"ხედავდნენ, როგორ ეზიდებოდნენ რუსი სამხედროები მათი სახლებიდან ყველაფერს. ნაპოვნ სასმელს იქვე სვამდნენ, მერე კი ერთმანეთს დაერეოდნენ და ყველაფერს ლეწავდნენ. უმეტესად მშივრები იყვნენ" - კვირის პალიტრა

"ხედავდნენ, როგორ ეზიდებოდნენ რუსი სამხედროები მათი სახლებიდან ყველაფერს. ნაპოვნ სასმელს იქვე სვამდნენ, მერე კი ერთმანეთს დაერეოდნენ და ყველაფერს ლეწავდნენ. უმეტესად მშივრები იყვნენ"

რუსი ოკუპანტები უკრაინიდან გარბიან და უკრაინელები მათი არაადამიანური სისასტიკის კვალს ყველგან აწყდებიან. უკრაინელი ირინა კლაიენი გვიყვება, რომ გათავისუფლებულ ქალაქსა და მის გარეუბნებში, შეიარაღებული ძალები და პოლიცია თითქმის ყოველდღე პოულობს ნაწამებ, ხელფეხგაკოჭილ და დახვრეტილ ადამიანებს, თვეების განმავლობაში სარდაფში ჩაკეტილ სამოქალაქო პირებს, რომლებიც გამოზოგილი პურით, წვიმის წყლითა და სხვა მწირი საკვებით ცდილობდნენ გადარჩენას. ვიღაცას გაუმართლა და გადარჩა, თუმცა რამდენიმე ადგილას, ხარკოვის ოლქში, იზიუმის ახლოს, ტყეში იპოვეს ასობით სამოქალაქო პირის საერთო საფლავი, რომელთა შორის ქალები და ბავშვები არიან.

- როგორც იზიუმში, ისე საერთოდ ხარკოვის ოლქში, სურათი ბევრად მძიმეა, ვიდრე ბუჩაში, ირპენსა და კიევის მიმდებარე ქალაქებში. დაღუპულების ნაწილი სარაკეტო დარტყმებს ემსხვერპლა, თუმცა უფრო მეტია დახოცილი "ღალატისთვის", "ნაცისტებისთვის სასარგებლო საქმიანობისთვის", "საეჭვო ნივთების აღმოჩენის" გამო.

ყველა ქალაქი და დასახლება, რომლებსაც ამ ექვსი თვის განმავლობაში რუსი ოკუპანტები აკონტროლებდნენ, ფაქტობრივად, განადგურებულია. დამწვარია სახლები, დაცხრილული და დაბომბილია საცხოვრებელი კორპუსები, სამოქალაქო ობიექტები, ადმინისტრაციული შენობები, სკოლები, საბავშვო ბაღები... მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც, რუსი სამხედროები იმ საცხოვრებელ სახლებს, რომელთა სარდაფებში ხალხი იყო შეფარებული, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებს უშენდნენ, შემდეგ კი იმ ადგილს სნაიპერები ამუშავებდნენ. ბრძანება ჰქონდათ, ვინც ხელებაწეული არ გამოვა და არ ჩაგბარდებათ, ესროლეთო. საერთო სასაფლაოზე მშვიდობიანი მოსახლეობის გარდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებიც არიან.

ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში საშინელი სუნია, რადგან დამწვარი და ჩამოქცეული შენობებიდან ცხედრების ამოტანა მხოლოდ შენობების დემონტაჟის შემდეგ არის შესაძლებელი, ამას კი დრო სჭირდება. რამდენიმე დღის წინ ერთ საცხოვრებელ კორპუსში 12 კაცის ცხედარი იპოვეს, ვერც ერთი მათგანის ამოცნობა ვერ მოხერხდა. სხვებისთვის რომ მაგალითი ყოფილიყო, ადამიანებს სახით კედლისკენ ატრიალებდნენ და ზურგში ესროდნენ.

ბოლო დროს ისე იყვნენ შეშინებული, ტყვედ აღარავინ აჰყავდათ, მაშინვე ხვრეტდნენ. ნაპოვნია 5 და 15 წლამდე ბავშვების ცხედრები, ქალთან, სავარაუდოდ, დედასთან ერთად. საერთო საფლავებში არაერთი ხელებშეკრული სამხედროს ცხედარი აღმოაჩინეს, უკრაინული სიმბოლიკებით...

