"პუტინი შეიძლება წავიდეს ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე" - კვირის პალიტრა

"პუტინი შეიძლება წავიდეს ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე"

რუსეთმა უკრაინის ტერიტორია - დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის კუთვნილებად გამოაცხადა და შესაბამის ხელშეკრულებებს 30 სექტემბერს მოაწერა ხელი. ამ ოკუპირებულ რეგიონებში პუტინის რეჟიმი 5 დღის განმავლობაში ატარებდა ე.წ. რეფერენდუმს, რომლის შედეგებითაც, მოსკოვის თქმით, ამ ტერიტორიების მოსახლეობამ რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი. ამასთანავე, პუტინმა კიევს დიალოგი შესთავაზა, თუმცა ამის საპასუხოდ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა განაცხადს ნატოში უკრაინის დაჩქარებული წესით შეყვანის მოთხოვნით, ალიანსში კი განაცხადეს, რომ ამის უფლება უკრაინას აქვს. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, გაწევრების შესახებ გადაწყვეტილებას კონსენსუსით მიიღებენ, ახლა კი პირველი რიგის ამოცანაა ალიანსის დახმარებით უკრაინამ პუტინს გამარჯვების შესაძლებლობა არ მისცეს. ბოლო დროს რუსეთმა უკრაინაში ფრონტზე მარცხი მარცხზე იწვნია, რის შემდეგაც იძულებული იყო გამოეცხადებინა ნაწილობრივი მობილიზაცია. ვითარება სამხედრო თვალსაზრისით კრემლისთვის კვლავაც არასახარბიელოა და, ბუნებრივია, იბადება კითხვა, რას ცდილობს პუტინი, რატომ ჩქარობს ასე უკრაინის ტერიტორიების ანექსიას? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ თორნიკე შარაშენიძესთან.

sharashenidze.png

- პუტინის ქცევას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, მაგრამ მათგან ორი უნდა გამოვყოთ: პირველი - მას მართლაც სურს უკრაინაში ბოლოდროინდელი სამხედრო მარცხი გადაფაროს და საკუთარ მოსახლეობას აჩვენოს, რომ ე.წ. სპეცოპერაცია მაინც წარმატებულია და რუსეთის ტერიტორიას აფართოებს. მეორე და ჩემი აზრით, უფრო სახიფათო მიზეზი კი ის არის, რომ უკრაინის ტერიტორიების რუსეთის ნაწილად გამოცხადების შემდეგ პუტინი ფიქრობს, რომ ბირთვულ იარაღის გამოყენებისთვის ხელ-ფეხი გაეხსნება. მოგეხსენებათ, რუსული კანონმდებლობით, ქვეყანას ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს, თუ მის ტერიტორიას თავს მტერი დაესხმება. მეც იმ სკეპტიკოსთა შორის ვარ, ვინც მიიჩნევს, რომ პუტინი შეიძლება წავიდეს ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე და ფრონტზე გარდატეხის შეტანა სცადოს. ის ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ყველაფერზეა წამსვლელი. ამ ვითარებაში მისი კოზირი ის იქნება, რომ კიდევ უფრო თავზე ხელაღებულის იმიჯი შეექმნება. ამან შეიძლება შეაშინოს დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპის ნაწილი, და უკრაინას კომპრომისისკენ უბიძგონ. მით უფრო, რომ რუსეთის ხელისუფლება ასევე მიიჩნევს, რომ მათთვის კიდევ ერთ კოზირად იქცევა ზამთარი, რომლისთვის ევროპა ვერ არის მზად, მით უფრო, თუ ზამთარი ცივი იქნება. ასე მარტივად რამდენიმე თვეში ვერ მოხერხდება რუსეთის ჩანაცვლება, რომლის გაზზეც მოდიოდა ევროპის მომარაგების 40%. მოკლედ, პუტინი ცდილობს დასავლეთის დაშანტაჟებას და ვნახოთ, რა გამოუვა.

- პუტინმა 30 ოქტომბერს ამ ანექსიის თაობაზე ე.წ. ხელშეკრულებების ხელმოწერისას დიალოგიც შესთავაზა კიევს. მას დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია აღარ უხსენებია, თუმცა განაცხადა, რომ უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა დაჯდეს და სამუდამოდ შეეგუოს, რომ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები არა უკრაინის, არამედ ამიერიდან რუსეთის ფედერაციის ნაწილებია, რაზეც ოფიციალურმა კიევმა უპასუხა, რომ არ აპირებს ამასთან შეგუებას და პუტინის რეჟიმთან საუბარს. ფიქრობთ, რომ ამ პირობებში დასავლეთმა უკრაინა შეიძლება აიძულოს დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან?

