ლიმანის „ქვაბში“ 5 ათასამდე რუსი ოკუპანტი მოექცეოდა, რომ არ გაქცეულიყვნენ... - კვირის პალიტრა

ლიმანის „ქვაბში“ 5 ათასამდე რუსი ოკუპანტი მოექცეოდა, რომ არ გაქცეულიყვნენ...

ხაფანგი ჩაიკეტა - 1-ლ ოქტომბერს ქალაქ ლიმანის რაიონში უკრაინელების ოპერატიულ ალყაში 5 ათასამდე რუსი ოკუპანტი მოექცა. ეს არის რუსი ოკუპანტების მრავალრიცხოვანი დაჯგუფების უკრაინელების ალყაში მოქცევის პირველი შემთხვევა.

რუსი სამხედროები ასეთივე ალყაში შეიძლება მოხვედრილიყვნენ სექტემბრის დამდეგს ბალაკლავასა და იზიუმთან, მაგრამ მაშინ დროზე დაიხიეს უკან, თავს უშველეს მდინარე ოსკოლის მარცხენა სანაპიროზე გაქცევით, მაგრამ ლიმანში აღარ გამოუვიდათ.

არ გამოუვიდათ არა იმიტომ, რომ ვერ გათვალეს „ქვაბში“ აღმოჩენის საფრთხე, არამედ... მათ უკან დახევის უფლება არ მისცეს!

უეჭველია, ასეთი მკაცრი ბრძანება უშუალოდ კრემლიდან მოდიოდა, რადგან პუტინს არ სურდა ჩაშლოდა „ზეიმი“ - ფსევდორეფერენდუმების ფსევდოშედეგების „საფუძველზე“ უკრაინის ოკუპირებული ოთხი ოლქის: ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის შემადგენლობაში „მიღებასთან“ დაკავშირებით წითელ მოედანზე ფეიერვერკების გამართვა - მან ამისთვის ლიმანის ალყაში ჩარჩენილი ათასობით თანამოქალაქის სიცოცხლე ზვარაკად მიიტანა.

მაგრამ 1-ლი ოქტომბრის საღამოსთვის უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის კრამატორსკის რაიონის ქალაქ ლიმანის გარშემო გაათავისუფლა ხუთი დასახლებული პუნქტი: იამპოლი, ნოვოსელოვკა, შანდრიგოლოვო, დრობიშევო და სტავკი, რამაც უკრაინის არმიას საშუალება მისცა გააკონტროლოს ქალაქისკენ მიმავალი ყველა გზა, რამაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს ძალზე გაუძნელა ლიმანის „ქვაბში“ ჩარჩენილებისთვის დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა ამ მიმართულებით სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე საერთო საჯარისო არმიის დანაყოფებიც გადაისროლა - სწორედ იმ არმიის, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ერთ-ერთი პირველი შემოიჭრა როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე.

ისე, თუკი პარალელს გავავლებთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ზუსტად 30 წლის წინ აფხაზმა სეპარატისტებმა ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულებთან ერთად და რუსი სამხედროების მხარდაჭერით ვერაგულად დაარღვიეს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და 1992 წლის ოქტომბრის დამდეგს გაგრა-განთიადის მონაკვეთზე შეტევა დაიწყეს, რასაც გაგრის ტრაგედია მოჰყვა და რაც ქართველების გენოციდის ტოლფასი გახლდათ.

სამი ათეული წლის შემდეგ რუსი დამპყრობლებიც იგრძნობენ, რას ნიშნავს ალყაში ყოფნა.

5000-კაციანი დაჯგუფების ტყვედ ჩავარდნას რუსეთის ხელისუფლებამ სამარცხვინოდ გაქცევა ამჯობინა და 1-ლი ოქტომბრის დღის ბოლოს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით სასწრაფოდ უკან დახევის ბრძანება გასცა.

რას ნიშნავს რუსულად ჯარების „გადაჯგუფება“, კარგად გამოჩნდა ბალაკლავიდან და იზიუმიდან გაქცევის დროსაც, როდესაც რუსმა სამხედროებმა რამდენიმე ასეული გამართული ან მცირედ დაზიანებული ტანკი, ჯავშანმანქანა თუ საარტილერიო დანადგარი დაუტოვეს უკრაინის განმათავისუფლებლებს.

ლიმანიდან რუსების გაქცევის შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება, რადგან აქ რუს ოკუპანტებს ბევრად მრავალრიცხოვანი გარნიზონი ჰყავდათ ჩაყენებული.

უკრაინელებისთვის ნაალაფარ რუსულ ტანკებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მოწინააღმდეგე ჩაიგდონ ტყვედ, რათა შემდგომ გაცვალონ მარიუპოლის დაცემისას დატყვევებულ უკრაინელ სამხედროებში, რომლებიც საშინელ პირობებში ჰყავთ რუსებს.

ლიმანის გათავისუფლების შემდეგ უკრაინის არმიას მიეცემა შესაძლებლობა აღმოსავლეთით, ლისიჩანსკ-სევეროდონეცკის მიმართულებით შეტევის დასაწყებად, შემდგომში თვით ლუგანსკზე გასვლის მიზნით, სადამდეც ლიმანიდან პირდაპირი ხაზით 115 კილომეტრია.

p.s. ლიმანის გათავისუფლებასა და რუსი სამხედროების მორიგ სამარცხვინო გაქცევას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოჰყვა - რუსეთის ხელისუფლების მაღალ წრეებში დაიწყეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მკაცრად გაკრიტიკება და საბრძოლო მარცხის მათთვის დაბრალება.

ლიმანიდან ბოლო რუსი ოკუპანტიც ჯერ არ იყო გაქცეული, რომ რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელში ბრალი დასდო რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდალს, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ლაპინს, რომელიც ლიმანის დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, უნიათობასა და სიმხდალეში.

ეს შემთხვევით არ ხდება - პუტინის კარზე „ვეზირების აჯანყების“ უკვე ბევრი ფაქტია დაფიქსირებული, როდესაც ძალოვანი მინისტრები „მეფესთან“ ერთმანეთის დაბეზღებასა და ჩაძირვას ლამობენ, რაც რუსეთის, როგორც სახელმწიფო ერთეულის, დასუსტების დამატებითი მიზეზი ხდება.

ისე კი, არაპროგნოზირებადი კადიროვი თავის მთავარსარდალ პუტინს უკრაინისთვის ერთი „პატარა“ ატომური ბომბის გამეტებას სთავაზობს.