„ბელარუსის პრეზიდენტი, პუტინის მდივანი, შეუმდგარი დიქტატორია“ - კვირის პალიტრა

„ბელარუსის პრეზიდენტი, პუტინის მდივანი, შეუმდგარი დიქტატორია“

კვირაზე მეტია, ლარსის გამშვებ პუნქტზე მობილიზაციას გამოქცეული რუსი მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. "სოციალური და ეკონომიკურის გარდა, ეს მოვლენა ქმნის კრიმინალის ზრდის რისკს და ამ ყველაფერს ემატება ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი საკითხი - ცხოვრების წესისა და რიტმის შენარჩუნება. ქართველებს გვაქვს ჩვენი ცხოვრების წესი, რითაც ბევრ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ვჯობივართ, თუნდაც ყოფითი კორუფციის დაბალი მაჩვენებლებით. ეს ხალხი შემოდის კორუფციული, განგსტერული, ავტორიტარული სახელმწიფოდან თავისი ცხოვრების წესითა და გამოცდილებით. ამ რუსულ კაპიტალსაც და რუსულ სოციუმსაც რუსული ცხოვრების წესი შემოაქვს და იმაზე თუ გვიფიქრია, არის ეს ჩვენთვის მისაღები?" - კითხულობს საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე და ინტერვიუში ჩვენი ქვეყნის გამოწვევებსა და რისკებზე საუბრობს:

- რუსეთს მიმღებ სახელმწიფოებზე ზეწოლისთვის საკუთარი დიასპორული ელემენტების გამოყენების დიდი პრაქტიკა აქვს. არ იყო შემთხვევითი რუსეთის პრეზიდენტის მინიშნება, რომ ის ყურადღებით დააკვირდება ეთნიკურად რუსი მოქალაქეების უფლებების დაცვას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. ეს გულისხმობს, რომ ჩვენც შეიძლება გავხდეთ იმის მომსწრენი, თუ როგორ შეეცდება რუსეთის მმართველი ელიტა საქართველოში ამ ჯგუფის არსებობა გამოიყენოს როგორც ზეწოლის ბერკეტი სხვადასხვა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად.

შემოსულ რუსებს რამდენიმე ნაკადად დავყოფდი: 1) ისინი, ვინც ადრევე წამოვიდნენ და სანქციებს გამოასწრეს. ეს არის შედარებით ეკონომიკურად აქტიური ფენა, რომელმაც საქართველოში გადმოიტანა ბიზნესი და კაპიტალი. ამას მთლიანობაში მოკლევადიანი პოზიტიური ეფექტი ჰქონდა საქართველოზე, კაპიტალი შემოვიდა. მათ დაემატნენ სპონტანურად წამოსული რუსები, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ნიშნავს, რომ საქართველოში ჩნდება 8 000-მდე რუსული სამეწარმეო ობიექტი, ეს რაოდენობა მომავალშიც გაიზრდება და საქართველო ყალიბდება რუსული ბიზნესოპერატორებისთვის მისაღებ სახელმწიფოდ. აქ ჩნდება კითხვა: ამ ჯგუფმა რამდენი სამუშაო ადგილი შექმნა ქართველებისთვის, საქართველოს რამდენი მოქალაქე დასაქმდა, ხომ არ ვიღებთ სიტუაციას, როცა ეს ეკონომიკურად აქტიური ნაწილი ეკონომიკურად ნაკლებაქტიურ ნაწილს დაასაქმებს და საბოლოოდ მივიღებთ ერთგვარ ჩაკეტილ რუსულ ეკონომიკურ კომუნას საქართველოში? მას ექნება რესურსები, რომელიც შექმნის მსყიდველუნარიან ფენას და ის თავისი დღის წესრიგის გატარებას დაიწყებს. 2) ამ მასას აქვს თავისი მოთხოვნილებები - ხალხი ოჯახებით მოდის და მათ განათლება სჭირდებათ. უკვე გაიხსნა რამდენიმე არალეგალური იატაკქვეშა რუსული სკოლა და მათ საქართველოს განათლების სისტემა ვერ აკონტროლებს. მალე შევესწრებით მოთხოვნებს, რომ გაიხსნას რუსული სკოლები და გაფართოვდეს რუსული სექტორები უმაღლეს სასწავლებლებსა და საჯარო დაწესებულებებში. ეს საქართველოსთვის დამატებითი სოციალური ტვირთი იქნება. ამ რაოდენობით ადამიანის დასაქმება პრობლემა იქნება, მათ შორის იმ რუსებისთვისაც, რომლებმაც ბიზნესი აქ გადმოიტანეს. შესაბამისად, სახელმწიფოს ეყოლება ტურისტად შემოსული ლტოლვილები იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველაფერს თავისი სახელი არ დაარქვა.

