„ბერიას ხელმძღვანელობით შექმნილი ატომური იარაღით რუსები დღესაც მთელ მსოფლიოს ემუქრებიან“ - კვირის პალიტრა

„ბერიას ხელმძღვანელობით შექმნილი ატომური იარაღით რუსები დღესაც მთელ მსოფლიოს ემუქრებიან“

ისტორიის მკვლევარი თენგიზ თხილავა ბერიას ხელმძღვანელობით შექმნილი ატომური იარაღის შესახებ გვესაუბრება:

- 1953 წლის 19 ივნისს ნიუ-იორკის შტატის უესტჩესტერის ოლქის ქალაქ ოსინინგში, სინგ-სინგის ცნობილ ციხეში ელექტროსკამზე სიკვდილით დასაჯეს ცოლ-ქმარი ჯულიუს და ეტელ როზენბერგები, ბრალდებულნი საბჭოთა დაზვერვისთვის ამერიკული ატომური ბომბის შესახებ საიდუმლო დოკუმენტების გადაცემაში. ზოგიერთი სპეციალისტი შემდგომში ეჭვს გამოთქვამდა, რომ როზენბერგებს რაიმე მნიშვნელოვან დოკუმენტაციაზე მიუწვდებოდათ ხელი, საბჭოთა სპეცსამსახურების ცნობილი ხელმძღვანელი გენერალი პაველ სუდოპლატოვი თავის მოგონებებში "დაზვერვა და კრემლი. არსასურველი მოწმის ჩანაწერები" წერს, რომ როზენბერგების როლი ამერიკული საიდუმლო დოკუმენტაციის საბჭოთა დაზვერვისთვის გადაცემაში გაზვიადებულია და სინამდვილეში არავითარი კავშირი არ ჰქონდათ ინფორმაციის ძირითად წყაროსთან.

საბჭოთა კავშირში ადრეული 30-იანებიდან მიმდინარეობდა რადიოქიმიური კვლევები. 1940 წელს ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში ატომური ბომბის პირველი პროექტი შეიქმნა. თუმცა დარგის აღიარებულმა ავტორიტეტმა, რადიოქიმიკოსმა, პროფესორმა ვიტალი ხლოპინმა ის უარყოფითად შეაფასა - პროექტში აღწერილი სახით მისი რეალიზება შეუძლებელიაო.

ამასობაში, 1938 წლის დეკემბერში, გერმანელმა მეცნიერებმა ოტო ჰანმა და ფრიც შტრასმანმა მსოფლიოში პირველებმა შეძლეს ურანის ატომის ბირთვის ხელოვნური გახლეჩა. 1939 წლის გაზაფხულზე გერმანიიდან ურანის გატანა აიკრძალა. ბელგიური კომპანია "უნიონ მინიერისგან", რომელიც ბელგიის კონგოში ურანის საბადოებს ამუშავებდა, სასწრაფოდ შეიძინეს დიდი რაოდენობით ურანი. 1939 წლის 26 სექტემბერს მუშა ჯგუფის თათბირზე ატომური იარაღის შექმნა 9-12 თვის განმავლობაში ჩაითვალა შესაძლებლად, რაც არარეალური ვადა იყო. მით უმეტეს, რომ ჰანსი და კიდევ რამდენიმე მეცნიერი ნაცისტებს მხარს არ უჭერდნენ და მაინცდამაინც არ ჩქარობდნენ მათთვის ახალი იარაღის დამზადებას. 1942-43 წლებიდან გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეეჩერებინა ახალ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკაზე მუშაობა, თუ ის გარანტირებულად ექვს თვეში შედეგს ვერ იძლეოდა. ამგვარად, საუკეთესო მეცნიერების ყოლის მიუხედავად, გერმანელებმა ატომური იარაღი ვერ შექმნეს, თუმცა ამ მეცნიერების კვლევებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამერიკული და საბჭოთა ატომური ბომბების შექმნისთვის.

