„ღია ომით პუტინმა საკუთარ თავს ხაფანგი დაუგო“ - კვირის პალიტრა

„ღია ომით პუტინმა საკუთარ თავს ხაფანგი დაუგო“

პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა. ანექსიის შესახებ სიტყვით გამოსვლის დროს მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთი საკუთარი ტერიტორიების დასაცავად ყველა საშუალებას გამოიყენებს და ისევ ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა. ისაუბრა დასავლური სახელმწიფოების ათწლეულებისა და ასწლეულების წინანდელ პოლიტიკაზე, მათ შორის აშშ-ზეც და ახსენა, რომ ამ უკანასკნელმა ბირთვული იარაღი ორჯერ გამოიყენა იაპონიის წინააღმდეგ. "სხვათა შორის, პრეცედენტი შექმნეს", - დასძინა მან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პუტინი ატომური იარაღის გამოყენებით იმუქრება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ის ბევრჯერ დაიმუქრა და 21 სექტემბერს მობილიზაციის გამოცხადება, ფაქტობრივად, ატომურ მუქარაზე ააგო. მან თქვა, რომ რუსეთი საჭიროების შემთხვევაში ყველა საშუალებას გამოიყენებს და ეს ბლეფი არ იყო, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით დაშანტაჟებას ცდილობს, "უნდა იცოდნენ, რომ ქარმა შესაძლოა მათი მიმართულებით იცვალოს პირი".

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი პუტინის მუქარას ბირთვული იარაღის გამოყენებაზე სერიოზულად აფასებს. თუმცა ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. როგორც სალივანმა აღნიშნა, თუ რუსეთი ამ "ბნელ გზას აირჩევს", აშშ-ს სათანადო პასუხი ექნება.

ანექსიის გამოცხადებამდე კი ჩრდილოეთის ნაკადი უკვე მეოთხედ აფეთქდა, რასაც რუსეთი დასავლეთს აბრალებს, მაგრამ ფაქტია, ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის პარალელურად პუტინი ევროპის დაშანტჟებას სწორედ ენერგორესურსებით ცდილობს.

მსოფლიო ლიდერებმა ანექსიის გამოცხადება დაგმეს, რუსეთს სანქციების ახალი პაკეტები დაუწესეს და უკრაინას კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ნატოში დაჩქარებულად გაწევრება მოითხოვა.

რამდენად ცვლის ანექსიის გამოცხადება სიტუაციას და როგორ პასუხობს დასავლეთი პუტინის ატომურ მუქარას, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, GIPA-ს პროფესორს თენგიზ ფხალაძეს ვესაუბრეთ.

- პუტინის გამოსვლაში აღარაფერია არც არსებითი და არც სიტუაციის რეალურად შემცვლელი. ყველაფერი, რაც იყო, შიდა აუდიტორიისთვის, შიდა მოხმარებისთვისაა. რეალურად არაფერი იცვლება და მხოლოდ და მხოლოდ მძიმდება ის ვითარება, რაშიც რუსეთი და კრემლის დღევანდელი რეჟიმია. ზელენსკის ნათქვამი, რომ უკრაინა დაელაპარაკება რუსეთის სხვა პრეზიდენტს, შემთხვევითი არ არის. ეს არის ის საერთო აზრი, რომელიც პუტინმა თავადვე მოამწიფა ევროპაში. თუ მანამდე კიდევ იყო ლაპარაკი მისი იმიჯის შენარჩუნების შესაძლებლობებზე, დღეს ამას უკვე აღარავინ ახსენებს, ისეთ ხაფანგში გაიბა თავი დღევანდელმა რეჟიმმა. ასე რომ, ეს არაფერს ცვლის სამართლებრივად, პოლიტიკურად კი უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს კრემლის დღევანდელ რეჟიმს.

- საომარი მდგომარეობისთვის რას ცვლის, კიდევ რა საფრთხეებს აჩენს?

- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთში საომარი მდგომარეობა არ გამოცხადებულა. მას შემდეგ ყველა სამხედრო აგრესიას, ავღანეთი იქნებოდა, სირია თუ საქართველოში ომი, სპეციალური სამხედრო ოპერაცია ერქვა. განსხვავება ის არის, რომ სამხედრო ოპერაციის შედეგის შეფასება, წარმატებული იყო თუ არა, ბუნდოვანია, ომს კი ან აგებ, ან იგებ და, თუ აგებ, ქვეყანა აგებს და ამას თავისი შედეგები მოჰყვება. ამიტომაც ატყდა პანიკა რუსეთში, ხალხი ქვეყნიდან გარბის, რაც უნიკალური შემთხვევაა - მორბიან ქვეყანაში, რომლის დიდი ტერიტორია რუსეთს ოკუპირებული აქვს. მობილიზაციის გამოცხადების ფსიქოლოგიური მომენტი ამიტომ იყო ასეთი მძიმე, რომ მოსახლეობას პირდაპირ უთხრეს, ადექი და მოკვდი პუტინისთვისო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მათთვის არავის უთქვამს.

