე ფართოდ გავრცელებული მათ შორის არის Dაპჰნია პულეხ. ქართულად მისი სახელწოდება თარგმნილი არ არის.

- რა მდგომარეობაშია დღეს ეს ჯგუფი, დაცვას ხომ არ საჭიროებს?

- დაფნიას გვარის არც ერთი სახეობა არ იმყოფება რამე საფრთხის წინაშე. მათი ნახვა ყველა ტბასა და წყალსატევში შეიძლება. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ისიც არის, რომ დაფნიას დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. მათი ხილვა ადამიანისთვის მხოლოდ მიკროსკოპის ქვეშ არის შესაძლებელი. მეორე მხრივ, მცირე ზომისა და გამრავლების თავისებურების გამო, დაფნიების რიცხოვნობა ყველგან მაღალია. დაფნიას სახეობები დედამიწის ყველა წერტილში ცხოვრობენ, ისინი სპეციალისტებისთვის საინტერესო არსებები არიან და ხშირად ხდებიან სამეცნიერო ექსპერიმენტების ობიექტები.

- რა ფუნქციას ასრულებს დაფნიას ულვაშები?

- სხეულთან შედარებით, დაფნიებს დიდი ულვაშები აქვთ, ამიტომ ზოოლოგებმა დატოტვილულვაშიანთა რიგს მიაკუთვნეს. ამ მოზრდილ ულვაშებს რამდენიმე ფუნქცია აკისრია: მას აქვს როგორც სენსორული, ასევე დაცვისა და გარემოს შეგრძნების ფუნქცია. ზოგიერთ სახეობას წაგრძელებული ულვაშების ბოლოს კაუჭი აქვს, რომლითაც რამეზე მოჭიდება და უფრო ინტენსიური გადაადგილება შეუძლია. გრძელი ულვაშების დახმარებით ისინი გაურბიან თევზებს და თავს იცავენ მათგან. თევზებისთვის დაფნია საყვარელი საკვებია. ერთ თევზს შეუძლია დროის მცირე მონაკვეთში დიდი რაოდენობით დაფნია გაანადგუროს. ამ არსებას გარს აკრავს ძალიან თხელი და გამჭვირვალე დამცავი გარსი. დაფნიას აგებულება კი ზუსტად შეეფერება გარემოს, სადაც ის ბინადრობს და თავს კარგად გრძნობს.

- როგორია ყველაზე სასურველი გარემო, სადაც დაფნია ცოცხლობს და დაუბრკოლებლად მრავლდება?

- დაფნია თითქმის ყველგან ცოცხლობს და მრავლდება, სადაც მტკნარი წყალი და ნორმალური ტემპერატურაა, თუმცა არსებობს რამდენიმე ადგილი, რომელსაც დაფნია ვერაფრით შეეგუება. ეს არის თერმული წყლები, სადაც ძალიან მაღალი ტემპერატურაა, ასევე მინერალური წყლები, სადაც ის ვერ ძლებს, და მაღალი მთის ზედაპირული წყლები, რომლებიც 4-5 თვის განმავლობაში იყინება. ასეთ პირობებში დაფნიას გამოზამთრების შესაძლებლობა არა აქვს და ის სწრაფად იღუპება.

- როგორია მისი კვების თავისებურება და ვინაა მისი მთავარი მტერი ბუნებაში?

- დაფნიები ერთგვარი ფილტრატორები არიან: ისინი წყალს ფილტრავენ და ამ დროს წყალში არსებული ბაქტერიებითა და ორგანული ნივთიერებებით იკვებებიან. თავის მხრივ, დაფნია თევზების მთავარი საკვებია, ამიტომ მათი მთავარი მტრებიც თევზები არიან. ზოგიერთ ქვეყანაში დაფნიებს იჭერენ და საგანგებოდ ამრავლებენ, რათა თევზების ფერმაში საკვებად გამოიყენონ. ის კი ძალიან სწრაფად მრავლდება, როცა აკვარიუმში სათანადო ტემპერატურა და ხელსაყრელი პირობებია. დაფნიას ორგანიზმი ძალიან მდიდარია ცილებით და აკვარიუმის თევზებისთვისაც შესანიშნავ საკვებს წარმოადგენს.

- როგორ ვითარდება და რამდენ ხანს ცოცხლობს დაფნია?

- დიდხანს არ ცოცხლობს, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა, მაქსიმუმ, ერთი წელიწადია. ზამთარში, როცა ძალიან ცივა და წყლის ტემპერატურა მინიმუმამდე ეცემა, ბევრი დაფნია მოსვენების მდგომარეობაში გადადის. ზოგიერთი მათგანი ზრდასრული ფორმით ახერხებს შესვენებას, ზოგიც კვერცხის ფორმით. დაფნიას კვერცხს შეუძლია ზამთარში ასეთ "მოსვენებულ" მდგომარეობაში გადავიდეს და მისთვის ოპტიმალურ ტემპერატურას დაელოდოს. ამ ოპტიმალური ტემპერატურის მიღწევის მერე კვერცხში საინტერესო პროცესი იწყება: პირველ ეტაპზე ლარვა იჩეკება, მერე ლარვები თანდათან ვითარდებიან და ზრდასრულ ფაზას აღწევენ. ტროპიკებში ლარვებს გამოზამთრება არ სჭირდებათ, რადგან იქ შედარებით უცვლელი გარემო-პირობებია და დაფნია პირდაპირ იჩეკება კვერცხიდან. ჩვენთან სულ სხვა ვითარებაა: აქ შესაძლოა კვერცხი რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდოს ოპტიმალურ პირობებს და როცა ნორმალური გარემო შეიქმნება, თანდათან განვითარდეს - კავკასიაში გავრცელებულ დაფნიებს უცხოელი "თანამოძმეებისგან" სწორედ ეს თავისებურება გამოარჩევს.

ხათუნა ჩიგოგიძე