რას ემსახურება ლუკაშენკოს „აფხაზური ვიზიტი“ - კვირის პალიტრა

რას ემსახურება ლუკაშენკოს „აფხაზური ვიზიტი“

ოკუპირებულ აფხაზეთს "არაოფიციალური ვიზიტით" ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ეწვია, სადაც ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას შეხვდა. აფხაზეთში მიიჩნევენ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეგიონში ვიზიტს "კიდევ ერთი აღიარება მოჰყვება", ოღონდ "რაღაცის" სანაცვლოდ, ეს რაღაც კი შეიძლება რამდენიმე პუნქტისგან შედგებოდეს. მათ შორის შეიძლება იყოს "ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის იმ პირობებით გადაცემა, როგორც რუსული მხარე ითხოვს, ენერგოსისტემის სრული კონტროლი, სხვა, შედარებით წვრილმანი თემები და რაც მთავარია, პუტინის გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციაში აფხაზეთის მონაწილეობაც".

სიმბოლურია, რომ ლუკაშენკო სწორედ ბიჭვინთის აგარაკზე მიიწვიეს, რომელსაც რუსეთი აფხაზეთისგან 49-წლიანი იჯარით გადაცემას ითხოვს. გამოცემა Апсныпресс-ის ცნობით, ასლან ბჟანიამ ლუკაშენკოს "ის სასურველი სტუმარი უწოდა, რომელსაც ამდენი ხანია ელოდნენ...

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ის აფხაზეთში ძალიან დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ ნოსტალგია არასდროს ტოვებს ადამიანს, რომ მისი ვიზიტი განსაკუთრებულ შემთხვევას არ უკავშირდება, მაგრამ აღნიშნა, რომ ბიჭვინთაში ჩასვლამდე კონსულტაცია ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან "მათ უფროს ძმასთან", ვლადიმირ პუტინთან.

"ჩვენ მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არსებობს, მას რუკიდან ვერ წაშლი. ვერანაირი სანქციები ამას ვერ შეძლებს. მას უნდა დავეხმაროთ, რათა ეს სამოთხე განვითარდეს, აქ მცხოვრებ ხალხს ნორმალური ცხოვრება ჰქონდეს... ჩვენ გეოპოლიტიკის შეცვლას არ ვცდილობთ, თქვენსავით შრომისა და მშვიდობისმოყვარე ხალხი ვართ, სიცოცხლე და თანხმობა გვინდა, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჩვენი ურთიერთობების მთავარი ფუნდამენტი უნდა გახდეს. მე დიდი გამოცდილება მაქვს, წლებია პოლიტიკაში ვარ. მოვილაპარაკოთ, დავფიქრდეთ, როგორ ვიცხოვროთ, რათა ადამიანებს ღირსეული ცხოვრება ჰქონდეთ", - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა. რამდენიმე თვის წინ ლუკაშენკოს წარმომადგენელი ბჟანიამ სოხუმშიც მიიღო, მაგრამ მისით აფხაზური მედია დიდად არ დაინტერესებულა.

უკანასკნელ წლებში ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებაზე ინფორმაცია მედიაში პერიოდულად ვრცელდება. თავად ლუკაშენკომ რამდენჯერმე ახსნა, რატომ არ აღიარა აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი და მიზეზად დაასახელა საერთაშორისო საზოგადოებისგან მოსალოდნელი სანქციები. მისი თქმით, არც რუსეთი არ იყო მზად ამის შედეგად ბელარუსისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

ekhokavkaza.com-ის ჟურნალისტის იზიდა ჭანიას თქმით, ცუდია, რომ მათ სრული ინფორმაცია არა აქვთ "სტუმრის მოულოდნელი ვიზიტის სხვა დეტალების შესახებ. აფხაზეთი ცდილობს გამოიცნოს, ვინ ესტუმრა მას და რატომ".

აფხაზი ბლოგერის ნაირა ამალიას აზრით, ლუკაშენკოს ბიჭვინთაში ვიზიტი "აფხაზეთის დამოუკიდებლობის კიდევ ერთი აღიარებისთვის პირველი სიგნალია... ვიცით, რომ ასეთ შეხვედრებზე დახურულ ფორმატში სხვა საკითხებიც განიხილება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გვიხაროდეს ეს ვიზიტი. კარგი იქნება ყაზახეთისა და თურქეთის პრეზიდენტებიც თუ ჩამოვლენ".

თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტით გამოწვეულ ჟრიამულს არ უერთდება. მათი მოსაზრებით, ლუკაშენკოს, გარდა იმისა, რომ რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია, პირადი ინტერესებიც აქვს - მას თვალი უჭირავს რიწაში სტალინის აგარაკსა და კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ აუადჰარაში 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.

ბლოგერ ემა კასლანძიას აზრით, აფხაზებს სჩვევიათ ვიღაცის ზღვარგადასული ქება-დიდება და მასზე იმედის დამყარება ისე, რომ "...ამდენი წელია ლუკაშენკო ხან ჩვენ გაგვიგორებს კოჭს, ხან რუსეთს, ხანაც საქართველოს. სანქციების ეშინია. ახლა რა ხდება, უკვე დასაკარგი არაფერი აქვს?.. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც რუსეთის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების სამოკავშირეო გაერთიანებაში შეგვიყვანენ, რაც, სავარაუდოდ, აღიარების შემდეგ მოხდება, რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნება - ან პირობებს წამოგვიყენებს, დავუმტკიცოთ, რომ მათთან ყოფნის ღირსი ვართ, ანუ გავაკეთოთ ყველაფერი საერთო მშვიდობისთვის. არ მინდა ცუდი პროგნოზი გამომივიდეს, მაგრამ ეს სამოკავშირეო გაერთიანება ძალიან გვაშორებს ევროპას, რომელიც ჩვენ ასე გვჭირდება განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის... კიდევ ერთი, იმ კავშირის ფარგლებში მარტივად ჩაგვრთავენ უკრაინის ომშიც. რუსეთი ჩვენს სტრატეგიულ ობიექტებს კერძო ბიზნესად ან ეფ-ეს-ბეს შეფობის საკუთრებად მიიჩნევს. აღიარება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ დავფიქრდეთ, რას ვიხდით ამისთვის და გვიღირს თუ არა იმ ფასად, მით უფრო, რომ არაერთხელ ვნახეთ, რუსეთმა მხოლოდ ქაღალდზე გვაღიარა... იმედია შეამჩნიეთ, რომ ასლან ბჟანია მუდმივად საუბრობს უკრაინის ომში აფხაზეთიდან მოხალისეების წასვლის აქტიურობაზე. ერთი ნაბიჯია იქამდე, რომ მან ეს ქმედება ოფიციალური გახადოს. როდესაც სამხედრო კომისარიატებთან უკრაინაში მიმავალ სამხედროფორმიან აფხაზ ახალგაზრდებს ვნახავთ, შემდეგ ვისაუბროთ ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის სიკეთეებზე", - წერს კასლანძია.

საქართველოს საგარეო უწყებამ ბელარუსის პრეზიდენტის ქმედება დაგმო, ელჩი ანატოლი ლისი პროტესტის ნიშნად დაიბარა და "ბელარუსის მხარეს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს", - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

ლუკაშენკოს ვიზიტი დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.