"ზამთარი ახლოვდება, ევროპა კი უფსკრულის პირას დადის" - რას წერს ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა - კვირის პალიტრა

"ზამთარი ახლოვდება, ევროპა კი უფსკრულის პირას დადის" - რას წერს ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ - "ფორინ პოლისმა" (Foreign Policy) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "ზამთარი ახლოვდება, ევროპა კი უფსკრულის პირას დადის" (ავტორი - ბრენდა შაფერი). მასში გაანალიზებულია როგორც ევროკავშირში მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის მიზეზები, ასევე, ნაჩვენებია კრიზისიდან გამოსვლის სავარაუდო გზები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დადგა რა გათბობის სეზონის დაწყების წინ ყველაზე სერიოზული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპა ძრწოლამ აიტანა. მართალია, ევროკომისიამ ევროპის ახალი ენერგეტიკული პროგრამა შეიმუშავა (რომელიც მოიცავს როგორც ფასების მატების შეზღუდვას, ასევე - სუბსიდიებს მომხმარებლებისათვის და ელექტროენერგიის ეკონომიას), მაგრამ ეს ზომები მაინცდამაინც ძალიან არ განსხვავდება იმ პოლიტიკისაგან, რის გამოც კონტინენტი ამ ენერგეტიკული ქაოსის ეპიცენტრში აღმოჩნდა.

ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ ევროპა ჯერ კიდევ არ აქცევს ყურადღებას თავისი ენერგოუსაფრთხოების კრიზისის პირველწყაროებს და პირველმიზეზებს. ევროპა თავისი უბედურების მიზეზების ძიებისას უპირატესობას გარეშე ძალებს ანიჭებს: ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვა ევროპელი ლიდერები თითს იშვერენ რუსეთისაკენ და ყველა ცოდვაში კრემლს ადანაშაულებენ.

რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინის მიერ გაზის ვენტილის გადაკეტვამ ევროპაში სიტუაცია დაამძიმა, მაგრამ თუ წარსულს თვალს ყურადღებით გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ევროპაში ფასების მკვეთრი რყევა გაზსა და ელექტროენერგიაზე წინა წლებშიც იყო. როგორც ჩანს, ევროპელმა პოლიტიკოსებმა ეს გარემოება არ გაითვალისწინეს და გადაწყვიტეს, რომ კურსი არ შეცვალონ.

რამდენადაც ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში მიაჩნიათ, რომ ევროპის ენერგოუბედურებაში ვლადიმერ პუტინია დამნაშავე, ეს იწვევს აუცილებლობას, რომ დეტალურად იქნას გაანალიზებული პოლიტიკა, რომელმაც ევროპა ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა. თუ პრობლემის მიზეზი იცი, ეს უკვე პირველი ნაბიჯია მისი მოგვარებისათვის.

ევროპის ენერგეტიკული კრიზისი ორი ათწლეულის განმავლობაში მწიფდებოდა. დაისახეს რა მიზნად, სწრაფად გადასულიყვნენ მოპოვებითი წიაღისეულის ენერგოწყაროებიდან და ატომური ენერგიიდან განახლებად ენერგოწყაროებზე, ევროპელმა პოლიტიკოსებმა ენერგორესურსების მიწოდების სფეროში ღრმა ცვლილებები განახორციელეს. იმავდროულად, მათ ყურადღება არ მიაქციეს იმ პროგნოზებს, რომ სამომავლოდ ნავთობსა და გაზზე მოთხოვნილება მაინც შენარჩუნდებოდა - როგორც საიმედო წყაროებზე ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად. მათ უპირატესობა ქარის ელექტროსადგურებს და მზის პანელებს მიანიჭეს. ევროკავშირის წევრმა ბევრმა ქვეყანამ წიაღისეული საწვავის შიდა მოპოვება და მისი იმპორტიც შეამცირა, თუმცა გამონაკლისი გააკეთეს - [იაფი] რუსული გაზი მაინც დაიტოვეს. მაგალითად, გერმანიამ, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გაზის საბადოები აქვს, კანონით აკრძალა გაზის ამოღება ჰიდროგარღვევის წესით. იგივე გააკეთეს საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა. ამის შედეგად ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროკავშირში ბუნებრივი გაზის მოპოვება სანახევროდ შემცირდა და დღეს ევროპაში, გაზის მოხმარების თვალსაზრისით, იმპორტულ გაზს 83%-იანი წილი აქვს.