არაერთი უცხოელი მოხალისე და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობაა ჩამოსული, რომლებიც დაღუპული და დაკარგული ადამიანების მოძიებაზე კი არა, სამალავებში დარჩენილებთანაც მუშაობენ.

- ამ თვეების განმავლობაში სამალავში იყვნენ?

- ზოგიერთი ავტოფარეხსა და ფარდულში იყო დამალული, ხედავდნენ, როგორ ეზიდებოდნენ რუსი სამხედროები მათი სახლებიდან ყველაფერს: საბნებსა და პლედებს, პირსახოცებს, თეთრეულს, ავეჯს, სურსათ-სანოვაგეს. თურმე ერთი მაცივარს მიათრევდა, კიბეზე ჩატანისას ხელიდან გავარდნია და ფეხზე დასცემია, უხაროდა, იმედია, ფეხი მოტეხილი მაქვს, სახლში გამიშვებენ და მაცივარს და სხვა რამეებსაც წავიღებო. ნაპოვნ სასმელს იქვე სვამდნენ, მერე კი ერთმანეთს დაერეოდნენ და ყველაფერს ლეწავდნენ. არავითარი სამხედრო წესრიგი, დისციპლინა. ვინც თავხედი არ იყო, ხალხს პურს, არაყს და გადასახვევს სთხოვდა, ბრძანება მაქვს, სამხედრო ნაწილში უნდა მივიტანოო. მეთაურობა არ ვიცი, მაგრამ ჯარისკაცები უმეტესად მშივრები იყვნენ. ქალაქში არ იყო წყალი და დენი. 'ჯარისკაცები, ადგილობრივებთან ერთად სატვირთო მანქანებით მიდიოდნენ და წყლის ავზებს ავსებდნენ, თან პანიკური შიში ჰქონდათ, საიდანმე უკრაინელი სამხედროები ან პარტიზანები არ დასხმოდნენ თავს. განსაკუთრებული ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე. ვისზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ სამხედროებთან კავშირი ექნებოდათ, აკავებდნენ, დაკითხვების ოთახში მიჰყავდათ და აწამებდნენ. აღმოჩენილია რამდენიმე "სპეციალური სამხედრო კაბინეტი", სადაც ვითომ ეჭვმიტანილებს ჰკითხავდნენ... ტერიტორიის დეოკუპაციის შემდეგ იქ წამებით დახოცილები იპოვეს. კოლაბორაციონისტებს, იმ პირთა სია ჰქონდათ, ვისი შვილები ან ოჯახის წევრები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან, მალულად იღებდნენ ვიდეოებს, თუ როგორ მიდიოდნენ მათთან სახლში უკრაინის პოლიციის ან არმიის ავტომანქანები და ამით ცდილობდნენ რუსების კეთილგანწყობის მოპოვებას. რამდენიმე დანიშნეს კიდეც ადმინისტრაციის სამსახურში. დეოკუპაციის შემდეგ მათ თავს უშველეს. ახლა, ალბათ, რომელიმე ქვეყნის საზღვარზე რიგში დგანან, რათა ნაწილობრივ მობილიზაციას როგორმე თავი აარიდონ. ამ ომში რუსეთის ბედი გადაწყვეტილია, მაგრამ სამხედრო დანაშაულები არ უნდა შერჩეს მოსახლეობასაც, რომელიც ახლა ომში გაწვევის შიშით ქვეყნიდან გარბის, თურმე იმიტომ, რომ ომი არ სურთ. ექვსი თვეა მათი ქვეყნის თავდასხმას ჩვენს ქვეყანაში ათასობით ადამიანი ეწირება, მათ შორის უდანაშაულო ქალები, ბავშვები და მოხუცები. ახლა კი იმის შიშით, რომ ომში არ წაიყვანონ, რუსეთიდან გარბიან. თავიანთ ქვეყანას ვერ იცავენ, მაგრამ უკრაინაში იარაღით ხელში რომ შედიან, თავი იქაურობის ბატონ-პატრონი ჰგონიათ. მათ წიაღში დაიბადნენ და გაიზარდნენ ის მოძალადეები, უკრაინაში ჯოჯოხეთი რომ დაატრიალეს.

რუსები აქ ვერასდროს დაბრუნდებიან. არ შევარჩენთ ჩვენი ხალხის დაწიოკებას, წამებას, ქალაქებისა და სოფლების გაპარტახება-გადაწვას. ის ადამიანები ვერ გაცოცხლდებიან, მაგრამ მათი ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლის გამო რუსებმა მწარედ უნდა ზღონ.