"მსიამოვნებს ყვავილების მოვლა, ამ დროს მუსიკისგანაც ვისვენებ...“
ძალიან მიყვარს, როცა რაღაცას ვასუფთავებ, ხმელ ფოთოლს ვაცლი, ვალამაზებ. ამას მთელი გულით ვაკეთებ და თან ჩემს ფიქრებშიც ისე ვარ გართული, რომ დრო შეუმჩნევლად გადის
მუსიკოსს, პიანისტს, კომპოზიტორსა და იმპროვიზატორს დინი ვირსალაძეს მცენარეები ძალიან უყვარს. ის ძველ თბილისურ სახლში ცხოვრობს, სადაც თავის ნათელ შუშაბანდში ორანჟერეა აქვს. ყვავილების მოვლა არასდროს ავიწყდება, მეტიც, დიდ სიამოვნებას ანიჭებს და ეს საქმიანობა მისი დატვირთულ დღის გრაფიკში საპატიო ადგილსაც იკავებს.
დინი ვირსალაძე:
- ისეთ გარემოში გავიზარდე. ბებიაჩემს საკუთარი სახლი ჰქონდა. ეზო ყველანაირი ხეხილით იყო სავსე. ზოგი ხე მეც დამარგვევინა. მოკლედ, რაც თავი მახსოვს, ეს ყველაფერი მომწონდა და მიყვარდა. ამიტომ ვერც წარმომიდგენია, ვინმეს ბუნება, მცენარეები არ უყვარდეს. არადა, ჩემდა გასაოცრად, ზოგჯერ ვხვდები ისეთ ადამიანებს, რომლებისთვისაც ეს ან სულერთია, ან მეტიც, არ უყვართ.
- ბებიის სახლი თბილისში იყო?
- საბურთალოს ცენტრში. არც ისე დიდ ეზოს ისე უვლიდა, თანაც ისეთი დიდი სიამოვნებით, რომ ვფიქრობ, მან შემაყვარა სიმწვანე. თუმცა შესაძლოა ბებიის ამ მაგალითის გარეშეც მყვარებოდა.
- დღეს რა ადგილი უკავია ამ ქოთნის მცენარეებს თქვენს ყოველდღიურობაში?
- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვარ და საოცარი გრაფიკით ვცხოვრობ, ამ ყველაფერს ძალიან დიდ დროს ვუთმობ. ეს ჩემდა უნებურად ხდება. დავტრიალებ, თავს ვევლები ჩემს ყვავილებს და მერე უცებ აღმოვაჩენ ხოლმე, რამხელა დრო გასულა. ძალიან მიყვარს, როცა რაღაცას ვასუფთავებ, ხმელ ფოთოლს ვაცლი, ვალამაზებ. ამას მთელი გულით ვაკეთებ და თან ჩემს ფიქრებშიც ისე ვარ გართული, რომ დრო შეუმჩნევლად გადის.
- ალბათ, მაგ დროს მუსიკაზეც ფიქრობთ...
- ხან მუსიკაზე ვფიქრობ, ხან სხვა რამეზე, მაგრამ დრო ისე სწრაფად გადის, ვერც ვამჩნევ. ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებ. დიდი დრო მიაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მჭირდება.
- ერთგვარი განტვირთვაა ალბათ.
- ნამდვილად და შედეგსაც რომ ვიღებ, მით უმეტეს, სასიხარულოა... პლეხანოვზე ძველ ორსართულიან სახლში ვცხოვრობ, იტალიურ ეზოში, მეორე სართულზე. სახლს აქვს შუშაბანდი, სადაც ორანჟერეასავით მაქვს ყველაფერი მოწყობილი. ვიწროა, მაგრამ მცენარეები თავს კარგად გრძნობენ და ხარობენ. ეტყობა, განათებაც უწყობს ხელს. შეიძლება იმასაც აქვს მნიშვნელობა, ვინ უვლის.
- რა თქმა უნდა, განათებასაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მზრუნველ პატრონს მცენარეებიც გრძნობენ...
- შესაძლოა... ერთი აივანიც მაქვს, რომელიც ქუჩაში გადის. აზარტში შევედი და იქაურობა ვარდებით შევავსე. ნელ-ნელა ვამატებდი და გამოვიდა, რომ ვარდებიც დაგროვდა. ვარდი ძალიან გამძლე მცენარეა. სიცივესაც კარგად უძლებს და ამის გამო მეც მომინდა მეტის გაშენება. რა ჯობია იმ აივანს, სადაც ბევრი მცენარეა, მით უმეტეს, ვარდი, თან სხვადასხვანაირი მაქვს და ეს მახარებს.
- რის მიხედვით არჩევთ მცენარეებს?
