"მობილიზაციის გაგრძელება ოსებსა და აფხაზებს აიძულებს ან შეეწინააღმდეგონ მოსკოვს, ან გამოიხედონ თბილისისკენ“ - კვირის პალიტრა

"მობილიზაციის გაგრძელება ოსებსა და აფხაზებს აიძულებს ან შეეწინააღმდეგონ მოსკოვს, ან გამოიხედონ თბილისისკენ“

"ჩვენ შეგვიძლია საფრთხე სარგებლად ვაქციოთ. რუსების მასობრივი გადმოსვლა პატარა, პოლიტიკურად დასუსტებული, არაკონსოლიდირებული საზოგადოების მქონე ქვეყანაში, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია. თუ პროცესს ჭკვიანურად ვმართავთ, სავსებით შესაძლებელია საშუალოვადიან პერსპექტივაში დადებითი შედეგები და სარგებელიც კი მივიღოთ", - ასე ეხმაურება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას "საქართველოს უნივერსიტეტის" პროფესორი ლაშა ძებისაშვილი. რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ და როგორ უნდა ვმართოთ პროცესი, ამის შესახებ თავად გვიამბობს:

- საქართველოსკენ დაძრული რუსების დიდი ნაწილი მართლა გმობს რუსულ აგრესიას უკრაინაში, ხოლო მთლიანობაში ეს მასა გაურბის ომს - მას არ უნდა რუსული ჯარის შევსება, რაც უდავოდ კარგია. ეს მასა აუცილებლად შეავსებდა რუსული არმიის რიგებს არა მარტო უკრაინის ფრონტზე, არამედ ჩვენს წინააღმდეგ მომართულ ქვედანაყოფებსაც ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში, რაც სამხედრო საფრთხეს გაგვიზრდიდა. ანუ კარგია, რომ არ ავსებენ რუსული არმიის რიგებს.

მოდი, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ ლოგიკაშიც გავერკვიოთ - ამ ხალხს დეზერტირებს რომ ვუწოდებთ, ამით რა პოზიციას გამოვხატავთ? მივიჩნევთ, რომ ჯარში უნდა წასულიყვნენ?! აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰუმანიტარული პრინციპი არავის გაუუქმებია და გვინდა თუ არა, მაინც ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ცივილიზებული სამყარო იქცევა - ანუ უნდა მიიღო ის, ვინც ომს გაურბის. მხედველობაში ისიც უნდა მივიღოთ, რომ რუსებთან ერთად გადმოდიან რუსეთში მცხოვრები ქართველებიც, რომლებიც აქ მცხოვრები ქართველების ნათესავები არიან.

- თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ამ პროცესისგან სარგებლის მიღება?

- მობილიზაციის გაგრძელება და რუსეთში ეკონომიკური ვითარების გაუარესება, რაც უკვე თვალსაჩინოა, ოსებსა და აფხაზებს აიძულებს ან შეეწინააღმდეგონ მოსკოვს, ან გამოიხედონ თბილისისკენ. ოფიციალურ პირებს ამის გაკეთებას ხალხი დაასწრებს. ჯერ ოკუპაციის ხაზის გადმოლახვას დაიწყებენ ყველა მხრიდან, რომელსაც რუსები ვერ აკონტროლებენ, ხოლო თუ კრემლმა მაგრად მოუჭირა ხელი (განსაკუთრებით, ოსებს), საოკუპაციო ხაზის გადმოლახვა უფრო მასობრივ ხასიათს მიიღებს. რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, პირდაპირი ანალოგიაა, ადრე საუკუნეებში ხალხთა დიდი გადასახლებისა. პირველი ტალღა ომით არის გამოწვეული, ხოლო ცოტა ხანში ეკონომიკური მიგრაცია დაიწყება და რაც მთავარია, ძირითადი ბიზნესების და სხვა საქმიანობის გადმოტანა. აქამდე უმეტესად აიტი-სფერო გადმოვიდა, მომავალში სხვაც გადმოვა.

