"საქართველოსაც მალე ექნება ისეთი შესაძლებლობები, რომ ახალგაზრდები უცხოეთში აღარ წავიდნენ" - კვირის პალიტრა

"საქართველოსაც მალე ექნება ისეთი შესაძლებლობები, რომ ახალგაზრდები უცხოეთში აღარ წავიდნენ"

„ჩემი სტუდენტების იმედით ავად გახდომის არ შემეშინდებოდა“

აფხაზეთი 15 წლისამ დატოვა. როგორც დევნილი მოზარდების უმრავლესობას, უზრუნველი ბავშვობა მასაც იქ დარჩა. მას შემდეგ წლები გავიდა. ახლა ექიმი-პათოლოგი გვანცა ხარაიშვილი ოჯახთან ერთად ჩეხეთში ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს და ქართველ სტუდენტებს ევროპულ გამოცდილებას უზიარებს.

- სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. ალბათ, არ ვიქნები პირველი, ვინც აფხაზეთს და იქ გატარებულ წლებს ძალიან ტკბილად მოიგონებს. ეს არ იყო მხოლოდ ზღვა, სანაპირო, პალმები ან თეთრი შენობები, ეს იყო დაუვიწყარი, ტკბილი ბავშვობა, კლასელები, ბებიას ხაჭაპური თუ ბაბუას კითხვისგან გაცრეცილი წიგნები და საინტერესოდ მოყოლილი ამბები. მეორე ბებია და ბაბუა ოჩამჩირეში, სოფელ კოჩარაში ცხოვრობდნენ. იქ ჩასვლა ჩვენთვის ზეიმი იყო, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც სახლი თბილისიდან ჩამოსული ნათესავებით ივსებოდა, მერე მეზობელი ან აფხაზური სოფლიდან შემოსწრებული სტუმარიც გვემატებოდა.

მამა სასწავლო ნაწილის გამგე და მათემატიკის მასწავლებელი იყო, მეტსახელად "მოსიარულე ენციკლოპედიას" ეძახდნენ, დედა ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მოსწავლეებს იმდენად უყვარდათ, ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ.

მერე კი ომი დაიწყო. მახსოვს, როგორ გვეშინოდა, ჩვენს ეზოებს გუგუნით რომ გადაუფრენდნენ სამხედრო თვითმფრინავები. დედაჩემი უმძიმეს დღეში იყო, შინ 15, 13, 9 და 3 წლის შვილები ჰყავდა, მაგრამ ჩვენს შეშფოთებულ კითხვაზე, რა ხდება, ბომბები უნდა ჩამოყარონო, "უდარდელი" ღიმილით გვიპასუხებდა, ნუ გეშინიათ, ჩვენები არიანო. შემდეგ ქალაქის დატოვება გადავწყვიტეთ. თვითმფრინავში მოხვედრა ადვილი არ იყო. ერთ დღესაც აეროპორტის დაბომბვაც დაიწყეს. რომ გადავრჩენილიყავით, სარბენი ბილიკის გვერდით, ბალახებში დავიმალეთ. მეორე დღეს ისევ ვცადეთ თვითმფრინავში ასვლა, ტრაპთან საშინელი ჭყლეტა იყო და ასვლაში ჩემი მშობლების ყოფილი მოსწავლეები, სოხუმის ბატალიონის მებრძოლები დაგვეხმარნენ. ასე მოვხვდით გადაჭედილ თვითმფრინავში, რომლითაც ფეხზე მდგომმა, ალბათ, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა იმგზავრა. თბილისში ნათესავების ოჯახები გველოდნენ. მამა სოხუმის დაცემამდე დარჩა, შემდეგ კი დისშვილებთან ერთად კოდორის ხეობით გამოვიდა.

იმ რთულ პერიოდში თბილისში მეგობრები შევიძინეთ, დედ-მამამ სკოლაში დაიწყო მუშაობა. ძალიან დაგვეხმარნენ თბილისის 48-ე საშუალო სკოლის მაშინდელი დირექტორი და მასწავლებლები. და-ძმებმა ის სკოლა დავამთავრეთ.

- შემდეგ ჩეხეთში წახვედით...

- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ასპირანტურაში ჩავაბარე. სხვადასვა კლინიკაში ვმუშაობდი... ჩეხეთში მეუღლესთან ერთად 2007 წელს ჩამოვედით, ქალაქ ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის კლინიკური და მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის სადოქტორო პროგრამაზე ჩავირიცხე. 2008 წლიდან უნივერსიტეტის თანამშრომელიც გავხდი. დისერტაცია 2011 წელს დავიცავი და იმავე წელს სრული განაკვეთით დავიწყე მეცნიერ თანამშრომლად მუშაობა. საექიმო საქმიანობისთვის ოთხეტაპიანი აპრობაციის გამოცდის ჩაბარება იყო საჭირო, რომლის ყველა ეტაპის გავლის შემდეგ ჩეხეთში საექიმო უვადო ლიცენზია მოვიპოვე და საუნივერსიტეტო კლინიკის ამავე დეპარტამენტის ექიმი-პათოლოგი გავხდი.

