„ჩემი ნამუშევრები გაცილებით მეტს ამბობენ, ვიდრე სიტყვები“ - კვირის პალიტრა

„ჩემი ნამუშევრები გაცილებით მეტს ამბობენ, ვიდრე სიტყვები“

სერბი ანტრეპრენერის, მადლენა ზეპტერის სახელი ევროპაში საკმაოდ პოპულარულია, სწორედ მის სახელს უკავშირდება სამხრეთ ევროპაში პირველი კერძო თეატრისა და ოპერის არსებობა. წარმოშობით სერბმა მადლენ და ფილიპ ზეპტერებმა მათი უმსხვილესი ბიზნესის ძეპტერ Iნტერნატიონალ-ის გარდა ინვესტიციის დაბანდება კულტურასა და ხელოვნებაში გადაწყვიტეს, რაც მრავალი წელია ბევრი ხელოვანის აღმოჩენისა და შემოქმედებითად განვითარების ხელშემწყობი გახდა, სექტემბერში კი თავიანთ მშობლიურ ქალაქს ახალი კულტურული სივრცე აჩუქეს.

მადლენა ზეპტერი: "ჩვენს ცხოვრებაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დაკავშირებულია ერთი და იმავე ქალაქსა და წელიწადის ამ დროსთან - სექტემბრის ბოლო დღეებთან. ჩვენ ქორწინების 50-ე წლისთავს ვზეიმობთ, ხოლო ჩვენს ამბიციურ პროექტს 5 წელი უსრულდება.

აგვისტოს ცხელ დღეს ორმა სტუდენტმა ერთმანეთი ბელგრადის ბიბლიოთეკაში გავიცანით. გაცნობიდან მალევე, შემოდგომაზე ვიქორწინეთ. დღეს, ჩვენი ქორწინებიდან 50 წლის შემდეგ, გვსურს ჩვენს ქალაქს ახალი კულტურის სივრცე ვაჩუქოთ - Madlena Art Palace, რომელიც გააერთიანებს როგორც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს, ასევე კლასიკურს, ტრადიციულს. ეს იქნება ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ხელოვანებს შემოქმედებით განვითარებაში."

რამდენიმედღიან ღონისძიებას წინ უძღოდა იტალიელი დიზაინერის კარლა ტოლომეოს სკამების გამოფენა და მისი ინსტალაციებით გაფორმებული თეატრის დათვალიერება. კარლა ტოლომეო იმ ერთეულებს შორისაა, ვინც პოეზია მისი სკამების დიზაინს ჰარმონიულად შეუთავსა, ვინც მეგობრობდა ბორხესთან და მოგვიანებით სწორედ ბორხესის შემოქმედება გახდა მისი ინსპირაცია, ვისაც ძალიან უყვარს საქართველო, მისი ხელოვნების ნიმუშად აღიარებული სკამები კი ცნობილი პირებისა და მსოფლიოში წამყვანი ბრენდების სახლებს ამშვენებს. კარლა ტოლომეო "კვირის პალიტრის" კითხვებს პასუხობს:

კარლა ტოლომეო: - დღეს, როდესაც ჩემი პერსონალური გამოფენა იხსნება აქ, ბელგრადში, ალბათ, ჯერ საკუთარ თავზე უნდა მოგითხროთ. ჩემი, როგორც ხელოვანის, ცხოვრება მოულოდნელობებით იყო სავსე - სავსე ძღვენით, რომელიც განგებამ მაჩუქა. ჩემი ნამუშევრები გაცილებით მეტს ამბობენ, ვიდრე სიტყვები. ამ სივრცეში შეგვკრიბეს მეცენატებმა მადლენა და ფილიპმა, რომლებმაც კარგად იციან კულტურის, ხელოვნების მნიშვნელობა. როგორც მარია-ტერეზია ამბობდა, ევროპის გაერთიანებაზე ოცნება არის მისი მწერლობის, ხელოვნებისა და მუსიკის გამთლიანებაში, რაც საპირწონეა იმ ვულგარულობისა, რომელიც დღეს არსებობს.

გედი-სკამი

- 1976 წელს რომში გამოვფინე ჩემი პირველი სამი სკამი-სკულპტურა, რომელიც ვერავინ გაიგო, ვერ მიხვდნენ ჩემს ჩანაფიქრს და არ დაიმსახურა მოწონება, თუმცა ნიადაგი მოვამზადე შემდეგი გამოფენისთვის. წლების განმავლობაში პირველი სკამი-სკულპტურა დავხვეწე, განვაახლე და ერთი გედი-სკამი 2004 წელს მოსკოვში გაიყიდა. მეორე, 2-ადგილიანი, გალერეა "კონტინის" კოლექციონერმა იყიდა და უცებ ჩემი სკამები საკულტო საგნები გახდა, ცნობილი ბრენდები დაინტერესდნენ. დღეს ჩემს სკამებს ნახავთ პარიზის ემილ ერმესის მუზეუმში, ბერლინის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში, ზაგრების თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, სოთბისა და კრისტის აუქციონების სახლებში, ბლუმარინის ბუტიკში, ბერლუსკონების ოჯახში, იორდანიისა და მონაკოს სამეფო ოჯახებში, ნაომი კემპბელის, სოფი ლორენის, ჯორჯო არმანის, ევა ჰერციგოვას სახლებში... არადა, ჩემი პირველი "გედი", რომელიც დროს უსწრებდა, საზოგადოებისთვის უცნობი რაღაც იყო, ვერ უკავშირებდნენ ხელოვნების ნიმუშს და დიდი ხანი დამჭირდა სახელოვნებო წრეების დასარწმუნებლად, რომ ის მართლაც ხელოვნების ნიმუშია.

პირველი შეხვედრა

- უამრავი ისტორიები მსმენია ჩემი მეუღლისგან საქართველოზე, ჯან-კარლო ვიგორელი მწერალი იყო და ხშირად ჩამოდიოდა თბილისში. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები მას უკავშირდება.

ჩვენი სიყვარულის ისტორიის დასაწყისი არ ჰგავს სხვა დიდი სიყვარულის ისტორიებს. ერთმანეთს ლუგანოში შევხვდით. მე ხელოვნების კრიტიკოსთან მქონდა შეხვედრა, მას კი დიდ ევროპელ კრიტიკოსებთან, რათა საერთაშორისო გამოფენა დაეგეგმათ. ასე აღმოვჩნდი კრიტიკოსებისა და ხელოვანების გარემოცვაში, რამაც ცოტა შემაშფოთა. მე ვიყავი ერთადერთი ქალი ამდენ მამაკაც კრიტიკოსში. ვუსმენდი მათ ხმაურიან დისკუსიას და სწორედ მაშინ მომიახლოვდა ჯან-კარლო კითხვით, აქ რას აკეთებთო. მორცხვად ვუამბე ჩემი ნამუშევრების შესახებ და ტურინში, ჩემს სტუდიაში დავპატიჟე.

მართლაც მოვიდა ჩემს სტუდიაში, დაათვალიერა და მითხრა, სისულელეებს ხატავ, უფრო მეტი გამბედაობა უნდა გამოიჩინო, უფრო ჩაუღრმავდი შენს სულიერ სამყაროსო. თავზარი დამეცა, თანაც შემიყვარდა და რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა ეს შემატყო, ამიხსნა, რომ ჩვენ შორის ძალიან დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. მე არაფრის გაგონება არ მინდოდა და ასე დაიწყო ჩვენი 35-წლიანი სიყვარულის ისტორია. ჩვენი ერთად ყოფნის ვერც ერთ წამს ვერ ვივიწყებ.