როგორ იქცა ფელიქს ძერჟინსკი საბჭოთა მილიციისთვის „შავი ფულის“ შოვნის წყაროდ - კვირის პალიტრა

როგორ იქცა ფელიქს ძერჟინსკი საბჭოთა მილიციისთვის „შავი ფულის“ შოვნის წყაროდ

ფელიქს ძერჟინსკის "კერპის" შექმნაზე მთელი საბჭოთა იდეოლოგია მუშაობდა. "ჩეკისტს უნდა ჰქონდეს ცივი გონება, ცხელი გული და სუფთა ხელები" - ძველ თაობას ალბათ კარგად ახსოვს ეს "ჩეკისტური ლოზუნგი", რომლის ავტორადაც "რკინის ფელიქსს" ასახელებდნენ. ახალგაზრდა "ჩეკისტებს" უყვებოდნენ, თუ როგორი მაღალი დონის პროფესიონალი, შეუდრეკელი ბოლშევიკი და უპატიოსნესი ადამიანი იყო თავად "ამხანაგი ძერჟინსკი". თუმცა საინტერესოა ისაა, რომ ძერჟინსკის ეს სიტყვები არასდროს არ უთქვამს და "ჩეკას" თანამშრომელების "ძირითადი თვისებები" მისი ბიოგრაფების შეთხზული და მათი შემოქმედების ნაყოფია. ისე კი საინტერესოა კიდევ რამდენს სჯერა საქართველოში ამ ლოზუნგის?

ვე-ჩე-კას ფუნქციებს ძერჟინსკი შემდეგში ხედავდა:

" ჩკ-ს მუშაკები რევოლუციის ჯარისკაცები არიან და ისინი შპიონების ძებნას ვერ დაიწყებენ. ისეთ მებრძოლ ორგანოს, როგორიც ჩეკაა არ შეიძლება პოლიციის ფუნქციები გადაეცეს. ჩეკასთვის ყველაზე მთავარია დახვრეტის უფლება” -წერდა იმ პერიოდში ძერჟინსკი.

"რკინის ფელიქსი” თავის ქვეშევრდომებს კონკრეტულ და "ნათელ” დავალებებს აძლევდა:

"1. გამოიყენეთ ფარული თანამშრომლები;

2. ამოიღეთ მიმოქცევიდან (ანუ დახვრიტეთ - ბ. ა.) მონარქისტ-კადეტების, მემარჯვენე ესერების და მენშევიკების ყველაზე გამოჩენილი და აქტიური ხელმძღვანელები;

3. აიყვანეთ აღრიცხვაზე და დაწესეთ თვალთვალი გენერლებზე და ოფიცრებზე;

დააწესეთ მეთვალყურეობა წითელი არმიის მეთაურთა შემადგენლობაზე, კლუბებზე, წრეებზე და სკოლებზე;

4. დახვრიტეთ ცნობილი და აშკარა კონტრევოლუციონერები, სპეკულიანტები,

მძარცველები და მექრთამეები;

5. პროვინციებში აღკვეთეთ ბურჟუაზიული და ბულვარული პრესის გავრცელება”.

1918 წლის 29 აგვისტოს სტუდენტ-ესერმა ლეონიდ კანეგისერმა ცნობილი ბოლშევიკი მოსე ურიცკი მოკლა, მეორე დღეს კი, დაჭრეს ლენინი. ეს ორი ტერაქტი გახდა ბოლშევიკების მიერ "წითელი ტერორის” გამოცხადების საბაბი.

მოსახლეობის დაჭერებმა და ადგილზე დახვრეტამ კიდევ უფრო მასიური ხასიათი მიიღო. ერთ-ერთ ასეთ კურიოზულ, და ამავე დროს, საშინელ ფაქტს ლენინის მდივანი ლიდია ფოტიევა (1881-1975) ასე იხსენებდა: " მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ლენინმა ძერჟინსკის მისწერა:

- რამდენი კონტრევოლუციონერი გვყავს ამჟამად ციხეში?

- დაახლოებით 1500, იმავე ბარათს მიაწერა პირველმა "ჩეკისტმა”.