"მწვანე აქტივისტების" ზეწოლით, გერმანიამ ასევე უარი თქვა ატომურ ელექტროსადგურებზე, რომლებიც ჰაერში არანაირ მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფენ და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მაღალი რეპუტაცია აქვთ. დღეს ევროპა ცდილობს, გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასები გაყინოს, აგრეთვე, ახალი გადასახადები დაუწესოს ელექტროენერგიის მწარმოებლებს. ეს ერთი შეხედვით თითქოსდა ლოგიკურია, მაგრამ რეალურად ასეთი ზომებით სიტუაცია უფრო გაუარესდება. უმჯობესია, შენარჩუნდეს ფასების ზრდა, რადგან ასეთ სიტუაციაში მომხმარებელი იძულებული გახდება, ეკონომია თვითონ გასწიოს გათბობაზე და შუქი იქ გამორთოს, სადაც საჭირო არ არის.

ევროპამ დაიჯერა, რომ მას გაზის გარეშე ცხოვრება შეუძლია და უარი თქვა ენერგორესურსების იმპორტის გრძელვადიან კონტრაქტებზე. ამის შედეგად ევროკავშირი გაზის მწვავე დეფიციტს განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ მის ირგვლივ ბუნებრივი გაზის უდიდესი ექსპორტიორები არიან. და მათ შორის არა მარტო რუსეთია, არამედ - ჩრდილოეთი აფრიკა, ცენტრალური აზია და სხვა რეგიონები. ევროკავშირს შეეძლო, საიმედოდ ეგრძნო თავი გაზით უზრუნველყოფის საკითხში, ნორმალური ფასებით, მაგრამ ახლა ის გაზის საბაზრო ფასებზეა დამოკიდებული. დღესაც კი, როცა ევროკავშირის ემისრები მსოფლიოში გაზის საძებნელად დადიან, ისინი მაინც უარს ამბობენ გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებაზე. აი, სულ ახალი ფაქტი: ამას წინათ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ყატარში და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაზის საყიდლად იმყოფებოდა, მაგრამ ბერლინში მხოლოდ ერთადერთი თხევად გაზმზიდი ტანკერის კონტრაქტით დაბრუნდა. არადა, მას შეეძლო, საკუთარი ქვეყანა გაზით ხანგრძლივად უზრუნველყო. გამოდის, რომ ევროპა თავისივე პოლიტიკის მძევლად რჩება.

ევროპას ჯერ კიდევ მთლიანად არ გაუცნობიერებია იმ გადაწყვეტილების შედეგები, როცა ათი წლის წინ უარი თქვა ბუნებრივი გაზის გამოყენებაზე. 1990-იან და 2000-იან წლებში გაზი ძალიან პოპულარული საწვავი გახდა როგორც ევროპაში, ასევე - მსოფლიოში. გაზი დიდი მოთხოვნით სარგებლობდა რიგი მიზეზების წყალობით - მისი წვის დროს ჰაერში ნაკლები რაოდენობის მავნე ნივთიერებები გამოიყოფა და ბოლო დრომდე იგი საკმაოდ იაფი ღირდა. ქვანახშირიდან გაზზე გადასვლამ ხელი შეუწყო გარემოს დაცვის გაუმჯობესებას. აშშ-ში "ფიქლების რევოლუციის" შემდეგ, ეკოლოგიური საფრთხე (ჰაერის დაბინძურება) სწრაფად შემცირდა, ხელისუფლების ყოველგვარი ჩარევის გარეშე. მაგრამ ათი წლის წინ წიაღისეული საწვავის მოწინააღმდეგეებმა ბრძოლა გაზის წინააღმდეგაც დაიწყეს, შესაბამისად, ევროკავშირი იძულებული გახდა, უარი ეთქვა გრძელვადიანი კონტრაქტების დადებაზე.