პათოლოგია მედიცინის საკვანძო დარგია, რომელიც კლინიკასა და მეცნიერებას აკავშირებს. მიკროსკოპული და სხვა დამხმარე ჰისტოციტოქიმიური და მოლეკულური მეთოდებით ვიკვლევთ ადამიანის სხვადასხვა ორგანოდან ოპერაციული ან ნაკლებად მტკივნეული ჩარევით მიღებულ ბიოლოგიურ მასალას და ვსვამთ დიაგნოზს, რომელზეც დამოკიდებულია პაციენტის მკურნალობა. ეს ცოდნა ჩვენი წინამორბედების გამოცდილებასა და ხანგრძლივ სამეცნიერო კვლევებს ემყარება, ამიტომ ექიმი-პათოლოგი იმავდროულად მეცნიერიცაა. საუნივერსიტეტო კლინიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვმონაწილეობთ სასწავლო პროცესშიც, ჩვენს ხელში ყოველწლიურად ასობით ჩეხური და უცხოური სექტორის სტუდენტი გაივლის.

- გვიამბეთ მსგავსებებსა და განსხვავებებზე, რომელიც საქართველოსა და ჩეხეთის სამედიცინო სფეროში არსებობს.

- სამწუხაროდ საქართველოში ჩამოსვლას ხშირად ვერ ვახერხებთ, თუმცა ფიქრით სულ მანდ ვართ. მე და ჩემი მეუღლე შინ ქართულად ვსაუბრობთ და ბავშვებმა ქართული კარგად იციან. იმედია, თავისი ცხოვრებით ორივე ქვეყანას გამოადგებიან.

ქართულ და ჩეხურ სამედიცინო სკოლებში მსგავსებას უფრო მეტს ვხედავ, ვიდრე განსხვავებას, თუმცა განსხვავებები მაშინ უფრო იგრძნობა, როდესაც პაციენტის რთული მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო ხდება ინტერდისციპლინური მიდგომა, ანუ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებები, ამ დროს შეიძლება ერთი რგოლის არასრულყოფილი მუშაობა (ტექნიკის ან მეთოდების არქონა, პერსონალის დეფიციტი, ნაკლები გამოცდილება ან სხვა მიზეზები) შედეგზე აისახოს. ჩეხეთში ეს პრობლემა მინიმალიზებულია. ასევე საშუალება გვაქვს იშვიათი დიაგნოზი გადასამოწმებლად რესპუბლიკის სხვადასხვა კლინიკაში გავგზავნოთ, იქ, სადაც კონკრეტული დაავადების კვლევის ცენტრია.

სამედიცინო შეცდომები ყველგან ხდება, მაგრამ ექიმი ყოველთვის არ არის შეცდომის მთავარი მიზეზი, ჩვენ, უცხოეთში მცხოვრები თუ საქართველოში მომუშავე ექიმები, ექიმთა საერთაშორისო საზოგადოებების რეკომენდაციებით ვხელმძღვანელობთ, განსხვავება წამლების, სამკურნალო საშუალებების, კვლევის მეთოდებისა თუ სამედიცინო მოწყობილობების ხელმისაწვდომობაშიც არის, თუმცა ეს ფაქტორი ექიმს და სამედიცინო პერსონალს იმ პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს, რასაც პაციენტზე ზრუნვა ჰქვია. ბოლო პერიოდში, ჩემი აზრით, ასეთმა პრობლემებმა საქართველოში საგრძნობლად იკლო. ქართული მედიცინა უცხო თვალისთვის მაღალ დონეზეა.

- მსოფლიოში ისევ იმატა კოვიდშემთხვევებმა. ჩეხეთში რა ხდება?

- ამჟამად ყველა რეგულაცია მოხსნილია, თუმცა განიხილება შემოდგომის სავარაუდო სცენარები. თუმცა, სპეციალისტების აზრით, კოვიდინფექცია თანდათან ინაცვლებს იმ მართვადი ინფექციების რიგში, რომლებთანაც საბრძოლველად უკვე გვაქვს წამალიც, ვაქცინაც და გამოცდილებაც.

- მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი ქართველია. ხშირად წარმატებული კარიერის შექმნას ისინი სამშობლოში ვერ ახერხებენ. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

- ჩემი პატივისცემა იმ კოლეგებს, რომელთაც უამრავი ბარიერი გადალახეს და წარმატებას მიაღწიეს. ზოგიერთი მათგანი თავისი დარგის წამყვანი სპეციალისტიც გახდა. ისინი თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით ძალიან ეხმარებიან ქართველ კოლეგებს და პაციენტებს. ამის მაგალითია თუნდაც კოვიდპანდემიის დროს მათი როლი. არაერთი ფაქტი ვიცით სხვა სფეროებში მათი პროფესიული მზადყოფნის შესახებაც. მჯერა საქართველოსაც მალე ექნება ისეთი შესაძლებლობები, რომ კონკურენტუნარიანი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ახალგაზრდებს ასეთი ინტენსივობით უცხოეთში წასვლა აღარ მოუნდეთ.

- ვიცი, რომ ქართველ სტუდენტებთან მუშაობთ, რა შეგიძლიათ მათზე გვითხრათ?

- დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ვხელმძღვანელობ ორ ქართველ და ორ უცხოელ ძალიან ნიჭიერ სტუდენტს. ძალიან სწრაფად და მარტივად ერკვევიან უახლეს სამეცნიერო, მოლეკულურ და ბიოინფორმატიკულ მეთოდებში. მათი იმედით ავად გახდომის არ შემეშინდებოდა.