"მირჩევნია, ნელა ვიარო, ვიდრე ჩქარა წავიდე მამაჩემის მამასთან" - კვირის პალიტრა

"მირჩევნია, ნელა ვიარო, ვიდრე ჩქარა წავიდე მამაჩემის მამასთან"

POLICE, მესიჯებს რომ მწერთ, დავარღვიე? როდის? გამატარეთ, გამატარეთ! საქართველო მოდის

"კომედი ჯგუფის" მსახიობი კობა ("ჩაინიკა") ბარათელი ავტომანქანაში დიდ დროს ატარებს. ხშირად საყვედურობენ, საგზაო მოძრაობას აფერხებო. სინამდვილეში, ნორმალური სიჩქარით დადის პირველ ზოლში, გინება კი გაცილებით სწრაფად შეუძლია - წუთში დაახლოებით 120 გინების სიჩქარით! ქუთაისური იუმორის გარდა, "ჩაინიკა" ავტომანქანითაც გამოირჩევა - კაპოტზე საქართველოს დროშით და სანომრე ნიშნით - CH 444 AI. თუ გაინტერესებთ, ავტომაგისტრალიდან რამდენ მეტრში გააღვიძა ბაყაყების ყიყინმა, როდის იძახებს ტაქსის და რას უწუნებს მძღოლ ქალებს, წაიკითხეთ კობა ბარათელთან­ ინტერვიუ:

- რასთან ასოცირდება ავტომანქანა კობა ბარათელისთვის?

- ჩემი ავტომანქანა არის ადგილი, სადაც დიდ დროს ვატარებ. განსაკუთრებით, ზაფხულში, კონდიციონერით გაგრილებულ სალონში. გაგრილების ეს საშუალება სახლშიც მაქვს, მაგრამ რატომღაც ცივი ჰაერი ავტომანქანაში უფრო მსიამოვნებს. ალბათ, იმიტომ, რომ სახლში ჩართულ კონდიციონერთან სიგარეტს ვერ ვეწევი, ავტომობილში კი არავინ მიშლის. ჩემი ავტომანქანა ჩემთვის სასტუმროც არის, სველი წერტილების გარდა, ყველა ოთახი მაქვს: საძინებელიც, სამზარეულოც და "მაცივარიც".

- ამგვარ პირობებში ქუთაისში ხშირად წასვლაც არ დაგეზარებათ...

- ავტომაგისტრალზე თავს მართლაც კომფორტულად ვგრძნობ, აი, თბილისში გადაადგილებაზე კი, სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვი - ჩვენს დედაქალაქში იმდენი "ჭკვიანი" მძღოლია, ავტომანქანის მართვისას სულ ვიგინები! თანაც, ინტენსიურად - წუთში დაახლოებით 120 გინების სიჩქარით!

- რომელი მარკის იყო თქვენი პირველი ავტომანქანა?

- პირველად "ოპელ ვექტრა" მყავდა. ვიყიდე მეგობრისგან, რომელიც ისე კარგად უვლიდა, ფაქტობრივად, ახალი იყო, მე კი, შეიძლება ითქვას, დედა ვუტირე! იმ ავტომანქანით სრულად ვამართლებდი ძველ გერმანულ გამოთქმას: "მართვას "ოპელით" ისწავლი, მერე კი ავტომანქანასაც იყიდი!" როგორც ჩანს, ეს სახუმარო ფრაზა ისე მქონდა "ჩაბეჭდილი" გონებაში, რომ მანქანას არ ვუფრთხილდებოდი. არადა, ნამდვილად კარგად მემსახურა და ბევრსაც გაუძლო - გზიდანაც კი "გადავფრინდით" დაახლოებით 15-20 მეტრზე და აღმოვჩნდით პატარა ჭაობში, რომელიც ზუსტად ჩემი ავტომანქანის გაბარიტებისა გამოდგა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, დაზიანება არც ჩემს "ოპელს" და არც მე არ მიგვიღია. მეტიც, ტკბილად მეძინა, სანამ ბაყაყების ყიყინი გამაღვიძებდა. მოგვიანებით, ჩემი მანქანა გორის საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს (ავტოსაგზაო შემთხვევა აღაიანის მიმდებარედ მოხდა) და როცა წამოსაყვანად მივედი, საჯარიმო სადგომის თანამშრომლებმა მიცნეს, ჩემი გადარჩენის აღსანიშნავად წამიყვანეს და იმდენი დამალევინეს, ჩემი "ოპელი" თბილისში პოლიციის თანამშრომლების ჩამოსაყვანი გახდა.

მართვა ადრე ვისწავლე: მეექვსე თუ მეშვიდე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა მამაჩემის ავტომობილს გავუშინაურდი. სხვათა შორის, მაშინ უფრო კარგად ვიცოდი საგზაო მოძრაობის წესები და მართვა, ვიდრე გამოცდის ჩაბარებისას. ალბათ, ამის ბრალი იყო, რომ როცა პირველი ავტომანქანა შევიძინე, დაახლოებით ორი თვე მართვის მოწმობის გარეშე დავდიოდი. მერე კი, სხვა რა გზა იყო, მეც ავიღე მოწმობა.

chai2-1664718811.jpg

- ახლა როგორი მძღოლი ხართ?