სოციალურის გარდა, ეს წარმოშობს კრიმინალის ზრდის რისკებს. ამ ყველაფერს ემატება ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი და ნომერი პირველი უსაფრთხოების საკითხი, რაზეც უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო - ეს არის ჩვენი ცხოვრების წესისა და რიტმის შენარჩუნება. . ეს ხალხი კორუფციული, განგსტერული, ავტორიტარული და არათავისუფალი სახელმწიფოდან თავისი ცხოვრების წესითა და გამოცდილებით შემოდის. ტელეგრამჩათები იქნება თუ სხვა საკომუნიკაციო საშუალებები, ეს ჯგუფები ცვლიან ინფორმაციას და სვამენ კითხვებს: როგორ ვიყიდო მართვის მოწმობა? როგორ ვიყიდოთ პასპორტი? და ასე შემდეგ.... როცა არის მოთხოვნა, ჩნდება მიწოდებაც. ამ რუსულ კაპიტალსაც და რუსულ სოციუმსაც რუსული ცხოვრების წესი შემოაქვს და რამდენად არის ეს ჩვენთვის მისაღები? 3. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ შესაძლოა სპეცსამსახურებმა ამ ნაკადში თავისუფლად შემოიყვანონ დივერსიული ჯგუფები. სამწუხაროდ, საქართველოს ტერორიზმის რა გამოცდილებაც აქვს, უკლებლივ ყველა ტერაქტი - გორის, შევარდნაძეზე თავდასხმები თუ სხვა - რუსული სამხედრო დაზვერვის ორგანიზებული იყო. მაინტერესებს, ვინ ახდენს ამ რისკების კონტროლსა და მონიტორინგს?

- ბაზარზე უკვე შეიქმნა პრობლემები, ეკონომიკური რისკებიც დაგვიდგა.

- მთლიანად შეიცვალა ეკონომიკური გარემო. დაიწყო ეკონომიკური და სოციალური რყევებიც, მათ შორის უძრავი ქონების სფეროშიც, რამაც ჩვენი ბევრი მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო - რუსმა, რომელიც შემოდის, შეუძლია ბევრი გადაიხადოს ქირაში, დიდია ბინებზე მოთხოვნა და ეს ფასების მატებას იწვევს.

ტელეგრამარხებში რუსები წერენ, საზღვარზე კითხვასაც არ გვისვამენო. მესაზღვრემ ელემენტარული რამ მაინც ხომ უნდა ჰკითხოს შემოსულს, რამდენი ხნით და სად რჩები, ფული თუ გაქვს, რომ ამ ქვეყანაში იარსებოო... რატომ ვიტყუებთ თავს, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ - ეს ხალხი არ უნდა შემოვიდეს როგორც ტურისტი. ისინი მობილიზაციას გამოქცეული ხალხია, თავშესაფრის მაძიებლები. შესაბამისად, სახელმწიფომ მათ უნდა მიხედოს როგორც თავშესაფრის მაძიებლებს.

- როგორ უნდა მიხედოს, რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ სიტუაციაში?

