"ქართული ოცნების“ 10 წელზე - ერთი სიტყვით ვიტყოდი: "ტრაგედიაა“ - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების“ 10 წელზე - ერთი სიტყვით ვიტყოდი: "ტრაგედიაა“

საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებშია ნატოში გაწევრიანება, მაგრამ მანამდე ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმ ილუზიების ქვეშ, რომ უკრაინაში რაღაცები რომ ხდება, ჩვენც მარტივად გავძვრებით გაგზავნილი ქაღალდით, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ავტომატურად ამ გზას გაჰყვება, "თუ ხელისუფლებამ გაუგებარი პოლიტიკა გააგრძელა“.

"ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ნაბიჯების გადადგმა სერიოზული განსჯის შემდეგ სჭირდება. ისე არ მოგვივიდეს, რომ ვიღაცა რაღაცას იღებს და მერე აქედან დავიწყოთ ძახილი, რომ ჩვენც გვინდა. ნატოში გაწევრიანება ყველა ქვეყნისთვის არის საკუთარი ოფლით, შრომით და მონდომებით გადასადგმელი ნაბიჯები.

ამ ვითარებაში ყველაზე ცუდი იქნება, თუ ჩვენ მთავრობის უგუნურობის გამო, ამ კონკრეტულ ვითარებაში ისე დავისჯებით, რომ მერე ათწლეული დაგვჭირდება კიდევ ამ შანსისთვის. თუ დაუსრულებლად გაგრძელდა ის პროცესი, რომ ასეთი ხელისუფლება რჩება ქვეყანაში, ნატოსაც და ევროკავშირსაც სხვა არჩევანი არ აქვს. ისინი მთავრობებს ელაპარაკებიან, ქუჩაში ხომ არ დაგველაპარაკებიან ჩვენ? ამიტომ რა ტიპის განაცხადი კეთდება, რა კეთდება, რამდენად არის მხარდაჭერა, ასეთი თემები არ შეიძლება გადაწყდეს იმით, რომ საინფორმაციო საშუალებებით შევიტყვეთ, რომ უკრაინამ განაცხადი გააკეთა, ასევე საინფორმაციო საშუალებებით შევიტყვეთ, რომ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ "რა კარგია და ხო, ვიფიქროთ“ და მოდი ახლა ჩვენც სადმე რამე წერილი გავაგზავნოთ. ეს არის ღრმად არასერიული ამბავი. ასეთ საკითხების მოსინჯვა ხდება წინასწარ, დიპლომატიური არხებით,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს და ევროკავშირის კანდიდატის წევრობის მიღების საკითხს - როგორც უსუფაშვილი აცხადებს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით "ოცნების“ მიერ შემოთავაზებული კანონი "ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილის არ შეეხება, რაც პრობლემას არ მოაგვარებს და საბოლოო ჯამში, ქვეყნის საქმეს გააფუჭებს, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა კანდიდატის სტატუსის მიღება ძალიან დიდი ხნით გადაგვადებინოს.

"ბიძინა ივანიშვილი და „ოცნება“ ისეთი ურთიერთობაში არიან ერთმანეთთან და იმდენად გადაჯაჭვულია მათი ხვალინდელი დღეს ერთმანეთზე, რომ "ოცნებამ“ ივანიშვილს პრობლემები შეუქმნას, მაშინ თვითონ შეექმნებათ პრობლემები და დაიღუპებიან. ამიტომ "სუპერკარგის“ გაკეთებას მათგან არც ველოდით. ახლა პროექტი, რაც შემოაქვთ იმით ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში ეს თემა არ უნდა შეეხოს ივანიშვილს და ყველ შემთხვევაში ეს უნდა შეეხოს ოპოზიციის მხარდაჭერაში, თუ ოპოზიციურ განწყობებში შემჩნეულ კონკრეტულ ადამიანებს. ამას გვეუბნება ხელისუფლება ახლა. ანუ პრობლემა არ მოგვარდება, პრობლემა პრობლემად დარჩება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მან გადაცემაში ასევე "ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წლიან პერიოდთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ოცნების“ მმართველობას სახელი "ტრაგედია“ შეიძლება დაერქვას.

"ერთი სიტყვით ვიტყოდი "ტრაგედია,“ თუ ორი სიტყვით უფლება მექნებოდა "მორიგი ტრაგედია“. ქართველი ხალხის მორიგი სურვილი და მცდელობა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ძველი შეცდომები უკან მოეტოვებინა და წინ სერიოზული ნაბიჯებით წასულიყო, პირველ რიგში, ქართველი ხალხის და თითოეული ინდივიდის პრობლემის მოგვარებისთვის, კვლავ მარცხით დასრულდა“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მან გადაცემაში ასევე იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ დატოვა "ქართული ოცნება“.

უსუფაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდში სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით მან 2014 წელს, მაშინდელ პოლიტსაბჭოს და მის ხელმძღვანელს წერილობით მიმართა, სადაც მისი თქმით, "ძალიან პრობლემური თემების და სასწრაფოდ გამოსწორების შესახებ მიანიშნებდა“.

მისივე განცხადებით, "ქართული ოცნება“ სპეცსამსახურის იმ თანამშრომლებს მფარველობდა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ კობა დავითაშვილის გასატაცებლად და მის საცემად გამოიყენა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგი მაშინდელი და ახლანდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

"დემოკრატიული რეფორმების წინააღმდეგი მაშინდელი და დღევანდელი პრემიერი იყო - ეს ერთი და იგივე ადამიანია.

ის ბიჭები, სპეცსამსახურების თანამშრომლები, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებამ კობა დავითაშვილის გასატაცებლად და საცემად გამოიყენა, ის ბიჭები ახლა ნორმალურად იქცევიან და მათ პრობლემები როგორ და რატომ შევუქმნათო. ამ ტიპის ჩურჩულები გაისმა დერეფნებში,“ - აღნიშნა უსუფაშვილმა.

დავითაშვილმა ასევე პასუხი გასცა კითხვას, თუ რა უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა მას წერილზე.

"ივანიშვილმა მომწერა, რომ ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ სხვები ხომ ვერაფერს გაიგებენ და რა აზრი აქვსო. ეს მისი მანევრი იყო,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.