ლენინმა, რატომღაც ჩაიცინა, ამ ციფრთან ჯვარი დასვა და ისევ ძერჟინსკის დაუბრუნა. "რკინის ფელიქსმა” სხდომა მაშინვე დატოვა”. იმავე საღამოს უკლებლივ ყველა დაპატიმრებული დახვრიტეს. მხოლოდ მეორე დღეს გაირკვა, რომ "დიდ ბელადს” ჩვევად ჰქონია, როცა რაიმე მასალას გაეცნობოდა და გაარკვევდა, ჯვარი უნდა დაესვა. ძერჟინსკიმ კი ეს, 1500 კაცის ლიკვიდაციის მოთხოვნად გაიგო და დაუყოვნებლივ შეასრულა "ბრძანება”. თუმცა, როდესაც ეს ყველაფერი გაირკვა, არც ერთს დიდად არ უნაღვლია და მხიარულად გააგრძელეს წინა დღეს დაწყებული სხდომა. ზოგიერთი მონაცემებით, მხოლოდ 1917-1921 წლებში "ჩეკისტების” მიერ დახვრეტილ იქნა 300 ათასამდე ადამიანი.

fel1-1664865608.jpg

"სიკვდილი ბურჟუაზიას და მის დამქაშებს. გაუმარჯოს წითელ ტერორს"

1919 წლის მარტში ძერჟინსკი დააწინაურეს - შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად დანიშნეს და ვე-ჩე-კაც მას დაუქვემდებარეს. "ბოლშევკების” ბევრი ლიდერი ხედავდა მასიური "წითელი ტერორის” დამღუპველ შედეგებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთის თვალში და ცდილობდა ოდნავ მაინც შეელამაზებინა და კანონისთვის დაექვემდებარებინა "რკინის ფელიქსის” ფანატიზმი. განსაკუთრებით მძაფრად უპირისპირდებოდნენ ძერჟინსკის საგარეო საქმეთა და იუსტიციის სახალხო კომისრები - ჩიჩერინი და კრილენკო. ამ უწყებების "საქმეების გარჩევა” პოლიტბიუროს სხდომებზე ხდებოდა.

ჩიჩერინი მთავარ ხელისშემშლელებად "ჩეკისტებს” ასახელებდა. მისი სიტყვებით: "გე-პე-უ ყოველთვის ცდილობდა დიპლომატების მოტყუებას და ფაქტების მიჩქმალვას. . . უცხოელების დაჭერები ჩვენთან შეუთანხმებლად მილიონ საერთაშორისო სკანდალს იწვევდა. მრავალი წლის შემდეგ ირკვეოდა, რომ უცხოელებს უკანონოდ ხვრეტდნენ (უცხოელები არ შეიძლება სასამართლოს გარეშე დახვრიტო) ჩვენ კი არაფერი ვიცოდით. გე-პე-უ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატს კლასობრივი მტერივით ექცეოდა. მუდმივად ცდილობდა საელჩოების მძღოლების, შვეიცარების და ა.შ. ძალდატანებით გადაბირებას. საბჭოთა საელჩოებზე და ჩემზე მუდმივი მეთვალყურეობა და თვალთვალი ველური მეთოდებითა და ხერხებით ხორციელდებოდა”. ჩიჩერინის კრიტიკას "ჩეკისტები” მათთვის ჩვეული ბინძური მეთოდებით პასუხობდნენ, კერძოდ ხმები გაუვრცელეს, რომ ის ჰომოსექსუალი იყო და დიპ-ლომატიაშიც ბევრი არაფერი გაეგებოდა.

ძერჟინსკის მეორე მოწინააღმდეგე იუსტიციის სახალხო კომისარი ნიკოლაი კრილენკო იყო. ის წლების მანძილზე გასაოცარი შეუპოვრობით ამხელდა ვე-ჩე-კას უკანონო ქმედებებს და მოითხოვდა ამ სისტემის მის დაქვემდებარებაში გადაცემას. მაგრამ ლენინი ყოველთვის ძერჟინსკის მხარეზე იყო. 1922 წლის მარტში ის დაუფარავად აღიარებდა: "კანონმა არ უნდა შეცვალოს ტერორი. ამის დაპირება თავისმოტყუება იქნება და მეტი არაფერი”.

fel2-1664865608.jpg

"რკინის ფელიქსიც” აგრძელებდა "შემოქმედებით” მოღვაწეობას. თანდათანობით ვე-ჩე-კამ საზოგადოების ყველა ფენაში შაეღწია და ფარული კონტროლი დააწესა. ამას შემდეგი მაგალითიც ადასტურებს. 1920 წლის დეკემბერში ვე-ჩე-კას საიდუმლო განყოფილების უფროსი სამსონოვი ძერჟინსკის მოახსენებდა:

"ამ დრომდე ვე-ჩე-კა აწარმოებდა მხოლოდ მართლმადიდებელი, როგორც ყველაზე ძლიერი და დიდი, ეკლესიის გახრწნას, რაც საკმარისი არ არის, რადგანაც რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის სხვა, არანაკლები სიძლიერის რელიგიები, მაგ. ისლამი და სხვ. სადაც ჩვენ მოგვიწევს ნაბიჯ-ნაბიჯ შევიტანოთ ისეთივე გახრწნა, რაც მართლმადიდებელ ეკლესიაში”.

