გამწარებულ სომხეთს ერთი ნაბიჯიღა აკლია... რუსეთს ჩამოშორდეს - კვირის პალიტრა

გამწარებულ სომხეთს ერთი ნაბიჯიღა აკლია... რუსეთს ჩამოშორდეს

ორი წელი შესრულდა 2020 წლის 27 სექტემბრიდან, დღიდან, როდესაც აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები წამოიწყო და 44-დღიანი ომის შედეგად დიდ სამხედრო-პოლიტიკურ გამარჯვებას მიაღწია - დაიბრუნა შვიდი რაიონი და ყარაბაღის ნაწილი, რომლებსაც სომხური მხარე 1994 წლიდან აკონტროლებდა.

მიუხედავად ქალაქ შუშის დაბრუნებისა, ბაქომ მთლიანად ვერ აღადგინა დე ფაქტო ხელისუფლება ყარაბაღის დარჩენილ ნაწილზე, მათ შორის სტეფანაკერტზე (ჰანკენდზე), სადაც რუსი სამხედროები ჩადგნენ "სამშვიდობო" მისიით, თუმცა ამ ომში მოგებით აზერბაიჯანს ბევრად მნიშვნელოვანი პერსპექტივები გაუჩნდა, ვიდრე მთებში ჩაკარგული ყარაბაღის სასწრაფოდ სრული დაბრუნება.

კერძოდ, 44-დღიან ომში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთის ტერიტორიის გავლით ნახიჩევანში სახმელეთო კომუნიკაციის ამოქმედებას ითვალისწინებს, თავად ნახიჩევანი კი თურქეთთანაა დაკავშირებული ვიწრო სახმელეთო საზღვრით - ანუ თურქეთს საშუალება მიეცემა პირდაპირი გზა გაჭრას ჯერ აზერბაიჯანისკენ (საქართველოს ტერიტორიის გვერდის ავლით) და შემდეგ კასპიის ზღვის გავლით კიდევ უფრო გააძლიეროს სამხედრო-პოლიტიკური ზეგავლენა თურქული ფესვების მქონე შუა აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან.

ამ ხელშეკრულებას აზერბაიჯანისა და რუსეთის გარდა, ორი წლის წინ თავად სომხეთმაც მოაწერა ხელი და იმ მომენტში შეიძლება სხვა გამოსავალიც არ ჰქონდა, რადგან აზერბაიჯანის არმია შეჩერებას არ აპირებდა, მაგრამ დღეს სომხეთში ძალიან არ სურთ თავიანთ ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალი თურქული და აზერბაიჯანული მანქანებისა და მგზავრების ხილვა.

ბოლოდროინდელი აზერბაიჯანულ-სომხური შეიარაღებული დაპირისპირებები უკვე არა ყარაბაღის, არამედ უშუალოდ ამ ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ხდება და წარმატებას ისევ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მიაღწიეს, რომლებმაც საზღვრის სიღრმეში, 7-12 კმ-ზე, უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე ერთგვარი ბუფერული ზონა შექმნეს.

ყარაბაღის ბოლო ომის დროს ერევნის განწირულ ყვირილს სასწრაფო სამხედრო დახმარების აღმოჩენისთვის ო-დე-კა-ბეს (დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ქვეყნები: რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და თავად სომხეთი) დანარჩენმა წევრმა ქვეყნებმა იმ მიზეზით წაუყრუეს, რომ საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღში მიდიოდა და არა სომხეთის ტერიტორიაზე.

ამჯერად, ერთი თვის წინ, როდესაც ბრძოლებმა უკვე სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სომხეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა და ერევანმა ისევ დახმარება სთხოვა ო-დე-კა-ბეს, კვლავ ცივი უარი მიიღო.

ამის შემდეგ ერევანი გამოვიდა ინიციატივით, რომ თუკი ო-დე-კა-ბე პასიურობას იჩენს, მაშინ სომხეთი გაეროს, ეუთოს ან კიდევ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს თხოვნით აზერბაიჯანთან საზღვარზე მრავალეროვნული სამხედრო მისიის განთავსებაზე.

ერევანს ეს მოწვევა გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთვის ჯერ გაგზავნილიც არ ჰქონდა, რომ მოსკოვიდან სომხებს არაორაზროვნად თითი დაუქნიეს - არსებობს რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთის სამმხრივი სამშვიდობო ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და არ გაბედოთ დასავლეთიდან ვინმეს მოწვევაო.

