„ლუკაშენკო ჩაერთო პროცესებში როგორც მძიმე არტილერია, რათა ბიჭვინთა გადაურჩინოს რუსეთს“ - კვირის პალიტრა

„ლუკაშენკო ჩაერთო პროცესებში როგორც მძიმე არტილერია, რათა ბიჭვინთა გადაურჩინოს რუსეთს“

„ბიჭვინთის აგარაკზე ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლა დაახლოებით ასეთი მესიჯია: „აფხაზებო, დაფიქრდით კარგად, მე, ბელარუსის პრეზიდენტი, მზად ვარ, ვაღიარო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ მანამდე ბიჭვინთა უნდა გადასცეთ რუსეთს“

28 სექტემბერს, წინადღეს პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მოულოდნელად ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის სამთავრობო რეზიდენციაში შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდგომ ითქვა, ლუკაშენკომ ბჟანიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ აფხაზეთში მისი ჩასვლა არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ვითარებასთან, თუმცა ჩასვლის წინადღეს პუტინთან გვიან ღამემდე განიხილავდა აფხაზეთის საკითხს და ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ "აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება". ამასთან, გამოთქვა ინიციატივა, განიხილონ საკითხები, თუ "როგორ გააუმჯობესონ ურთიერთობები". ბელარუსს მეგობრული ურთიერთობა აქვს საქართველოსთან. ის საქართველოში მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, 2018 წელს ჩამოვიდა და შემდეგ პარლამენტისადმი ყოველწლიურ მიმართვაში საქართველოსთან მეგობრობის აუცილებლობაზე ბევრი ილაპარაკა. წელს, ივნისში, აფხაზეთში ვიზიტით იმყოფებოდა და ბჟანიას შეხვდა ბელარუსის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ვიქტორ შეიმანიც. უფრო ადრე კი, თებერვალში, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, "თუ საჭირო იქნება". ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო საქართველოში ბელარუსის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს - ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა და ბელარუსის მხარეს განმარტებები მოსთხოვა. ამ საკითხზე განცხადებები გააკეთეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მინისტრებმა, მეორე დღეს კი მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლუკაშენკოს ჩასვლის შემდეგ ამ ე.წ. ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ბელარუსის ოფიციალურ განცხადებაში აფხაზეთი არ არის ნახსენები, რაც აჩენს იმედს, რომ ბელარუსი შეინარჩუნებს არაღიარების პოლიტიკას. რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს კობახიძის იმედი, რატომ შეარბილა საქართველოს ხელისუფლებამ პოზიცია და რა მიზანი ჰქონდა ლუკაშენკოს აფხაზეთში გაგზავნას, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

paata zaqareishvili.jpg

- ჩემი აზრით, ეს ვიზიტი რუსეთის სპეკულაციაა, ვაჭრობა აფხაზურ მხარესთან, რომ თუ აფხაზეთი უმტკივნეულოდ დათმობს ბიჭვინთის აგარაკს, რასაც აფხაზები ეწინააღმდეგებიან, დაჰპირდებიან ბელორუსის მიერ აღიარებას. ამიტომ ჩავიდა ლუკაშენკო ბიჭვინთაში და მივიდა იმ დანგრეულ შენობაში, სადაც ნორმალური ცხოვრება შეუძლებელია, და არა სოხუმში. პუტინმა გაგზავნა ლუკაშენკო შეტყობინებით, ბელარუსს შეუძლია აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ოღონდ თქვენ რუსეთს უნდა გადასცეთ ბიჭვინთის აგარაკის ტერიტორია, 200 კვადრატულ კილომეტრამდეო. დარწმუნებული ვარ, ამაზე იქნებოდა კულუარულად საუბარი. ასე რომ, ორმხრივი კომბინაციაა - თქვენ აძლევთ ბიჭვინთას, ჩვენ გაძლევთ აღიარებას.

- მაინცდამაინც ახლა რატომ? შეიძლება იყოს რამე კავშირი უკრაინის ტერიტორიების ანექსიასთან?

- ესეც შესაძლებელია, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია ბიჭვინთის აგარაკის საკითხი, რომელიც საკამათოა მოსკოვსა და სოხუმს შორის. აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი და მათ შორის პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებიან, რომ ბიჭვინთის აგარაკების დიდი მონაკვეთი რუსეთის მთავრობას გადასცენ. არადა, მაქსიმუმ, ოქტომბერში აფხაზეთში აუცილებლად უნდა ჩატარდეს დე ფაქტო პარლამენტის სხდომა, რომელმაც შეთანხმების რატიფიკაცია უნდა მოახდინოს და ბიჭვინთის აგარაკი რუსეთს გადაეცეს. ამიტომ პუტინმა, როცა სოჭში ლუკაშენკოს შეხვდა, შესაძლოა ის აიძულა, რომ ჩასულიყო სწორედ ბიჭვინთის აგარაკზე და იქიდან დალაპარაკებოდა აფხაზ ხალხს. ვფიქრობ, ლუკაშენკო იძულებული რომ არ ყოფილიყო, ალბათ, არც ჩავიდოდა. ბიჭვინთის აგარაკზე მისი ჩასვლა დაახლოებით ასეთი მესიჯია: "აფხაზებო, დაფიქრდით კარგად, მე, ბელარუსის პრეზიდენტი, მზად ვარ, ვაღიარო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ მანამდე ბიჭვინთა უნდა გადასცეთ რუსეთს". მე ასე ვკითხულობ - ჯერ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა და შემდგომ აღიარება - დაახლოებით ასეთი ლოგიკაა. ეს დამატებითი რესურსია ამ საკითხის რატიფიკაციის მომხრეებისთვის, აი, ბელარუსი გვაღიარებს და საჭიროა ამის გაკეთებაო.

