იარაღდაგდებული და დანებებული მოწინააღმდეგის დახვრეტა ომის უდიდესი დანაშაულია... - კვირის პალიტრა

იარაღდაგდებული და დანებებული მოწინააღმდეგის დახვრეტა ომის უდიდესი დანაშაულია...

მსოფლიო საზოგადოების ყურადღება, მართალია, რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომისკენაა მიპყრობილი და სექტემბრის შუა რიცხვებში სომხეთ-აზერბაიჯანის მორიგი სასაზღვრო შეიარაღებული შეტაკებები ცოტა ჩრდილში აღმოჩნდა, მაგრამ გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა რამდენიმეწამიანმა ვიდეოკადრებმა მილიონობით ადამიანი შეძრა. ამ კადრებში ნათლად ჩანს ომის წესების ყველაზე საშინელი დარღვევა-დანაშაული: უიარაღო, დანებებული მოწინააღმდეგის მასობრივი დახვრეტა...

ამ საშინელი ვიდოკადრების უტყუარობის დადგენას დიდი დრო არ დასჭირვებია - ეს ინციდენტი 13 სექტემბერს მოხდა, სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო შეტაკებების დროს, და, დიდი ალბათობით, აზერბაიჯანელი სამხედროები თავს ესხმიან და იკავებენ სომხების სასაზღვრო საგუშაგოს, იარაღს აყრიან და მუხლებზე აჩოქებენ 6-7 სომეხ სამხედროს, წრეს კრავენ და ორი-სამი მეტრიდან ავტომატების ჯერებით მათ დაუნდობლად ცხრილავენ, თანაც საკონტროლო გასროლებსაც აყოლებენ...

ეს არის ომის ყველაზე დიდი დანაშაულის საშინელი თვალსაჩინოება, რაც არც ერთი ქვეყნის არმიის სამხედრომ არ უნდა ჩაიდინოს, რადგან უიარაღო და დაჩოქილი ანუ ტყვედ ჩაბარებული მოწინააღმდეგის არათუ დახვრეტა, ცემა და წამებაც კი დაუშვებელია...

2-q-1664784985.png
ორი წლის წინანდელ ომში, ჰადრუტში, ორი სომეხი სამხედრო ტყვის დახვრეტის მომენტი

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ სომხეთ-აზერბაიჯანის ომებში, როდესაც ტყვედ აყვანილებს აწამებენ და ხვრეტენ. ასე ხდებოდა 30 წლის წინ და ასე მოხდა ორი წლის წინაც ყარაბაღში, როგორც ერთი, ისე - მეორე მხრიდან, მაგრამ როდესაც ამის თვალსაჩინო დამადასტურებელი ვიდოკადრებიც მოიპოვება, ეს ბევრად უფრო ამძიმებს სიტუაციას...

თუ რას ნიშნავს მოწინაღმდეგის ასეთი სისასტიკე, ქართველებმა, სამწუხაროდ, ძალიან კარგად ვიცით აფხაზეთისა და აგვისტოს ომებიდან, გაგრის გენოციდიდან თუ ანწუხელიძის გმირობის მაგალითიდან...

ბოლომდე ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ ქართული მხრიდან არავის ჩაუდენია ასეთი საშინელება, თუმცა შემიძლია ორი მომენტი გავიხსენო, რომლის თვითმხილველი, უფრო სწორად კი - მონაწილე თავად გახლდით.

აფხაზეთის ომი ახალი დაწყებული იყო, გაგრის დაკარვის შემდეგ პაატა ზაქარეიშვილთან და გია ბარამიძესთან ერთად სოხუმიდან გუდაუთაში რუსი სამხედროების შვეულმფრენით მომიწია გადაფრენამ, ტყვეების გადასაცვლელად. სოხუმის „მაიაკის“ რაიონიდან, სადაც რუსების სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი იყო დისლოცირებული (ისე, წარმოიდგინეთ სიტუაციის მთელი აბსურდულობა - აფხაზეთის ომის 13 თვის განმავლობაში სოხუმში რუსი მედესანტეები იყვნენ განლაგებულნი, მათ შორის - „მვოს“ (მოსკოვის სამხედრო ოლქის) სანატორიუმშიც, სადაც რამდენიმე ღამეც გავათიე) სანამ შვეულმფრენით ავფრინდებოდით, ორი უშველებელწვერიანი ყაბარდო-ბალყარელი სამხედრო ტყვე თვალებში შემომციცინებდა და მორიდებით მეკითხებოდა, დასახვრეტად ხომ არ მიგყავართო? თან აკანკალებდათ, არადა, სხვა სიტუაციაში რომ შემხვედროდნენ, ალბათ ძვლებიანად შემჭამდნენ, იმხელები იყვნენ...

