"იმედია, ჩემი მამა-პაპის ტრაგედიის გამგრძელებელი არ ვიქნები და ჩემს საქართველოს მალე ვიხილავ“ - კვირის პალიტრა

"იმედია, ჩემი მამა-პაპის ტრაგედიის გამგრძელებელი არ ვიქნები და ჩემს საქართველოს მალე ვიხილავ“

საიდან იწყება სამშობლო? საოცარია, მაგრამ ამ კითხვაზე ყველაზე ზუსტი პასუხი იმ კაცისაგან მივიღე, რომელმაც სამშობლო მხოლოდ ზრდასრულობაში ნახა. მან მითხრა, რომ სამშობლო გულია, და თუ გულს მოიგლეჯ, ეს ნიშნავს, რომ მკვდარი ხარ. კიდევ Dბევრი სხვა რამაც მიამბო. ტაშფოლად მაჰამედოვი, იგივე შოთა დემეტრაძე, იმ ხალხის სიმბოლოა, რომელიც სამშობლოს მართლაც გულით დაატარებს, მასთან ხელახალი განშორება კი მისთვის უმძიმესი ტკივილია. ისე, როგორც მისი წინაპრებისათვის, რომლებსაც მუსლიმანი მესხები ერქვათ, და რომლებიც 1944 წლის ერთ ბნელ ღამეს პირუტყვის ვაგონებით უზბეკეთში გადაასახლეს. იმ ღამეს თითო ვაგონში 17-18 მესხის ოჯახი იყო შეყრილი, რომლებიდანაც თითქმის ყველა დაიღუპა, ტაშფოლადის ბებია-ბაბუის გარდა. ტაშფოლადი მხოლოდ წლის იყო, როდესაც ბაბუა გარდაეცვალა. როგორც უამბეს, სამშობლოს ნატვრაში ამოხდა მას სული. ერთხელაც ტაშფოლადის ავადმყოფმა მამამ ოჯახი შეკრიბა და უთხრა, მორჩა, უზბეკეთი მთავრდება, ყაბარდო-ბალყარეთში მივდივართ საცხოვრებლადო.

შოთა დემეტრაძე (ტაშფოლად მაჰამედოვი): - როგორც შუა აზიაში გადასახლებულ ყველა მესხს, გვარ-სახელი ჩვენც გადაკეთებული გვქონდა. მშობლებმა ბაბუის სახელი, შოთა მალულად დამარქვეს. მამა ხშირად მაფრთხილებდა, არასოდეს თქვა, რომ ქართული სახელი გქვია, თორემ დაგსჯიანო. ერთხელაც კი, როცა გადასახლებულებისათვის კანონები შემსუბუქდა, მთელი ოჯახი შეგვკრიბა და გვითხრა, მორჩა, ყაბარდოში გადავდივართ საცხოვრებლად. საქართველოში არ შეგვიშვებენ, მის მეზობლად მაინც ვიცხოვრებთ, სამშობლო გვერდით გვექნებაო.

- საქართველოში რატომ ვერ ბრუნდებოდით?

- აკრძალული გვქონდა. რომელი გადასახლებული მესხი ბრუნდებოდა 1970-იან წლებში საქართველოში, რომ ჩვენ დავბრუნებულიყავით? მერე მამა ავად გახდა და სულ მეხვეწებოდა, მე საქართველოში ვეღარ ჩავაღწევ, მაგრამ შენ დაბრუნდი, ამას სამარეშიც გავიგებო. ღმერთმა მართლაც შემაძლებინა ეს. ყაბარდოში ტაქსისტად დავიწყე მუშაობა და ქართველებიც გადმომყავდა საქართველოში. ქართული მშობლებმა მასწავლეს, ამიტომ მათი საუბარი მესმოდა, თუმცა მესხეთზე შეკითხვას ვერავის ვუბედავდი, თითქოს ღმერთთან უნდა მივსულიყავი და მეშინოდა.

ერთხელაც გავიღვიძე და თავს ვუთხარი, მორჩა, დღეს უნდა გავბედო ადიგენში წასვლა-მეთქი. მთელი გზა გული ისე მიცემდა, მანქანა სოფლის შესასვლელთან გავაჩერე და კარგა ხანს ველოდებოდი ვინმეს გამოჩენას, რომ სოფელში შევყოლოდი. ჩემდა ბედად, მოხუცმა კაცმა გამოიარა. ვთხოვე, ამ სოფელში რომ დემეტრაძეები ცხოვრობდნენ, იქნებ კიდევ არსებობს მათი სასაფლაო და ხომ არ მიმასწავლი-მეთქი.

eradze2-1664714189.jpg
თურქი მესხები უზბეკეთში, მარჯვნივ ტაშფოლადის მამა მემედ (მურად) დემეტრაძე

- ნუთუ იმდროინდელი საფლავები კიდევ შემორჩენილი იყო?

- ქართველი კაცი საფლავს როგორ გადათხრის!…დავცქეროდი ჩემი წინაპრების საფლავებს და ცრემლები მომდიოდა. ის ჩემი მოხუცი მეგზურიც ჩემთან ერთად ტიროდა. ყველაფერი ახსოვდა ჩვენებზე, მითხრა, უსამართლობა მოხდა, რას აშავებდით, რატომ გაგიმეტესო!

სწორედ იმ დღეს გადავწყვიტე, სამშობლოში უნდა დავბრუნდე და შვილები აქ უნდა გავზარდო-მეთქი. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ვიშრომე და ვიწვალე, რომ მესხეთში, ვალეში სახლი მეყიდა, თანაც ისე, რომ ოჯახს არ სცოდნოდა. ჩემი ცოლიც მესხია, შვილები, როგორც შეგვეძლო, ქართველებად გავზარდეთ. მოკლედ, ცოლს, რომ ვუამბე, არ დამიჯერა, ასეთი ხუმრობა როგორ შეიძლება, მართალი რომ არ გამოდგება, შვილებს გული ეტკინებათო. მხოლოდ მაშინ დამიჯერა, როდესაც ვალეში წავიყვანე და სახლი ვაჩვენე.

- რა თქვა?

- იტირა და მერე მითხრა, მორჩა, მოვემზადოთ და დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაშიო, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ ვერასოდეს დავბრუნდით.

ჩემი ცოლი ავად გახდა და ბალყარეთის საავადმყოფოს რეანიმაციაში აღმოჩნდა. მკურნალობა რამდენიმე თვე დასჭირდა. საქართველოში მობრუნებულები კი საზღვარზე აღარ გამოგვატარეს - კანონები გამკაცრდა, საქართველოს მოქალაქეები არა ხართ და ვერ შემოგიშვებთო. ახლა ჩემი ოჯახიც იზიარებს ჩვენი წინაპრების ბედს. ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, მაგრამ სამშობლოში მაინც არ გვიშვებენ. მგონია, რომ ჩემი მამა-პაპის ტრაგედიის გამგრძელებელი არ ვიქნები და ჩემს საქართველოს მალე ვიხილავ.

შოთა დემეტრაძე იმ იმედით დამემშვიდობა, რომ მალე გაეხსნება თავისი ქვეყნის კარი, რომელიც დაბადებიდან უმიზეზოდ ჰქონდა ჩაკეტილი. მეც იმ იმედით ვარ, რომ ერთხელაც კარი გაიღება და უსამართლობაც დასრულდება ჩემს ქვეყანაში.ეთერ ერაძე