- ოფიციალური მოსკოვის თქმით, ლუკაშენკოსთან აფხაზეთის აღიარებაზე არ ყოფილა საუბარი. რატომ არ უნდა რუსეთს იმის გამხელა, თუ რისთვის გაგზავნა ლუკაშენკო აფხაზეთში?

- კრემლი მაქსიმალურად ცდილობს არ დააზიანოს "ქართული ოცნების" მდგრადობა საქართველოს ხელისუფლებაში.

თუ ბიჭვინთის გადაცემის შემდეგ ბელარუსი აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, შესაძლოა რუსეთს პრობლემები შეექმნას საქართველოში. ამიტომ ლუკაშენკო ძალიან ბუნდოვნად ლაპარაკობს შესაძლო აღიარებაზე - არ ჰპირდება, არ ამბობს, შეიძლება გაღიაროთო. მთავარი ის არის, რომ ჩაერთო პროცესებში როგორც მძიმე არტილერია, რათა ბიჭვინთა გადაურჩინოს რუსეთს. მერე რა იქნება, ეს აღარაა მთავარი, "ხვალემ იზრუნოს ხვალისა". ამიტომ ვფიქრობ, რუსეთი გამოუვალ მდგომარეობაშია - თან ბიჭვინთის მითვისება უნდა, თან არ უნდა ქართველი საზოგადოების გაღიზიანება, რომელმაც შეიძლება ჩამოაგდოს "ქართული ოცნება". ამიტომ შეპირება აღიარებაზე ძალიან ბუნდოვანი და არადამაჯერებელია - მომეცით ბიჭვინთა და მერე ვილაპარაკოთო, დაახლოებით ეს მომენტია.

- ბელარუსი აფხაზეთისთვის ავტორიტეტია და არსებითი მნიშვნელობა აქვს ლუკაშენკოს ვიზიტს, განსაკუთრებით მაშინ, თუ საჯაროდ არ მიუცია აღიარების დაპირება?

- კი, რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. აფხაზები პროცესებს ისე არ უყურებენ, როგორც მე. ისინი ფიქრობენ, ჩვენ ახლა ეგზისტენციალური საფრთხე გვემუქრება - ან ბიჭვინთა მივცეთ და აღიარება მოვიპოვოთ ბელარუსისგან, ან ბიჭვინთას არ ვაძლევთ და აღიარებაზე უარს ვამბობთო. ამიტომ აფხაზებისთვის ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ვიზიტია, ამას უფრო ემოციურად უყურებენ, მე კი უფრო პრაგმატულად ვუყურებ და აშკარად ვხედავ რუსულ ინტერესს.

- საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ლუკაშენკოს ჩასვლის შემდეგ ბელარუსის ოფიციალურ განცხადებაში ამ ე.წ. ვიზიტის შესახებ აფხაზეთი არაა ნახსენები, რაც, მისი აზრით, აჩენს იმედს, რომ ბელარუსი შეინარჩუნებს არაღიარების პოლიტიკას.

- ეს არის ძალიან უსუსური ცდა, გაამართლონ და ნამუსი მოსწმინდონ ლუკაშენკოს და შეამცირონ ამ ფაქტის სიმძიმე. იმის ნაცვლად, თქვან, რომ ეს ყოვლად მიუღებელია, ჩვენ პრაქტიკულად ვეხმარებით ბელარუსს, რომ გაათეთროს ლუკაშენკოს უმსგავსი საქციელი. ყოვლად მიუღებელი და მძიმეა, ვიდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა, როდესაც ქართული მხარე ცდილობს შექმნას ილუზია, რა მოხდა მერეო. პირიქით უნდა ხდებოდეს, უნდა იყოს მკაცრი რეაქცია საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ბელარუსთან ერთად ვართ ეუთოში, გაეროში და უნდა მოვითხოვოთ, რომ განიხილონ ეს საკითხი და მკაცრი შეფასება მისცენ. ამის ნაცვლად კი ჩვენ სიტუაციას ვარბილებთ. ეს ანტისახელმწიფოებრივი ქცევაა.