- ადრე შესახედავად რომ მომეწონებოდა, იმას ვყიდულობდი. ახლა ვცდილობ ისეთი შევიძინო, რომელიც უფრო გამძლეა, რადგანაც ჩვენს შუშაბანდში საკმაოდ ცივა, თითქმის ისევე, როგორც გარეთ. მცენარეებს, რომლებიც ცოტა ხანს ცოცხლობენ, აღარ ვყიდულობ. უმეტესად ისინი დავიტოვე, რაც კარგად ხარობს. ულამაზესი იები მქონდა, კარგად ყვავილობდნენ, მაგრამ "ჩაყვინთეს". ვერ მივხვდი, რა დაემართათ, კიდევ რა უნდა გამეკეთებინა? რომ აცივდება ხოლმე, შუშაბანდში როგორც გარეთ, ისეთივე ტემპერატურაა და, ალბათ, ამას ვერ გაუძლეს.
- ია ცოტა პრეტენზიულია, სიცივეს მართლა ვერ ეგუება... რაკი ასეა, მართლაც შესარჩევი გაქვთ ისეთი მცენარეები, რომლებიც თქვენს შუშაბანდში არსებულ ტემპერატურას გაუძლებს.
- ვარდები ძალიან ყოჩაღად არიან. იმედია, წელსაც ასევე იქნება. გასული ზამთარი ყინვიანი, ცივი იყო, მარტში მოთოვა, მაგრამ ჩემი ვარდები გაფურჩქნილი იყო. ეს ძალიან მახალისებს.
- ყვავილების მოვლისას ფონად მუსიკას ხომ არ რთავთ?
- არა. მცენარეების მოვლა ჩემთვის ყველაფრისგან დასვენებაა, თერაპია. მუსიკას ისეთი დოზით ვუსმენ, რომ საკმარისია, კიდევ ყვავილებთანაც რომ არ მოვუსმინო. დროდადრო ყურმა თუ არ დაისვენა, არ შეიძლება.
- ესე იგი ფოთლოვანი, მოყვავილე, მარადმწვანე ყვავილები თქვენთან ერთმანეთს ენაცვლება...
- კი, ერთად კარგად არიან. ზოგჯერ ერთ ქოთანში რამდენიმე მაქვს ხოლმე ჩარგული. არ ჭირვეულობენ...
- მცენარეებს ბევრი მებაღე თუ მოყვარული მემცენარე ასულიერებს, ელაპარაკება, "ჩემი გოგო", "ჩემი ბიჭიო"... თქვენც ხომ არა გაქვთ მსგავსი დამოკიდებულება მცენარეებთან?
- არა, არ ველაპარაკები, მირჩევნია, ჩემთვის ვიყო და თუნდაც ვიფიქრო. ჩემთვის მნიშვნელოვანია უყურადღებოდ არ დამრჩნენ. სახლში შეიძლება სხვა რამ ვერ მოვასწრო, მაგრამ ამ საქმეს არ გადავდებ, უნდა მოვრწყა, მოვუარო. მიუხედავად იმისა, საკმაოდ ადრე ვიღვიძებ და საკმარისი დრო მაქვს, რომ სამსახურში არ დავიგვიანო, დრო მაინც სწრაფად გარბის. მცენარეების მოვლა ისე მსიამოვნებს, ეტყობა, ყველაფერს მავიწყებს.
- როგორ უვლით - ნიადაგს უცვლით, სასუქებს აწვდით, სხლავთ?
- თებერვალში კარგია გასხვლა, განსაკუთრებით ვარდებს უხდება. "ორგანიკით" ყოველ თვეში ან ორ თვეში ერთხელ ვრწყავ.
წლების წინ ბროწეული ვიყიდე ქოთანში, მაგრამ ისე გაიზარდა, ხე გახდა. იმხელაა, მალე ჭერამდე ავა. გასხვლა ყველაფერს უხდება და ახლა რომ ვუყურებ, ალბათ, ესეც უნდა გავსხლა.
- ერთი ქოთანი ყვავილი ვერ გავახარეო, ზოგიერთისგან მომისმენია.
- ასეთი ადამიანების გამკვირვებია. მცენარის შეძენა და მოვლა პირველ რიგში უნდა გიხაროდეს და მას როგორც ნივთს, ავეჯს არ უნდა უყურებდე. თუ ასეთი მიდგომაა, მაშინ ასეთ ადამიანს არც უნდა გქონდეს მცენარე. ძალით ხომ ვერ შეაყვარებ? ვიღაცას არ შეუძლია ყვავილს დრო დაუთმოს. ხომ გითხარით, მათთან ურთიერთობისას დრო როგორ გადის, საერთოდ ვერ ვგრძნობ და ამას ძალით ხომ არ გააკეთებ?
- ჰობია ეს ყველაფერი?
- ჩემთვის ჰობია. ჩემთვის ხატვაც ასეთივე აუცილებელია და ესეც ჰობია. საერთოდ, მიყვარს სილამაზე. მცენარეები გარშემო ყველაფერს ამშვენიერებს. სხვა გარემოა, როცა ირგვლივ სიმწვანეა. ეს იმდენად ორგანულია, რომ ჩემი აუცილებელი მოთხოვნილებაა. დილას რომ ვიღვიძებ, ყავას ვისხამ და ერთი სული მაქვს მცენარეებთან მივიდე, დავჯდე და ყავით ვისიამოვნო. ამას მართლა არაფერი სჯობს.