...და ვის არ ეშინია ტაქტიკური ბირთვული იარაღის? - კვირის პალიტრა

...და ვის არ ეშინია ტაქტიკური ბირთვული იარაღის?

ფრონტის ხაზზე ბოლო დროს ერთმანეთის მიყოლებით განცდილი მარცხის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი "რუსეთის ტერიტორიის ყველა ხერხით, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებით" დაცვაზე ალაპარაკდა. მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ოთხი ოლქის - ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსირება გამოაცხადა და ისინი რუსეთის ფედერაციას "მიუერთა", უფრო სერიოზული გახდა კრემლის ბირთვული შანტაჟის საფრთხე.

საქმე ისაა, რომ ამ ოკუპირებული უკრაინული ოლქების ანექსიის მიუხედავად, რა თქმა უნდა, უკრაინელები ბრძოლას არ შეწყვეტენ მათ საბოლოო გათავისუფლებამდე, კრემლი კი გამოაცხადებს, რომ შეტევები ახლა უკვე უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე მიდის და მას უფლება აქვს ყველა არსებული საშუალებით "დაიცვას" თავი, მათ შორის მასობრივი განადგურების იარაღითაც.

რუსეთის განკარგულებაშია 6 ათასამდე ბირთვული მუხტი, რომელთაგან ორი ათასზე მეტი ტაქტიკური დანიშნულების უნდა იყოს, მაგრამ სიტყვა "ტაქტიკური" სამხედრო ექსპერტების ნაწილში და შეიძლება საზოგადოების გარკვეულ წრეებშიც საქართველოში ისეთ განწყობას ქმნის, თითქოს მთავარი საფრთხე მხოლოდ სტრატეგიული ბირთვული იარაღია, რომელმაც შეიძლება მსოფლიო "ამოატრიალოს", ხოლო ტაქტიკური ბირთვული ბომბები თითქოს ბევრი არაფერია და ის ომის მომავალს ვერ შეცვლის.

სინამდვილეში საქმე ბევრად რთულადაა - რეალურად არც არის მტკიცე გამიჯვნა ტაქტიკურ და სტრატეგიულ იარაღში, თუკი მათ გადამტანებზე კი არა, არამედ თავად ბირთვულ მუხტებზე გავაკეთებთ აქცენტს.

მაგალითად, სტრატეგიული დანიშნულების საბჭოთა/რუსული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა "სატანის" (რომელიც ბედის ირონიით უკრაინის იმ დნეპროპეტროვსკშია დამზადებული, რომელსაც დღეს რუსეთი დაუნდობლად ბომბავს) საბრძოლო ნაკვეთურში შეიძლება იყოს ერთი, 20 მეგატონის სიმძლავრის ბირთვული ქობინი ან 500 კილოტონა სიმძლავრის ათი ქობინი.

ბირთვული ბომბის სიმძლავრე განისაზღვრება ტრინიტროტოლუოლის რაოდენობით, ანუ რამდენი ტონა ტროტილი უნდა აფეთქდეს, რომ მისი ძალა ბირთვულ აფეთქებას შეესაბამებოდეს.

ბირთვული იარაღი სიმძლავრის მიხედვით იყოფა ხუთ ჯგუფად: ზემცირე (ერთ კილოტონაზე ნაკლები სიმძლავრის), მცირე (1-10 კილოტონა), საშუალო (10-100 კილოტონა), დიდი სიმძლავრისა (100 კილოტონიდან ერთ მეგატონამდე) და ზემძლავრი (ერთ მეგატონაზე მეტი).

06102022-1405-1665050783.13_REC.png
ყველაზე მცირე, მხოლოდ ერთი კილოტონა სიმძლავრის ეს საბჭოთა/რუსული 152 მმ კალიბრის ბირთვული საარტილერიო ჭურვი აფეთქებისას 3,5 კმ სიმაღლის "სოკოს" ღრუბელს წარმოქმნის

1945 წლის წლის 6 აგვისტოს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმის თავზე 600 მ სიმაღლეზე აფეთქებული ამერიკული ატომური ბომბის სიმძლავრე 13-დან 18 კილოტონამდე ტროტილის ეკვივალენტური იყო, ხოლო სამი დღის შემდეგ, 9 აგვისტოს, ქალაქ ნაგასაკის თავზე ატომურმა ბომბმა 21 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტური სიმძლავრის აფეთქება გამოიწვია.

ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიძლება მოთავსდეს შეიარაღების შვიდ ძირითად კლასში. ესენია: საავიაციო ბომბი, საავიაციო რაკეტა, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტის ქობინი, საარტილერიო ჭურვი, სიღრმული, ფსკერის და ღუზის საზღვაო ნაღმი, საზღვაო ტორპედო და სახმელეთო-საინჟინრო ნაღმი.

დღეს უკრაინასთან ომში რუსეთის არმია იყენებს 23 ტიპის ჩვეულებრივ შეიარაღებას, რომლებშიც ტროტილისა და ჰექსოგენის შემცველი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიძლება რამდენიმე საათში (ან უფრო სწრაფადაც) ბირთვული მუხტით ჩანაცვლდეს ისე, რომ გარედან ვიზუალურად რაიმე განსხვავება არ ექნება, თუმცა საბრძოლო გამოყენებამდე...

ბირთვული იარაღის გადამტანი საშუალებები შეიძლება დაიყოს ტაქტიკური, ოპერატიულ-ტაქტიკური და სტრატეგიული დანიშნულებისად.

ტაქტიკურ დონეზე ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება¬152, 155 და 203 მმ კალიბრის სპეციალური საარტილერიო ჭურვებით, ასევე საფრონტო ბომბდამშენებისა და ტაქტიკური ავიაციის ბომბებითა და რაკეტებით.

ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე გამოიყენება ბირთვული იარაღის გადამტანი შორი მოქმედების ავიაცია, ასევე ახლო და საშუალო მანძილის ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები. სტრატეგიულ სიშორეზე მოქმედებს საკონტინენტთაშორისო და წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტები და სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი თვითმფრინავები, თუმცა ეს დაყოფა მაინც პირობითია, რადგან სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენის ეკიპაჟსაც ვერავინ დაუშლის ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღის გამოყენებას რამდენიმე ასეული კილომეტრის რადიუსში.

ბირთვული აფეთქებისას წარმოიქმნება ხუთი სახის დამაზიანებელი ფაქტორი: დამრტყმელი ტალღა, სითბური გამოსხივება, შემღწევი რადიაცია, რადიოაქტიური დაბინძურება და ელექტრომაგნიტური იმპულსი.

დამრტყმელი ტალღა - 20 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტური სიმძლავრის ბირთვული აფეთქების შემდეგ ჰაერის დამრტყმელი ტალღა 1,4 წმ-ში 1 კილომეტრს, 4 წამში - 2 კილომეტრს, 7 წამში - 3 კილომეტრს, 12 წამში კი 5 კილომეტრს ფარავს. ის საშიშია ადამიანისთვის, თუმცა ბირთვული აფეთქების გაელვების დანახვიდან მცირე დრო მაინც რჩება თავშესაფრის მოსაძებნად ან სულაც მიწაზე დაწოლისთვის.

სითბური გამოსხივება - ჰიროსიმაში ატომური აფეთქების შემდგომ ქალაქის ქუჩებში და დანგრეული შენობების კედლებზე ადამიანთა სილუეტები გამოისახა, რაც ძალიან მაღალი ტემპერატურის გამოყოფის შედეგი იყო.

ბირთვული აფეთქების სითბური გამოსხივება რამდენიმე წამს გრძელდება და თუ ადამიანმა ამ დროს მოასწრო გაუმჭვირვალე საგანს ამოეფაროს (მაგალითად, კედელს), მაშინ ის ბირთვული აფეთქების ამ კონკრეტულ დამაზიანებელ ფაქტორს გადაურჩება. თუკი ამოსაფარებელი არაფერია, ადამიანი სასწრაფოდ უნდა დაწვეს პირქვე, ფეხებით აფეთქების მხარეს, და სახე დაიფაროს ხელებით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბირთვული აფეთქებისკენ გახედვა - ამან შეიძლება სრული დაბრმავება გამოიწვიოს.

