„სულ მეუბნებოდა, ეს ყველაფერი ღმერთმა მომცა და შეიძლება უკანვე წაიღოსო“ - კვირის პალიტრა

„სულ მეუბნებოდა, ეს ყველაფერი ღმერთმა მომცა და შეიძლება უკანვე წაიღოსო“

"მთაში გზა რომ იკეტება, უნებურად შიში გიპყრობს, რა მოხდება, უცებ რომ გაგიჭირდეს, ავად გახდე და ბარში წასვლა დაგჭირდეს. იცი, რომ ღვთის მეტი ვერავინ დაგეხმარება. მხოლოდ მის იმედად ხარ დარჩენილი. ასეთ დროს ლოცვა მეხმარება. ის მმატებს სიმტკიცეს და აღარ მეშინია მოსალოდნელი საფრთხის. ამიტომაც არის, რომ მთის ხალხის რწმენა განსაკუთრებით მძაფრია. მთაში გაზრდილი ბავშვიც იმიტომ არის უფრო მგრძნობიარე და მზრუნველი, რომ ხედავს, რამხელა განსაცდელის გადატანა უწევთ უფროსებს. ბავშვების ხმა აცოცხლებს აქაურობას და ეს ხმა არ უნდა მიწყდეს არასოდეს! მალე, ალბათ, მათ ხმას ჩემი შვილისა და შემდეგ უკვე შვილიშვილის ხმაც შეემატება. ჩვენი სულიერი მწყემსის, პატრიარქის თხოვნა, გამრავლდითო, უნდა შეისმინონ ქართველებმა", - ეს სიტყვები მთის ბულბულად წოდებულ, უკვე ანგელოზად ქცეულ თეონა ქუმსიაშვილს ეკუთვნის. 12 წლის წინ ხევსურეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა - ახალგაზრდა ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად არაგვმა წაიღო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა თეოს ხმა დღესაც ჩაესმის ყურში ყველა იმ ადამიანს, რომელთაც მისი სიმღერა უყვარდათ.

დეკანოზი ალექსანდრე (ბოლქვაძე), თეონა ქუმსიაშვილის მოძღვარი: - მოძღვარი, როდესაც მასთან მრევლი მოდის, ძალიან დიდ სიხარულს განიცდის, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც განსაკუთრებულ ნუგეშს ანიჭებენ მოძღვარს. ძალიან მიხაროდა თეონას ნახვა. სულ ვფიქრობდი, რომ ეს გოგონა ბევრს მიაღწევდა და რაღაცას დიდს შექმნიდა.

გელა დაიაური, პოეტი, თეონა ქუმსიაშვილის მეუღლე: - ვინც იცნობდა თეოს, ყველა იტყვის, რომ ეს იყო ადამიანი განსაკუთრებული ხასიათითა და გამორჩეული ხმის ტემბრით. ხომ ხედავთ, როგორ უჭირს ადამიანს სოფელში ცხოვრება, იქ სიმარტოვეში ყოფნა, სადაც არც კომუნიკაციაა და არც კომფორტი, მაგრამ თეოს ჰქონდა ისეთი ბუნება, რომ ზუსტად იქ იყო, სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად უჭირდა.

"მთაში ცხოვრება მძიმე ტვირთიაო, ამბობენ. არა, ქალაქია ტვირთი. მძიმე ტვირთია ათასგვარი საცდურით დახუნძლული. მთა კი სუფთაა, გიცავს. გულში გიხუტებს. საზრდოს გაძლევს. თუმც განსაცდელსაც გივლენს, რომ არ დანელდე, არ მოდუნდე, არ დაეცე, რომ მუდამ გახსოვდეს ღმერთი", - ამბობდა თეო ქუმსიაშვილი.

დეკანოზი ალექსანდრე (ბოლქვაძე):

- ერთხელ მითხრა, შატილში უნდა გავთხოვდე, გელა დაიაურს მივყვები მთაში საცხოვრებლადო. ჯერ ხუმრობა მეგონა. ვიფიქრე, ცოტა ხანს იქნებიან, ზაფხულში, და მერე ჩამოვლენ-მეთქი. ჯერ ერთი შვილი შეეძინათ, მერე მეორეც... წლები გავიდა და თეო სულ იქ იყო. სიმართლე გითხრათ, ეს გმირობა იყო, როცა მთაში ასე ჭირს ცხოვრება და ამ დროს იქ რჩები სამუდამოდ, ადვილი არაა. მე ყველასთან ვამბობდი: იცით, მე მყავს მრევლი, რომელიც შატილში ცხოვრობს, ოჯახს უვლის და საქართველოს კარიბჭესთან უშიშრად დგას-მეთქი. მეამაყებოდა, ძალიან მეამაყებოდა.

