"მისი მუშაობის შედეგია დოკუმენტი, რომელსაც ხმარებიდან უნდა ამოეღო - შობა, ქრისტეშობა, იესო, მარიამი... მთელი მსოფლიო შეიშალა" - კვირის პალიტრა

"მისი მუშაობის შედეგია დოკუმენტი, რომელსაც ხმარებიდან უნდა ამოეღო - შობა, ქრისტეშობა, იესო, მარიამი... მთელი მსოფლიო შეიშალა"

საქართველოსა და მის საზღვრებგარეთ მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე პოეტი დათო მაღრაძე გვესაუბრა.

- უკრაინის ომის ფონზე მსოფლიო კიდევ უფრო შეიშალა. ვერ ვიტყვი, რომ კაცობრიობა სიკვდილის, ომის, უდანაშაულო მსხვერპლის მიმართ შემგუებელი ხდება, მაგრამ, ვფიქრობ, პოზიციებში ჯერ არაფერი შეცვლილა - რუსეთი ისევ მისთვის სასურველი ახალი რეალობისთვის იბრძვის, სადაც ბალანსი უნდა დაირღვეს, აშშ და დასავლეთი კი წესრიგის შესანარჩუნებლად იბრძვიან. რუსეთი, იმის მიუხედავად, რომ მისთვის სასურველი სურათი ვერ შექმნა, მაინც არ ჩერდება... ბრძოლა გრძელდება და იმედია, ცივილიზებული სამყაროს გამარჯვებით დასრულდება. როგორც რომის პაპმა აღნიშნა, ეს არის მსოფლიო ომი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

კარგი ის არის, რომ ევროპული სამყაროს ტენდენციებში სასიკეთო მსოფლმხედველობრივი ცვლილებები შეიმჩნევა. ამის დასტურია იტალიის ახალი პრემიერის არჩევა და მისი განცხადებები.

ქართული რეალობიდან რომ შევაფასოთ, ჩვენებური ფსევდოლიბერალები და ფსევდოპატრიოტები ევროპას სხვადასხვანაირად ხედავენ - ნაწილი აღფრთოვანებულია, მეორისთვის კი კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ საქმე ის არის, რომ მშრომელ ევროპას ვერც ერთი ვერ ხედავს. რაც ძალიან უცნაურია, რადგან იმის შეუმჩნევლობა, რითაც ეს სამყარო ფასობს, წარმოუდგენელია. ყოველთვის მომხრე ვიყავი ევროპასთან მეტი სიახლოვის, იმიტომ, რომ თავისი სულიერი მწვერვალები ყოველდღიური ყოფითი კულტურის ენაზე თარგმნა და სულიერებაში თუ რაიმე კრიზისია, მისი წამალიც იქ მოიძებნება. ევროპა მოერია ფაშიზმს, ინკვიზიციას, არაერთ ომს და მისით გამოწვეულ ნგრევას და დღევანდელ კრიზისსაც დასძლევს.

- კრიზისში რას გულისხმობთ?

- ევროკავშირის ბიუროკრატიას. მისი მუშაობის შედეგია დოკუმენტი, რომელსაც ხმარებიდან უნდა ამოეღო იესო, მარიამი, შობა, ქრისტეშობა... სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება იტალიის ახალმა პრემიერმა და მთავარი ღირებულებები - ოჯახი, ღმერთი და სამყარო წამოსწია წინ. თუ ევროპას ქრისტე გამოაცალეს, ის მთავარ მიზიდულობას დაკარგავს. თუმცა მჯერა, რომ ეს არასდროს მოხდება, რადგან ქრისტიანობის გამოცლა ევროპისთვის მთელი აღორძინების ხანის გამოცლას ნიშნავს. ის, რაც ევროპამ თავისი ლიტერატურის ისტორიის განმავლობაში შექმნა, ჰამლეტი, დონ-კიხოტი, დონ-ჟუანი, ფაუსტი, ქრისტიანობის გამოცლასთან ერთად გამოეცლება სამყაროს, ისევე, როგორც აღორძინების ხანა, სიქსტეს კაპელა, "მოგვთა თაყვანისცემა", "გრაფი ორგასის დაკრძალვა", ველასკესის "მენინები", რაფაელის მადონა, "რომეო და ჯულიეტა" და ზოგადად, ცივილიზაცია... თუმცა მჯერა, ეს არასდროს მოხდება და ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ ევროპას აქვს ყველანაირი კრიზისის გამკლავების უნარი. ამის დასტურია ის, რომ იტალიაში გაიმარჯვა პარტიამ, რომლის ლიდერმაც სახელმწიფოს მთავარ ფუნდამენტად ისევ ოჯახი დაასახელა, ვინაიდან საფრთხე გაჩნდა, რომ მორალურ ქაოსს რელიგიის სტატუსი მიეცეს და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს. მოვალეობა უფლების გარეშე დიქტატურაა, უფლება მოვალეობის გარეშე კი - მორალური ქაოსი, ორივე ერთად კი, უფლება-მოვალეობა, ჰარმონიაა. ევროპა ახლა თითქმის თეოკრატიული სახელმწიფოა, ოღონდ ტრადიციული რელიგიით კი არა, ახალი, მორალური ქაოსის რელიგიით. ამას დაუპირისპირდა იტალიის ახალი ლიდერი, რომელიც ძველი, მაგრამ მარადიული ფასეულობებით მოვიდა და მორალური ქაოსის საპირწონედ ოჯახი და ღმერთი დააყენა.