- რთული სათქმელია. მე ვგულისხმობდი, რომ რუსეთი ამას ეცდება. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროპის ქვეყნების ნაწილი საკუთარი გეგმის ხორცშესხმაში აიყოლიოს. რისი იმედი აქვს პუტინს? - ის ფიქრობს, რომ ფუფუნებაში ცხოვრებას მიჩვეული ევროპელები არ შეეგუებიან პირობების გართულებას და ქუჩაში გავლენ საპროტესტოდ. მით უმეტეს, პრაღაში საპროტესტო აქციები გაიმართა და როგორც ჩანს, კრემლში იმედი აქვთ, რომ ეს მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. კრემლში ამის გათვალისწინებით ფიქრობენ, რომ ამ ევროპული ქვეყნების მთავრობები იძულებული გახდებიან მოუწოდონ უკრაინას კომპრომისისკენ. თუ ევროპიდან ამგვარი ზეწოლა იქნება, უკრაინა დაჰყვება თუ არა, ძნელი სათქმელია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკრაინა შეიარაღებას დასავლეთისგან იღებს, უკრაინის იარაღის ქარხნები ან დაბომბილია, ან რუსებს ჩაუვარდათ ხელში. თუ უკრაინას ევროპა შეუწყვეტს სამხედრო დახმარებას, ვფიქრობ, მას გაუჭირდება მხოლოდ შტატების ამარა ბრძოლის წარმატებით გაგრძელება.

- თუმცა ლენდ-ლიზის პროგრამა ოქტომბრიდან ძალაში შევიდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბურ დახმარებას გულისხმობს.

- უკრაინის სამხედრო მომარაგებაში ნამდვილად განუზომელია შტატების წვლილი, თუმცა ევროპასაც არანაკლები როლი აქვს. მოკლედ, არავინ იცის, კიდევ რა ტიპის ზეწოლა შეიძლება იყოს უკრაინის ხელისუფლებაზე. ვნახოთ, უახლოესი დღეები ბევრ რამეს გაარკვევს.

- კრემლში "ხელშეკრულებების" ხელმოწერიდან ერთ საათში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა განაცხადს ნატოში უკრაინის დაჩქარებული წესით შეყვანის მოთხოვნით. ალიანსში კი განაცხადეს, რომ ამის უფლება უკრაინას აქვს. "ევროპის ყველა დემოკრატიას აქვს უფლება გააკეთოს განაცხადი ნატოში გაწევრებაზე - უკრაინასაც აქვს ამისი უფლება", - განაცხადა ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, მსგავს გადაწყვეტილებებს ნატოში კონსენსუსის გზით იღებენ. თუმცა მან ასევე განმარტა, რომ ამ ეტაპზე ნატოს წევრების მთავარი ამოცანაა "უკრაინის გადაუდებელი დახმარება, რათა მან დაიცვას თავი რუსეთის ბრუტალური შეჭრისგან". საქართველოში ისმის მოწოდებები, რომ უკრაინის კვალდაკვალ საქართველომაც უნდა მოითხოვოს ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრება...

- სიმართლე გითხრათ, ამ შემთხვევაში მაინცდამაინც დიდ კავშირს ჩვენსა და უკრაინის ამ მოთხოვნას შორის ვერ ვხედავ. საქმე ისაა, რომ უკრაინას ამ ეტაპზე ისეთი დაჩქარებული წესით, როგორითაც შვედეთი და ფინეთი მიიღეს, ნატოში არ მიიღებენ, რადგან ამ ქვეყანაში ომია. უკრაინა ნატოში რომ მიიღონ, ეს ნიშნავს, რომ ნატოს ქვეყნები ავტომატურად ჩართული აღმოჩნდებიან ამ ომში, რაც ძალიან არ სურთ. შესაბამისად, ამ განაცხადს აქვს სულ სხვა დატვირთვა - პრეზიდენტი ზელენსკი წაუგებელ თამაშს თამაშობს. მან კარგად იცის, სანამ ომი არ დასრულდება, უკრაინის ნატოში გაწევრებაზე ლაპარაკი არ იქნება, მაგრამ, იმავდროულად, ეს მოთხოვნა დასავლეთს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს - რადგან ნატოში უკრაინას ვერ იღებენ, სამაგიეროდ, კიდევ მეტი დახმარება უნდა გამოუყონ და მეტი ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე.ჩვენი ნატოში ინტეგრაციაც უახ­ლოეს მომავალში წარმოუდგენელია და ეს უპირველესად უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებს. თბილისიდან 40 კილომეტრში რუსის ჯარი დგას და ეს საქართველოს ნატოში გაწევრების მთავარი შემაფერხებელია. არ ვიცი, საქართველოს მთავრობამ უნდა მიჰბაძოს თუ არა უკრაინას, არსებით მნიშვნელობას პირადად მე ამ საკითხს არ ვანიჭებ.