ნინო ქუმსიაშვილი, თეონას ბიძაშვილი: - სანამ ერთმანეთს გაიცნობდნენ, ვინც გელას და თეოს იცნობდა, ყველა ორივეს ცალ-ცალკე ეუბნებოდა, იმდენად ჰგავხართ, როგორ არ იცნობთ ერთმანეთსო, და აი, გელას ორგანიზებულ ხევსურულ საღამოზე შედგა მათი შეხვედრა. თეო დაპატიჟეს, როგორც მთიდან ჩამოსული მომღერალი.

გელა დაიაური: - იმ საღამოს ჩემი ახალი კრებულის პრეზენტაცია იყო. იყიდებოდა წიგნები და მერე მე ავტოგრაფებს მთხოვდნენ. ეს მაშინ ჩემთვის უცხო ხილი იყო და ძალიან გართულიც ვიყავი. ამ დროს გავიგე საოცარი ხმა და სცენისკენ რომ გავიხედე, ხევსურულ კაბაში ჩაცმული გოგონა დავინახე. ისეთი ხმით მღეროდა, რომლის გულგრილად მოსმენა არ შეიძლებოდა. დავინტერესდი და გამაცნეს. შემდეგ წელს "ვაჟაობა" და "არტგენი" ერთად ჩატარდა ჩარგალში. იქ მეორედ შევხვდი და ფშავლების დღესასწაულზე, "ლაშარობაზე" დავპატიჟე. მახსოვს, როგორი სიხარულით მივდიოდი, რომ თეოს კიდევ ვნახავდი, მაგრამ ვერ წამოვიდა.

ნინო ქუმსიაშვილი: - თეონამ მითხრა, პირველად რომ დამანახეს გელა, ეს არის დაიაურიო, ბევრი გოგო დასდევდა უკანო. ვიფიქრე, რომ ვიმღერებ, თვითონ მოვა და გამიცნობსო და მართლაც ასე მოხდა.

დათო ცინცაძე, ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელი: - შემთხვევით მოვუსმინე თეონა ქუმსიაშვილს "არტგენის" ფესტივალზე. ძალიან მოგვეწონა მთელ ანსამბლს. თეოს ხმამ გადაგვაწყვეტინა, თეოსაც ემღერა ჩვენთან ერთად. ჯერ საავტორო სტუდიაში წავიყვანეთ, სადაც თეომ ორი ცდით ჩაწერა სიმღერა. ხმის რეჟისორი გაგიჟდა, ასე სუფთად როგორ მღერის, ხმის არანაირი დეტონაცია, გამორჩეული ტემბრი, ძალიან ლამაზი საშემსრულებლო მანერა აქვსო.

კორსიკაზე მოგზაურობის დროს ვიმღერეთ თეოსეული იავნანა, რომელიც მისგან ვისწავლეთ. კორსიკელები "ჩუჩალელა ნანას" მღეროდნენ. ეს ორივე სიმღერა თავისი სტრუქტურით თითქმის იდენტურია. ამ ორი სიმღერის სინთეზისას რთულია აღგიწეროთ, რა ხდებოდა დარბაზში. იწყებდნენ კორსიკელები და ამ დროს შევდიოდით ჩვენ და როგორც კი თეო ხმას იღებდა, მთელი დარბაზი ფეხზე დგებოდა. ეს სასწაული სანახავი იყო.

ნინო ქუმსიაშვილი: - შვილებიც ჰყავდა, საყვარელი მეუღლეც და სულ მეუბნებოდა, იცი, ნინო, ეს ყველაფერი ღმერთმა მომცა და შეიძლება უკანვე წაიღოსო. სულ მზად იყო იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეს აღარ ჰქონოდა.

დათო კენჭიაშვილი, მომღერალი, თეონას მეგობარი: - თეონას როცა დავურეკე, ჯერ გაუკვირდა, როდესაც ვუთხარი, რომ მისი სიმღერის "დილაო-ავდრიანოს" ჩაწერა მინდოდა დუეტში, ცოტა არ იყოს, დაიბნა. მთხოვა, მოდი, ცოტა ხანს ვიფიქრებ, რადგან ეს სიმღერა ჩემი სავიზიტო ბარათიაო. ნახევარ საათში დამირეკა და თანხმობა მომცა. მალევე ჩავწერეთ და დაახლოებით კვირა-ნახევრის შემდეგ თეო აღარ იყო.

გელა დაიაური: - ვფიქრობ, ის უფლისმიერი ადამიანი იყო, რომელიც საჩუქრად გამოგვიგზავნა არა მარტო მე, არამედ ყველას: ოჯახის წევრებს, ნათესავებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც თეო უყვარდა.

რუსუდან შაიშმელაშვილი