- როგორ წარმოგიდგენიათ, რუსების მასობრივად შემოსვლა 3-მილიონიან ქვეყანაში ეთნიკურ სურათს არ შეცვლის?

- ეს ნამდვილად არის პრობლემა. უცხო ხალხის დიდი მასა ეთნიკურ სურათს ცვლის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ პროცესი შეუქცევადი გახდება, ორ კვირაში აუცილებლად მივუახლოვდებით 90-იანი წლების ნიშნულს, როდესაც საქართველოში 300-400 ათასამდე რუსი ცხოვრობდა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაშინ საქართველოში 5 მილიონი კაცი ცხოვრობდა, დღეს მხოლოდ 3 მილიონი ვართ, თანაც გადინების დიდი დინამიკით. დღეს საქართველოში უკვე გვყავს 200 ათასი რუსი. 140-მილიონიანი რუსეთისთვის ეს დიდი დანაკარგი არ არის, 3-მილიონიანი საქართველოსთვის კი ნამდვილი კატასტროფაა, გამოდის, ჩვენ შორის ყოველი მეათე კაცი რუსი იქნება. ესე იგი, პრობლემა მხოლოდ იმით კი არ შეგვექმნება, რომ ჩვენს პატარა ქვეყანაში სხვა, პარალელური კულტურის საზოგადოება შეიქმნება, არამედ ეკონომიკასაც, პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობას დიდ ტვირთად დააწვება. შორს არ წავალ და შეგახსენებთ, რომ თუ ადრე ბინას 500 ლარად იქირავებდით, დღეს იმავე ბინას 500 დოლარზე ნაკლებად ვეღარ ნახავთ. მოკლევადიანი თვალსაზრისით, მიკროეკონომიკური მაჩვენებელი და მიკროეკონომიკური შედეგი უარყოფითია, იმიტომ, რომ ეკონომიკურ სუბიექტებს ბევრი ფულის შემოტანის საშუალება ეძლევათ, ბევრი ფულის შემოტანა კი ინფლაციურ პროცესებს - ფასების ზრდას იწვევს. სურათი ერთი შეხედვით მძიმეა, მაგრამ პროცესზე მკაცრი კონტროლი დაწესდება, თანაც ისე, რომ ჩვენი ქვეყნის მხოლოდ ეკონომიკური კი არა, საზოგადოებრივ-კულტურული ინტერესებიც დაცული იქნება, ყველაფრის ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალება შეიძლება. კარგი იქნება, თუ ამას ხელისუფლება ითავებს, თუ არადა, საზოგადოებამ უნდა მისცეს ბიძგი და დაიწყოს პრობლემის მოგვარება. პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ, რა გვინდა ამ ხალხისგან.

თუ გვინდა, რომ აქ არ დარჩეს, ასეთ შემთხვევაში უნდა შევიმუშაოთ ისეთი პოლიტიკა, რომლის საშუალებითაც ერთი წლის შემდეგ არ ექნებათ აქ დარჩენის საშუალება - არ მივცეთ ბინადრობის უფლება და ეკონომიკური საქმიანობის საშუალება. თუ მიგვაჩნია, რომ აქ უნდა დავტოვოთ, მაშინ დღესვე უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორ უზრუნველვყოთ, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილად, ხოლო მათი შვილები ქართული კულტურულ-პოლიტიკური სივრცის ორგანულ ნაწილად ვაქციოთ. დიახ, მათგან ჩვენი ქვეყნის პატრიოტები უნდა მივიღოთ და არა პარალელური ჩაკეტილი სივრცეების წარმომადგენლები, სადაც ქართველ საზოგადოებასთან კონტაქტი მინიმუმამდე იქნება დასული. და კიდევ ერთი - ეს პროცესები ასევე უნდა გავიაზროთ ევროპული სივრცის ახალი მოწყობის კონტექსტში, საიდანაც ჩვენ ვერ ამოვვარდებით თუნდაც იმ უტიფარ და უვიც ქართველთა მტკიცებით, რომლებიც დღეს თავიანთ გუშინდელ კრემლისტურ პოზიციას ვითომ ნეიტრალური და პროქართული განცხადებებით ნიღბავენ, არც რუსეთი გვინდა და არც ამერიკა-ევროპაო. ეს ხალხი, მინიმუმ, უვიცია და როგორც წესი, რუსისტი მავნებელი, ან "სავოკი", ან ალტინფოელი ზომბია.

