ქიზიყელთა ახირებები და ტრადიციები - კვირის პალიტრა

ქიზიყელთა ახირებები და ტრადიციები

ეს სტატია უძველეს კახეთს წარმოგადგენინებთ. მკვლევარმა ნიკა ყარალაშვილმა შეაგროვა ძველი დროის გაზეთებში გამოქვეყნებული საინტერესო ამბები კახეთის შესახებ.

ვაქირელების გასართობი

- თხა თხაზე ნაკლებიო, უთქვამთ ვაქირელებს სიღნაღელებისთვის და გასართობად ყეენობა შეურჩევიათ. ყეენობას ყველიერის ორშაბათს მართავდნენ. მოსახლეობა იკრიბებოდა სოფლის შუა ტერიტორიაზე. შემაღლებულ ადგილზე დგამდნენ ტახტს, რომელზედაც ყეენი ჯდებოდა. ყეენად ირჩევდნენ მაღალ-მაღალ გამხდარ კაცს, რომელიც ამავე დროს გონებამახვილი, სიტყვამოსწრებული და ოხუნჯიც იყო.

საოცარი იყო ვაქირელი ყეენის მორთულობა: თავზე ეხურა წოპწოპინა შაქრის ქაღალდის ქუდი, დურბინდად სახედრის ბარძაყის ძვალი ეკიდა, მეორე მხარეს - ძველი ჟანგიანი ხმალი. სახე მურითა და ნახშირით ჰქონდა მოხატული. ტანზე გადაბრუნებული დაძონძილი ტყაპუჭი ეცვა. გვერდს უმშვენებდა ამალა - ბერიკები, ძირითადად, მამაკაცები და ბავშვები. ჰყავდა ხელჯოხიანებიც - კარგად გამოწყობილი თუშურქუდიანი ბიჭები, ჩოხა-ახალუხითა და მოოქრული ქამარ-ხანჯლით დამშვენებული.

ყეენის ამალა გზას უღობავდა ქუჩაში მიმავალთ და ყეენის სასარგებლოდ ხარკს ახდევინებდა. ისინიც, მეტი რა გზა ჰქონდათ, გადასახადს იხდიდნენ და ყეენს მდაბალ სალამს მოახსენებდნენ. ყეენი მოუთმენლად ცმუკავდა ტახტზე, ვერ ისვენებდა, იძლეოდა ბრძანებებს, ხან შენიშვნებს და მითითებებს, ხან ჯავრობდა და ვინმეს სიკვდილით დასჯას მოითხოვდა. ხან დურბინდში იყურებოდა მაშველი ჯარის მოლოდინში. ყეენი ისე იქცეოდა და ამალაც ისე ამასხარავებდა, რომ ჯარად მიმავალი ადამიანების სიცილსა და მხიარულებას ბოლო არ უჩანდა.

სოფლის დღეობა მთავრდებოდა იმით, რომ ყეენს სახედარზე უკუღმა შესვამდნენ და სოფლის ბოლოში მიიტყუებდნენ. ერთხანს ამასხარავებდნენ, შემდეგ ჩამოართმევდნენ დურბინდს, ქუდს, ხმალს, გახდიდნენ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს და, მისი დიდი რისხვისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, პატივაყრილსა და დაგლახავებულს, გაუშვებდნენ ხევში. ისიც იძულებული იყო გაქცეულიყო, რომ არ დასწეოდნენ ყიჟინით დადევნებული ბავშვები და არ მოხვედროდა მათი ნასროლი ქვები.

ხალხი დიდად კმაყოფილი იშლებოდა და ყეენობაც ამით მთავრდებოდა.

kaxeti2-1664720775.jpg
ქართველი თავადის ქალი ეროვნულ სამოსში. ალექსანდრე როინაშვილის ფოტო (ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან)

"შაბაშ-გადალოცვა"

"ქიზიყელების ახირებული, ძველებური ჩვეულება იყო "შაბაშ-გადალოცვა", რომელიც იცოდნენ ნიშნობაში, სადედოსა და ქორწილში. მოწიწებით მოპატიჟებული სტუმრები სუფრასთან ისხდნენ და პურმარილს შეექცეოდნენ, როცა მეფე-დედოფლის წინ დგამდნენ ვერცხლის ჯამს. შუა სახლში იდგა გამოცდილი "დალალი" (გადამლოცავი), რომელიც იღებდა ფულებს სტუმარ-მასპინძლისგან და თან ყვიროდა: "გაგონება იყვეს! სიდედრს (ან სხვა ვისმეს) მოურთმევია თეთრი მანეთი (ან მეტ-ნაკლები); ღმერთო, მიეც ვაჟიშვილი, კეთილი და კაი გული, ააშენოს!" ხალხი ერთხმად შესძახებდა: "ააშენოს!" - ასეთი იყო გადალოცვის რიტუალი.