რუსეთი წლების განმავლობაში სხვადასხვა ტერიტორიაზე კი სჩადიოდა საშინელებებს, მაგრამ ეს რუსეთში მცხოვრებთ არ ეხებოდათ. რუსეთის მოსახლეობა მზად არის თვალი დახუჭოს პუტინის დანაშაულებზე და არ ადარდებთ არც უკრაინელი ხალხის გაწყვეტა, არც ეთნიკური წმენდა საქართველოს ტერიტორიაზე. პირიქით, ბედნიერი არიან და ჰგონიათ, რუსეთი ამით ძლევამოსილია. ეს მოსახლეობა არ არის მზად პუტინის სიკვდილისთვის. ახლა უკრაინის ტერიტორიების ე.წ. მიერთებით პუტინი უკვე მთელ მსოფლიოსთან ღია ომს იწყებს, ღია ომი კი სხვა პირობებით მიმდინარეობს. არადა, პუტინმა ამით საკუთარ თავს დაუგო ხაფანგი, რადგან თუ ფიქრობს, რომ ახლა თავისუფალია, რათა მის ხელთ არსებული ყველა ძალა და ბერკეტი გამოიყენოს. შემთხვევითი არ იყო ამერიკის გაფრთხილება, რომ დამანგრეველი და კატასტროფული შედეგები იქნება რუსეთისთვის, თუ გაბედავს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას. სტრატეგიულის გამოყენებას რომ ვერ გაბედავს, ორი აზრი არ არსებობს.

- სტრატეგიული ატომური იარაღის გამოყენებას რატომ ვერ გაბედავს? პუტინს დიდად ადარდებს მსოფლიოს ბედი თუ მას პირადად საფრთხე დაემუქრება?

- გამორიცხულია, გაბედოს. ტაქტიკურის გამოყენება უფრო ადვილია, სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენება კი სხვა ტიპის მომზადებასა და ქმედებებს მოითხოვს. ამერიკას ჰყავს სულ 3 თვითმფრინავი, რომლებიც აკონტროლებს ასეთი ტიპის იარაღის გადაადგილებას, მზადებას და ასე შემდეგ... სავარაუდოდ, სანამ ამერიკის გაფრთხილება გახმაურდებოდა, მოდელირებაც მოხდა, რა სიტუაციაა და როგორი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს. სალივანმა (ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი) სწორედ ამის შემდგომ გააკეთა განცხადება.სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებას სჭირდება სპეციალური მომზადება, გარკვეული ეტაპების გავლა, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინო და თუ საჭიროა, პრევენციაც მოახდინო.

- პრევენცია როგორ, რა საშუალებებით?

- სამხედრო ტექნოლოგიებში ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ყველაფრის გაკეთება შეიძლება. როგორც მოგახსენეთ, ტაქტიკური იარაღის გამოყენება უფრო იოლია, მაგრამ ეს მოითხოვს კოლექტიურ გადაწყვეტილებას და კოლექტიურ აღსრულებას და არა ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ის პირი, რომლებიც თანამდებობრივად ვალდებული არიან მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში, მზად არიან, რომ პუტინს მოუსავლეთში ჩაჰყვნენ. დღეს რუსეთში კულუარებში უკვე მიმდინარეობს მსჯელობა, ვინ შეიძლება შეცვალოს პუტინი. მას არა აქვს პოლიტიკური მომავალი და არა მგონია, იმ პირებს, რომლებიც იქ არიან და შედარებით უფრო ახალგაზრდებიც, ყველას ჰქონდეს გადაწყვეტილი, რომ თავისი და საკუთარი შვილების მომავალი პუტინის გულისთვის გაწიროს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, პუტინის ავადმყოფური ფანტაზიის გამო გამოსარიცხი არაფერია.

- დავუშვათ, გამოიყენა ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რაც, ალბათ, კაცობრიობას არ გაანადგურებს, მაგრამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ხომ შეიწირავს და პირველ რიგში ეს ევროპას შეეხება. არის ამისთვის მზად ევროპა ან მსოფლიო?

- ბირთვული იარაღის გამოყენება ისეთი ჯინის გამოშვებაა, რასაც კატასტროფული პასუხი მოჰყვება. ის შემაკავებელი, რაც დღეს ნატოს წევრ სახელმწიფოებს ხელს უშლის, რომ პირდაპირ ქმედებებს მიმართოს, ისპობა. ასეთ შემთხვევაში კი ძალთა ბალანსი ნამდვილად არ არის რუსეთის სასარგებლოდ.

