„როგორც ჩანს, პოლიტიკური გადატრიალება სერიოზულად მზადდება“ - კვირის პალიტრა

„როგორც ჩანს, პოლიტიკური გადატრიალება სერიოზულად მზადდება“

„მელიას და სააკაშვილს ჩააჩოჩებენ“

"ნაციონალურ მოძრაობაში" რომ მწვავე დაპირისპირებაა, ამ დღეებში უფრო ცხადი შეიქნა - გამუდმებით ისმის ურთიერთბრალდებები. როგორც ამბობენ, გარკვეული ჯგუფები ნიკა მელიას ჩანაცვლებას გეგმავენ, ეს ეჭვი მაშინ გამძაფრდა, როცა ნიკა მელია ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს დაუპირისპირდა. მან პირდაპირ თქვა, რომ კეზერაშვილი მისი პარტიისთვის სახიფათოა და მოუწოდა კეზერაშვილს შორს დადგეს პოლიტიკიდან. "ყველა ადამიანს ჩამოვართმევ ხელს, ოღონდ უნდა დავრწმუნდე, რომ ის არის გულწრფელად მოწადინებული, დამარცხდეს რეჟიმი. მე დღეს ეს რწმენა არა მაქვს. მე ამ ადამიანთან არანაირი საერთო არ მექნება, არც მაქვს და მიმაჩნია, რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის პირადად და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, - თქვა ნიკა მელიამ და დასძინა, - პარტიაში არაფორმალური გავლენა არც ერთმა პარტნიორმა არ უნდა შემოიტანოს... დავინახე ამის საფრთხე".უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა პარტიის სრული კონტროლი მოინდომეს და ცალსახად გამოჩნდა ისიც, რომ ნიკა მელია მათი ფავორიტი არ არის. თავად კეზერაშვილიც გამოეხმაურა "ფეისბუკზე" ამ ამბებს. "...უკვე მრავალი წელია, სახელისუფლებო მედია, რუსული პროპაგანდის სტილში, არ ერიდება ჩემ მიმართ ტყუილსა და ცილისწამებას. გულდასაწყვეტი სიახლე ისაა, რომ ამდაგვარ კამპანიაში ცალკეული ოპოზიციური ლიდერებიც ჩაერთვნენ. ჩემი გააზრებული არჩევანია, არ შევიდე ამ გაუგებარ კინკლაობაში. ჩემი სახელის ირგვლივ ატეხილი ხმაურისა და ბრალდებების მიუხედავად, არ ვაპირებ ამ დამაზიანებელ დისკუსიაში მონაწილეობას, რადგან ვთვლი - ამ ყველაფერს ერთი გამარჯვებული ეყოლება - ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმი... მკაფიოდ ვამბობ - მე არასოდეს ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებ ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიის დღის წესრიგის განსაზღვრაში. პარტიული პოლიტიკის მიმართ ჩემი ინტერესი არა მაქვს. ამასთან, ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე.... მტერმაც და მოყვარემაც მინდა იცოდნენ, რომ არ გამაჩნია არანაირი პირადი ან პარტიული დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში. ამასთანავე, არ ვაპირებ მშვიდად ვიყო და შორიდან ვუყურო ჩემი მეგობრების, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნას. ისინი რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები არიან და რაც ჩემს ძალებშია, ყველაფერს გავაკეთებ მათი გათავისუფლებისათვის. ასევე არა მაქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოებას, მის აქტიურობას. რა თქმა უნდა, ვაგრძელებ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, რომელსაც ხელისუფლება ეწევა ტელეკომპანია "ფორმულასა" და ზოგადად კრიტიკული ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ. უკან არ დავიხევთ...", - ამბობს დავით კეზერაშვილი.

