"20 წლით უფროსი ქალი მიყვარდა, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა..." - კვირის პალიტრა

"20 წლით უფროსი ქალი მიყვარდა, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა..."

ასაკობრივი სხვაობა წყვილებს შორის ყოველთვის განსჯის საგანი იყო: არავის მოსწონს, როცა ახალგაზრდა ქალის რჩეული მამისტოლა კაცია, მაგრამ პატრიარქალურ საზოგადოებაში განსაკუთრებული გაკიცხვის საგანია ქალი, რომელსაც თავისზე უმცროსი კაცი შეუყვარდება. ასეთი წყვილების ერთი ნაწილი საზოგადოებრივ წნეხს ვერ უძლებს და მალე იშლება, თუმცა მათ შორის არიან ბედნიერი გამონაკლისებიც, რომლებსაც ჰარმონიული და ხანგრძლივი ურთიერთობის ისტორია აქვთ. ალბათ, მკითხველსაც დააინტერესებს, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ჩვენი რესპონდენტები:

მედეა ლორთქიფანიძე, მსახიობი: - მე მკაცრი დედამთილის სახელი მაქვს, მაგრამ ამ საკითხში მკაცრი ვერ ვიქნები: მთავარია, ქალმა თავის ოჯახს და ქმარს მიხედოს, ყოველდღე რესტორნებში არ ირბინოს და დედამთილს თავზე ქვაბი ან ტაფა არ დაამხოს, თორემ ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? თუ ქალი კარგად გამოიყურება, კარგ შვილებს ზრდის და ოჯახს უვლის, ასაკი მეორეხარისხოვანი ხდება. ერთ ამბავს გიამბობთ: ამას წინათ ერთი პატარა გოგო შემხვდა, რომელსაც ყურებზე, ცხვირზე, ჭიპზე - ყველგან საყურე ეკეთა, გამოველაპარაკე და ენაზეც ორი საყურე ჰქონდა მიმაგრებული, აბა, ამისთანა 20 წლის გოგოს დედამთილობას 30-32 წლის ჭკვიანი და ჩამოყალიბებული გოგოს დედამთილობა არ სჯობია?! ქალი მცირეწლოვან შვილებს დედამთილს რომ მიუყრის და კაფე-ბარებში გაიქცევა, გინდ უფროსი იყოს და გინდ უმცროსი, ოჯახში შემოსაშვები არაა, მაგრამ თუ ხედავ, რომ შენი შვილი ბედნიერია, თუ რძალი ოჯახში ყველას პატივისცემით ექცევა, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წლით უმცროსია თუ უფროსი?

ჩემი მეუღლე ჩემზე 15 წლით უფროსი იყო, მაგრამ ამით არაფერი დამკლებია. ოჯახში სიტკბო და ერთმანეთის პატივისცემა თუ იქნება, ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. დედამთილიც უნდა შეეგუოს, რომ მისმა შვილმა ცოლად სწორედ ეს ქალი მოიყვანა, ესე იგი, უყვარს. მთავარია, რძალსაც და დედამთილსაც ტკბილი ენა ჰქონდეთ. აბა, შენ ყოველდღე კატლეტებს რომ აკეთებ და რძალმა ერბოკვერცხის შეწვის მეტი არაფერი იცის, მაინც სულ უკმაყოფილოა და მარტო დაქალებთან ყოფნა უხარია, ასეთი რძალი ოჯახს სიკეთეს მოუტანს?! სწორედ ამისთანა ოჯახებია, კაცს სახლში შესვლა რომ ეზარება და სულ ვაი-უშველებელი ტრიალებს!

გია ჯაჯანიძე, ტელეწამყვანი: - ჩემი მეუღლე 6 წლით უფროსი იყო, მაგრამ ძალიან ჰარმონიული და კარგი ურთიერთობა გვქონდა. მოგვიანებით 20 წლით უფროსი ქალი მიყვარდა, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა! ჩვენ საერთო ინტერესები და ინტელექტუალური სფერო გვაერთიანებდა, ასეთი ურთიერთობა კი ყოველთვის მტკიცეა. ბევრს ებადება კითხვა, რატომ მოსწონთ ახალგაზრდებს უფროსი ქალები? - ვფიქრობ, ეს სერიოზულ, თავის ასაკთან შედარებით განვითარებულ ადამიანს ემართება, რომელსაც მეორე ადამიანში ყველაზე მეტად გამოცდილება იზიდავს. მეც ასე ვიყავი - ჩემთვის გამოცდილებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს, რომლებიც ქალში ჭკუას, განათლებასა და ინტელექტს აფასებენ და მხოლოდ ამის შემდეგ აკვირდებიან მის გარეგნობას. სამწუხაროდ, საზოგადოება ასეთ ადამიანებს ხშირად კიცხავს და მიაჩნია, რომ ბედი შეუფერებელ ადამიანს დაუკავშირეს. სიტყვა "შეუფერებელი" ამ დროს სრულიად უადგილოა. ასაკითა და გარეგნობით "შეფერებული" წყვილები არ გინახავთ, ერთმანეთს საშინელ დღეში რომ აგდებენ? როცა სიყვარული მოდის, არც ასაკს გეკითხება და არც სხვა რამეს. მთავარია, ურთიერთობაში ანგარება არ იყოს გარეული - როცა ქალი უფროსია და ახალგაზრდა კაცი მასთან მხოლოდ ანგარების გამო ცხოვრობს, ეს სულ სხვა რამეა.

ზაალ სულაკაური, მხატვარი: - ასაკში პრობლემას როდის ვხედავ? - როცა მამაკაცი 90 წლისაა და ცოლად 25 წლის გოგოს მოიყვანს. ვერ დავიჯერებ, რომ ეს გოგო სიყვარულმა დააბრმავა და არა - ფულმა და ქონებამ. იგივე ითქმის, როცა ქალია 90 წლისაა და ცოლად 25 წლის ბიჭს მიჰყვება. ტრაგედიაა, როცა ადამიანები ანგარების გამო ქორწინდებიან. თორემ მე თუ ხუთი წლით უფროსი გოგო მიყვარს და მისთვის ყველაფერს დავთმობ ჩვენ ბევრი ისეთი ტრადიცია და წეს-ჩვეულება გვაქვს, რომელიც ადამიანის ბედნიერებას და სიხარულს ხელს უშლის. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ დედამთილებისა და სიდედრების ჩარევით ბევრი ოჯახი ინგრევა, აბა, ანეკდოტებს ტყუილად ხომ არ მოიგონებდნენ სიდედრებსა და დედამთილებზე? ამიტომ ყველას ვურჩევ, ცხოვრებას ნუ გაუმწარებენ წყვილებს, როლებსაც ერთმანეთი უყვართ. ჩემი აზრით, 10-15-წლიანი სხვაობა პრობლემას არ ქმნის. ჩემი მეუღლე ჩემზე 14-15 წლით უმცროსია, მაგრამ ამით რამე დავაშავეთ? - არაფერი! იმავეს ვფიქრობ ოჯახებზე, სადაც ცოლი ქმარზე რამდენიმე წლით უფროსია.

ხათუნა ჩიგოგიძე