მოკლედ, პროცესებს სჭირდება ჭკვიანური, გააზრებული და გრძელვადიანი მართვა მკაფიო მიზნების (პოლიტიკური და ეკონომიკური) მისაღწევად.

„ახლა ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც წაგებულ ომში წასვლა სურს“

"ახლა აქ ყველაფერი ისმინება... ძალიან ვრისკავ, რომ გელაპარაკებით", - ასე დაიწყო სატელეფონო საუბარი რუსეთის ერთ დიდ ქალაქში მცხოვრებმა ქართველმა. ქალბატონი ციცინო 20 წელზეა მეტია რუსეთში ქმარსა და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი ერთი ვაჟი ქიმიკოსია და სკოლაში მუშაობს, მეორე - საავიაციო ქარხნის თანამშრომელია, გოგონა კი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. ქალბატონ ციცინოსთან საუბრისას შევეცადე გამერკვია, რა ვითარებაა ახლა რუსეთში და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ ქართველები.

ციცინო ლიპარტელიანი:

- ჩემი უფროსი ვაჟი 5 წლის იყო, რუსეთში რომ გადმოვსახლდით. 90-იანი წლები იყო, საქართველოში თავის გატანა გაგვიჭირდა. უკვე 28 წელია აქ ვცხოვრობთ და არ მახსოვს, ასეთი გაუსაძლისი სიტუაცია ყოფილიყოს. ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს, ძალიან ცუდი მოლოდინი გვაქვს. კაცმა არ იცის, რა მოუვა თავში იმ ერთ კაცს, კრემლში რომ ზის. ის არ გვაკმარა, უაზრო ომში ცხვრებივით მიერეკება ხალხს, ახლა ბირთვული იარაღითაც იმუქრება.

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, ცხოვრება ძალიან გაჭირდა. ზოგს შვილების გამოკვებაც უჭირთ. თუმცა მას შემდეგ, რაც მობილიზაცია გამოცხადდა, უკვალოდ გაქრა ეკონომიკურ პრობლემებზე დარდი, ახლა ვამბობთ, ოღონდ ქმარ-შვილი, ძმები, მამები გვყავდეს გვერდით და სხვას ყველაფერს გავუძლებთ. ჩემი შვილი, რომელიც საავიაციო ქარხანაში მუშაობს, მამშვიდებს, რომ ომში არ წაიყვანენ. მეორეს სამხედრო გამოცდილება არა აქვს. ისიც მეუბნება, მე არავინ შემეხებაო, მაგრამ თუ იმ ერთ კაცს გაუჭირდა, შეიძლება ასაკიანი ქალებიც კი გაგვიშვან ფრონტზე.G შიშთან ერთად, გაურკვევლობაც მტანჯავს - კი, შეიძლება კაცს ომში წასვლამ მოუწიოს, მაგრამ ვის ომში?!

- თქვენი მეზობლები, ნაცნობები, რას ფიქრობენ რუსეთ-უკრაინის ომზე?