- სანამ ეს ხალხი ქვეყანაში გაიფანტება, სადმე კომპაქტურად მოათავსონ, შეისწავლონ. ისინი გადმოდიან, ტაქსებს ქირაობენ და კაცმა არ იცის, სად მიდიან. ასე სტიქიურად და სპონტანურად კი არ უნდა იფანტებოდნენ, ეს ხალხი გაკონტროლებული უნდა იყოს და თუ სახელმწიფოს არა აქვს ამის რესურსი, მაშინ ნუ მიიღებს. თუ ვიღებთ და ვაძლევთ თავშესაფარს, თითოეულის საქმე ინდივიდუალურად უნდა იყოს შესწავლილი. დიდი ბოდიში, თუ დიდხანს უწევთ საზღვარზე რიგში დგომა, არც ჩვენ გვაქვს უკეთესი გადატანილი. თუ აკმაყოფილებენ თავშესაფრის მთხოვნელის კრიტერიუმს, უნდა მიეცეს, თუ ამას დრო სჭირდება, როგორც ევროპაშია მიღებული, კომპაქტურად ჩავასახლოთ და ბანაკები მოვუწყოთ, სადაც დროებით განთავსდებიან. გაფილტვრის შემდეგ ნაწილი დაექვემდებარება დეპორტაციას, ნაწილი კი შემოვა ქვეყანაში და მიიღებს თავშესაფარს იმ პირობით, რომ თუ არ დააკმაყოფილებს თავშესაფრის მოთხოვნებს, ავტომატურად დაექვემდებარება დეპორტაციას.

არ შეგვიძლია ამ ხალხის ულიმიტოდ მიღება. ჩვენ 3,5 მილიონი ან ვართ, ან არა, აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა თქვას, მაქსიმუმ, მოსახლეობის რა პროცენტის მიღება შეგვიძლია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს რომ გვიქვეყნებენ, აბსურდი და ზღაპარია - თუ 30-კილომეტრიანი რიგებია და აქედან 80% უკან გადის, სულ მცირე, 5-კილომეტრიანი რიგები უნდა იდგეს გასასვლელებთან. დავიჯერო, ლარსის საბაჟოს ასეთი დაბალი გამტარუნარიანობა აქვს, სარფსა და სადახლოში კი ლიწინ-ლიწინით გადის მანქანები? რა სისულელეა?! 300-ზე მეტი კაცი არც ერთ თვითმფრინავში არ ეტევა და 300 ათასი კაცი თუ შემოდის და გადის, კვირაში ათასი თვითმფრინავი დაფრინავს საქართველოში?

- თქვენც თვლით, რომ უტანკო ანექსიასთან გვაქვს საქმე?

- ეს არის რუსი ხალხის დიდი გადასახლება. მესმის მათი - არ უნდათ ომში წასვლა და სიკვდილი, მორალურად არავის განსჯას არ ვაპირებ, მაგრამ ჩემთვის ჩემი სახელმწიფოს კეთილდღეობაა პრიორიტეტი. დიდი ბოდიში, ჩემი მოქალაქეები მათი სახელმწიფოს გამო ჭუბერზე იყინებოდნენ და დღესაც ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლში, ჩვენი დევნილები არ განგვისახლებია და მათ რატომ უნდა გადავყვეთ? სანამ ასიათასობით რუსს მივცემთ თავშესაფარს, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ჩემი დევნილები მყავს მისახედი. ხალხი საზიზღარ პირობებშია, 65% ღარიბი მყავს და ახლა იოლი გზა იპოვეს, არიქა, ჩამოვლენ რუსები, ფულს დახარჯავენ და გვეშველებაო? წარმოება განავითარეს, ინდუსტრია შექმნეს, გრძელვადიანი ინვესტიციები განახორციელეს თუ რა? მოკლე ვადაში შემოვიდა ვალუტა, ცოტა ხანს გამყარდა ლარი და შემოსულებს ეს ფული რომ გაუთავდებათ, მერე რას ვაპირებთ?

- მებაჟეები, რუსებისგან განსხვავებით, საზღვარზე ჩრდილოკავკასიელებს რომ არ ატარებენ, ამას რით ხსნით?