- ნატოს ქვეყნებს არ სურთ რუსეთთან ომში ჩაბმა, მაგრამ ფაქტია, დღეს უკრაინა ალიანსის სახელმწიფოების მიწოდებული იარაღით იბრძვის, რაც სწორედ მათ თანამონაწილეობას ნიშნავს. თუ რუსეთმა მართლაც გაბედა და გამოიყენა ბირთვული იარაღი, როგორ ფიქრობთ, ნატოს უფრო მასშტაბურად არ მოუწევს კონფლიქტში ჩართვა?

- თუ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთმა გამოიყენა ტაქტიკური ბირთვული იარაღი, ეს ვერ ჩაითვლება ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმად, რასაც ავტომატურად მოჰყვებოდა ალიანსის წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება. ამიტომ რთული სათქმელია, რას მოიმოქმედებს ამ შემთხვევაში ნატო. ვფიქრობ, ამის შემდეგ კიდევ უფრო უკომპრომისო გახდება დასავლეთი რუსეთის მიმართ, მაგრამ, სავარაუდოდ, ამის პასუხად ამერიკის შეერთებული შტატები მოსკოვს ბირთვულ რაკეტას არ ესვრის. დიდი ალბათობით, ამასვე ფიქრობენ რუსეთში, ამიტომაც დიდგულობს პუტინი.

- გასულ კვირას ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. როგორც შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან წინადღეს გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ვიზიტი იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მომავალი ანექსიისთვის ნიადაგის მოსინჯვა სწორედ იმავე მიზნით, რომ პუტინმა რუსებს აჩვენოს, როგორ აფართოებს დერჟავის საზღვრებს?

- ძალიან არასასიამოვნო რამ მოხდა. ლუკაშენკოს ვიზიტი, რა თქმა უნდა, პუტინის ახირება იყო, რაც ბელარუსის პრეზიდენტმა სიამოვნებით ნამდვილად არ შეასრულა. ის ცდილობს მაქსიმალურად გაიყვანოს დრო და არ მოუწეროს ხელი რუსეთს ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. ლუკაშენკო დროის გაყვანის დიდოსტატია, მან აფხაზეთში ჩასვლით და იქ ორაზროვანი განცხადებებით, ალბათ, ეს სცადა. ვფიქრობ, ლუკაშენკო არ იჩქარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ბოლომდე შეეცდება დროის მოგებას. რამდენ ხანს გაუვა, ძნელად სათქმელია. საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება ლუკაშენკოს არაფერში სჭირდება.

რაც შეეხება ანექსიის საკითხს, მგონი, ჩვენს ტერიტორიებზე არ მოხდება იმ ფორმით, რაც უკრაინაში ვნახეთ. ჩემი აზრით, პუტინი შეეცდება აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი ახალი კავშირის ნაწილებად აქციოს, რაც, ფაქტობრივად, ანექსიის ტოლფასი იქნება. რუსეთს სურს თავის შემადგენლობაში შეიყვანოს ბელარუსი და როგორც ვიცი, მოლაპარაკება მიდის ყირგიზეთსა და სომხეთთან. დიდი იმედი მაქვს, რომ სომხეთი უარს იტყვის.

- მოგეხსენებათ, ამ ვიზიტის შემდეგ ჩვენს საგარეო უწყებაში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, სახელმწიფოს პირველმა პირებმა გააკეთეს განცხადებები, რომელშიც დაგმეს მომხდარი, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ ეს არ იყო ბელარუსის პრეზიდენტის საქციელზე ადეკვატური პასუხი და უფრო მკაცრი ზომები უნდა გატარებულიყო.

- მწვავე ნაბიჯების გადადგმას ყოველთვის მოვასწრებთ. ჯერ უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, რას იზამს ლუკაშენკო უახლოეს მომავალში. ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, დარწმუნებული ვარ, სულაც არ უნდა საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება და ჩვენი ტერიტორიების აღიარება. როგორც უკვე ვთქვი, მას აფხაზეთში ჩასვლაც აიძულეს, რაც კარგად ეტყობოდა. არ არის აუცილებელი დიპლომატიური ურთიერთობის ამ ეტაპზე გაწყვეტა. ამას ყოველთვის მოვასწრებთ. ახლა რომ გავწყვიტოთ, ეს კრემლმა შეიძლება ლუკაშენკოს პროვოცირებისთვის გამოიყენოს და აიძულოს ჩვენი ტერიტორიების აღიარება. უნდა დავიტოვოთ მანევრირების საშუალება, დიპლომატია სწორედ ეს არის.

