"ომი წაგებულია: ისინი კუთხეში არიან მიმწყვდეულები" - რას წერს სომხური გამოცემა - კვირის პალიტრა

"ომი წაგებულია: ისინი კუთხეში არიან მიმწყვდეულები" - რას წერს სომხური გამოცემა

სომხური გამოცემა "ლრაგირი" («Լրագիր»//«Lragir») აქვეყნებს სარედაქციო კომენტარს სათაურით - "ომი წაგებულია: კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა".

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იმ დროს, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უკრაინის 4 ოლქის ტერიტორიის მიერთებას (ანექსიას), დაისვა კითხვა, რა საზღვრები ექნებოდა მიერთებულ მიწა-წყალს? კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა შეკითხვას გაურკვევლად უპასუხა - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 2014 წლის საზღვრებში, ხოლო ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებთან მიმართებით მოსახლეობასთან მოთათბირება მოგვიწევსო ანუ ჯერ მიიერთეს, მაგრამ რამდენი - ეს არის დასაზუსტებელი.

ვლადიმერ პუტინის სახეზე წინა პერიოდის ემოციები უკვე აღარ ჩანდა: მისი მარაზმატული გამოსვლა და მიღებული გადაწყვეტილება იმ ცუგცვანგს ჰგავდა, როცა ყოველი გადადგმული ნაბიჯი, ყოველი სვლა ძალთა განლაგებას აუარესებს. მოსკოვის მცდელობა ზავის მისაღწევად სულ უფრო რთულდება, განსაკუთრებით - კიევიდან უკანდახევის შემდეგ. ვლადიმერ პუტინი ფსონებს ყოველდღიურად ზრდის - მას უკვე აღარ სურს, უფრო ზუსტად, აღარ შეუძლია შეჩერება, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირადი პრობლემები ექნება - იმდენად, რამდენადაც პრეზიდენტი და მისი კლეპტოკრატია ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. მათ არ სურთ მოპარული ორი ტრილიონი დოლარის დაბრუნება.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გაფორმებით ვლადიმერ პუტინმა "უკანდაბრუნების მიჯნას" გადააბიჯა. ამასთან დაკავშირებით, ალბათ, ბევრს გაახსენდება რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამი ფრაზა "კუთხეში მიმწყვდეული ვირთხის" შესახებ, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დღეს მსგავსი სიტუაციაა: ვლადიმერ პუტინმა საკუთარი თავი თვითონ მიიმწყვდია კუთხეში - მისთვის დამახასიათებელი კომპლექსებითა და იმ მარგინალური ფაშისტური იდეების გავლენით, რომლებსაც პრეზიდენტი ანექსიის აქტის დროს იმოწმებდა.

ვლადიმერ პუტინმა თავისი მიზნების - დასახული ამოცანების შესრულების მცდელობისას უკუშედეგებს მიაღწია: ჯერ ერთი, რომ საბოლოოდ გაიფანტა მითები რუსეთის არმიის ძლიერების შესახებ; მეორე - კრემლს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერება უნდოდა, მაგრამ უშედეგოდ - ნატო მაინც გაფართოვდება; მესამე - უკრაინის არმია თითქმის მთლიანად ნატოს სტანდარტებზე გადავიდა; მეოთხე - დაიწყო უკრაინელი ერის ჩამოყალიბების პროცესის ბოლო ეტაპი; მეხუთე - რუსეთი სრული დაშლის საფრთხის წინაშე დგება.

რუსეთის პრეზიდენტს და მის კლეპტოკრატულ რეჟიმს ანტისომხური კამპანიაც ძალიან ძვირად დაუჯდება. მიზეზ-შედეგობრივი კავშირების რეალობას ჩვენ კიდევ დავინახავთ". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