ლიბერალური დემოკრატია მრავალფეროვნების მშვიდობიანად მართვის ხელოვნებაა. ამიტომ არც ქრისტიანობა უნდა იქცეს ძალადობად. არც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას ვემხრობი, მაგრამ სახელმწიფო რელიგიად არც მორალი უნდა გამოცხადდეს და არც მორალური ქაოსი.

- არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთის ასეთი გათამამება სწორედ ზედმეტად ლიბერალურმა დამოკიდებულებამ მოუტანა მსოფლიოს.

- ასეც არის, მაგრამ ლიბერალური დემოკრატიის პირველი მტერი ფსევდოლიბერალების მოსაზრებები და მოქმედებებია, ისე, როგორც ქრისტიანობას აზიანებენ ფსევდოქრისტიანები თავიანთი ფანატიზმით, პათეტიზმითა და უმეცრებით. ილია ჭავჭავაძემ ასეთებს თავის "შინაურ მიმოხილვაში" "ჩვენებური ოთხსტრიქონიანი ლიბერალები" უწოდა, ანუ იმ ოთხი სტრიქონის მეტი არაფერი იციანო. დღევანდელი ლიბერალიზმი ძალიან დაშორდა იურისტ ილია ჭავჭავაძისა და ფილოლოგ ჯორჯ ვაშინგტონის აღქმას, მაგრამ იდეა იგივე დარჩა - სწორედ ფსევდოლიბერალები არიან ლიბერალიზმის დისკრედიტაციის საფუძველი. იტალიის ახალი პრემიერის გახმოვანებულ ფასეულობებს ზუსტად ეხმიანება ქართული ტრადიცია ილიასეული ტრიადით, რომელიც მარადიულია: "მამული, ენა, სარწმუნოება". ეს სამი რამ არასდროს ძველდება და არც განახლდება. როგორი ძლიერი აღმოჩნდა ის გენეტიკური და კულტურული კოდი, რომელიც მე-10 საუკუნეში ჯერ გიორგი მერჩულედან მოედინება: "ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულებისო". ეს წინადადება მე-19 საუკუნის ენაზე რომ ვთარგმნოთ, იგივეა რაც "მამული, ენა, სარწმუნოება" და პირდაპირ კავშირშია იტალიის დღევანდელი პრემიერის ფრაზასთან - "ღმერთი, ოჯახი, სამყარო..." ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ საქართველო ყოველთვის ევროპის ნაწილი იყო. როგორი ძლიერი აღმოჩნდა ის გენეტიკური კავშირი, რომ სამყაროს ძირითადი ღირებულებები სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ავტორის მიერ ერთ დიდ ჭეშმარიტებად გახმოვანდა და დღეს, საუკუნის შემდეგ, დღევანდელ თანამედროვეობაში გაჟონა. ეს არის ის კულტურული კოდი, რომელსაც მარადიულობის ნიშანი ახლავს. სწორედ ამიტომ ვისწრაფვით ევროპისკენ... ნიშანდობლივია ისიც, რომ ილია გიორგი მერჩულეს ტექსტს არ იცნობდა. ის ყველასთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ილიას მკვლელობის შემდეგ გახდა.