ამის მერე დაჰკრამდნენ დაირა-გარმონს, წამოდგებოდა პატარძალი და თამაშობდა. დალალს კი მისდიოდა ფულები.

შაბაშ-გადალოცვის მიცემაში ყველა მოვალეა, თუ სინიდისს არ გადაუდგება. ჯერ აძლევენ სიძე-პატარძლის ახლო ნათესავები, მათ უკან სტუმრებიც, გამოცდილი დალალი კარგა ფულებს შეაგროვებს: შენ რომ აბაზი მისცე, ის სამ-ოთხ აბაზს ამბობს, რომ სხვას შერცხვეს და მეტი გამოიღოს. სინდისიან კაცს აქ იმდენი ეხარჯება, რომ იმის ნახევარი ფასის არც კი რამ შეუჭამია და ეგეთი დაპატიჟილი დუქანში პურის ჭამაზედ უარესია: როგორც იქ, აქაც ყველაფერს ჰყიდულობს, მაგრამ უფრო ძვირად და ისე მიირთმევ...

თუ ბლომათ მოდის შაბაში, პატარძალი აძრიელებს თამაშსა, თუ ბლომათ მოდის გადასალოცი, მეფე იცინის ქვეშ-ქვეშ. წინააღმდეგ ამისა, ორივე იღრიჭებიან", - წერდა 1876 წლის "დროება".

ინდაურიჭამია ალექსი

"იუმორით დაჯილდოებული ქიზიყელების გართობის ერთ-ერთი სახეობა თურმე ნაძლევი ყოფილა. 1913 წლის გაზეთ "ხმა კახეთისაში" აღწერილია, როგორ დადეს ნაძლევი ჭამაზე სიღნაღის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობამ. სიღნაღელ ეგნატე ეგიევს, ნიკა სიფრაშვილსა და ნიკა სომხიშვილს ნაძლევი დაუდვიათ სოფელ მაშნაარელ ალექსი სიფრაშვილთან, რომ ერთ ინდაურს შეჭამდა. ალექსი მთელ ქიზიყში დიდად მადიან კაცად ითვლებოდა, როგორც ჩანს, საკუთარი თავის იმედიც ჰქონდა და პირობებისთვის კი არაფერი მოუკლია, პირიქით, დაუმატებია.

მოკლედ, "13-გირვანქიანი" ანუ 5,2 კილოიანი ინდაური მოუხარშავთ და მოუტანიათ ალექსისთვის, მაგრამ მან დამატებით მოითხოვა ერთი შოთი პური, ნახევარი ბოთლი არაყი და ერთი ჩარექი ღვინო. ალექსიმ ეს ყველაფერი შეჭამა და კიდევ გაიძახოდა, "შემიძლიან სხვა რამე სადილი ვჭამოვო". ხუთკილოიანი ინდაურის მჭამელ ალექსის, რამდენიმე დღის წინ, თურმე შეუჭამია ათი გირვანქა ღორის ხორცი, არადა, იმ დღეს, დილით უსაუზმია და ოთხი ჭიქა არაყი გადაუკრავს".

კახელი ქალების ეშხიანობის საიდუმლო

- 20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში ევროპული გავლენით ჩაცმა-დახურვის სტილი შეიცვალა, თუმცა მთაშიც და ბარშიც პირველი ორი ათწლეულის განმავლობაში, ძირითადად, კვლავ ქართული ჩასაცმელი ბატონობდა.

საქართველოს სხვა კუთხეებშიც კარგად იყო ცნობილი ქართული კაბა, რომელსაც კახეთში "წელიანი", "ყურთმაჯიანი" და "სარტყელ-გულისპირიანი" კაბაც ეწოდებოდა. ის კახელი ქალის ჩაცმულობის მთავარ ელემენტს წარმოადგენდა.