1939 წლის აგვისტოში წარმოშობით უნგრელმა ამერიკელმა მეცნიერებმა ლეო სილარდმა და იუჯინ ვიგნერმა წერილი მისწერეს პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტს. წერილს ხელი ალბერტ აინშტაინმაც მოაწერა. ისინი პრეზიდენტს აფრთხილებდნენ, რომ გერმანიას შესაძლოა ატომური იარაღის შექმნა დაეწყო და საჭირო იყო ამერიკას დიდი რაოდენობით ურანის მადანი შეეძინა. რუზველტმა სტანდარტების ეროვნული ბიუროს დირექტორი ლაიმან ბრიგსი "ურანის კომიტეტის" მეთაურად დანიშნა და პრობლემის არსში გარკვევა დაავალა. 1-ლ ნოემბერს კომიტეტმა პრეზიდენტს მოახსენა, რომ ურანის გამოყენებით ახალი, დამანგრეველი იარაღის შექმნა შეიძლებოდა. ასე დაიწყო ე.წ. მანჰეტენის პროექტი. 1944 წლისთვის ამ პროექტში 129 ათასი კაცი იყო ჩართული. აქედან მხოლოდ ერთმა პროცენტმა იცოდა პროექტის მიზნის შესახებ. მუშაობა 1941 წლის დეკემბერში აშშ-ის მეორე მსოფლიო ომში ჩართვამ დააჩქარა. ურანს ბელგიის კონგოში შინკოლობვეს საბადოებზე მოიპოვებდნენ. კომპანია "უნიონ მინიერის" მმართველობის თავმჯდომარემ, ბელგიელმა ინჟინერმა და ბიზნესმენმა ედგარ სენჟიემ 1939 წლის შემოდგომაზე ბრიტანეთში ყოფნისას გაიგო, რა მნიშვნელობა ჰქონდა ურანს და რა საშიში იყო, თუ ის ხელში მტერს ჩაუვარდებოდა. ამავე დროს სენჟიეს დაუკავშირდნენ ფრანგი მეცნიერები ფრედერიკ ჟოლიო-კიურის ხელმძღვანელობით და ფრანგული ატომური იარაღის შექმნაში მონაწილეობა შესთავაზეს. თუმცა საფრანგეთი მალე დამარცხდა და ეს პროექტი შეჩერდა. სენჟიემ იმდენი მოახერხა, რომ შინკოლობვეში მოპოვებული ურანის მადნის დიდი ნაწილი, დაახლოებით 1050 ტონა, 1942 წელს კონგოდან ამერიკაში გადაიტანა, ნიუ-იორკში შეინახა და შემდეგ ამერიკელებს გადასცა. ამან ამერიკელებს მუშაობა გაუადვილა. მანჰეტენის პროექტში მონაწილეობდნენ როგორც ამერიკელი, ასევე გერმანიიდან, იტალიიდან და ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყნიდან ემიგრირებული მეცნიერები: ენრიკო ფერმი, რუდოლფ პაიერპსი, ოტო ფიშერი, კლაუს ფუქსი, ნილს ბორი და სხვები.

* * *

საბჭოთა კავშირის დაზვერვამ 1941 წლის სექტემბრიდან დაიწყო ინფორმაციის მოპოვება ინგლისისა და ამერიკის სამეცნიერო წრეების მიერ ატომური იარაღის შესაქმნელად ინტენსიური მუშაობის შესახებ. პირველი იყო ბრიტანელების მოხსენება, რომელიც 1941 წლის 16 სექტემბერს წარედგინა სამთავრობო კომიტეტს, 17 სექტემბერს კი ცნობილი "კემბრიჯის ხუთეულის" (კიმ ფილბი და სხვები) წევრის, ჯონ კენკროსის წყალობით უკვე საბჭოთა შინსახკომის საგარეო დაზვერვის განყოფილების უფროსს, მიხაილ ფიტინს ჰქონდა. კენკროსი ბრიტანეთის საიმპერიო სამხედრო კაბინეტის მდივნის, ლორდ მორის ჰენკის მდივანი იყო. მისი მიწოდებული ინფორმაციიდან ჩანდა, რომ ატომური ბომბის შექმნა უკვე ომის დასრულებამდე იყო შესაძლებელი. ფიტინმა კენკროსის ინფორმაციის შესახებ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარ ლავრენტი ბერიას მოახსენა. ბერიამ ბრძანა, ეს მონაცემები შინსახკომის მეოთხე განყოფილებისთვის გადაეცათ, რომელიც სამეცნიერო კვლევებით იყო დაკავებული. ფაქტობრივად, ამ მომენტიდან დაიწყო საბჭოთა ატომური იარაღის შექმნაზე პრაქტიკული მუშაობა. საბჭოთა დაზვერვა აქტიურად მუშაობდა ამერიკაშიც. განსაკუთრებით გაძლიერდა საბჭოთა სადაზვერვო საქმიანობა ამერიკაში ცოლ-ქმარ ვასილი და ელიზავეტა ზარუბინების ჩასვლის შემდეგ. ვასილი ზარუბინი საბჭოთა რეზიდენტი იყო ამერიკაში.