რაც შეეხება ლიბერალურ პოლიტიკას, როდესაც ძალადობა იწყება, იქ შემწყნარებლობის ადგილი არ არის. კაცობრიობის ისტორიაში თუ რამემ დააზიანა ქრისტიანობის აღქმა, ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ესპანეთის წმინდა ინკვიზიციის სახელით ცნობილ მოვლენებს. მათ ქრისტეს სახელით ძალადობა დაიწყეს...

რაც შეეხება რუსეთს, ის თავისი სახელით ძალადობს. რუსეთის არც ისე შორეული ისტორიით თუ ვიმსჯელებთ, იქ შექმნილი სიტუაცია მოულოდნელი არ ყოფილა - რუსმა მოსახლეობამ მე-20 საუკუნის დასაწყისში იმპერატორის ოჯახი ამოწყვიტა. მცირეწლოვანი გოგონები და ბიჭებიც კი დახვრიტეს. ასეთი სისასტიკე არსად იკარგება. ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ ვლადიმირ ილიას ძე ლენინი მთავარ მოედანზე ასვენია, როგორც წყევლა, რომლის შედეგსაც მხოლოდ რუსეთი კი არა, მთელი სამყარო იმკის... ამას ემატება ისიც, რომ შუა საუკუნეების მესიანისტური იდეებიც არსად წასულა, დღევანდელ რუსეთში ცოცხლობს. ასე რომ, რატომ გვინდა და ან რად ველით, რომ დღეს რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი დემოკრატიის მომხრე იქნება?!

საქართველოს არასდროს ჰქონია მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება, მაგრამ ახლა რისკები ყველა მხრიდან გაზრდილია. აზერბაიჯანი-სომხეთის მყიფე მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც საფრთხის შემცველია. ზოგადად კი, მთელი მსოფლიო შეიშალა. არც ისე დიდი ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შუაგულ ევროპაში ომი დაიწყებოდა. თუმცა ზოგი საფრთხე ირიბად გვეხება, ზოგიც პირდაპირ - ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ზემო ლარსის გზიდან რუსების უკონტროლო შემოდინება. იმედია, ქართული სახელმწიფო სამსახურები ამ პროცესს გაფილტრავენ და გააკონტროლებენ კიდეც, რათა სახელმწიფოს საზიანო სახე არ მიიღოს და მერე გვიანი არ იყოს. იმედი მაქვს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ. გეოგრაფიას ვერც საქართველო შეიცვლის და ვერც რუსეთი. ტენდენციის მიხედვით, რასაც ვხედავთ, ქვეყნიდან ის ხალხი გარბის, ვისაც უკრაინის ომში მონაწილეობა არ სურს. სიფრთხილე, კონტროლი და ფხიზლად ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ისტერიკაში გადაზრდილმა პანიკამ შეიძლება პრაგმატული განსჯის უნარი წაგვართვას. მათი შემოსვლა უნდა გააკონტროლონ იმ სამსახურებმა, ვისაც ეს ევალება და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობაც აიღოს. ქართული ტრადიციის თანახმად, სტუმარს, ტყვესა და სნეულს ეროვნებას არ ეკითხებიან, მაგრამ მანამდე, სანამ ეს პროცესები ქვეყნისთვის სახიფათო სახეს არ მიიღებს. მათი გადარჩენა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ არ უნდა მოხდეს. თუ ადამიანს ომში მონაწილეობა არ უნდა, გაიქცევა, სხვა რა გზა აქვს. რუსეთში დემოკრატია არასოდეს ყოფილა, მით უმეტეს ახლა, იქ ომის კანონები მოქმედებს. ამიტომ ნაწილი ცდილობს გადარჩეს, მაგრამ ეს საქართველოს ინტერესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურებმა ზუსტად უნდა გაფილტრონ, ვინ რატომ, რა მიზნით და იდეით შემოდის ლარსის გზით საქართველოში. სიფრთხილესთან ერთად, ზომიერებაც არის საჭირო, ომს გამოქცეული ადამიანისთვის კარის ჩაკეტვა რომ არაჰუმანური საქციელია, გასაგებია, მაგრამ თანაგრძნობა განუკითხაობაში არ უნდა გადაიზაროს. რუსეთიდან წამოსულთა ნაკადმა იმ რაოდენობას არ უნდა გადააჭარბოს, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს დააზიანებს.