- ეს არის სერიიდან "როგორ არ უნდა მოვიქცეთ". შეგვეძლო ცალკე შემოსასვლელი გაგვეკეთებინა რუსეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ორმაგი მოქალაქეებისა და ჩრდილოკავკასიელებისთვის იმიტომ, რომ რუსეთი მაინცდამაინც არ ჰგავს ამ ომის მომგებს. თეორიულად რომ დავუშვათ და რუსეთი გავიდეს კავკასიის რეგიონიდან, ჩრდილოკავკასიელებთან პირისპირ ვრჩებით რას ვეუბნებით, ჩვენ ისინი ვართ, კარს რომ გიკეტავდითო, თუ ისინი, საზარბაზნე ხორცად რომ არ გაგიმეტეთო? მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ბურიატებს და ყალმუხებს მოუწოდა, არ წახვიდეთ უკრაინელებთან საომრად და ყველას შეგიფარებთო. რატომ მოუწოდა ბურიატებს და არა პეტერბურგელებს, ამაზე არ დაფიქრებულან? რამე რომ მოხდეს, მონღოლები მათთან პირისპირ რჩებიან.

როცა ასეთ მიგრაციულ ნაკადზე ვსაუბრობთ, გავიხსენოთ პალესტინელები, რომლებიც ისრაელთან დამარცხდნენ - ისრაელი შევიდა მათ ტერიტორიაზე, ისინი ჰუმანური მიზნით მიიღეს ლიბანმა, იორდანიამ და ქუვეითმა. ამის პასუხად პალესტინელებმა სამივეგან სამოქალაქო ომი დაიწყეს და გადატრიალებები სცადეს.

ბირთვული შანტაჟითა და ხალხის გაწვევით რუსეთის პარანოიკმა მმართველმა გადაწყვიტა მსხვერპლი მილიონებამდე გაზარდოს. ეს კაცი მოხვდება ტრიბუნალზე იმისთვის, რაც გაუკეთა არა მარტო უკრაინას, არამედ საკუთარ ხალხსაც.

- სოხუმის დაცემის მეორე დღეს ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტზე რას იტყვით.

- იქნებ ეს კაცი აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღესაც ჩავიდა და ჩვენ მეორე დღეს გავიგეთ? ეს იყო არა უბრალოდ ჩასვლა, საქართველოსა და ქართველი ერისთვის თავზე ლაფის დასხმაა. ამის გამო ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს პრემიერი გამოვიდოდა და იტყოდა, იმ ვაჟბატონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის დარღვევის გამო ეკრძალება საქართველოში ფეხის ჩამოდგმაო. აუცილებლად უნდა გამოეწვია ელჩი კონსულტაციის მიზნით და გაეკეთებინა მკაფიო მინიშნებები, რომ თუ ასე გაგრძელდება, შეწყდება არა მარტო დიპლომატიური ურთიერთობა, არამედ ბელარუსულ კომპანიებს, რომლაებიც ისედაც ცოტა ადგილას დაფრინავენ, აქ ფრენის უფლება აღარ ექნებათ. უნდა ყოფილიყო მკაფიო მინიშნება ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებასა და პოლიტიკური დისიდენტებისთვის თავშესაფრის მიცემის გამარტივებაზე. მთავრობის ადგილზე აუცილებლად ჩავატარებდი ფორუმს და მმართველი პარტიის ლიდერებს დავახვედრებდი ქალბატონ ტიხანოვსკაიას და ვალაპარაკებდი დემოკრატიაზე და ბელარუსში ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემაზე. დასაწყისისთვის ეს საკმარისი იქნებოდა, რათა მკაფიო სიგნალები გაგვეგზავნა მინსკში, რომ არ შეიძლება ასე მოექცე ქვეყანას, რომელსაც მეგობარს უწოდებ. ეს უნდა გაეკეთებინა თავმოყვარე სახელმწიფოს და არა ის, რომ ელჩი დავიბარეთ და ჩვენი შეშფოთება გავუზიარეთ. ლუკაშენკო შეუმდგარი დიქტატორია, პუტინის მდივანია, მან მიავლინა აფხაზეთში. ნორმალური სახელმწიფო თუ ვართ, თავზე არ უნდა დავაფურთხებინოთ ყველას.