"სხვა სიტუაციაში რომ შემხვედროდნენ, ალბათ ძვლებიანად შემჭამდნენ, იმხელები იყვნენ..." - კვირის პალიტრა

"სხვა სიტუაციაში რომ შემხვედროდნენ, ალბათ ძვლებიანად შემჭამდნენ, იმხელები იყვნენ..."

აფხაზეთის ომი ახალი დაწყებული იყო, გაგრის დაკარვის შემდეგ პაატა ზაქარეიშვილთან და გია ბარამიძესთან ერთად სოხუმიდან გუდაუთაში რუსი სამხედროების შვეულმფრენით მომიწია გადაფრენამ, ტყვეების გადასაცვლელად. სოხუმის „მაიაკის“ რაიონიდან, სადაც რუსების სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი იყო დისლოცირებული (ისე, წარმოიდგინეთ სიტუაციის მთელი აბსურდულობა - აფხაზეთის ომის 13 თვის განმავლობაში სოხუმში რუსი მედესანტეები იყვნენ განლაგებულნი, მათ შორის - „მვოს“ (მოსკოვის სამხედრო ოლქის) სანატორიუმშიც, სადაც რამდენიმე ღამეც გავათიე) სანამ შვეულმფრენით ავფრინდებოდით, ორი უშველებელწვერიანი ყაბარდო-ბალყარელი სამხედრო ტყვე თვალებში შემომციცინებდა და მორიდებით მეკითხებოდა, დასახვრეტად ხომ არ მიგყავართო? თან აკანკალებდათ, არადა, სხვა სიტუაციაში რომ შემხვედროდნენ, ალბათ ძვლებიანად შემჭამდნენ, იმხელები იყვნენ...

მართალია, იმ ორ ჩრდილოკავკასიელ ნამდვილ „ბოევიკში“ მხოლოდ ერთი ქართული, მშვიდობიანი ოჯახი გადაგვიცვალეს - დედ-მამა და ორი პატარა ბავშვი, მაგრამ ამ ტყვეებისთვის არათუ დახვრეტა, თითი არ დაგვიკარებია... ისე კი, გადაცვლის დროს, გუდაუთის სამხედრო აეროდრომზე კინაღამ ამ ბლოგის ავტორი დაიტოვეს ტყვედ...

ერთი თვის შემდეგ კი ისევ გუდაუთის აეროდრომიდან უკვე სამგზავრო თვითმფრინავით მეფარიშვილის სპეცდანიშნულების ბატალიონის ის წევრები გამოვიყვანეთ, რომლებიც გაგრის დაცემის დროს ერთ-ერთ სანატორიუმში იყვნენ გამაგრებულნი, მაგრამ ბოლოს მაინც ტყვეობაში აღმოჩნდნენ... ჩვენს ნაწამებ-ნაცემ ბიჭებში კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ტყვე გავუცვალეთ, მათ შორის - აფხაზური წარმოშობის სირიელი გენერალი...

ამ 30 წლის წინანდელი მოვლენების გახსენებით იმის ჩვენება მინდოდა, თუ როგორ ვექცეოდით ჩვენ სამხედრო ტყვეებს (თუმცა ყველა ქართულ სამხედრო ფორმირებაზე თავს ვერ დავდებ), მათ ვუფრთხილდებოდით, რადგან ჩვენს ტყვეებში უნდა გაგვეცვალა...

ომის დროს ტყვეების რაოდენობას ტანკების რიცხვზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს - თუკი ტყვედ მოწინააღმდეგის მაღალი ჩინის ოფიცრები, მზვერავები თუ პილოტები გყავს აყვანილი, მაშინ ერთ, მნიშვნელოვან ტყვეში შეგიძლია შენი რამდენიმე ტყვედჩავარდნილი თანამებრძოლის გამოშვებაც მოითხოვო.

მაგალითად, იმავე მედვედჩუკში პუტინმა უკრაინელებს 200-ზე მეტი ტყვე დაუბრუნა, მათ შორის - „აზოვის“ მეთაურობაც, რომლებსაც საერთოდ დახვრეტას უპირებდნენ. წაიკითხე სრულად