„კლაუსტროფობია, რომელიც შესაძლოა სწორედ თბილისის მეტროში აღმოვაჩინოთ“ - კვირის პალიტრა

„კლაუსტროფობია, რომელიც შესაძლოა სწორედ თბილისის მეტროში აღმოვაჩინოთ“

ბოლო დროს გახშირებულმა საცობებმა უფრო გაართულა დედაქალაქში ემოციური ფონი. მეტროს ბოლოდროინდელი ფოტოებიც ცხადყოფს, რომ აქ ხალხის ტალღა ერთსა და იმავე ადგილზე უძრავად დგას. ეს უფრო აღრმავებს იმ სტრესებსა და ფობიებს, რომლებიც ჩვენი გარემოსათვის არც აქამდე იყო უცხო. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლაუსტროფობია, დახურული სივრცის შიში, რომელიც, შესაძლოა სწორედ თბილისის მეტროში (არა მარტო) აღმოვაჩინოთ. Aგაღრმავებულ ფსიქოლოგიურ მომენტებზე, მათ შორის კლაუსტროფობიაზე ფსიქოლოგ ლევან დარჩიას ვესაუბრეთ:

- ყველა შიში, ფობია, რომელსაც რეალური საფუძველი არ გააჩნია, მათ შორის კლაუსტროფობიაც მართლაც გაზვიადებული შიშია. აბსტრაქტული და ირაციონალური ფობიები ნამდვილად ვერ ახდენენ ადამიანის ცხოვრებაზე იმდენ გავლენას, რამდენსაც საყოველთაოდ გავრცელებული ფობიები. მაგალითად, კლაუსტროფობია, რომელიც შესაძლებელია იმდენად მძიმედ და ისეთი გარემოს გამო გამოვლინდეს, რომ ადამიანი პანიკაში ჩავარდეს და საკუთარ ქცევების კონტროლი დაკარგოს. მსგავსი რამ უმეტესად იმ სიტუაციაში ხდება, როდესაც ადამიანს ხშირი შეხება აქვს ფობიის საგანთან.

რაც შეეხება მოცემულ სიტუაციას, ჩემს პრაქტიკაშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მეტროში ხალხის ტალღაში "გაჭედვამ" ისეთ პანიკაში ჩააგდო, რომ ცუდად გახდნენ. ზოგიერთს სუნთქვა შეეკრა და დახრჩობის შეგრძნება განუვითარდა, ზოგს თვალთ დაუბნელდა და გონების დაკარგვამდე მივიდა. სხვათა შორის ბევრი მათგანი იმ წუთებში ვერ აცნობიერებს, რომ ეს კლაუსტროფობიისა და დემოფობიის (ხალხის შიში) გამოვლინებაა და არა ორგანული დაავადება. სწორედ Fფობიებს ახასიათებს მსგავსი სიმპტომები და პანიკა. გავიხსენოთ, როგორი პანიკა იპყრობთ თუნდაც ლიფტში "გაჭედილ" ადამიანებს. დაახლოებით იგივე ხდება მეტროშიც, როდესაც დახურულ სივრცეში ხალხის ტალღაში მოქცეული უძრავად მ==ყოფი ადამიანი ხშირად სტრესს იღებს. დაახლოებით იგივე ხდება საცობში მდგარ ტრანსპორტშიც. თუმცა მეტროში ეს ბევრად სტრესული პროცესია, თუნდაც იმ შიშის გამო, რომ ბევრს ჭყლეტის დაწყების ეშინია.

- რა იწვევს კლაუსტროფობიას?