მართალია, იმ ორ ჩრდილოკავკასიელ ნამდვილ „ბოევიკში“ მხოლოდ ერთი ქართული, მშვიდობიანი ოჯახი გადაგვიცვალეს - დედ-მამა და ორი პატარა ბავშვი, მაგრამ ამ ტყვეებისთვის არათუ დახვრეტა, თითი არ დაგვიკარებია... ისე კი, გადაცვლის დროს, გუდაუთის სამხედრო აეროდრომზე კინაღამ ამ ბლოგის ავტორი დაიტოვეს ტყვედ...

ერთი თვის შემდეგ კი ისევ გუდაუთის აეროდრომიდან უკვე სამგზავრო თვითმფრინავით მეფარიშვილის სპეცდანიშნულების ბატალიონის ის წევრები გამოვიყვანეთ, რომლებიც გაგრის დაცემის დროს ერთ-ერთ სანატორიუმში იყვნენ გამაგრებულნი, მაგრამ ბოლოს მაინც ტყვეობაში აღმოჩნდნენ... ჩვენს ნაწამებ-ნაცემ ბიჭებში კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ტყვე გავუცვალეთ, მათ შორის - აფხაზური წარმოშობის სირიელი გენერალი...

ამ 30 წლის წინანდელი მოვლენების გახსენებით იმის ჩვენება მინდოდა, თუ როგორ ვექცეოდით ჩვენ სამხედრო ტყვეებს (თუმცა ყველა ქართულ სამხედრო ფორმირებაზე თავს ვერ დავდებ), მათ ვუფრთხილდებოდით, რადგან ჩვენს ტყვეებში უნდა გაგვეცვალა...

ომის დროს ტყვეების რაოდენობას ტანკების რიცხვზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს - თუკი ტყვედ მოწინააღმდეგის მაღალი ჩინის ოფიცრები, მზვერავები თუ პილოტები გყავს აყვანილი, მაშინ ერთ, მნიშვნელოვან ტყვეში შეგიძლია შენი რამდენიმე ტყვედჩავარდნილი თანამებრძოლის გამოშვებაც მოითხოვო.

მაგალითად, იმავე მედვედჩუკში პუტინმა უკრაინელებს 200-ზე მეტი ტყვე დაუბრუნა, მათ შორის - „აზოვის“ მეთაურობაც, რომლებსაც საერთოდ დახვრეტას უპირებდნენ.

3-q-1664785039.png
კადრი ვიდეოდან - წელს,13 სექტემბერს დაპყრობილ სასაზღვრო საგუშაგოზე დაჩოქებულ სომეხ სამხედროებს წამის შემდეგ ავტომატის ჯერებს მიუშვებენ...

გაცხარებული ბრძოლის დროს ყველაფერი ხდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გვერდში თანამებრძოლს მოუკლავენ, მაგრამ იმ საშინელ ვიდეოში, რომლითაც ეს ბლოგი დავიწყე, კარგად ჩანს, რომ სომეხ სამხედროებს იარაღი დაყრილი აქვთ, ორივე ხელი - მაღლა აწეული და მუხლებზე დგანან - შესაბამისად, ისინი აღარ წარმოადგენენ საშიშროებას, ბარდებიან ტყვედ... და ამ დროს მათი მასობრივი დაცხრილვა ორიოდე მეტრიდან... ეს უდიდესი დანაშაულია, რითაც აზერბაიჯანი (რომელიც ორი წლის წინანდელ ყარაბაღის ბოლო ომში ერთგვარ თანაგრძნობას იწვევდა, როგორც თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღმდგენი ქვეყანა) ძალიან ბევრს წააგებს მსოფლიო საზოგადოების თვალში, თუკი სასწრაფოდ მკაცრად არ დასჯის ამ საშინელი დახვრეტის მომწყობებს...