- უკრაინამ უკვე გააკეთა ნატოში დაჩქარებულად გაწევრებაზე განაცხადი. რა შანსია, რომ ეს ომის დამთავრებამდე მოხდეს და ასეთ შემთხვევაში ნატო უკვე პირდაპირ ჩაერთვება ომში?

- ყურადღება გასამახვილებელია ერთ რამეზე - ეს განაცხადი ძალიან საინტერესოდ ემთხვევა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის საიდუმლო ვიზიტს კიევში. არა მგონია, ზელენსკის ეს განცხადება პარტნიორებთან კომუნიკაციის გარეშე გაეკეთებინა. არა მგონია, ახლა 30 სახელმწიფო მზად იყოს ერთ წუთში გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა, სანამ უკრაინა ამ განაცხადს გააკეთებდა, ალბათ, მან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების გარანტიები მიიღო ნატოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოებისგან.

- მართალია, ღარიბაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ნატოში გაწევრება გამორიცხა, მაგრამ უკრაინის განაცხადი საქართველოს შანსს თუ ცვლის?

- დღეს უკრაინა ნატოს დე ფაქტო წევრია. რაიმშტაინის ფორმატი ამის გამოხატულებაა. შესაძლოა სახელმწიფოები მეხუთე მუხლს სრულად არ ასრულებდნენ, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი სრულდება, რადგან ის სამხედრო დახმარება, წვრთნის პროგრამა და ასე შემდეგ, რაც ეძლევა უკრაინას, პირდაპირ მონაწილეობაზე არანაკლებია.

რაც შეეხება საქართველოს, ის, რაც ხდება უკრაინაში, აბსოლუტურად ცვლის უსაფრთხოების გარემოსაც, პოლიტიკურ გარემოსაც, გეოპოლიტიკურ ვითარებასაც, რაც თავისთავად ცხადია, აჩენს შესაძლებლობებს საქართველოსთვისაც. ოღონდ ჩვენ ისე არ უნდა აღვიქვათ, რომ უკრაინაში რაღაცა გადაწყდება და ავტომატურად გავრცელდება საქართველოზეც. ევროკავშირში გაწევრების საკითხი ამის კარგი მაგალითია - უკრაინამ შექმნა შესაძლებლობა, რომ ქვეყნებს მიეღოთ კანდიდატის სტატუსი. უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატობა, საქართველომ კი მხოლოდ ევროპული პერსპექტივა - ანუ შეიქმნება გაწევრების შესაძლებლობა, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს.

- პუტინის ამ განცხადებამდე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იყო ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის უკვე მეოთხედ აფეთქება, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

- ეს ნიშნავს, რომ რუსეთი "წარმატებულად" აგრძელებს თვითიზოლაციის პოლიტიკას. ეს ევროპელებისთვისაა სიახლე, თორემ ჩვენთვის რომ არ არის, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი. განსხვავება ის არის, რომ ეს იმუშავებდა შარშან ან თუნდაც ექვსი თვის წინ, მაგრამ ახლა აზრი აღარ აქვს. დღეს ევროპა ამისთვის მზად არის. ამიტომ ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აზიანებს.

- მიუხედავად იმ პროტესტებისა, რაც ევროპაში ბოლო დღეებში იყო? მაგალითად, ჩეხეთში გამართული აქცია პრობლემის სირთულეს რამდენად აჩვენებს?

- ჩეხეთში აქციებს რაც შეეხება, გაცილებით გაზვიადებულად გაშუქდა ჩვენთან, ვიდრე რეალობაში იყო და რაც მთავარია, ვიდრე ევროპაში მიაქციეს ყურადღება. ჩეხეთში აქცია გამართა კომუნისტურმა პარტიამ, რომლის მხარდაჭერა იმდენად პატარაა, რომ პარლამენტში ერთი ადგილიც კი ვერ მიიღო. ის, რომ აქციაზე 70 ათასი კაცი იდგა, ჩეხეთისთვის არაფერს ნიშნავს. კი, დემოკრატიული ქვეყანაა და აქციები იმართება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით იქ პოლიტიკა შეიცვლება. რეალობა ის არის, რომ ევროპა დღეს მზად არის იმისთვის, რომ ზამთარი მკაცრი იქნება, მაგრამ საერთო აზრია, რომ ჯობს ასეთი ძვირი ფასი გადაიხადონ ახლა, ვიდრე მისცენ პუტინს გაძლიერების საშუალება.

რუსა მაჩაიძე