- მას შემდეგ, რაც მობილიზაცია გამოცხადდა რუსეთში, ასიათასობით მოქალაქე ცდილობს რუსეთიდან გაქცევას, უწყვეტ ნაკადად შემოდიან საქართველოშიც. ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან უზარმაზარი რიგებია. ჩვენში ბევრი ფიქრობს, რომ ეს ქვეყნისთვის სახიფათო პროცესია. უნდა მიიღოს თუ არა ქვეყანამ, ბოლოს და ბოლოს, ზომები?

- არა მგონია, საზღვრის ჩაკეტვა მიზანშეწონილი იყოს, მაგრამ ზომები, ჩემი აზრით, უნდა მიიღონ. საჭიროა შემომსვლელთა ძალიან მკაცრი ფილტრაცია. რაც შეეხება საფრთხეებს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასე რუსეთის აგენტები შემოვლენ, ჩემი აზრით, რუსეთს საქართველოში ქართველებისავე გამოყენებით ძალიან დიდი აგენტურული ქსელი აქვს უკვე. დარწმუნებული ვარ, რუსი აგენტებიც დიდი ხანია აქ არიან. მეორე არგუმენტი საფრთხეებზე ლაპარაკისას ის არის, რომ თითქოს რუსეთის მოქალაქეების ჩვენთან დამკვიდრებას პუტინი აგრესიის საბაბად გამოიყენებს. მერწმუნეთ, თუ აგრესიას გადაწყვეტს, საბაბს არც დაუწყებს ძებნას. უკრაინაში შეჭრისთვის რაიმე სერიოზული საბაბი ჰქონდა?!ისინი, ვინც ახლა რუსეთიდან გარბიან, ძირითადად, პუტინის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები არიან, რომელთა ქვეყნიდან გაშვება რეჟიმსაც აწყობს. ამიტომაც უშვებენ უპრობლემოდ.

- იმ შემთხვევაში, თუ კონვენციური ომი გაგრძელდა (დიდი იმედი მაქვს, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არ წავა), როგორ ფიქრობთ, ეს ნაწილობრივი მობილიზაცია ფრონტზე რუსეთის პოზიციებს არსებითად შეცვლის უკეთესობისკენ?

- ამ ომში ეს ძალიან საინტერესო ეტაპია. ფაქტია, რუსეთის არმიას ძალიან უჭირს უკრაინაში, რეგულარული ჯარი სუსტად მომზადებული აღმოჩნდა. როგორ მოხდება მობილიზებულთა მომზადება, საკითხავია. ეს, ალბათ, რამდენიმე თვეში გამოჩნდება. თუ ამის შემდგომ პუტინს კიდევ დასჭირდა სრულმასშტაბიანი მობილიზაციის გამოცხადება, შეიძლება ეს მართლაც დასრულდეს რევოლუციით, რისიც პუტინის რეჟიმს ეშინია. არის დიდი საფრთხე, რომ ქვეყანაში ვითარება აფეთქდეს. რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, რამდენად ეყოფა ის ძალა, რასაც ამ მობილიზაციის შედეგად გამოიყვანს. ეს ძალა თუ არ ეყოფა, მაშინ შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ რუსეთი ამ ომს წააგებს.

- მინდა ორიოდე სიტყვით შევეხოთ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს. ბოლოდროინდელი განცხადებებით რჩება შთაბეჭდილება, რომ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას გარკვეული ჯგუფი უპირისპირდება, რომლის მხარდამჭერიც, სავარაუდოდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია.

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა ხდება პარტიაში და დიდად არც მაინტერესებს. "ნაციონალურ მოძრაობას" აქამდეც არაერთი ჯგუფი გამოეყო, მაგრამ პარტია დარჩა და გააგრძელა ფუნქციონირება. ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" თავის მომხრეებით იარსებებს მანამ, სანამ იქნება მიხეილ სააკაშვილი. არა აქვს მნიშვნელობა, ის რას იტყვის, მართლაც წავა პოლიტიკიდან თუ არა. სააკაშვილი ამ პარტიის არსებობის მთავარი ფაქტორია.