„ეს ჩვენი ომი არ არის.!..“ - კვირის პალიტრა

„ეს ჩვენი ომი არ არის.!..“

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდგომ ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარება დაიძაბა. პუტინის განცხადებისთანავე, დაღესტნის დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ ქალები და მობილიზაცია გააპროტესტეს. რუსული ოპოზიციური მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების სტატისტიკის მიხედვით, უკრაინის ომში დაღუპულთა შორის დაღესტანი ლიდერობდა. როგორც ამბობენ, ოჯახი არ დარჩა, სადაც 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის ომში დაღუპულის ცხედარი არ მიასვენეს, ზოგან ორი და მეტიც. როგორც დაღესტნელები ამბობენ, სიკვდილი მათ სახლებში ომის პირველივე დღიდან შევიდა. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებით დამფრთხალი რუსები ქვეყნიდან გარბიან და ჯოხი ისევ ჩრდილოეთ კავკასიასა და სხვა რეგიონებზე გადატყდება. გამოსვლები დაიწყო ყაბარდო-ბალყარეთშიც, ჩეჩნეთის ლიდერის მოწოდება, რომ უკრაინის ომში რეზერვისტები კი არა, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები ჩართონ, გააპროტესტეს ჩეჩენმა ქალებმა, თუმცა რესპუბლიკის ლიდერმა, რომელსაც მშვიდობიან მოქალაქეებთან ბრძოლის მეთოდები კარგად აქვს დამუშავებული, ისინი ქუჩებში გამოსვლამდე, გზაშივე დააკავა და იზოლატორში გადაიყვანა. დაღესტნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "პროტესტი გარედან იყო მართული" და იმდენად აგრესიულად მიმდინარეობდა, რომ შსს-ს თანამშრომლებს რადიკალური ზომების მიღება დასჭირდათ. დაღესტანში რამდენიმედღიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის ორასზე მეტი ქალი და მამაკაცია დაკავებული. უცნობია იმ ჟურნალისტების, ბლოგერებისა და სოციალური ქსელის ადმინისტრატორების ადგილსამყოფელი, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში დააკავეს. ახლა დაღესტანში ვითარება შედარებით ჩაწყნარდა, მაგრამ ხალხი ამბობს, რომ ეს დროებითია და "ჩრდილოეთი კავკასია აუცილებლად აფეთქდება".

დაღესტნელი ბლოგერი, ფსევდონიმით, "თუმი-მაჰაჭყალა-1889" "კვირის პალიტრასთან" ამბობს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში რუსების მიმართ სიმპათიური დამოკიდებულება არასდროს ჰქონიათ, თუ არ ჩავთვლით იმათ, ვინც პრივილეგიებით სარგებლობდნენ.

- ასეთებმა თანდათან მოიწყვეს ცხოვრება. შემთხვევით მოხვდნენ თანამდებობებზე და დღემდე ებღაუჭებიან. იმდენ ხანს იყვნენ რუსეთის ხელისუფლების ბრძანების შემსრულებლები, რომ ყველაფერი დაავიწყდათ, ეროვნებაც და წარმოშობაც. ახლა იმ პატარა გოგო-ბიჭებს დასდევენ, რომლებმაც გაბედეს და ომის წინააღმდეგ ხმა ამოიღეს, გვაშინებენ, თუ აქციებს გავაგრძელებთ და არ გავჩუმდებით, ჩვენი კაცების უკრაინაში ჩახოცვას კიდევ გავაპროტესტებთ, უარესი მოგვივა. აქ ხომ ადამიანის გაუჩინარება არავის უკვირს. სულ რამდენიმე კვირაში ან სულაც დღეში, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს, უპირველესად ჩვენი ბავშვებით დაიწყება არმიის შევსება. სადღაც, მივარდნილ სოფელში მცხოვრებ 17 წლის ბიჭს აინტერესებს კიდეც რას ნიშნავს ომი, ბოლოს და ბოლოს, თავის სოფელს მოშორდება, მას იდეოლოგიურად ამუშავებენ და ეუბნებიან, რომ "წმინდა საქმეს" ემსახურება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ეს რას ნიშნავს?! ეს ჩვენი ომი არ არის. 24 თებერვლის შემდეგ მხოლოდ ჩემს სანათესავოში შვიდი კაცი დავკარგეთ. ორი ბიჭი მყავს და სამი ძმა, მათ ხელში იარაღი არასდროს სჭერიათ. თუ დაიჭერენ, მხოლოდ თავიანთი მიწის დასაცავად და არა სხვა ქვეყანაში წაგებულ ომში მონაწილეობისთვის. ჩემს ერთ ნათესავს, რომელიც 41 წლის იყო, ხუთი შვილი დარჩა. რა ეშველება მის ცოლ-შვილს? არავის მოუკითხავს, როგორ ცხოვრობენ. მხოლოდ მადლობის სიგელი მიუტანეს. ეს რა დაცინვაა! ასეთი ხომ ასობით გვყავს.

რუსეთის ხელისუფლება მალავს დაღუპულების რაოდენობას, მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, რამდენი კაცი გვაკლია, რამდენი ცხედარი მოგვისვენეს და რამდენი დედა შეიმოსა შავად... ახლა, როდესაც ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსები ცდილობენ თავს უშველონ და მეზობელი ქვეყნების საზღვრებს მიაწყდნენ, ამ დანაკლისის შევსებასაც ჩვენი ხალხისგან შეეცდებიან. მე არ ვიცი, რა იქნება ხვალ, რას მოიმოქმედებენ ჩვენი კაცები, მაგრამ ყველას ვერ დაგვხოცავენ. ასე ვერ გაგრძელდება, ჩრდილოეთ კავკასიამ უნდა გაიღვიძოს და ეს აუცილებლად მოხდება. ძალიან ბევრი სისხლი გავიღეთ, თან არაფრისთვის... გვეუბნებიან, რომ თურმე გარედან ვიმართებით და დეზინფორმაციის მსხვერპლი ვართ. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვინდა - უაზრო ომს არ შევეწიროთ ვიღაცის ინტერესის სასარგებლოდ... პოლიცია რამდენიმე დღეა ეძებს პროტესტის ორგანიზატორებსა და მათ მხარდამჭერებს; ბლოგერებს, რომლებიც ანტისახელისუფლებო აზრებს ავრცელებენ, და სოციალური ქსელის ადმინისტრატორებს, რომლებიც უკრაინაში რუსული არმიის მარცხზე, პუტინის გუნდის შეცდომებსა და უკრაინის კონტრშეტევებზე წერდნენ. დაკარგული არიან ჟურნალისტები, რომლებმაც მხოლოდ ბოლო სიტყვის დაწერა მოასწრეს: "მჩხრეკენ". ერთმა ვიდეო გაავრცელა, სადაც მასთან ერთად მანქანაში ნაცემი, დასისხლიანებული ადამიანები ჩანან. ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, პოლიცია კი დუმს...

წლებია რუსეთის ხელისუფლება ჩვენს გენოფონდს ანადგურებს, მაგრამ რაც ამ ბოლო შვიდ თვეში მოხდა, პირდაპირი ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაა. არეულობაა ჩეჩნეთსა და ყაბარდო-ბალყარეთშიც. კრემლი კადიროვის შეთავაზებას, მხოლოდ ძალოვანები წაიყვანონ, არ ეთანხმება, მეტი სურს. ჩვენ ბრმები არა ვართ, არც ყრუები. ამდენი თვეა სიკვდილს თვალებში ვუყურებთ, საკმარისია!.."