ო-დე-კა-ბესგან მიტოვებულმა და კრემლიდან დატუქსულმა ერევანმა გაბედა და თავისი გულისტკივილი სახალხოდ განაცხადა - ბოლო ორი წელია რუსეთმა შეგვიწყვიტა სამხედრო დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ასეული მლნ დოლარი გვაქვს გადარიცხულიო. სახელისუფლებო პარტიის წევრებმა არც ის დამალეს, რომ აშშ-დან გავლენიანი სომხური ლობის საშუალებით ერევანს გადმოსცეს პირობა - სომხეთი ტოვებს ო-დე-კა-ბეს, რის შემდეგაც განიხილება სომხეთის არმიის აღჭურვა თანამედროვე დასავლური შეიარაღებით.

მაგრამ რა მოჰყვება ო-დე-კა-ბეს ასე დემონსტრაციულად დატოვებას? - რა თქმა უნდა, ურთიერთობის გაფუჭება კრემლთან, იმ რუსეთთან, რომელმაც საუკუნის განმავლობაში ორჯერ უღალატა და თითქმის კატასტროფის წინაშე დააყენა ის სომხეთი, რომელიც აქამდე ამაყობდა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მთავარი ფორპოსტობით.

პირველად რუსების ღალატი სომხებმა 1915 წელს გამოცადეს ძალზე მწარედ, როდესაც ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ომში მეფის რუსეთს ეხმარებოდნენ, მაგრამ შემდეგ ამ უკანასკნელისგან მიტოვებული აღმოჩნდნენ, და ოსმალებმაც დაუნდობელი შურისძიება დაიწყეს.

2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის 44-დღიან ომშიც სომხები ამჯერად პუტინის რუსეთმა მიატოვა და აზერბაიჯანის არმიას ხელი არ შეუშალა ძალით დაკარგულის (რაც ასევე კრემლმა დააკარგვინა აზერბაიჯანს 1992-94 წლებში) ძალით დაბრუნებისთვის საბრძოლო მოქმედებები დაეწყო. უფრო მეტიც, ძალიან დიდი ალბათობით, ალიევს სწორედ პუტინისგან ჰქონდა (შეიძლება ერდოღანის შუამავლობით) სიტყვიერი პირობა მიღებული, რომ რუსეთი არც პოლიტიკურად და მით უმეტეს, სამხედრო ძალით არ ჩაერეოდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად წამოწყებულ ომში.

დღეს სომხეთს ჰაერივით სჭირდება თანამედროვე შეიარაღება, რათა რამე მოუხერხოს აზერბაიჯანის არმიის ისრაელისა და თურქეთის წარმოების თანამედროვე სადაზვერვო და კამიკაძე-დრონებს, რუსული წარმოების ტანკებს, ბალისტიკურ რაკეტებს...

სომხეთის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და "უფროსი ძმა", რუსეთი, ასეთ შეიარაღებას სომხეთის არმიას ბოლო ორი წელია თითქმის აღარ აწვდიდა და ახლა მით უმეტეს, ვეღარც მისცემს, რადგან უკრაინასთან ომში გაჭირვებულს თავად დასჭირდა ირანისთვის დრონების ხვეწნა.

ასე რომ, სომხეთის მიერ რუსულიდან დასავლურ "ხაზზე" გადანაცვლება, არცთუ ისე დაუჯერებლად ჩანს იმის გათვალისწინებითაც, რომ საფრანგეთისა და აშშ-ის სახელისუფლებო წრეებთან ძალიან ძლიერი სომხური ლობი თანამშრომლობს.

თუმცა დასავლეთის და პირველ რიგში აშშ-ის ხელისუფლების კატეგორიულ მოთხოვნაში აუცილებლად ისიც იქნება, რომ მოსკოვთან დაშორების პარალელურად, ერევანმა რაც შეიძლება შეამციროს ურთიერთობა ირანთანაც. ასეთ მოთხოვნებს კი უკვე სომხურზე არანაკლებ თუ ბევრად გავლენიანი ებრაული ლობი წამოაყენებს.

სომხეთის დასავლეთისკენ მიტრიალება ჯდება საქართველოს ინტერესებში, რომელიც იმედია, ჯერ კიდევ რჩება ამ მიმართულებით მომზირალი და ისე არ მოხდება, რომ სომხეთთან "ჩეინჯი" გავაკეთოთ სტრატეგიული პარტნიორების გამოცვლის სახით.