- სპეციალისტების აზრით, არც კლაუსტროფობია და არც რომელიმე ფობია უმიზეზოდ არ ყალიბდება. მათი განვითარების საფუძველი უმეტესად ბავშვობაში ჩნდება ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგად, რაც ცნობიერში ილექება და მუდმივად ახდენს გავლენას ადამიანზე. მაგალითად, ასეთია ბავშვობაში გამომუშავებული მუდმივი საფრთხის ან დაუცველობის განცდა, რომელიც ხშირად ჩნდება მშობლებისგან მიტოვებულ ბავშვებში. ფობიები ზრდასრულ ასაკში მიღებული ტრავმებითაც ვითარდება. არა მარტო განსაკუთრებულად ემოციური ადამიანები არიან მიდრეკილი ფობიებისაკენ. ფობიის ფსიქოლოგია ხომ ასეთია: ჩვენს ქვეცნობიერში ყოველთვის არის კავშირი შიშის გამომწვევ მიზეზსა და იმ უარყოფით ემოციებს შორის, რომლებსაც ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში განიცდის. ამ მიზეზებმა ადამიანში შესაძლოა თავი სულაც არ იჩინოს, თუკი შესაბამისი შიშის გამომწვევი მოვლენა არ გაჩნდა. როგორც კი ის გაჩნდება, ფობიაც ამოქმედებას იწყებს. თითქოს შიში აკონტროლებს მას და კარნახობს, რა გააკეთოს. ფობიისადმი წინააღმდეგობის უნარსაც ადამიანის აზროვნება, მენტალიტეტი განსაზღვრავს. ჩაკეტილი, სუსტი მენტალიტეტის ადამიანები კლაუსტროფობიას უფრო მძიმედ იტანენ.

ნებისმიერი ფობიის, მათ შორის, კლაუსტროფობიის პანიკური შეტევებისას ადამიანი შიშის მსხვერპლი ხდება, თანაც, ისეთი შიშის, რომელიც რეალობაში მას ვერ დააზიანებდა, ეს შიში თავადვე რომ არ შეექმნა. ალბათ, ყველას შეგვიმჩნევია, როგორ ამტკიცებენ ადამიანები, თუ რამდენად საშიშია ეს თუ ის მოვლენა, რომლის არანაირი საფუძველი, არ არსებობს. მაგალითად, გამგზავრების წინ ავტოკატასტროფის ფობიით შეპყრობისა, რომლის საფუძველიც არ არსებობს. არადა, ადამიანი თავგამოდებით გიმტკიცებს, რომ ავტოკატასტროფა აუცილებლად მოხდება და ცნობიერში ამ უბედურების ერთიმეორეზე უარეს სურათებს ხატავს. ამ დროს ფობიის მსხვერპლმაც მშვენივრად იცის, რომ ეს მხოლოდ მისივე შექმნილი შიშია, მაგრამ მისი მექანიზმის ახსნასა და თავის დაღწევის საშუალებას ვერ პოულობს.

როდესაც ფობია, შიში ღრმავდება, იწყება ტაქიკარდია - კლაუსტროფობები მას "გულის ამოვარდნას" უწოდებენ - სხეულის დაუმორჩილებლობა, გონების დაკარგვის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, კუჭის აშლა... რაც ისეთ ხალხმრავლობაში, ნამდვილად საფრთხილოა, მით უმეტს მეტროში. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ პანიკა გადამდებია და მეორე - პანიკაში ჩავარდნილი ადამიანი თავად ხარჯავს უზარმაზარ სასიცოცხლო ენერგიას.

- არის გზა, რომ ეს თავიდან ავიშოროთ თუნდაც მეტროში?

- რა უნდა ვქნათ? თავიდან უნდა მოვიშოროთ იმ უსარგებლო შიშზე ფიქრი, რასაც თავად ვქმნით და ვკვებავთ. ჩვენი ყურადღება ჩვენვე უნდა ვმართოთ. თქვენ იტყვით, რომ პანიკურ სიტუაციაში ყურადღების გადატანა შეუძლებელია. არაფერიც! მაგალითად, ამავე პანიკურ სიტუაციაში რომ ჩანთაში დამამშვიდებელი აბი გვქონდეს, ხომ გაგვახსენდება და გადავყლაპავთ? იგივე უნდა გავაკეთოთ სასარგებლო ფიქრზე ყურადღების გადატანის პროცესშიც. ეს ხომ ნამდვილად შეგვიძლია? მერწმუნეთ, მსგავს სიტუაციაში ეს დახმარების ყველაზე ძლიერი რგოლია. გარდა ამისა, არსებობს ფიზიკური ვარჯიშებიც, რაც მსგავსი სიტუაციიდან თავის დაღწევაში იოლად დაგვეხმარება. მაგალითად, ღრმად ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა, რაზეც ყურადღების გადატანა "ჭედვის" პროცესს დაამოკლებს და შვებასაც მოგვგვრის.