- ხშირად მსაყვედურობენ, ნელა დადიხარ, მოძრაობას აფერხებო. სინამდვილეში, ნორმალური სიჩქარით დავდივარ პირველ ზოლში. მირჩევნია, ნელა ვიარო, ვიდრე ჩქარა წავიდე მამაჩემის მამასთან.

- ამჟამინდელ მანქანაზე რას გვეტყვით?

- უკვე ხუთი წელიწადია, მყავს Toyota Camry, რომლითაც კმაყოფილი ვარ და როგორც უკვე ვთქვი, მრავალფუნქციური ავტომობილია ჩემთვის.

- კაპოტზე დატანილი საქართველოს დროშა თქვენს ავტომანქანას "მზითევში" მოჰყვა თუ კობა ბარათელის ინტერპრეტაციაა?

- კაპოტის გამოცვლა გახდა საჭირო და სანამ შევაღებინებდი, დროებით შავი დავაყენეთ. ამასობაში, გავიცანი ხელოსანი, რომელიც ავტომანქანებს სპეციალური დასაკრავი ფირით ალამაზებს და დავინტერესდი, საქართველოს დროშის გადატანაც თუ იყო შესაძლებელი. ჩემს შინდისფერ "ტოიოტას" ძალიან მოუხდა ჩვენი დროშის ფერები. მანქანის ახალი გაფორმება ისე მომეწონა, როცა წინა ფირი დაძველდა, ახალი გავაკეთებინე!

- ფაქტია, რომ მეტსახელთან დაკავშირებული სანომრე ნიშანიც (CH 444 AI) ისე მოგწონთ, ვერ ელევით! ეს ნომერი გაჩუქეს თუ თავად შეარჩიეთ?

- მაჩუქეს. მანამდე, როცა სანომრე ნიშნების სერია სამსიმბოლოიანი იყო, CH 444-ს ვჯერდებოდი, ახლა კი, ავტომანქანას ლამის მთლიანად აწერია ჩემი მეტსახელი...

- მეტსახელი?! მგონი, "კობას" დაძახებაზე აღარც რეაგირებთ!

- "ჩაინიკა" 1985 წელს შემარქვა ჩემმა კურსელმა: ანეკდოტი მოვყევი ჩაიდანზე და... შენ მართლა ჰგავხარ "ჩაინიკსო"! ჰოდა, ეს მეტსახელი ზუსტად ორ წამში სამუდამოდ დამერქვა! უკვე ისე მივეჩვიე, რომ მგონია "კობას" სხვას ეძახიან.

- თქვენი ავტომანქანის გაფორმება, კომფორტი და სანომრე ნიშანი რომ მოგწონთ, გავარკვიეთ. მანქანის ნაწილებსა და მექანიზმებში თუ ერკვევით?

- ერთადერთი, რაც ვიცი, საბურავის შეცვლაა. თუ სხვა გზა არ არის, თვითონ ვცვლი, თუ არადა, საშველად ტაქსის მძღოლებს ვუხმობ ხოლმე და ვეკითხები, ხომ არ იცით, როგორ უნდა შეიცვალოს სათადარიგო ბორბალი-მეთქი? ერთხელ, როცა ძალიან მეზარებოდა საბურავის გამოცვლა, ტაქსი გამოვიძახე და მძღოლს ვუთხარი, რაც მგზავრობისთვის უნდა გადამეხადა, ვიხდი და სათადარიგო ბორბლის დაყენებაში დამეხმარე, არ ვიცი, როგორ უნდა შევცვალო-მეთქი. ფულს არ მართმევდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გავუშვი ხელცარიელი.

- "ჭაობის ინციდენტის" გარდა, ავტომანქანასთან დაკავშირებული სასაცილო შემთხვევები სხვა დროსაც გადაგხდენიათ?

- ელიავას ბაზრობიდან გამოვედი და ვხედავ, ჩემი ავტომანქანა უკვე სპეციალურ მანქანაზეა - გამზადებული აქვთ საჯარიმო სადგომზე გადასაყვანად. შორიდანვე დავიწყე ყვირილი, სად მიგყავთ ჩემი მანქანა, ორი წუთით გაჩერება აღარ უნდა დამაცადოთ? ადგილზე დააბრუნეთ-მეთქი! შეწუხდნენ ევაკუატორის თანამშრომლები: ვაიმე, არ ვიცოდით, თქვენი ავტომობილი თუ იყო, რაიმე ნიშანი მაინც მიგეკრათ, პატრონის ვინაობას რომ მივმხვდარიყავითო. რა უნდა მიმეკრა? ჯერ მკვდარი არა ვარ, ფოტო რომ მივაკრა-მეთქი. სასწრაფოდ ჩამოიღეს და მერე დავინახე, რომ... თურმე სულაც არ იყო ჩემი მანქანა! ფერით ჰგავდა, სიჩქარეში მარკა ვეღარ გავარჩიე და ჩემი მეგონა, თუმცა იმ პატიოსან ხალხთან ხომ არ შევიმჩნევდი?! ამასობაში, კინაღამ წაყვანილი მანქანის პატრონიც დაბრუნდა, მიხვდა, რაც მომხდარიყო და უამრავი მადლობა მითხრა. პატივისცემის ნიშნად რესტორანშიც მეპატიჟებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ წავყევი.