ახლა ნაკლები პათეტიკა, მეტი პრაგმატიზმი და ანალიზი გვჭირდება. არაერთი სიურპრიზის წინაშე აღმოვჩნდით. გასულ კვირას ერთმა დიქტატორმა მეორე გამოგზავნა მის მიერვე ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რითაც აფიშირებული შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში უნდა ვიაქტიუროთ, ყველა ტრიბუნა, მექანიზმი და დიპლომატიური ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ამ "ვიზიტმა" ისე, უბრალოდ არ ჩაიაროს. არც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დატოვოს ასეთი დარღვევები უყურადღებოდ. ეს ხვალინდელი დღისთვის იქნება უმჯობესი. მადლობა მათ, ვისაც ეს უხეში დარღვევა არ გამორჩათ და თავიანთი პოზიცია გამოხატეს. ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვალ-ზეგ სხვა სახელმწიფოში არ მოხდეს ასეთი უხეში ჩარევა.

- ამ ვითარებაში საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა დასავლეთთან ინტეგრაციაა, მაგრამ რას ვაკეთებთ ამისთვის?

- მჯერა, რომ იმ 12-პუნქტიანი გეგმის ვადაში შესრულებას შევძლებთ... ისე კი, ევროკავშირის ბიუროკრატიაზე ვსაუბრობდით და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო კანდიდატობის წევრებს შორის კორუფციის მაჩვენებლით, დემოკრატიული ინსტიტუციებით პირველი იყო. უკრაინაც და მოლდოვაც მას ბევრად ჩამორჩებოდა, მაგრამ ერთ დღეში ყველაფერი შეტრიალდა და ორივე ქვეყანას ყველა პარამეტრით ჩამოვრჩით. ორივეს წარმატებას ვუსურვებ, განსაკუთრებით უკრაინას, რომელიც ყოველ წუთს კარგავს ადამიანებს, მაგრამ ჩვენი ასეთი "დასჯა" სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატიის კრიზისზე მიანიშნებს. დაგვსაჯეს იმიტომ, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით, რაც ჩვენთვის თვითგანადგურების ტოლფასი იქნებოდა. ჩვენც გვაქვს ცოდვები, მაგრამ უცოდველი არც ევროკავშირია, არც ბრიტანეთის სამეფო ან სხვა ქვეყანა...

სახელმწიფოს განვითარების გზაზე იმაზე მეტი ხარვეზი რა იქნება, ვიდრე სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილე გოგაშვილის თანამდებობაზე ყოფნა იყო. როდესაც ასეთ არსებას შეუძლია სახელმწიფოსთვის ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე აღმოჩნდეს, ასეთ ქვეყანას ძალიან დიდი პრობლემა აქვს. როდესაც შეუძლიათ ასეთ პერსონაჟთან კომფორტი ჰქონდეთ, ცხადია, სხვა, ღირსეულ ადამიანთან დისკომფორტი ექნებათ. საქმისა და ქვეყნისთვის აჯობებს, კამათის მიზეზი და საფუძველი ერთმანეთში კი არა, ჩვენს თავში ვეძებოთ.

რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით პოლარიზაციას, ეს რომ ხელოვნური იყო, ახლა უფრო კარგად ჩანს. მაშინ აკვიატებული პოლარიზაცია "ნაციონალური მოძრაობის" ილუზიის ნაყოფი იყო. ეგონათ, არჩევნებისა და ხალხის მხარდაჭერის გარეშეც შეიძლებოდა ხელისუფლებაში მოსვლა, თუ საელჩოებთან მჭიდრო ურთიერთობა ექნებოდათ. ახლა დარწმუნდნენ, რომ ასე არ არის და განხეთქილებაც დაიწყო. რაც მთავარია, ფინანსური მხარდაჭერა აღარ აქვთ ისეთი, როგორიც ადრე ჰქონდათ. პარტიის შიდა დინებები არ ვიცი, მაგრამ აშკარაა, მათ შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფინანსური მხარდაჭერის დაკარგვაა. ასე რომ, უპარტიო, ერთკაციანი პარტიის ლიდერებს თუ ჩვენს მეგობარ აშშ-სა და სხვა ქვეყნების საელჩოებშიც ეტყვიან, რომ ქართველი ხალხის გარეშე ვერავინ "გაპრემიერდება", ესენიც სახლებში წავლენ და დაისვენებენ. თუმცა არც ის მაღელვებს, რომ სახელმწიფოს რაიმე პრობლემას შეუქმნიან, არა აქვთ ამის რესურსი.