1942 წლის 28 სექტემბერს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბრძანებულებით, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიას ურანის ბირთვის გახლეჩით მიღებული ატომური ენერგიის გამოყენებაზე მუშაობის განახლება დაევალა. 1943 წლის 11 თებერვალს სტალინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ატომური იარაღის შესაქმნელად პრაქტიკული სამუშაოების პროგრამის შესახებ. პროგრამის ხელმძღვანელობა სტალინმა თავის მოადგილეს, ვიაჩესლავ მოლოტოვს დააკისრა. მან, თავის მხრივ, პროგრამის სამეცნიერო ხელმძღვანელად იგორ კურჩატოვი დანიშნა. 1944 წლის 3 დეკემბრიდან კი სტალინის ბრძანებულებით "ურანის სამუშაოების განვითარებაზე ყურადღების მიქცევა" ბერიას დაევალა.

1945 წლის 16 ივნისს ნიუ-მექსიკოს შტატში ალამაგორდოს პოლიგონზე ამერიკელებმა პირველი ატომური ბომბი გამოცადეს. ამან საბჭოთა კავშირში მუშაობა დააჩქარა. ის კიდევ უფრო დაიძაბა 6 აგვისტოს ჰიროსიმის, 9 აგვისტოს კი ნაგასაკის ატომური დაბომბვების შემდეგ. 1945 წლის 20 აგვისტოს შეიქმნა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული საგანგებო კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეც ბერია გახდა. შემდგომში ამ კომიტეტს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული საგანგებო კომიტეტი ეწოდა.

აკადემიკოსი იური ხარიტონი ბერიას ასე იხსენებდა: "ფანტასტიკურად რთული ფიგურაა, საშინელი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი. ის ჩვენ ძალიან გვეხმარებოდა იმ მხრივ, რომ ცდილობდა გაეგო ჩვენი საჭიროებები და თავისი თითქმის უსაზღვრო ძალაუფლების წყალობით პრაქტიკული საკითხების გაურთულებლად გადაწყვეტაში დაგვხმარებოდა. როცა ბერიამ ხელმძღვანელობა აიღო, მე მასთან შეხვედრა და საუბარი მიწევდა. რადგანაც ამერიკელების მიერ მათი ბომბის გამოცდის შემდეგ ძალიან დაძაბულ ტემპში მუშაობა მოგვიხდა, ბერიას როლი დიდი იყო".

* * *

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პროექტში გერმანელი მეცნიერების ჩართვას. ისინი სხვადასხვა ადგილას, მათ შორის სამხედრო ტყვეთა საბჭოთა და პოლონურ ბანაკებშიც იპოვეს. გერმანელ მეცნიერთა დაახლოებით 300-კაციანი ჯგუფი სოხუმში ჩაიყვანეს. აქ დიდი მთავრის, ალექსანდრ მიხაილოვიჩის და მილიონერისა და მეცენატის, ნიკოლაი სმეცკის ყოფილ მამულებში (სანატორიუმები "სინოპი" და "აგუძერა") შეიქმნა ორი ცენტრი - მანფრედ ფონ არდენესა და გუსტავ ჰერცის ხელმძღვანელობით. აქ მუშაობდნენ გამოჩენილი მეცნიერები: ნიკოლაუს რილი, მაქს ფოლმერი, პეტერ ტისენი და სხვები. გერმანიიდან ამ ცენტრებში მოწყობილობები და დანადგარებიც გაიტანეს. ამ ცენტრების საფუძველზე შეიქმნა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი.

