რუსეთი თვლის, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ბირთვული იარაღი გამოიყენოს - კვირის პალიტრა

რუსეთი თვლის, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ბირთვული იარაღი გამოიყენოს

მას შემდეგ, რაც რუსეთმა კიდევ ერთხელ სცადა დასავლეთის დაშანტაჟება ბირთვული იარაღით, გავრცელდა მოსაზრება, რომ შესაძლოა მოსკოვს ბირთვული პოტენციალი აღარც აქვს. ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა დასავლეთი ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ კიდევ ერთხელ გააფრთხილა. მისი თქმით, მოსკოვმა შეურაცხყოფად მიიღო ამერიკისა და ბრიტანეთის პირველი პირების განცხადება, რომ კატასტროფული“შედეგები მოჰყვება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას. "რუსებს ესმით, სად ვართ, ჩვენ გვესმის, სად ვართ, გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია, რომ რუსეთი ამ ნაბიჯის გადადგმისგან შევაკავოთ…და თუ გააკეთებენ, ჩვენ გადამწყვეტად ვუპასუხებთ", - ასეთი იყო თეთრი სახლის ოფიციალური პოზიცია. მედვედევის თქმით, რუსეთს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. "ბაიდენი და ტრასი, ასევე ბლინკენები და სალივანები რუსეთს სთხოვენ "ბირთვულ ღილაკს" ხელები მოაშოროს. ისინი მუდმივად გვემუქრებიან „საშინელი“ შედეგებით, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს და ლონდონელი დეიდაც, თავისი ახალგაზრდა ჭკუით, სრულიად მზად არის დაუყოვნებლივ დაიწყოს საპასუხო ბირთვული დარტყმები ჩვენს ქვეყანასთან. კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ - ყრუ-მუნჯებისთვის, რომელთაც მხოლოდ საკუთარი თავის ესმით - რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში. თუკი ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღით, ან თუ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით აგრესია საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს არსებობას", - განაცხადა მედვედევმა. მართლა გაბედავს თუ არა რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას და რა საფუძველი აქვს გავრცელებულ აზრს, რომ მოსკოვს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა აღარ აქვს, ამის შესახებ შეიარაღების სპეციალისტი გიგა ინაშვილი გვესაუბრება.

- უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის ზოგიერთი სახეობის გამოყენების შესაძლებლობას რეალისტურად მივიჩნევ. ამის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაიზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარებისა და ამ ტერიტორიების იურიდიულად მიერთების შემთხვევაში. ამოქმედდება კანონი, რომლის მიხედვითაც, რუსეთი უფლებას იტოვებს საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო შეტევის შემთხვევაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. თუ რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოყენება გადაწყვიტა, ვფიქრობ, ეს იქნება მცირე სიმძლავრის, რამდენიმეკილოტონიანი მუხტი, რომელიც გამანადგურებელ ეფექტს მხოლოდ ლოკალურად იქონიებს და სინამდვილეში ფსიქოლოგიური ეფექტი უფრო ექნება. თუმცა არ უნდა გამოირიცხოს ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს "ისკანდერის" 50-კილოტონიანი ბირთვული მოდიფიკაციის გამოყენებაც. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი ქმედითი ნაბიჯი, რაც დასავლეთს დარჩება, იქნება რუსეთის მთელ ტერიტორიისთვის ბირთვული დარტყმების მიყენება სტრატეგიული დანიშნულების საკონტინენტთაშორისო სისტემებით. პერსპექტივაში ეს გარდაუვალია.

- როგორ აისახება ბირთვული დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაზე, უსაფრთხოების რა ზომების მიღება შეგვიძლია?

- ბირთვული მსოფლიო ომი მთელ პლანეტაზე, განსაკუთრებით კი ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტებზე მოახდენს გავლენას. ძნელია პროგნოზის გაკეთება, შედეგი დამოკიდებულია ომის მასშტაბზე. ასეთი შემთხვევისთვის "ცივი ომის" დროს ორივე დაპირისპირებული ბანაკის მოსახლეობა ემზადებოდა. მაღალ დონეზე იყო მომზადებული ბუნკერების და მიწისქვეშა თავშესაფრების სისტემები, ყველა ოჯახში იყო საკვებისა და წყლის ხელუხლებელი მარაგი. დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ამ საკითხზე ჩვენმა ხელისუფლებამ და მოსახლეობამაც სერიოზულად იფიქრონ.