ვახტანგ მაისაია, ექსპერტი:

- დავით კეზერაშვილთან ვანო მერაბიშვილი დგას, რომელიც ყოველთვის რუხი კარდინალი იყო. კარგად მენიშნა ნიკა მელიას სიტყვები, რომელმაც თქვა, პარტიაში გადატრიალება მზადდებაო. სახელმწიფო გადატრიალების ტიპოლოგიაში 9 კატეგორია არსებობს, ერთ-ერთია პოლიტიკური გადატრიალება, როცა სახელისუფლებო და პოლიტიკური პარტიების ცვლილებაზეა საუბარი, თუნდაც პოლიტიკური ძალადობის მეშვეობით, რასაც ვხედავთ ახლა "ნაციონალური მოძრაობის" მაგალითზე. მელიამ თქვა, ამ გადატრიალების უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანანო. არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ძალიან საეჭვოდ დაემთხვა "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული გადატრიალების საკითხი ლუკაშენკოს ჩასვლას აფხაზეთში. ეს მესიჯი იყო ქართველი საზოგადოებისთვის, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის. ეს ვიზიტი ლუკაშენკოს აპარატის უფროსმა ვიქტორ შეიმანმა დაგეგმა. ის ჯერ კიდევ 24 ივლისს იმყოფებოდა სოხუმში და ბჟანიას, ანქვაბსა და სხვებს შეხვდა, მერე აგვისტოშიც ჩავიდა, ახლაც ლუკაშენკოს ახლდა. შეიმანი რუხი კარდინალია, რომელიც ყველა შავ საქმეს ლუკაშენკოს სახელით აკეთებს და პირდაპირ დაკავშირებულია მოსკოვის კლანთან. ეს არის ე. წ. სილოვიკების კლანი, სეჩინი, პატრუშევი, ივანოვი. შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი თავის დროზე პირდაპირ კავშირში იყო შეიმანთან, ის მინსკში ხვდებოდა პატრუშევსაც. იარაღიც კი შემოჰქონდათ, ბელარუსის შეიარაღების ელემენტები შემოვიდა ფოთის პორტში, იქიდან კი სად მიდიოდა, არავინ იცის. შეიმანის გამოჩენა ქართულ რეალობაში ბევრ კითხვას აჩენს. ამას დაემატა იმ ჰიბრიდულ ძალთა შემოსევა, რაც ჩვენს საზღვართან ხდება. არავინ იცის, რუსეთიდან რა ტიპის ადამიანები შემოდიან, შეიძლება შემოდიან სპეცსამსახურების დივერსიული ჯგუფები. საქართველოში 1918-20 წელს შემოსულმა ნაკადმა დიდი როლი ითამაშა საქართველოს გასაბჭოების საქმეში.

მელია ამბობს, რუსული სპეცსამსახურები დგანან "ნაცმოძრაობაში" მოსალოდნელი გადატრიალების უკანო და კეზერაშვილი და მერაბიშვილი იგულისხმა. კეზერაშვილი მერაბიშვილთან ერთად ჩართული იყო იარაღის შემოტანაში. შს სამინისტროს ხაზით აგვისტოს ომის პერიოდში და მერეც შემოდიოდა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, სხვადასხვა ტიპის შეიარაღების ელემენტები. საქართველო მაშინ ერთგვარი ჰაბი იყო და ამიტომაც ჩამოვიდა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორიც, რადგან საქართველო შემჩნეული იყო როგორც სატრანზიტო ხაზი. "ნაცების" გადაყენების შემდეგ დაფიქსირდა ასევე თხევადი ჰეროინის შემოტანის უპრეცედენტო ფაქტი ავღანეთიდან. 3 ტონა თხევად ჰეროინზე იყო საუბარი. ასეთი დიდი რაოდენობა, ბუნებრივია, ვერ შემოვიდოდა, თუ მანამდე არ იყო საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამტარებელი ქვეყანა. ეს ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებას დაემთხვა და მხოლოდ შემდგომ ითქვა, რომ ასეთი დიდი რაოდენობა შემოვიდა. თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნა, ვის ინტერესში უნდა იყოს ახლა "ნაცმოძრაობის" დაშლა. ნიკა მელია და ახალგაზრდების ის ფრთა, რომლებიც არიან "ნაცმოძრაობაში", არ არიან გასვრილი იმ ძალადობაში, როგორც არიან გასვრილი კეზერაშვილი, მერაბიშვილი და სხვა ძველი თაობის ლიდერები, ფაქტია, ყოველივე ეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული.

- გინდათ თქვათ, რომ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი ებრძვიან მიხეილ სააკაშვილს?

