რუსეთის მობილიზაციას გამოქცეული დეზერტირები და საფრთხეები საქართველოსთვის - კვირის პალიტრა

რუსეთის მობილიზაციას გამოქცეული დეზერტირები და საფრთხეები საქართველოსთვის

მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივად დატოვება დაიწყეს - ისინი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში ფეხით და სახმელეთო ტრანსპორტით ცდილობენ გადასვლას, რადგან საჰაერო გზის გამოყენება მათთვის შეუძლებელი გახდა, ერთი მხრივ, სიძვირის და მეორე მხრივ, გამკაცრებული კონტროლის გამო. ათიათასობით რუსი ცდილობს საქართველოში შემოსვლას და მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ლარსის გამშვებ-პუნქტთან კილომეტრიანი რიგებია. გასულ დღეებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერები ჩრდილო კავკასიიდან, რომლებშიც, სავარაუდოდ, საქართველოში გადმომსვლელ რუსეთის მოქალაქეთა რიგები ჩანდა. BBC ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მანქანების 10-კილომეტრიანი რიგი იყო და გამშვები პუნქტის გავლას 2 000-ზე მეტი მანქანა ელოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შსს აცხადებს, შემომსვლელთა რაოდენობამ იკლო, მათი რიცხვი მაინც დიდია და ოპოზიცია ხელისუფლებას კატეგორიულად სთხოვს საზღვრის ჩაკეტვას. რა საფრთხეებს ქმნის რუსი რეზერვისტების მასობრივად შემოსვლა ქვეყანაში, რით განსხვავდება ეს საფრთხე შემომსვლელთა პირველი ნაკადისგან და რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელს, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ნოდარ ხარშილაძეს ესაუბრა.

- მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ამდენი ადამიანის შემოსვლა უკვე უმართავი ხდება. ჯამში, დაახლოებით რუსეთის 200 ათასი მოქალაქეა შემოსული.

ჯერ პირველი და ახლა ეს მეორე ტალღა რომ შევაჯამოთ, რაც ძალიან ბევრია, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 5%-ია. რამდენი რჩება და რამდენი მიდის, ესეც არ ვიცით. ახლა ეს "ქართულ ოცნებას"“ მოსწონს, რადგან ამ ხალხს ფული შემოაქვს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში აქ „პატარა რუსეთს“ შექმნიან და ერთ დღესაც პუტინი იტყვის, ჩემი მოქალაქეების ინტერესები უნდა დავიცვაო. ეს ჩვეულებრივი რუსული კლასიკაა და დღეს აგერ, პუტინმაც მაგაზე ილაპარაკა, ჩვენს მოქალაქეებს ვერსად ვერ მივატოვებთო. ამიტომ რუსეთიდან ამ ხალხის შემოსვლა ჩვენთვის დამატებითი რისკია. რუსეთს აგრესიის ლეგიტიმაციისთვის დამატებით საბაბს ვაძლევთ.

- ახლა ის ხალხი შემოდის, რომელიც რეზერვში ითვლება და წესით, ბრძოლა შეუძლია. მათი მენტალიტეტიც არ არის ომის საწინააღმდეგო და, თუ ახლა მოდიან, მხოლოდ იმიტომ, რომ პირადად არ უნდათ ომში ყოფნა. სოციალურ ჯგუფებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ მანქანებზე გეორგიევსკის ლენტები და ასო "ზეტ"-ები აქვთ და მხოლოდ მაშინ ხსნიან, როდესაც იგებენ, რომ საქართველოში ამ ნიშნებით ვერ შემოვლენ. ამ კატეგორიის ხალხის შემოსვლა შეიძლება სახიფათო იყოს ჩვენთვის.

- ვნახეთ, რა რეზერვშიც არიან. ამ ხალხს არც ბრძოლა შეუძლია და, ალბათ, აღარც ის ახსოვთ, ავტომატი საიდან ისვრის, მაგრამ მთავარი საფრთხე ის არის, რომ შესაძლოა რუსეთმა გვითხრას, ეგენი დეზერტირები არიან და გადმოგვეცითო. ჩვენ ევროკავშირში გაწევრებას ველოდებით და ვერ გადავცემთ, რადგან ითვლება, ისინი გამოექცნენ უკანონო სამხედრო გაწვევას და აგრესიას. ვერ გადავცემთ და, რუსეთი „გაგვიჭედავს“ და ესეც ახალ პრობლემას შექმნის, რადგან რუსეთის თვალში ისინი კრიმინალები არიან და შენ თუ არ მისცემ, მერე შეიძლება თქვან, ჩემით წავიყვანო.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ კავკასიელებს საქართველოში აღარ უშვებენ.

- ეს არ არის კარგი, ამით გადავიკიდებთ კავკასიელებს, მეორე მხრივ კი ის პრობლემაა, რომ თუ ვერ გააკონტროლე, მეორე 2000-წლიანების პანკისს მიიღებ. რუსი შემოუშვა და კავკასიელი არ შემოუშვა, ამას გამართლება არა აქვს. მაშინ არც ერთი არ უნდა შემოუშვა.

- ახლა ვიზის დაწესება რამდენად შედეგიანი იქნება?

- შესაძლებლობა ყოველთვის არის, მაგრამ ახლა ცოტა გვიანია. თუმცა ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ახლა რომც დაწესდეს, საზღვართან ვინც დგას, ვერ გაცხრილავდნენ. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია, რომ არ შემოუშვა.

- იმის გამო, რომ საზღვართან ბევრი ხალხია და რუსეთმა გააკეთა ბლოკპოსტი, რაც ცხადია, მათ საფრთხეს უქმნის, არის შანსი, რომ საზღვრის გარღვევა მოინდომონ და ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება?

- ეს ფანტასტიკის სფეროა და ამაზე ვერაფერს ვიტყვი. უცხოპლანეტელები რომ ჩამოვიდნენ, მაშინ რას ვშვრებით? იმას ამბობთ, რომ საკუთარ მესაზღვრეებს დახოცავენ და მერე ჩვენთან შემოიჭრებიან? ამის შანსი არ არსებობს, რუსი მესაზღვრები დახვრეტენ ყველას. ეტყობა, არ გინახავთ, იქ რა ხდება. არ არის ასე საქმე. კი, ბევრი ხალხია, ჭყლეტაა, მაგრამ მე შემომჭრელი იქ ვერავინ ვნახე.

- უსაფრთხოების მიზნით საქართველოს მხარეზე რომ გაკეთდეს ბლოკპოსტი და გაძლიერდეს დაცვა, ეს ხელს რას შეუშლის?

- ეს ჭკუას მოკლებული არ არის და ძალიან სწორი იქნებოდა, მაგრამ, აბა, სად არის?

რუსა მაჩაიძე