"რას იტყვის ხალხი“ ანუ რატომ უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი ბედნიერებისთვის - კვირის პალიტრა

"რას იტყვის ხალხი“ ანუ რატომ უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი ბედნიერებისთვის

80-იან წლებში მარჯანიშვილის თეატრში ერთი კარგი სპექტაკლი გადიოდა, "რას იტყვის ხალხი". სულ ჰყავდა ამ სპექტაკლს მაყურებელი. ეტყობა, საზოგადოებას მართლაც აწუხებდა სხვების დასანახად და მოსაწონად გაკეთებული "საქმენი საგმირონი" და სურდა მისი აღმოფხვრა. შეძლეს თუ არა ამ ყბადაღებული ფრაზის მენტალობიდან ამოშლა, ვერ გეტყვით, ფაქტი ისაა, რომ სხვადასხვა საკითხზე საზოგადოების რეაქცია ამა თუ იმ საკითხზე დღემდე აქტუალურია და ყველაზე თუ არა, ბევრზე კვლავ მოქმედებს... ამ წერილში მოთხრობილი ორი ამბავი ცხადყოფს ზოგჯერ უაზრობამდე მისული "რას იტყვის ხალხის" უარყოფით შედეგებს. სხვას არაფერს ვიტყვი... დასკვნა თავად მკითხველმა გამოიტანოს.

ახლანდელი დრო

ლევანი წარმატებული ბიზნესმენია. ოჯახიც, ახლობლებიც და სამეგობროც მისით ამაყობს. ერთადერთი, რაზეც მშობლები ნერვიულობენ, ეს მისი მარტოხელობაა... 31 წლისა ჯერ ისევ დასაქორწინებელია, არადა, მართლა სასურველი სასიძოა. ლევანის დედა მკაცრი ქალბატონია. მისთვის "რას იტყვის ხალხის" ფენომენი ძალიან მნიშვნელოვანია და ლამის გამადიდებელი შუშით ამოწმებს ნებისმიერს პერსპექტიულ სარძლოს, ხოლო, თუ რამე გამოუჩხრიკა, მაშინვე იმ ცნობილ ფრაზას მოიშველიებს...

19 წლის იყო ლევანი, როცა თანაკურსელი გოგონა შეუყვარდა. გააცნო კიდეც მშობლებს და უთხრა, ცოლად მინდა მოვიყვანოო. მაშინ დედამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: ჯერ უნდა ისწავლო, თავადაც ბავშვი ხარ, რა დროს შენი ცოლიაო. გოგონა რაიონიდან იყო და ქალბატონმა ნუნუმ როცა ეს გაიგო, არც დაუმალავს თავისი აზრი: რა გაჭირვება აქვს ჩემს შვილს, პროვინციელი რომ არ შეირთოსო. ლევანის რჩეულამდეც მიაღწია სადედამთილოს სიტყვებმა, გული ეტკინა გოგოს. ატყობდა, რომ ლევანისთვის მნიშვნელოვანი იყო დედის აზრი. ბუნებრივია, ბზარი გაჩნდა ახალგაზრდებს შორის, ცოტა ხანში კი, დაშორდნენ. გავიდა დრო. ლევანმა წარმატებით დაამთავრა პრესტიჟული სასწავლებელი, საფრანგეთშიც იყო სტაჟირებაზე, ჩამოვიდა და თავისი საქმე მშვენივრად ააწყო. სამსახურში მომხიბვლელი ლიკა გაიცნო. დაუახლოვდა და მიხვდა, რომ ეს ის ადამიანი იყო, რომელთანაც სიკვდილამდე ტკბილად და მშვიდად იცხოვრებდა. 29 წლის ლიკას წლების წინ არ გაუმართლა. ადრე გათხოვდა, ეგონა, სიყვარული ყველა პრობლემას გაუმკლავდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ხშირად, მამაკაცი უფრო ვერ ეგუება გაჭირვებას და დარდის განელებას ან სასმლით ცდილობს, ან კამათით და აგრესიით. მალევე გააცნობიერა ლიკამ, რომ საიმედო მამაკაცს არ დაუკავშირა თავისი ბედი და დაშორდა ქმარს. ლიკამ ყველაფერი გააკეთა, რომ კარგი განათლება მიეღო და კონკურსის საშუალებით სწორედ იმ კომპანიაში მოხვდა, რომელსაც ლევანი ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდებს შორის ურთიერთსიმპათია სიყვარულში გადაიზარდა. ლიკამ თავისი წარსულის შესახებ გულახდილად უამბო ლევანს, თუმცა ბიჭს სულაც არ აინტერესებდა მანამდე რა იყო, მთავარია, რომ მას და ლიკას უკვე დიდი სიყვარული აკავშირებდათ. ლევანის დედამ სარძლო ნახა და მოეწონა, მაგრამ როცა ლიკას წარსულზე გამოიკითხა, გამოაშკარავდა, რომ გოგო ქმარს იყო გაცილებული და გააპროტესტა: რა გაჭირვება აქვს ჩემს შვილს, რომ განათხოვარი არ მოიყვანოს ცოლად, რას იტყვის ხალხიო, მაგრამ ლევანი უწინდებურად აღარ გაჩუმებულა. წლებმა ბევრი რამ ასწავლა, უპირველესად კი ის, რომ თავისი ინტერესები და გრძნობა უნდა დაიცვა. მან და ლიკამ ჯვარი მცხეთაში დაიწერეს, პატარა ქორწილიც გადაიხადეს და ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად.