- წესრიგის დამცველები რომ კეთილგანწყობილი იქნებიან თქვენ მიმართ, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ვიდეოჯარიმებს რას უხერხებთ?

- ხშირად არა, მაგრამ როცა ჯარიმის სმს მოდის, მაშინაც ვერ ვიგებ, რისთვის დამაჯარიმეს. ამა და ამ მუხლის შესაბამისად დაჯარიმდიო, რომ მეუბნები, ორი სიტყვით ისიც მიაწერე, რას გულისხმობს ეს მუხლი - ღერძულა ხაზის გადაკვეთას, შუქნიშნის წითელი შუქის არდამორჩილებას თუ სხვა რამეს?! ერთი და იმავე ადგილზე სამჯერ ვარ დაჯარიმებული და არათუ დაჯარიმების მიზეზი, ის ადგილიც კი ვერ დავაზუსტე, სად ვჯარიმდები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი დაჯარიმების შემდეგ გამოვაქვეყნე ფეისბუკპოსტი ჩემი დროშიანი მანქანის ფოტოს თანხლებით:

"POLICE, მესიჯებს რომ მწერთ,

დავარღვიე? როდის?

გამატარეთ, გამატარეთ!

საქართველო მოდის".

- ქუთაისელი მძღოლი რით განსხვავდება თბილისელისგან? საჭესთან მყოფი კობა ბარათელი რომელ ქალაქში გრძნობს თავს უფრო კომფორტულად?

- ძველი ანეკდოტია: ქუთაისელი ავტოინსპექტორი ეუბნება ჭიჭიკიას, ეს "ზნაკი" აქანა გასაშრობად კი არ არის ჩამოკიდებულიო... კომუნისტების დროიდან გვესმოდა, ქუთაისის ავტოინსპექცია ყველაზე მკაცრიაო. არ მიწყენენ ჩემი სისხლი და ხორცი ქუთაისელები და... როცა წამოვიზარდე და დავაკვირდი, ინსპექტორები კი არ იყვნენ მკაცრები, ყველაზე ბევრს ქუთაისელი მძღოლები არღვევდნენ და იქნებოდა პოლიცია მკაცრი, აბა, როგორ?! თუმცა თბილისის გარდა, სხვა ქალაქებში რა ხდება, არ ვიცი, შესაძლოა სხვაგან კიდევ უფრო უარესად იქცევიან და ჩემიანებს სულ ტყუილად ვაკრიტიკებ.

- რას ფიქრობთ გენდერულ თანასწორობაზე... საჭესთან? მძღოლი ქალების რაოდენობა მამაკაცებს ბევრით აღარაფრით რომ არ ჩამორჩება, მოგწონთ, თუ გაღიზიანებთ?

- რასაც ახლა ვიტყვი, წვრილი შრიფტით დაბეჭდეთ (იქნებ ასე მაინც გადავურჩე ქალების რისხვას) - ყველა სფეროში ვემხრობი გენდერულ თანასწორობას, მძღოლობის გარდა! ცხადია, ყველას არ ეხება, მაგრამ ადვილი ნამდვილად არ არის ავტომობილის მართვა, როცა ცალ ხელში პომადა გიჭირავს, მეორეში - სარკე, სიგარეტი ან ტელეფონი. ვიმეორებ - ყველა მანდილოსანი არ აყენებს თავის სილამაზეს საგზაო უსაფრთხოებასა და სხვა მძღოლების ნერვულ სისტემაზე წინ, მაგრამ დიდი ნაწილი ხშირად აფერხებს მოძრაობას და ქმნის საავარიო ვითარებას. ისევე, როგორც ბევრი მამაკაცი მძღოლი!

- საუბრის ბოლოს "ავტოსალონის" მკითხველს ავტომანქანასთან დაკავშირებული ანეკდოტი მოუყევით...

- ჩემი მანქანის ამბავს მოვყვები: როცა დაზღვეული მყავდა ავტომანქანა, უფრო ნაკლებად ვუფრთხილდებოდი და ხან რას გავედებოდი და გავკაწრავდი და ხან - რას. შესაბამისად, ხშირად მიწევდა ავტომანქანის ცალკეული მონაკვეთების შეღებვა. უკვე ისე იყო საქმე, რომ ჩემმა მეგობარმა იხუმრა: "ჩაინიკა" მანქანას უფრო ხშირად ღებავს, ვიდრე რეცხავსო! თუმცა ბოლო ორი წელიწადია, ავტომობილი აღარ დამიზღვევია და კი დავდივარ ჭკვიანად.