- ისინი არ იქნებიან პარტიის ლიდერები, ასე არ გაიფუჭებენ თავს, მაგრამ წამოაყენებენ თავიანთ ლიდერებს, მარიონეტებს და რეალურად ისინი რუხ მმართველებად დარჩებიან. ასე იყო მანამდეც. სააკაშვილი, ბოკერია, უგულავა გადაწყვეტილებას იღებდნენ, გამტარებლები კი კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი იყვნენ. ვანო მერაბიშვილი თავის დროზე რუსულ თამაშს თამაშობდა. აბა, ვინ მისცა რუსებს პრივილეგია და ვინ ჩაუგდო ხელში მათ ენერგორესურსები, ქვანახშირის მრეწველობა, ვინ შემოიღო უვიზო რეჟიმი და ვინ გაუხსნა კარი მოსკოვს, როცა ჯერ კიდევ საომარ მდგომარეობაში ვიყავით? რუსული სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა. ვანო მერაბიშვილი ყოველთვის ჩრდილში იყო და რუხი კარდინალის ფუნქციას ასრულებდა.

- ამ დღეებში გაირკვა, რომ კეზერაშვილი აფინანსებს რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას, უფრო მეტიც, ცალკეულ ლიდერებსაც. რაში სჭირდება მათ პარტია და იქ გავლენები?

- პარტია შავი ფულის გათეთრებისთვის სჭირდებათ, პოლიტიკური პარტიები ამისთვის იდეალური ვარიანტია.

უკაცრავად, როცა "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დაადასტურა, რომ დიდ დაფინანსებას იღებდა მისი ოჯახის წევრი რუსეთის ფედერაციიდან, ეს არაფერს ნიშნავს? არა აქვს მნიშვნელობა, ეს ჰონორარია თუ სხვა რამ. მოსკოვის სახელმწიფო სტრუქტურებიდან წამოსული ფინანსური ტრანში არაფერია? ამერიკიდან ერთი ძმაკაცი მეორეს ფულს რომ გადმოურიცხავდა, სააკაშვილი ამისთვის ხალხს აპატიმრებდა და მოსკოვიდან პირდაპირ წამოსული თანხები არ არის ჯაშუშური.

მე ჯაშუშად შემრაცხეს იმის გამო, რომ 500 დოლარი გადავრიცხე მოსკოვში და მართლა რომ მიმეღო მოსკოვიდან დაფინანსება, რა იქნებოდა მაშინ?

არ დაგვავიწყდეს, რომ ელენეს მგიმო აქვს დამთავრებული. პოლონეთის სახელმწიფომ ყველა ის პირი, რომლებიც სწავლობდნენ მოსკოვის ამ უნივერსიტეტში, გაათავისუფლა სამსახურებიდან როგორც არასაიმედო პირები. და ჩვენთან რა ხდება? ვანო მერაბიშვილისა და შეიმანის კონტაქტებზე მტკიცებულებები არსებობს თუნდაც ჩემს სისხლის სამართლის საქმეში. მე გავშიფრე მათი კავშირები, ჩემს კომპიუტერში აღმოაჩინეს ის ანალიტიკური სტატია, ამ მასალებს დღემდე გრიფი "საიდუმლო" ადევს, რაც ბევრ ეჭვს იწვევს.

კეზერაშვილს მილიონები აქვს, მაგრამ აქ სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება, რადგან საერთაშორისო სკანდალშია გახვეული, რამდენიმე სასამართლოში განიხილება მისი იარაღის ბიზნესთან დაკავშირებული საქმეები. ამიტომაც სჭირდება პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც მისი მხარდამჭერები იქნებიან. შავი ფულის გათეთრებისთვის ძალიან კარგია პოლიტიკური პარტია, თან ეს თუ იქნება "ნაცმოძრაობა", რომელსაც ჰყავს სერიოზული ელექტორატი, მით უკეთესი.

- თქვენი აზრით, ახლა "ნაცმოძრაობაში რა მოხდება?

- მელიას და სააკაშვილს ჩააჩოჩებენ. როგორც ჩანს, პოლიტიკური გადატრიალება სერიოზულად მზადდება და პოლიტიკური ტელევიზიები და არასამთავრობო სექტორიც მობილიზებულია. ვნახოთ, რა იქნება.

საერთოდ, კეზერაშვილი არის საერთაშორისო მასშტაბის კრიმინალი და ყველა იმ პარტიას თუ პოლიტიკოსს, რომელიც მასთან თანამშრომლობს, ხმა არ ამოეღება კორუფციაზე თუ პროევროპელობაზე.