„ცხელი შემოდგომა გელოდებათ“ - ოპოზიციის „რწმენის“ საკითხი - კვირის პალიტრა

„ცხელი შემოდგომა გელოდებათ“ - ოპოზიციის „რწმენის“ საკითხი

ზვიად გამსახურდია რომ გარდაიცვალა, ძალიან ბევრმა არ დაიჯერა და, ალბათ, არც იყო გასაკვირი, რადგან ეროვნული მოძრაობა, 9 აპრილი და ერის გაერთიანება, დამოუკიდებლობის მოპოვება და ბევრი სხვა რამ მის სახელს უკავშირდებოდა. ცხადია, მათი რიცხვი მალე შემცირდა, მაგრამ ბავშვობის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მოგონებად დამრჩა, ადამიანების ერთი ჯგუფი ყველგან და ყოველთვის როგორი სიჯიუტით იმეორებდა, რომ "ზვიადი ცოცხალია" და ეს ხდებოდა მაშინაც კი, როდესაც თბილისში გადმოასვენეს და მთაწმინდაზე დაკრძალეს. დღეს "ზვიადი ცოცხალია" ჩაანაცვლა ფრაზამ "ცხელი შემოდგომა გელოდებათ" და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით რუსთაველის გადაკეტვის დაანონსება ისეთივე "რწმენის" საკითხად იქცა, როგორიც ერთ დროს "ზვიადი ცოცხალია" იყო. ცხადია, აქციების ჩატარებაც ნორმალურია, რუსთაველის გადაკეტვაც და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაც, მაგრამ მუდმივად "ცხელი შემოდგომის" დაანონსება მაშინ, როდესაც ვერ სრულდება და ირაციონალურობის ფორმას იძენს, გამოდის, დაპირების, "ცხელი შემოდგომა გელოდებათ" უბრალოდ, უნდა გვწამდეს.

ოპოზიციას საკუთარი ფუნქცია მხოლოდ აქციის დაანონსება ჰგონია, რათა ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ არის კი ეს საკმარისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად მაშინაც კი, თუ საზოგადოების თუნდაც უდიდესი ნაწილი ხელისუფლებაზე გაბრაზებული და იმედგაცრუებულია?

როცა ლაპარაკია პარტიების დანიშნულებაზე, იგულისხმება არა მარტო ის, თუ რას აკეთებენ პარტიები, არამედ ისიც, რას ველით მათი საქმიანობისგან. ეს ორი საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ოპოზიცია კი ისე აანონსებს "ცხელ შემოდგომას", სულ არ აინტერესებს, ხალხს რა სურს. როდესაც ხალხი თვლის, რომ პროტესტი უნდა გამოთქვას, ისე გამოდის ქუჩაში, რომ არავითარი დაანონსება არ სჭირდება - ეს კარგად აჩვენა "გავრილოვის ღამემაც" და ევროკავშირში გაწევრების მხარდასაჭერად გამართულმა აქციამაც. საზოგადოებას აქვს კონკრეტული ინტერესები, რომელიც მის კეთილდღეობას ეხება და ეს მოიცავს ყველაფერს, პარტიების დანიშნულება კი მოსახლეობის ინტერესების დაცვაა და მათ ამ კეთილდღეობის მიღწევის იდეოლოგიური ხედვა უნდა განასხვავებდეთ. შესაბამისად, თუკი ოპოზიცია მხოლოდ აქციებზე ლაპარაკობს, გამოდის, სხვა რამ არ შეუძლია ან სხვა მეთოდის გამოყენების საშუალება არა აქვს.

აღიარებულია, რომ პოლიტიკური საქმიანობისთვის ყველაზე კარგი ტრიბუნა პარლამენტია და ახლა აზრი აღარ აქვს იმაზე ლაპარაკს, ოპოზიციამ ჯერ ბოიკოტი რომ გამოაცხადა, სიები ჩახსნა და მერე პარლამენტში შევიდა, სწორი იყო თუ არასწორი. შედეგი ისაა, რომ ახლა პარლამენტარები ჰქვიათ და გარკვეულწილად საკუთარ ხაფანგშიც აღმოჩნდნენ, რადგან თუ ვინმე გამოაკლდებათ, სიების ჩახსნის "გენიალური" გადაწყვეტილების გამო მათ ადგილს ვერავინ დაიკავებს. მეორე საკითხი ის არის, ვინც არიან, რას აკეთებენ და ბერკეტებს როგორ იყენებენ. დღეს 150-კაციან პარლამენტში 143 წევრია, აქედან 84 კაცი უმრავლესობაში, ხოლო ოპოზიციაში ოფიციალურად 59, საიდანაც 4 წევრი ინჯია-ზილფიმიანის ჯგუფია, ისინი კი რეალურად "ოცნების" უმრავლესობის დანამატია და ოპოზიციის რაოდენობაში მათი გათვალისწინება, სასაცილოა. მაგრამ მათ გარეშე რჩება 55 წევრი და რას აკეთებს ეს 55 კაცი და იყენებს იმ ბერკეტებს თუ არა, რაც აქვთ? შორს რომ არ წავიდეთ, მხოლოდ კანონპროექტების კენჭისყრაში რომ მიიღონ მონაწილეობა, რაც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, ნებისმიერ მნიშვნელოვან კანონპროექტზე შეუძლიათ დააფიქსირონ 55 წინააღმდეგი ხმა. რიგ შემთხვევაში შესაძლოა ეს კანონპროექტის ჩასაგდებადაც იყოს საკმარისი, ან უბრალოდ დააფიქსირონ, რომ ამდენი კაცი რაღაცას ეწინააღმდეგება. ამასთან, თუ წინააღმდეგი არ დაფიქსირდა, იქნებ ეთანხმებიან კიდეც და თანხმობას დუმილით გამოხატავენ?

დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კი ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ და ამ 55-დან 50 კაცის თანხმობაა საჭირო. რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ საკითხის ინიცირების უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კომისიის შექმნის საკითხზე კი გადაწყვეტილება მიიღება სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება - ანუ საკითხის დასმა შეუძლია 29 დეპუტატს და 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო, რომ შეიქმნას. აღარაფერს ვამბობთ სადეპუტატო კითხვაზე, მთავრობის წევრების დაბარებასა და სესიაზე გამოსვლებსა და დებატებში მონაწილეობისთვის გათვალისწინებულ ბერკეტებზე. საერთო ჯამში, ბერკეტი საკმაოდ ბევრია, რომელთაც ოპოზიცია ან არ იყენებს, ან ძალიან მცირედს. არადა, რომ იყენებდეს, იქნებ არც იმის ძახილი დასჭირვებოდა, "ცხელი შემოდგომა გელოდებათო", ან საზოგადოების ისეთი მხარდაჭერა მოეპოვებინათ, რომ მართლა ცხელი აღმოჩენილიყო და მხოლოდ "რწმენის" საკითხად არ დარჩენილიყო.

რუსა მაჩაიძე