ძერჟინსკი თავის თავში აერთიანებდა ფანატიზმსა და ბოროტებას. ის ხშირად თვითონ აწარმოებდა დაკავებულთა დაკითხვას, რაც არაერთხელ დახვრეტით დასრულებულა. არქივებში შემორჩენილია ვე-ჩე-კას კოლეგიის სხდომის ოქმი, სადაც "პირველ ჩეკისტს” რბილად საყვედურობენ პირადად ჩატარებული დახვრეტების გამო. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველი საკონცენტრაციო ბანაკებიც "რკინის ფელიქსის” ინიციატივით ააგეს.

ძერჟინსკი აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. "ქართველი უკლონისტების" საქმეში.

1922 წელს საქართველოს რესპუბლიკის კომპარტიის ხელმძღვანელებმა (ბუდუ მდივანმა, ფილიპე მახარაძემ, სეგო ქავთარაძემ და სხვ.) ლენინთან უჩივლეს ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივან სერგო ორჯონიკიძეს.

"რკინის სერგოსთან” პიროვნული კონფლიქტის მოგვარების გარდა, ისინი მო-ითხოვდნენ შუალედური რგოლის - სამხარეო კომიტეტის გაუქმებას და საქარ-თველოს პირდაპირ შესვლას საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. აი სულ ეს იყო მათი "პატრიოტული” მოთხოვნები. ლენინმა, სტალინს და ძერჟინსკის დაავალა ამ საკითხებში სასწრაფოდ გარკვევა. მათ კი, ორჯონიკიძის მხარე დაიჭირეს და ქართველი კომუნისტების ეს მოთხოვნა, ნაციონალიზმისა და სეპარატიზმის გამოვლინებად ჩათვალეს. გაეცნო რა ამ მოხსენებას, ლენინმა - სტალინს, ძერჟინსკის და ორჯონიკიძეს სულ ველიკორუსი შოვინისტები ეძახა. ძერჟინსკის პოსტიდან მოხსნა უკვე გადაწყვეტილი იყო, როდესაც ლენინის ჯანმრთელობა სერიოზულად გაუარესდა, დაკარგა მეტყველების უნარი და ვეღარც გამომჯობინდა.

ლენინისა და ტროცკის დამოკიდებულება ძერჟინსკისადმი, ცალკე საუბრის თემაა. ფაქტია, რომ "დიდი ბელადი” ფელიქსს საშუალო დონის პოლიტიკოსად და ორგანიზატორად თვლიდა, ამიტომ პოლიტბიუროს წევრობაც არ აღირსა. ტროცკი კი, პირდაპირ აცხადებდა, რომ: "ძერჟინსკის დამოუკიდებელი აზრი არ ჰქონდა . . . ის ყოველთვის საჭიროებდა ვინმეს მხრიდან უშუალო ხელმძღვანელობას. ის არ იყო ორგანიზატორი” და ა.შ. კომუნისტური ფარისევლობა იქიდანაც ჩანს, რომ მიუხედავად ამგვარი შეფასებებისა, ძერჟინსკის ყოველთვის მაღალ და საპასუხისმგებლო პოსტებს ანდობდნენ.

"რკინის ფელიქსის" ცხოვრება მითებისა და ლეგენდების მიღმა კურიოზებით იყო სავსე. 1919 წლის ზამთარში, რუსეთში "დიდი შიმშილის" პერიოდში, ძერჟინსკი თავის დას ესტუმრა. მისმა დამ ბლინები დაახვედრა. ძერჟინსკის მაგიდას მიუჯდა და უცებ ჰკითხა:

- ფქვილი საიდან იშოვე?

- როგორ სად? ფქვილის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სპეკულანტებთან - უპასუხა დამ. ძერჟინსკი აღშფოთდა: "მე მათ დღე და ღამე, ვებრძვი, შენ კი..." და ბლინები ფანჯრიდან გადაყარა. გაკვირვებული და კი იმ დღეს მშიერი დარჩა. აი სად ჩანს "პირველი ჩეკისტის" "სუფთა ხელები".