ევროპულ ენერგეტიკულ პოლიტიკაში იდეოლოგია ელემენტარულ მათემატიკურ ლოგიკას ეწინააღმდეგება. როცა უარს ამბობ ატომურ ენერგიაზე, ქვანახშირზე, ამცირებ ბუნებრივი გაზის გამოყენებას და ამ დროს ვერ აწარმოებ საკმარის ელექტროენერგიას განახლებადი წყაროებიდან (ქარისა და მზის ენერგიიდან), მაშინ ენერგიის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდები. უფრო მეტიც - ქარისა და მზის ენერგიის გამოყენებაზე სწრაფად გადასვლის ყველა მომხრე ყურადღებას არ აქცევს ფინანსურ და ტექნოლოგიურ დამამუხრუჭებელ-შემაკავებელ ფაქტორებს: ქარის გენერატორებისა და მზის ენერგიის პანელების დასამონტაჟებლად ძალიან დიდი ფართობის მქონე ტერიტორიებია საჭირო, აუცილებელია მნიშვნელოვანი მასალები და მოწყობილობები (მათ შორის ისეთები, რომელსაც მხოლოდ ჩინეთი აწარმოებს), აუცილებელია სარეზერვო ელექტროსიმძლავრეები და აკუმულატორები, რომლებიც დეფიციტურია. და ბოლოს, განახლებად ენერგიაზე ფორსირებული გადასვლისას, პოლიტიკოსები იგნორირებენ პროგნოზებს, რომელთა თანახმად, წიაღისეულ საწვავზე მოთხოვნილება ჯერ კიდევ საკმაო ხანს შენარჩუნდება - ტრანსპორტისათვის, მრეწველობისათვის, გათბობისათვის, რეზერვების შექმნისათვის. ვთქვათ და შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როცა ქარისა და მზის ენერგიის გენერირება შემცირდა, ამისათვის ქვეყანა მზად ხომ უნდა იყოს?!

ასეთი ლოგიკური მათემატიკური გაანგარიშებებისა და ორი წლის წინ გაჩენილი ენერგოკრიზისის აშკარა სიმპტომების მიუხედავად, ევროპელი პოლიტიკოსები კვლავ ჯიუტობენ და ერთმანეთს ცხვრებივით მიჰყვებიან. გასულ კვირაში ნიდერლანდების მთავრობამ განაცხადა, რომ კვლავ გააგრძელებს გაზის მოპოვების შემცირებას გრონინგენის საბადოდან, ანუ ისე, რომ თითქოსდა არანაირი ეკონომიკური კრიზისი არ არის. გერმანია ინარჩუნებს აკრძალვას გაზის მოპოვებაზე ჰიდროგარღვევის მეთოდით და აგრძელებს ატომური ენეგეტიკის უარყოფას. ბელგიამ ორიოდე დღის წინათ ის ატომური ელსადგურიც კი დახურა, რომელიც ქვეყნის ენერგომოთხოვნილების მნიშვნელოვან ნაწილს აკმაყოფილებდა, ამ დროს კი ბელგიელები ელექტროენერგიის გაძვირებას აპროტესტებენ. ერთადერთი, დიდი ბრიტანეთის მთავრობა იქცევა ლოგიკურად: ინგლისელთა ახალი ენერგეტიკული პოლიტიკა ითვალისწინებს ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის მოპოვების გააქტიურებას და იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც გაზის ჰიდროგარღვევის მეთოდით მოპოვებას კრძალავს.

მაგრამ სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერებს კურსის შეცვლა არ სურთ და კვლავ ჯიუტად აფართოებენ კაპიტალდაბანდებებს მზისა და ქარის ენერგეტიკის განვითარებაში, აგრეთვე, ელექტრომობილების წარმოების გაზრდაში. "განახლებადი ენერგიის წყაროები იაფია და ისინი ქვეყნის შიგნითაა ანუ მათი გამოყენება სხვებისგან დამოუკიდებლად შეიძლება", - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი, მაგრამ იგი თავისი ქცევით, აშკარად ფაქტებს ეწინააღმდეგება. ევროპაში განახლებადი წყაროების ენერგეტიკას ჯერჯერობით სუბსიდიების და სარეზერვო სიმძლავრეების (თბოელექტროსაგურების) გარეშე მუშაობა არ შეუძლია. ქარისა და მზის ენერგიის რენტაბელურად გამოყენება რთულია: ჯერ ერთი, რომ ბევრი რამ ამინდზეა დამოკიდებული, მეორე - აუცილებელია ძვირად ღირებული მიწოდების გლობალური ჯაჭვის გათვალისწინება, გეოპოლიტიკური სირთულეების არსებობა და მესამე - როცა ტრადიციულ წიაღისეულ ენერგოწყაროებზე უარს ამბობ, უკვე უშუალოდ ხდები განახლებად წყაროებზე დამოკიდებული.