25 წლის წინ

ირაკლი მეღვინე გახლავთ. როცა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრა და თბილისთან ახლომდებარე ღვინის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. იქვე გაიცნო ნათიაც, რომელიც უმაღლესში ჩაბარებას აპირებდა და სტაჟისთვის ქარხანაში მუშაობდა. ბევრი ბიჭი ცდილობდა ნათიას გულის მოგებას, მაგრამ ირაკლიმ ყველა მეტოქეს აჯობა. უამრავ კარგს შორის ნათიამაც ირაკლი გამოარჩია. ერთ თვეში უკვე ყველამ იცოდა, რომ ეს ორნი შეყვარებულები იყვნენ. ნათიას მშობლებს მოსწონდათ სასიძო, მაგრამ ქალიშვილს სულ ამას ეჩიჩინებოდნენ, ჯერ არ ექორწინათ, რადგან დაოჯახება სწავლაში ხელს შეუშლიდა. თითქოს დაეთანხმა ნათია, მაგრამ... ირაკლიმ ქარხანასთან ახლოს ბინა იქირავა, გვიანობამდე როცა ვრჩები, თბილისში წასვლა მეზარებაო, - ასე უთხრა ყველას, მაგრამ მთავარი მიზეზი ნათიასთან განცალკევება იყო. წყვილი სულ გრძნობდა მოთვალთვალე მზერას, ამ პატარა ბინაში კი, მათი შემწუხებელი არავინ იქნებოდა. ირაკლი ატყობდა, როგორ სიამოვნებდა გოგოს დიასახლისის როლში ყოფნა. ხშირად ეუბნებოდა ხოლმე: აბა, სადილად რა მომიმზადა ჩემმა ლამაზმა ცოლმაო... გავიდა 5 წელი. ამ პერიოდში ნათიამ ინსტიტუტშიც ჩააბარა და დაამთავრა... ბოლო ხანს გოგო ატყობდა, რომ ირაკლი აღარ ჩქარობდა დაქორწინებას. არადა, თავიდან სულ ამას ეუბნებოდა, როდის გახდები სტუდენტი, რომ ცოლად მოგიყვანო, შენი მშობლები მერე მაინც ხომ აღარ დაგვიშლიან ერთად ყოფნასო... ნათიამ ინსტიტუტი დაამთავრა და იმავე ქარხანაში დაიწყო მუშაობა, სადაც ირაკლი გაიცნო, მაგრამ ბიჭი დაოჯახებაზე გადაწყვეტილების მიღებას კი არა, შეხვედრებსაც თავს არიდებდა... მიზეზი რომ ჰკითხა, ცოტა ზედაპირულად მიუგო: რა გვეჩქარება ხელის მოწერა, ერთად ხომ ისედაც ვართო. მიხვდა ნათია ნაადრევმა სიახლოვემ ბიჭის სურვილი - ნათია მალე გამხდარიყო მისი ცოლი, შეანელა. შეურაცხყოფილმა გოგომ გადაწყვიტა, სამსახური სხვაგან მოეძებნა, რაც ირაკლის არც