თბილისი „თუბალების“ ქალაქი და ხეტიალი ძველი თბილისის ქუჩებში - კვირის პალიტრა

თბილისი „თუბალების“ ქალაქი და ხეტიალი ძველი თბილისის ქუჩებში

„თბილისი რომ არა, შესაძლოა ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგიზ ხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები. თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისაგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე...“ ეს ცნობილი და ამავე დროს საგულისხმო სიტყვები ჰუგო ჰუბერტმა დაწერა თბილისის შესახებ, როდესაც საკუთარ წიგნს „თბილისის აპოლოგიას“ წერდა. გაყვითლებული ისტორიის ფურცლებიდან კიდევ მრავალ საინტერესო ცნობას ამოიკითხავთ.

რა ვთქვა? რა გავიხსენო? როგორც კი თბილისის ამბებზე ვიწყებ ფიქრს, გული მტკივდება, როგორ უვლიან ევროპელები თავის ისტორიას, ყოველ უბანს, ყველგან, შეძლებისდაგვარად, დამაგრებული აბრებით მოგითხრობენ ამბებს. ჩვენთან ასე ინტენსიურად არ არის, მაგრამ ყოველი კედელი, ყოველი ქვა საინტერესო ისტორიას ინახავს, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ.

იმედია იცით, სიონის საკათედრო ტაძრის მახლობლად, ყოფილი ლესელიძის, ამჟამად კოტე აფხაზის ქუჩაზე დგას აგურით ნაგები ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, რომელსაც ჯვრისმამა ჰქვია. ამჯერად კოტე აფხაზის ქუჩას ჩავუყევი და გაგახსენებთ, რომ არსებული მოსაზრებით ტაძარი ჩვენი დედაქალაქის დროინდელია.

ჯვრისმამის ეკლესია წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის მეფობისას აუგია 40 ბერს. სხვათა შორის, ვახტანგ გორგასლის დროინდელი ტაძარი თბილისში რამდენიმეა: სიონი, მეტეხი, ანჩისხატი, ფერიცვალების მონასტერი და ბეთლემი. ცნობილია, რომ ვახტანგ გორგასალმა მცხეთა და თბილისი „აღაშენა და განაშენა“ ვითარცა იერუსალიმი“ და როგორც ჩანს ამ ადგილს ისტორიულად გოლგოთა დაერქვა. გოლგოთაზე მაცხოვარი ჯვარს აცვეს, ამიტომ ვახტანგ გორგასალმა ამ ადგილას აშენებულ ტაძარს ჯვრის მონასტერი დაარქვა.

ოდნავ შორიდან რომ გახედავთ, ხვდებით, რომ აქაურობა ხეობაა და ორ მთას შუა დგას ეკლესია. უძველეს თბილისში ეს სივრცე სარდაფივით იყო. წყალდიდობებისგან შლამით იყო ამოვსებული. ეკლესიის აგების შემდეგ წინამძღვრებმა შენიშნეს რომ მიწიდან ბუნებრივი წყალი ამოდიოდა. „ჯვრისმამა“ იმიტომ ეწოდა, რომ იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნოდა და იქაურობა ქართველი ბერების მეტოქი ფილიალი იყო. აქ გროვდებოდა შესაწირი. არსებობს ცნობები, რომ „ჯვრისმამა“ თავისი სახსრებით ინახავდა „შვილს“ - იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერს. ამ ტაძარებს შორის ასეთი მამაშვილური ურთიერთობა საუკუნეების განმავლობაში არსებობდა.

ტაძარს თავისი მიწები და სიმდიდრე გააჩნდა. ასეთი მასალაც არსებობს, სადაც ნათქვამია, რომ ქარვასლა, ტაძრის მიმდებარე მიწები და სახლები ამ ტაძრის საკუთრება იყო. ჯვრისმამის ეკლესიას ჰქონია, ასევე, სახელოსნოები, თონეები...

ჯვრისმამის ლავაშის ქება მხატვრულმა ლიტერატურამ შემოგვინახა. მოსე ჯანაშვილი თავის ნაწერებში აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ტაძარს მეფე სიმონმა 1611 წელს შესწირა სამღებრო სოფელ დირბში. სხვა მეფეთაგან შეწირული ჰქონდა სოფლები, ყმები და ულუფა, ხოლო მისი წინამძღვარი შემოსავალს უგზავნიდა იერუსალიმის ქართველ ხალხს. მერე გაჭირდა ცხოვრება ბევრი საკუთრება ჩამოართვეს ეკლესიასაც.

ესეც უნდა აღვნიშნოთ, რომ კოტე აფხაზის ქუჩა ზემო და ქვემო ბაზრების გამყოფი გზა იყო და ადრე ამ ქუჩას შუა ბაზარი ერქვა. უბნებს სახელწოდება „ზემო“ და „ქვემო“ მტკვრის დინების მიხედვით ეწოდა. ზემო უბნის მთავარი ქუჩა წყლის კართან იწყებოდა და ანჩისხატისა და ბატონის მოედნის გავლით სიონამდე აღწევდა. აქ იყო მუხრანბატონის, ამილახვრის, ორბელიანის, მროველის, დავით გარეჯელისა და დოდოს მონასტრის სასახლეები. უშუალოდ ჯვრისმამის მონასტერი არაერთხელ დაუნგრევიათ და აუშენებიათ. ჯერ თემურ ლენგის შემოსევას შეეწირა მე-14 საუკუნეში და საუკუნის შემდეგ აღადგინეს გორგასლის დროინდელი ტაძარი. გასული საუკუნის მიწურულს კი რესტავრაცია ჩაუტარდა, გამშვენდა მისი ეზო, მოწესრიგდა ახალი სანათლავი.

ერთობ მიყვარს ჩემი დედაქალაქი რაღაცნაირი და მე რომ მკითხოთ მხოლოდ ვახტანგ გორგასლით არ იწყება თბილისის ისტორია ის გაცილებით ძველია თუკი წყაროებს კარგად ჩავუკირკიტებთ. 1877 წელს საფრანგეთში გამოცემული "მოკლე საყოველთაო ძველთა და ახალთა ნათესავთა" გვამცნობს: "ქართველები იაფეთის მეხუთე შვილის - თობალისაგან მომდინარეობენ. სადაც თობალი დადგა და დასახლდა, ეწოდა თობალისი, აწ თბილისი".

თბილისის სახელწოდების ძველი ისტორიული ვარიანტებია თუბალისი, ტებელოსი, ტიფილადო... რაც ქართველების წინაპრებზე - თუბალებზე მიგვანიშნებს. თობალი მჭედლისა და სამჭედლო საქმის აღმნიშვნელი სიტყვაა. ბიბლიური თუბალ კაენიც სამყაროში პირველი მჭედელია. ქართველების ისტორიულმა წინაპრებმა - თუბალებმა, მუსკებმა (მესხებმა) და ხალიბებმა, პირველებმა დაიწყეს რკინის დამუშავება და ძველ მსოფლიოში ლეგენდარულ მჭედლებად იყვნენ ცნობილნი. ვახტანგ გორგასლის ლეგენდამ კი ისევ „თბილთან“ მიგვიყვანა და გაამყარა ეს სახელი...

მოკლედ, ამ ამბავმა შორს რომ არ წაგვიყვანოს აქ გავჩერდეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ თბილისი ყოველთვის საინტერესო ქალაქი იყო, სადაც ერთმანეთის

გვერდით განსხვავებული და გამორჩეული კულტურები თანაარსებობდნენ. მე კი გავაგრძელებ თბილისის ქუჩებში ხეტიალს.