ძერჟინსკის "გაპიარებას" ბევრი თავის სასარგებლოდ იყენებდა, მათ შორის . .. . საბჭოთა მილიცია, რისთვისაც . . . .ძერჟინსკის ფოტოსურათებს ძალდატანებით მოსკოვის მაღაზიებში, სამიკიტნოებსა და საროსკიპოებში (!!!) ყიდდა. ძერჟინსკიმ ეს რომ შეიტყო 1923 წლის 28 ნოემბერს ამგვარი შინაარსის წერილი გაუგზავნა ცენტრალურ საკონტროლო კომისიის თავმჯდომარეს, ვ. კუიბიშევს: " ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ჩემი პორტრეტები ცენტრალური ბაზრისა და "ცვეტნოი ბულვარის" სხვადასხვა მაღაზიის "დეკორაციაა" და თითქმის მოსკოვის ყველა "გარყვნილების ბუდეებშია". დავინტერესდი ამ ფაქტით, გამოვიკვლიე და გავარკვიე: ეს პორტრეტები... მილიციელების მიერ ძალდატანებით 2 ოქროს მანეთად არის გაყიდული მაღაზიის მეპატრონეებსა და მედახლეებზე. პორტრეტებისთვის ფულს იღეებდნენ ქვითრების გარეშე.

კომუნისტური სალამი. ფ. ძერჟინსკი 28.11.1923." . ესეც ძერჟინსკის "ცივი გონება"!

საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი ძალზე უფრთხილდებოდა "კერპებს" და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავდა (ვინც რეპრესიებს გადაურჩებოდა). სტალინის გადაწყვეტილებით "რკინის ფელიქსიც" ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვებით დიეტაზე იმყოფებოდა. 1925 წელს "ამხანაგ ფ. ძერჟინსკის" კვების რეჟიმი ამგვარი იყო:

" ჩაი და ყავა რძით ან ნაღებით . პური (სასურველია შავი, თუ თეთრი იქნება, მაშინ არც თუ ისე ახალი. უნდა მოერიდოთ ორცხობილებს და ღვეზელებს).

წვნიანი : სასურველია ვეგეტარიანული, ხორცის სუპები კვირაში არა უმეტეს 2-ჯერ, (სუპი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი).

ხორცი - მოხარშული, დღეში ერთხელ ქათამი, თევზი, ვარია, ხბოს ხორცი .

მწვანილი და ხილი ყველანაირი. ღვინო - ცოტა, უკეთესია სუფრის (წითელი, თეთრი), თუ შეიძლება, ჯობია საერთოდ არ დალიოთ.

წასახემსებლად შეიძლება: ხიზილალა, ორაგული, ლორი, მოხარშული ძეხვი".

საბჭოთა იმპერიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობდა, ამ დროს კი "ადამიანური თავმდაბლობისა და პატიოსნების განსახიერებას" ამხ. ფელიქსს ძალზე, ძალზე "მძიმე არჩევანი" უნდა გაეკეთებინა ვარიასა და ხბოს ხორცს, ორაგულსა და ლორს შორის! ისე კი ვერაფერს დაუწუნებ, ამგვარ "დიეტაზე" ჩვენც არ ვიტყოდით უარს!

რუსეთში ძერჟინსკის აჩრდილი "დაძრწის”

fel3-1664865608.jpg

ყველას ეგონა, რომ ძერჟინსკის ძეგლისა და ბიუსტების აღებით საბჭოთა კავშირში ტოტალიტარული რეჟიმი დასრულდა. თუმცა რუსეთის ხელისუფლება ჩანს, სხვაგვარად ფიქრობს. ჯერ კიდევ 2005 წლის 8 ნოემბერს, "მილიციის დღემდე” ორი დღით ადრე მოსკოვში, ცნობილ პეტროვკა 38-ის ეზოში, სადაც მოსკოვის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო მდებარეობს, საბჭოთა "კონცლაგერების” დამაარსებლის ფელიქს ძერჟინსკის, 1991 წლის აგვისტოში მოხსნილი და (როგორც აღმოჩნდა საიმედოდ შენახული) ბიუსტი დააბრუნეს. არ გაგეცინოთ - თურმე "ვეტერან ჩეკისტთა მოთხოვნით”. ისე, რას დადგამენ და რას მოხსნიან, ეს მათი საქმეა, რომ არა ერთი ყველასთვის კარგად ცნობილი გარემოება: ძერჟინსკი და მისი მონუმენტები საბჭოთა ტოტალიტარიზმის სიმბოლო იყო და "რკინის ფელიქსის” დარუნება ძველ ადგილზე რუსეთის ხელისუფლების მიერ არჩეულ პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ჯერ კიდევ მაშინ მიგვანიშნებდა. გუშინ საბჭოთა ჰიმნი აღადგინეს და ძერჟინსკი "გააცოცხლეს”, დღეს რუსეთის იმპერიის აღდგენისთვის იბრძვიან, თუმცა მწამს, რომ ეს დრო აღარასოდეს მოვა!