- თუ ადამიანი ძალიან ახლობელი არ არის, ერიდება შენთან გულწრფელ საუბარს. ბოლო წლებში აქ ასეთი პროპაგანდა იყო - ნატოს რუსეთის განადგურება სურს, რადგან რუსეთი ერთადერთია, რომელიც მსოფლიოში მართლმადიდებლობას იცავს. სულ იყო საუბარი იმის შესახებ, რომ უკრაინას ჰყავს გადაგვარებული ორიენტაციის, ნარკომანი, კორუმპირებული ხელისუფლება და უკრაინელი ხალხი უფსკრულში მიჰყავს. ომის დაწყების პირველ დღეებში აქ ველოდებოდით, რომ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობა რუსული ჯარს ისე შეხვდებოდა, როგორც განმათავისუფლებლებს. ეს რომ არ მოხდა, გაჩნდა კითხვები, რა დაემართათ, რატომ აკეთებენ არჩევანს გარყვნილი დასავლეთის სასარგებლოდ და ასე შემდეგ...

- როდესაც მსოფლიომ გაიგო, რა ამბავი დაატრიალა რუსულმა ჯარმა ბუჩაში, ირპენში, ამაზე როგორი იყო რუსი მშვიდობიანი მოსახლეობის რეაქცია?

- აქ ასე ადვილი არ არის რეალური ინფორმაციის მიღება. მე ბევრი რამ მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რაც ზაფხულში საქართველოში ვიყავი ჩამოსული. გარდა მაგისა, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ომში ქალები და ბავშვები იღუპებიან და ეს ნორმალურია. ბევრია ისეთი, ბოლო დრომდე რუსეთის საომარ მოქმედებებს რომ ამართლებდნენ, მიაჩნდათ, რომ უკრაინა სამართლიანად ისჯებოდა მოძმე რუსების ღალატისთვის.

- ახლა რამ შეცვალა მათი პოზიცია?

- ვერ ვიტყვი, რომ პოზიცია ბევრმა შეცვალა, უბრალოდ, მათ თავად არ სურთ ომში წასვლა. ნახეს, რომ უკრაინას მთელი დასავლეთი ეხმარება, რომ ძალიან დიდი შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა აქვთ და ეშინიათ. ახლა ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც წაგებულ ომში წასვლა სურს. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რუსებს ძალიან უჭირთ. ზოგს ურჩევნია ციხეში ჩაჯდეს, ვიდრე ომში წავიდეს. მეც ასე მირჩევნია, იმიტომ, რომ არ მინდა ჩემი ქმარ-შვილის სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ დაიდოს სასწორზე, ერთ კაცს უაზრო ახირებები აქვს. ამასთან, ვიცი, რომ უკრაინის მხარეს ძალიან ბევრი ქართველი იბრძვის. არ მინდა ჩემმა ქმარ-შვილმა ქართველების სისხლში გაისვარონ ხელი და არც ის, რომ ამათ მოხვდეთ ქართველის ტყვია.

- საქართველოში რატომ არ წამოხვედით?

- ზაფხულში ვიყავი საქართველოში უმცროს ვაჟსა და ქალიშვილთან ერთად. ერთხანს ვფიქრობდი, დავრჩები-მეთქი, მაგრამ ვინაიდან უფროსი ვაჟი და მეუღლე ვერ დავიყოლიეთ, ჩვენც უკან დავბრუნდით. სიტუაცია თანდათან რომ იძაბებოდა, ჩვენც ხშირად განვიხილავდით საქართველოში დაბრუნების საკითხს, მაგრამ ეკონომიკური პრობლემები გვაბრკოლებდა. ჩემი შვილები ამბობენ, ქართველები თავად გარბიან ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენ თავი რითი ვირჩინოთო. ახლა, როცა ძალიან გართულდა სიტუაცია, კი ვნანობთ, დროულად რომ ვერ გადავწყვიტეთ ჩამოსვლა. ასე რომ, დიდ სტრესში გვიწევს ყოფნა, ყოველი დღის გათენებასა და დაღამებას შიშით ველოდებით, არ ვიცით, როდის მოგვადგებიან კომისარიატიდან.

ხათუნა ბახტურიძე