შემღწევი რადიაცია - ეს არის იონიზებული გამოსხივება, როდესაც ატომური ბირთვების, ფოტონებისა თუ სხვა ელემენტარული ნაწილაკების ნაკადი აღწევს¬ ნივთიერებაში და ნეიტრალურ მოლეკულებსა და ატომებს იონებად გადააქცევს. ის ადამიანის ორგანიზმში იწვევს მწვავე სხივურ დაავადებას და დამოკიდებულია მიღებული დოზის სიძლიერეზე - დროის მცირე პერიოდში დიდი დოზით დასხივების შემთხვევაში, რაც აუცილებლად მოხდება ბირთვული აფეთქების ეპიცენტრის ახლოს ყოფნისას, გადარჩენის შანსი თითქმის აღარ რჩება.

რადიოაქტიური დაბინძურება - ადამიანი შეიძლება გადაურჩეს ბირთვული აფეთქებისას წარმოქმნილ ჰაერის დამრტყმელ ტალღას, სითბურ გამოსხივებასა და შემღწევ რადიაციას და მიწისქვეშა თავშესაფრიდან გახარებული ამოვიდეს, რომ გადარჩა, მაგრამ მას კიდევ ერთი ფარული, თუმცა ძალიან ვერაგი საფრთხე ემუქრება - მაღალი რადიოაქტიური იზოტოპებით შექმნილი რადიაციული ფონი.

ელექტრომაგნიტური იმპულსი ბირ­თვული აფეთქების ერთადერთი დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე უშუალოდ არ მოქმედებს, მაგრამ მწყობრიდან გამოჰყავს ელექტრომოწყობილობები და თუკი ამ დროს ადამიანები სამგზავრო თვითმფრინავში სხედან, შეიძლება ავიაკატასტროფის მსხვერპლნი გახდნენ.

არის კიდევ ერთი, არანაკლებ მასობრივი დამაზიანებელი ფაქტორი, რომლიც ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებას აუცილებლად მოჰყვება - ეს არის შიში და პანიკა, რაც მილიონობით ადამიანს მოიცავს, ვინც შესაძლოა თავად გახდა ბირთვული "სოკოს" თვითმხილველი ან ის პირდაპირ ტელეეთერში იხილა...

ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება განსაზღვრულია საბრძოლო მოქმედებების თეატრში, ფრონტის ხაზზე და მოწინააღმდეგის ახლო ზურგში. მისი სიმძლავრე ტროტილის ეკვივალენტით შედარებით მცირეა (განისაზღვრება რამდენიმე ათეული კილოტონით) და მეტი ყურადღება მიზანში მოხვედრის სიზუსტეს ეთმობა.

საბჭოთა ტაქტიკური ბირთვული არსენალიდან (რომელიც ყველაზე დიდი იყო მსოფლიოში და ოცი ათასს აღემატებოდა, საიდანაც 350 ტაქტიკური ბირთვული მუხტი რაკეტის ქობინის, საავიაციო ბომბის, საარტილერიო ჭურვისა და ნაღმის სახით 1989 წლის გაზაფხულამდე საქართველოს ტერიტორიაზეც ინახებოდა) რუსეთს დღეისათვის არანაკლებ ორი ათასამდე მუხტი დარჩა, რომელთა დაყენება შეიძლება აერობალისტიკური "ისკანდერებისა" თუ ფრთოსანი "კალიბრების" ქობინებში.

თუკი ჰიროსიმაში ამერიკელების ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრე 18 კილოტონამდე იყო, თანამედროვე რუსულ ოპერატიულ-ტაქტიკური აერობალისტიკური რაკეტა "ისკანდერ მ"-ზე 50 კილოტონაა, ანუ 50 ათასი ტონა ტროტილის აფეთქების ეკვივალენტური სიმძლავრის ტაქტიკური ბირთვული ქობინის დაყენება შეიძლება,¬რომლის ინიცირების შედეგად არანაკლებ 3-5 კილომეტრის რადიუსში ყველაფერი განადგურდება. ამ სიმძლავრის ერთ ტაქტიკურ ბირთვულ ქობინს ერთი პატარა ქალაქის პირისაგან მიწისა აღგვა შეუძლია.ასეთი ინფორმაციის შემდეგ კიდევ იმის მტკიცება, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი ჩვეულებრივ ჰექსოგენიან საავიაციო ბომბებზე ბევრად საშიში არ არის, ცოტა უცნაურია.