- საქართველოს ხელისუფლების პირველი შეფასებები უფრო ადეკვატური იყო. რამ განაპირობა ხელისუფლების პოზიციის ცვლილება?

- კი, გეთანხმებით, თავიდან ხელისუფლების პოზიცია იმდენად ადეკვატური იყო, რომ არც ველოდი ამდენს, მაგრამ მეორე დღესვე შეიცვალა. როგორც ჩანს, რუსეთიდან მისცეს მითითება, რას ჰგავს თქვენი საქციელი, ნუ გეშინიათ, აღიარება არ იქნებაო. აღიარება, ალბათ, მართლაც არ იქნება, რადგან რუსეთისთვის მთავარია ბიჭვინთა, აფხაზეთის აღიარება კი ახლა არაფერში სჭირდება. მით უმეტეს, რომ რუსეთს კარგი ურთიერთობა აქვს საქართველოს პრორუს ხელისუფლებასთან და რატომ უნდა გააფუჭოს? ეს ყველაფერი ბიჭვინთის გამო ხდება. ან შეიძლება ჩვენებსაც ატყუებენ. მაგრამ კობახიძემ ისე თამამად გააკეთა ეს განცხადება, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, აღიარება არ იქნება და ამიტომ სცადა ბელარუსისთვის პირის მოწმენდა.

- აფხაზებისთვის დამაჯერებელი იქნება? ასე მარტივად მოტყუვდებიან?

- აფხაზები დარწმუნებული არიან, რომ აღიარებენ, ამიტომ, ალბათ, მისცემენ ბიჭვინთას. ჩემსავით რომ ფიქრობდნენ აფხაზები, შესაძლოა ეთქვათ, ნუ ავყვებით ამ მანიპულაციასო, მაგრამ ასე არ ფიქრობენ. აფხაზეთში წინააღმდეგობა იყო მაშინ, როცა ხედავდნენ, რომ რუსეთს ბიჭვინთას აძლევდნენ, ასე ვთქვათ, უფასოდ და ახლა საპირწონედ დადგა ბელარუსის მხრიდან აღიარება. ზოგიერთი იტყვის, ჯანდაბას ბიჭვინთა, თუკი აღიარებას მივიღებთო, მაგრამ ბიჭვინთას გასცემენ და აღიარებას არ მიიღებენ. მიიღებენ მხოლოდ შეპირებას, კარგი დრო რომ დადგება, მაშინ გაღიარებთო.

- ლუკაშენკოს რა ინტერესი ჰქონდა? მით უმეტეს, რომ საქართველოსთან კარგი ურთიერთობა აქვს?

- იძულებული იყო, ჩასულიყო. ბელარუსს არაფერში სჭირდება აფხაზეთის აღიარება. არა მარტო იმიტომ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭება არ უნდა, არამედ იმიტომ, რომ დსთ-თან არ გაიფუჭოს ურთიერთობა. ლუკაშენკო მიუღებელია მთელი მსოფლიოსთვის, დასცინიან და ზურგი შეაქციეს. ერთადერთი, ვინც მას ელაპარაკება, დსთ-ის სახელმწიფოებია და მათ ამ ჩასვლით ეუბნება, მიმიფურთხებია თქვენი ტერიტორიული მთლიანობისთვისო. იმ პატარა კლუბშიც კი, სადაც მას ხელს ართმევენ, იქაც კი მიუღებელი გახდება და ამიტომ მას არაფერში სჭირდებოდა აფხაზეთში ჩასვლა და მით უმეტეს, აღიარება.

- საქართველოს ხელისუფლებამ ახლა რა უნდა გააკეთოს?

- როგორც ვთქვი, გაეროსა და ეუთოში ძალიან მკაცრად უნდა დააყენოს საკითხი. კობახიძის განცხადებისნაირი პოზიცია კი არ უნდა იყოს, რა მოხდა, შავი ზღვის სანაპირო მოინახულაო, არამედ საჭიროა მკაცრი განცხადებები, რომ ეუთოსა და გაეროს წევრი სახელმწიფო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს. გაუგონარი რამაა - ჩავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც აკრძალული აქვს ყველას იქ შესვლა. ის ყირიმში არ ჩასულა, მიუხედავად იმისა, რომ მოუწოდებდნენ და არათუ არ ჩავიდა, გამოსვლები ჰქონდა, რა აუცილებელია ჩემი იქ ჩასვლა, ისედაც ხომ ყველამ იცის, რუსეთთან რომ ვმეგობრობო. მაგრამ ჩავიდა აფხაზეთში, რაც საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ბელარუსის უშიშროების სამსახურთან დადებული ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და აბსურდული ხელშეკრულება და უპირველესად ის უნდა გაუქმდეს, რადგან მასში აშკარად ჩანს უშიშროების სამსახურების რუსეთთან ბმა. ახლა ამ სიტუაციის გამოყენება ამ პრობლემის მოგვარებისთვისაც შეიძლება. პოლიტიკურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

რუსა მაჩაიძე