გაუპროტესტებია. ახლობლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისინი დღე-დღეზე იქორწინებდნენ, მაგრამ ნათიამ განაცხადა: ვშორდებითო. მათი მეგობარი ხათუნა ძალიან შეწუხდა და გადაწყვიტა ჩარეულიყო. ჯერ ნათიას ელაპარაკა. გოგოს არაფერი დაუმალავს: ირაკლი იმდენად მიყვარდა, თვალდახუჭული მივენდე. "იოლად დასამორჩილებელი ქალი" აღმოვჩნდი მისთვის და ის სიყვარულიც გაუნელდაო. როცა ხათუნამ ურთიერთობაში ბზარის გაჩენის მიზეზებზე ირაკლისაც ჰკითხა, იმანაც გულწრფელად დაუდასტურა: არ მეგონა ჩემი საოცნებო გოგო ასე ადვილად თუ დამთანხმდებოდა სექსზეო... ბევრმა იცის, რომ მასთან წლების მანძილზე მქონდა ურთიერთობა და ახლა რომ შევირთო, რას იტყვიან ჩემი ძმაკაცებიო... ირაკლის სიტყვების მერე მიხვდა ხათუნა, რომ მათ ერთად ყოფნას არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა. ნათიას კი უთხრა: ირაკლი არასაიმედო ადამიანი აღმოჩნდა, გირჩევ, შენი გზა მოძებნოო...

ორი წლის შემდეგ ნათია გათხოვდა. გავიდა წლები. ირაკლიმ ნათიასავით ვერავის შეყვარება ვეღარ შეძლო. ის სადაცაა 50 წელს მიუკაკუნებს და ისევ უცოლოდაა, ნათიას კი, სამი შვილი ჰყავს და ბედნიერ ქალად გრძნობს თავს.

მას მერე დრო გავიდა და წყენაც უკან დარჩა. მეგობრებმა კვლავ განაახლეს შეხვედრები. ირაკლი ყოველთვის ინტერესდებოდა ნათიას ცხოვრებით. "როგორი ქმარი ჰყავს?" "შვილები ჰგვანან დედას?" "სად მუშაობს?" - კითხვებს დააყრიდა ხოლმე ხათუნას და ისიც ერთსა და იმავეს ეუბნებოდა, რომ ნათია ბედნიერი იყო. ირაკლი კი ვერაფრით ეგუებოდა იმ აზრს, რომ სიყვარული ხელიდან გაუშვა. ერთხელაც ხათუნას სინანულით გამოუტყდა: რა სულელი ვიყავი, ასეთი გოგო როგორ დავკარგე ძველმოდური აზრის გამო... იოლად რომ დამნებდა, მეგონა, ასე არ იქცეოდნენ პატიოსანი გოგოები, არადა, ვუყვარდი, მენდობოდა, მე კი მისი ნდობა მსუბუქ ყოფაქცევად მოვნათლე და წავაგეო. როცა გიყვარს, არავის აზრი არ უნდა გაინტერესებდეს, მხოლოდ, ასეთ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი ბედნიერებასო.