ქართული კაბის პარალელურად, ქალი ევროპულად შეკერილ კაბებსაც ("ხაბარდიანი", "კერესიანი", "ხალათური") ხმარობდა, მაგრამ ქართულ კაბად წოდებულ და საგვირგვინო კაბად მიჩნეულ ჩასაცმელთან შედარებით, ყველა მათგანი მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა.

თვითონ ქართული კაბა ორი უმთავრესი ნაწილისაგან შედგებოდა: წელს ქვემოთ მოქცეულ ნაწილს დაბლატანი ეწოდებოდა, წელს ზემოთას კი - მაღლატანი. კაბის დამატებითი ელემენტები იყო სარტყელი, გულისპირი და ყურთმაჯები.

ქართული კაბა საგვირგვინო კაბად ითვლებოდა, ის გათხოვილი ქალის აუცილებელ ჩასაცმელს წარმოადგენდა, გასათხოვარი ქალიც კი, თუ ოც წელს გადააბიჯებდა, თავს იხურავდა და ქართულ კაბას იცვამდა. ქმრის დასაფლავების დღეს ქალი სადედოფლო კაბაში გამოეწყობოდა და თვითონაც მას საფლავში ჩაიყოლებდა.

გათხოვილ ქალსაც და სრულწლოვან გასათხოვარ ქალსაც თავი უნდა დაეხურა. სარტყელ-გულისპირიანი კაბის ჩამცმელს კი შესაფერისი თავსაბურავი უნდა ეტარებინა. თავშესაბური შედგებოდა: კოპი ანუ გაურჯელასაგან, ჩიხტისაგან, სამკაულებით გაწყობილი თავსაკრავისგან, ლეჩაქისა (იგივე ჩიქილა) და მანდილის როლის შემსრულებელი ბაღდადისაგან.

დარბაისელი და ლაზათიან კოსტიუმში გამოწყობილი კახელი ქალი თავს ოქროს სამკაულებითაც იმშვენებდა, რომელიმე ძვირფასი თვლით შემკული შუბლის ქინძისთავი (ჩიხტის შუა ადგილზე გასაკეთებელი - ალმასიანი, ფირუზიანი და სხვ.), და თვლიანი ან უთვლო ბეჭედი უღარიბესი ოჯახის წარმომადგენელ ქალსაც კი უეჭველად უნდა ჰქონოდა.

საქორწინო ჩაცმულობის გარდა, კახელ მანდილოსანთა უმრავლესობა სხვადასხვა სახის საყურეებს, ყელსაბამებსა და სამაჯურებსაც ხმარობდა. ამიტომაც იყო გაპრანჭული კახელი ქალები, საქართველოს სხვა კუთხეების ქალებისგან განსხვავებით, ეშხიანობით რომ გამ-ოირჩეოდნენ.

სასჯელი ვენახში სიყვარულისთვის

- ტრადიციების მიმდევარი კახელები ვენახში სიყვარულისთვის ქალსაც და მამაკაცსაც "დაუნდობლად" სჯიდნენ. აი, რა ხდებოდა, თუ ვინმეს ღმერთი გაუწყრებოდა და სწორედ ვენახში მოუნდებოდა ჩახუტება. კახელები თვლიდნენ, რომ ვენახში, მინდორში ან თივის ზვინზე ჩახუტება ადგილმამულის წაბილწვა იყო და უბარაქობას გამოიწვევდა.

ე.წ. შეჩვენება კი ასე იცოდნენ: მათ ხარს კლავდნენ, პურსაც იმათსას აცხობდნენ, ღვინოც მათი ოჯახებიდან იყო. სოფელი შეიყრებოდა, სვამდნენ და ჭამდნენ, განკვეთილ და შეჩვენებულ მოსიყვარულე ქალსა და კაცს გულდაგულ გამოკეტავდნენ, მაგრამ არ ასახლებდნენ, რამდენი თვე უკრძალავდნენ ქალს ქალებში გასვლას, კაცს კი კაცებში გასვლას.

"ეგეთი ვისაც მოუხდებოდა, ორივეს გაატიტვლებდნენ, გამურავდნენ, შაისვამდნენ ვირზე უკუღმა და დაატარებდნენ სოფელში და ფუიო, ყველა მიაფურთხებდა, ყანები გადამიბილწესო, ახლა რა უნდა ვქნათ, უბარაქობა იქნებაო".

ნელი ვარდიაშვილი