გერმანიიდან წაიღეს ურანის ნედლეულიც. ამან მეცნიერებს ერთი წელი მოაგებინა, ვიდრე საბჭოთა კავშირში საკუთარ ურანს აღმოაჩენდნენ.

აუცილებელი გახდა ატომური მრეწველობის დარგის ნულიდან შექმნა. ამან მთელი საქარხნო ქალაქების აგება მოითხოვა. ბერია მთლიანად ამ საქმეზე იყო გადართული. იმ დროს ახალგაზრდა მეცნიერი ნინელ ეპატოვა იხსენებდა, როგორ ჩავიდა ბერია ჩელიაბინსკის ოლქში დახურულ ქალაქ ჩელიაბინსკ-40-ის (ახლანდელი ოზიორსკი) მშენებლობაზე.

პირველი საბჭოთა ატომური ბომბი გამოცადეს 1949 წლის 29 აგვისტოს ყაზახეთში, სპეციალურად აშენებულ სემიპალატინსკის პოლიგონზე. ლავრენტი ბერიამ თავისი მოვალეობა შეასრულა.

ამასობაში, 1943 წლის 1-ლ თებერვალს ამერიკაში სათავე დაედო პროექტ "ვენონას" - საბჭოთა დაზვერვის შიფროგრამების გაშიფვრას, რომელიც 1980 წლის ოქტომბერში დაიხურა. 1946 წელს კრიპტოლოგმა მერედიტ გარდნერმა 1944 წლის შიფროგრამა გაშიფრა და ნახა, რომ ლაპარაკი ატომურ იარაღზე იყო. რა თქმა უნდა, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ძიება დაიწყეს. სუდოპლატოვის თქმით, ჯულიუს და ეტელ როზენბერგები საბჭოთა დაზვერვისთვის 1938 წლიდან მუშაობდნენ. ჯულიუსი ელექტროინჟინერი იყო და კავშირგაბმულობის ჯარების სამოქალაქო ინსპექტორად მსახურობდა, რაც აღმოსავლეთ სანაპიროს სამხედრო ქარხნების დათვალიერების უფლებას აძლევდა.

როზენბერგი კომუნისტობის გამო 1945 წელს დაითხოვეს სამსახურიდან, მაგრამ ამ დროისთვის მას გადაბირებული ჰყავდა ცოლისძმა - დევიდ გრინგლასი, ამერიკის არმიის სერჟანტი და ლოს-ალამოსის ატომური ცენტრის მექანიკოსი. მას ფასეული ინფორმაცია გამოჰქონდა იქიდან. მაგალითად, გამოიტანა ნაგასაკიში ჩაგდებული ამერიკული ბომბის ნახაზები. ამერიკელმა კონტრმზვერავებმა დაადგინეს, რომ საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობდა ბრიტანეთში მცხოვრები გერმანელი მეცნიერი კლაუს ფუქსიც, გერმანიის კომპარტიის წევრი. ის ხელისუფლებაში ნაცისტების მისვლის მერე ბრიტანეთში გაიქცა და მანჰეტენის ჯგუფშიც ბრიტანელი მეცნიერების რეკომენდაციით მიიღეს (ამ დროისთვის, უინსტონ ჩერჩილის გადაწყვეტილებით, ბრიტანული ატომური პროექტი უკვე ამერიკულს იყო მიბმული). ფუქსმა საბჭოთა დაზვერვის მნიშვნელოვანი მეკავშირე, ამერიკელი ჰარი გოლდი დაასახელა, რომელიც ამერიკელებმა 1950 წლის 22 მაისს დააპატიმრეს. გოლდს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, ამიტომ გამოძიებასთან ითანამშრომლა და გრინგლასები დაასახელა. თავის მხრივ, გრინგლასებმა - როზენბერგები. საბოლოოდ სიკვდილით მხოლოდ ეს ორი დასაჯეს.

რა ბედი ეწია ლავრენტი ბერიას, ვიცით - როზენბერგების დასჯიდან ცოტა ხანში ისიც დააპატიმრეს, ოფიციალური ვერსიით, 1953 წლის 26 ივნისს, 23 დეკემბერს კი დახვრიტეს.

ბერიას ხელმძღვანელობით შექმნილი ატომური იარაღით რუსები დღეს მთელ მსოფლიოს ემუქრებიან.