- ცოტა ხნის წინ პროფესიონალურ წრეებში გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია, თითქოს რუსეთს დიდი ხანია ბირთვული ქობინების განახლებისა და მოვლის ღონისძიებები აღარ ჩაუტარებია, რის გამოც ბირთვული იარაღის გამოყენებით სასურველ ეფექტს ვერ მიიღებს და შესაბამისად, პუტინისა და მედვედევის მუქარაც ბლეფია.

- მსმენია ამის შესახებ. რუსული ან სხვა ქვეყნების ბირთვული არსენალი ტექნიკურად რა მდგომარეობაშია, ზუსტი ინფორმაცია მხოლოდ მკაცრად გასაიდუმლოებულ პირებს აქვთ. პოლიტიკოსმა და მეცნიერმა, პეტრე მამრაძემ, რომელმაც ეს ვერსია გაავრცელა, დიდწილად მართალია. საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი ბირთვული ქობინების დიდ ნაწილს ექსპლუატაციის ვადა ყველანაირი გათვლით გასული უნდა ჰქონდეს. თუმცა ძველ მუხტებს სპეციალურ ობიექტებზე პერიოდულად აახლებენ. ყველა ქვეყანა ასე იქცევა, ვინაიდან ახალი მუხტების წარმოება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დიდი ხანია შეჩერდა. გამონაკლისი ჩრდილოეთ კორეაა, სადაც არავინ იცის, რა ხდება. სარეგლამენტო შემოწმებები და რესურსის გაგრძელება ბირთვულ და თერმობირთვულ მუხტებზე მართლაც მილიარდები ჯდება, რისი რესურსიც რუსეთს 90-იან წლებში ნამდვილად არ ჰქონდა. თუმცა რამდენიმე ასეული გარანტირებულად მოქმედი ქობინი მაინც იქნება მწყობრში, განსაკუთრებით კი სტრატეგიული სარაკეტო ჯარების შეიარაღებაში.

- პეტრე მამრაძისავე თქმით, როდესაც უკრაინამ რუსეთს გადასცა ბირთვული იარაღი, პრეზიდენტმა კრავჩუკმა განაცხადა, არც ერთი ქობინი აღარ ვარგაო. მამრაძე ირწმუნება, მაშინ ეს მთელმა მსოფლიომ გაიგო. თუ დასავლეთში მართლა იცოდნენ, რატომ აძლევდნენ პუტინს შანტაჟის საშუალებას?

- პეტრე მამრაძეს სხვადასხვა პროფესიასთან ერთად ფიზიკოსის განათლებაც აქვს, შესაბამისად, მისი ინფორმაცია ჩემთვის სანდოა. ჩემი აზრით, პრეზიდენტ კრავჩუკის განცხადებას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. შესაძლოა უკრაინიდან გატანილი მუხტების უმრავლესობას საბრძოლო გამოყენების ვადა გასული ჰქონდა, თუმცა შემდგომში განაახლეს თუ არა, უცნობია. სხვათა შორის, უკრაინაშიც ინახებოდა X-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტების ბირთვული მოდიფიკაციების მუხტები, რომლებსაც შესაძლოა მოდერნიზება ჩაუტარდა და თანამედროვე X-101 და Калибр-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებზე მოარგეს.

- ბირთვული იარაღის გარდა, კიდევ რა დარჩა ახლა რუსეთის შეიარაღებაში ისეთი, რაც ჯერ არ გამოუყენებიათ და რისი გამოყენებაც შეიძლება სავალალო გახდეს უკრაინისთვის?

- პრაქტიკულად, არაფერი, თუ არ ჩავთვლით ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის ფართომასშტაბიანი გამოყენების შესაძლებლობას. კონვენციური შეიარაღების ყველა სახეობა, ტიპი და მოდელი უკვე გამოიყენეს.

ხათუნა ბახტურიძე