ევროპელი ხელმძღვანელები ვერ აცნობიერებენ, რომ ენერგობაზრებისათვის მათ მიერ მოფიქრებული სქემები არ მოქმედებენ. რეალობა ისეთია, რომ ენერგოკომპანიები ძველ ტრადიციებს უბრუნდებიან და ისევ ქვანახშირსა და მაზუთზე გადადიან. მართალია, ურსულა ფონ დერ ლაიენი არ გამორიცხავს გაზის მნიშვნელობას, მაგრამ იგი აქცენტს ძვირად ღირებულ ამერიკულ და ახლოაღმოსავლურ თხევად გაზზე აკეთებს, მაგრამ იქაურ საწვავზე გადასვლა ევროპის ეკონომიკას და ცხოვრების დონესაც გააძვირებს.

იმის ნაცვლად, რომ ატომური ენერგეტიკა და აესები ააღორძინონ, რომელიც ესოდენ დაუფიქრებლად დახურეს, ევროპელი ლიდერები მხარს უჭერენ სრულიად უპერსპექტივო პროექტებს - მათთვის დღეს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი იდეაა წყალბადის ენერგიის გამოყენება. იმავე ურსულა ფონ დერ ლაიენმა სპეციალური "წყალბადის ევროპული ბანკის" შექმნაც გამოაცხადა, თანხების აკუმულირებისათვის, მაგრამ წყალბადის გამოყენების ტექნოლოგია ჯერჯერობით არასტაბილურია და სერიოზული საფრთხის შემცველია. გარდა ამისა, წყალბადის წარმოების დროს გარემოს გაჭუჭყიანების რისკი იზრდება, ატმოსფეროში მისი გაჟონვა კლიმატზე მოქმედებს.

ევროპელ პოლიტიკოსებს რომ გულახდილად და გულწრფელად ელაპარაკათ მიმდინარე ენერგოკრიზისის მიზეზებზე, მაშინ ნათელი იქნებოდა, თუ რა ზომები უნდა მიღებულიყო პრობლემის მოსაგვარებლად. დღევანდელ სიტუაციაში პირველი ნაბიჯი უნდა იყოს გაზის მიწოდების გრძელვადიან (ათ წელზე მეტი ხნით) კონტრაქტებზე გადასვლა; მეორე - უნდა გაუქმდეს ატომური ელექტროსადგურების დახურვის გადაწყვეტილება, მათი მუშაობის აღდგენის მიზნით - სადაც ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია; მესამე - ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს დიდი მოცულობის ინვესტიციების დაბანდება ისეთ განახლებად ენერგოწყაროებში, რომელთა რენტაბელობა საეჭვოა. პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები ასეთ სიტუაციებში ნეიტრალურები და მიუკერძოებლები უნდა იყვნენ.

ბრიუსელმა და ევროკავშირის ქვეყნებმა ახლებურად უნდა შეხედონ ბუნებრივ გაზს, მათ შორის გაზის შიდა საბადოებს - ისე, როგორც ამას დიდი ბრიტანეთი აკეთებს. გარდა ამისა, მათ ყურადრება უნდა მიაქციონ იმ პოზიტიურ გარემოებას, რომ გაზის მოპოვების თანამედროვე მეთოდები ატმოსფეროში მეთანის გაჟონვას გამორიცხავენ, რაც ეკოლოგიურ რისკებს ამცირებს. ევროპას სარეზერვო საწვავის გრძელვადიანი გეგმაც ჭირდება, რომელიც საბაზრო დატვირთვის დროს იქნება გამოყენებული, მზისა და ქარის ენერგიასთან ერთად.

მოკლედ, ევროპამ ერთი რამ მტკიცედ უნდა გააცნობიეროს: ქარის ენერგიის გენერატორები და მზის ენერგიის ბატარეები ვერასოდეს გამოიმუშავებენ საკმარის ელექტროენერგიას, ქარი და მზე ვერასოდეს ჩაანაცვლებენ გაზს და ატომურ საწვავს. თუმცა, რასაკვირველია, შესაძლებლობის მიხედვით, ერთობლივად ყველა წყარო უნდა იქნას გამოყენებული. ევროპას სჭირდება აბსოლუტურად ახალი მიდგომა ენერგორესურსების ბაზრის ორგანიზების საკითხშიც. უპირველესი ნაბიჯი - დღევანდელი იდეოლოგია სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საღი და გონივრული პრაქტიკული გაანგარიშებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპელებს მოუწევთ კიდევ მრავალი ზამთრის გადატანა კრიზისულ ვითარებაში - იმისგან დამოუკიდებლად, თუ რას გააკეთებს ვლადიმერ პუტინი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